ფოტო: runrepeat.com
Adidas-მა 2026 წლის პირველი კვარტლის ფინანსური შედეგებით მოლოდინს გადააჭარბა – კომპანიის ინფორმაციით, გაყიდვები და ოპერაციული მოგება მნიშვნელოვნად გაიზარდა, მიუხედავად ბაზარზე არსებული „ძალიან არასტაბილური და ფასდაკლებებით დატვირთული“ გარემოსა.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ბიორნ გულდენის განცხადებით, სპორტული ფეხსაცმლის სეგმენტში განსაკუთრებით რთული ვითარებაა, თუმცა ამის მიუხედავად, Adidas-მა ძლიერი შედეგები აჩვენა. ამ ფონზე, კომპანიის აქციები ვაჭრობის დაწყებისთანავე დაახლოებით 7%-ით გაიზარდა.
ფინანსური ანგარიშის მიხედვით, კომპანიის გაყიდვები, ვალუტის კურსის გავლენის გარეშე, 14%-ით გაიზარდა და 6.6 მილიარდ ევროს მიაღწია, ხოლო ოპერაციულმა მოგებამ 705 მილიონი ევრო შეადგინა. ეს მნიშვნელოვნად მეტია, ვიდრე ანალიტიკოსების პროგნოზი – 647 მილიონი ევრო.
ზრდის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი მიმართულება სარბენი ფეხსაცმელები იყო. კერძოდ, ამ სეგმენტში გაყიდვები 10%-ზე მეტით გაიზარდა. გარდა ამისა, კომპანიამ ზრდა დააფიქსირა საფეხბურთო მაისურების გაყიდვებშიც, რაც ნაწილობრივ უკავშირდება FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოახლოებას უკავშირდება. თუმცა გულდენის თქმით, კომპანიას პრობლემები ჰქონდა პროდუქციის მიწოდებასა და ლოგისტიკაში.
კომპანიის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო დისციპლინა – ანუ ბაზარზე ზედმეტი პროდუქტის გაშვებისგან თავის არიდება, რათა ფასდაკლებების აუცილებლობის რისკი შემცირებულიყო. აღსანიშნავია, რომ მისი მთავარი კონკურენტი, Nike-ი, მარაგების გასასაღებლად აგრესიულ პრომოაქციებს იყენებს.
მნიშვნელოვნად მოიმატა პირდაპირმა გაყიდვებმაც – კომპანიის ვებსაიტზე გაყიდვები 25%-ით, ხოლო საკუთარ მაღაზიებში 19%-ით გაიზარდა, მაშინ როცა საბითუმო გაყიდვების ზრდამ 8% შეადგინა.
თუმცა ყველა მიმართულებას ერთნაირად ძლიერი შედეგები არ უჩვენებია – ფეხსაცმლის გაყიდვები მხოლოდ 4%-ით გაიზარდა, რადგან პოპულარული მოდელების, Samba-სა და Gazelle-ზე მოთხოვნა შემცირდა. ამის პარალელურად, ტანსაცმლის მიმართულებით გაყიდვები 31%-ით გაიზარდა.
კომპანიამ ასევე აღნიშნა, რომ ევროს გამყარებამ შედეგებზე უარყოფითი გავლენა მოახდინა და მთლიან შემოსავალს დაახლოებით 350 მილიონი ევრო დააკლო.












