ინფლაცია და მიწოდების პრობლემები Ford-ის ხარჯს $1 მილიარდზე მეტით გაზრდის

ინფლაცია და მიწოდების პრობლემები Ford-ის ხარჯს $1 მილიარდზე მეტით გაზრდის

Ford Motor-ის პროგნოზით, მიმდინარე კვარტალში, ინფლაციისა და მიწოდების ჯაჭვის პრობლემებიდან გამომდინარე, კომპანიის ხარჯები მოსალოდნელზე $1 მილიარდით მეტი იქნება. მიწოდების პრობლემებით გამოწვეული დეფიციტის შედეგად, დაახლოებით 40,000-45,000 მანქანა გარკვეული ნაწილების გარეშე დარჩა, რაც მათ გაყიდვას გადაავადებს.

მიუხედავად ამისა, კომპანიის ვარაუდით, დილერებისთვის ავტომობილების მიწოდება მეოთხე კვარტალში დასრულდება. გარდა ამისა, Ford-ის გეგმა 2022 წლის მთლიან საოპერაციო მოგებასთან დაკავშირებით უცვლელია და $11.5 მილიარდისა $12.5 მილიარდის ფარგლებში მერყეობს. აღსანიშნავია, რომ ინფორმაციის განახლების შემდგომ, Ford-ის აქციები თითქმის 5%-ით დაეცა.

Ford-ის განცხადებით, ბოლოდროინდელი მოლაპარაკებების შედეგად ინფლაციასთან დაკავშირებული მიმწოდებლის ხარჯები, თავდაპირველად ნავარაუდებ მონაცემთან შედარებით, დაახლოებით $1 მილიარდით გაიზარდა. კომპანიის გათვლებით, საოპერაციო და გადასახადების ხარჯებამდე, მესამე კვარტალის დაზუსტებული შემოსავალი $1.4 მილიარდიდან $1.7 მილიარდამდე იქნება.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის დასაწყისში, კორონავირუსის პანდემიის შედეგად წარმოების შეჩერებით, საავტომობილო კომპანიები მიწოდების ჯაჭვის პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ. მიუხედავად ნაწილების, განსაკუთრებით კი ნახევარგამტარული ჩიპების ხელმისაწვდომობის პრობლემებისა, მოთხოვნა ავტომწარმოებლების მხრიდან იზრდებოდა.

მსგავსი პრობლემის წინაშე წლის დასაწყისში Ford-ის უმსხვილესი კონკურენტი General Motors-იც დადგა. ივლისში GM-ს დაახლოებით 95,000 მანქანა ჰყავდა წარმოებული, რომელთა დასრულება გარკვეული ნაწილების არარსებობის გამო ფერხდებოდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *