ფოტო: oilandgasmiddleeast.com
OPEC+ ნავთობის გლობალურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ძალაა. ეს გაერთიანება მოიცავს როგორც ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციას, ასევე მის პარტნიორ სახელმწიფოებს და ნავთობის ფასების ფორმირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
სამშაბათს ორგანიზაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები, OPEC+-ში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, ნავთობის მწარმოებელთა ალიანსს 1-ელ მაისს დატოვებს.
რა არის OPEC და OPEC+?
OPEC (ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია) 1960 წელს, ბაღდადიში შეიქმნა. მისი დამფუძნებლები იყვნენ ერაყი, ირანი, ქუვეითი, ვენესუელა და საუდის არაბეთი.
ორგანიზაციის მთავარი მიზანი წევრ ქვეყნებს შორის ნავთობის პოლიტიკის კოორდინაცია და ბაზარზე სტაბილური, „სამართლიანი“ ფასების უზრუნველყოფა იყო. დღეს OPEC-ში 12 ქვეყანაა გაერთიანებული, ძირითადად ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან. არაბთა გაერთიანებული საამიროები ორგანიზაციას 1967 წელს შეუერთდა.
2016 წელს OPEC-მა გავლენის გასაძლიერებლად უფრო ფართო ალიანსი, OPEC+, შექმნა, რომელშიც არაწევრი ქვეყნები, მათ შორის რუსეთი, ყაზახეთი და მექსიკა გაერთიანდნენ.
რატომ არის OPEC+ მნიშვნელოვანი მოთამაშე ნავთობის გლობალურ ბაზარზე?
OPEC+ მსოფლიო ნავთობის მიწოდების თითქმის ნახევარს აკონტროლებს. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს შეფასებით, 2025 წელს ალიანსის წილი გლობალურ წარმოებაში დაახლოებით 50% იყო.
ისტორიულად, OPEC-ს კიდევ უფრო დიდი გავლენა ჰქონდა. 1970-იან წლებში ის მსოფლიო ნავთობის ნახევარზე მეტს აწარმოებდა. თუმცა მოგვიანებით, ახალი მწარმოებლების, განსაკუთრებით აშშ-ის ზრდამ, მისი წილი შეამცირა.
რა გავლენას ახდენს ორგანიზაცია ნავთობის ფასებზე?
OPEC+ აცხადებს, რომ მისი მთავარი მიზანია ბაზრის „ბალანსირებაა“ – ნავთობის მიწოდების რეგულირება ისე, რომ ფასები სტაბილური იყოს.
პრაქტიკაში ეს ასე მუშაობს: როცა ფასები ეცემა, ალიანსი წარმოებას ამცირებს, რათა დეფიციტი შექმნას და ფასები გაზარდოს. როცა ფასები იზრდება, იგი ზრდის მიწოდებას, რათა ფასების ძლიერი მატება შეაჩეროს.
თუმცა კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ OPEC+ რეალურად ფასების მანიპულირებას ახდენს, რასაც თავად ორგანიზაცია უარყოფს.
ნავთობის ბაზარზე OPEC-ის გავლენის ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრი მაგალითი 1973 წლის არაბეთ-ისრაელის ომია. ამ პერიოდში OPEC-ის არაბმა წევრებმა აშშ-სა და სხვა ქვეყნებს, რომლებიც ისრაელის უჭერდნენ მხარს, ემბარგო დაუწესეს.
ემბარგომ ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა და ენერგეტიკული კრიზისი გამოიწვია, რამაც მსოფლიო ეკონომიკას რეცესიის ზღვრამდე მიიყვანა.
რატომ ტოვებს UAE OPEC+-ს?
არაბთა გაერთიანებული საამიროები, რომელიც OPEC+-ში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, აცხადებს, რომ ალიანსს 1-ელ მაისს დატოვებს. ბოლო წლებში მსგავსი გადაწყვეტილება რამდენიმე ქვეყანამ მიიღო, მათ შორისაა ანგოლა (2024), ეკვადორი (2020) და კატარი (2019).
ორგანიზაციაში UAE-ის მნიშვნელობა განსაკუთრებით დიდი იყო, რადგან ის საუდის არაბეთითან ერთად ე.წ. „სარეზერვო სიმძლავრეს“ ფლობდა – შესაძლებლობას წარმოება ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად სწრაფად გაეზარდა.
არაბთა გაერთიანებული საამიროების გადაწყვეტილება, არსებული კონტექსტის გათვალისწინებით, რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორით შეიძლება იყოს განპირობებული.
ბოლო წლებში საამიროები აქტიურად ზრდიდა ნავთობის მოპოვების შესაძლებლობებს და ამ მიმართულებით მილიარდობით დოლარის ინვესტიციაც განახორციელა. მიუხედავად ამისა, OPEC+-ის ფარგლებში მოქმედი კვოტები ზღუდავდა, რამდენი ნავთობის მოპოვება შეეძლო ქვეყანას, რაც რეალურად აფერხებდა ამ ინვესტიციების სრულად გამოყენებას. შედეგად, გაჩნდა სურვილი, ქვეყანა დამოუკიდებლად მართავდეს საკუთარ ენერგეტიკულ პოლიტიკას და ბაზარზე უფრო თავისუფლად იმოქმედოს.
გლობალურ ბაზარზე კონკურენციის ზრდამ, განსაკუთრებით აშშ-ის მხრიდან, გარემო მნიშვნელოვნად შეცვალა, რის გამოც ზოგი მწარმოებელი ქვეყანა მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური სტრატეგია უფრო ეფექტიანია, ვიდრე კოლექტიური შეზღუდვები.
სწორედ ამ ფაქტორების ერთობლიობა განიხილება როგორც მთავარი მიზეზი, რის გამოც არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა OPEC+-ის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
გეოპოლიტიკა და ნავთობის ბაზარი
ნავთობის ბაზარზე დიდ გავლენას ახდენს გეოპოლიტიკური მოვლენებიც. მაგალითად, ირანის ომის ფონზე სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ექსპორტი, განსაკუთრებით ჰორმუზის სრუტეს შეფერხების გამო, მნიშვნელოვნად შემცირდა.
2025 წელს OPEC-ის ქვეყნების ნავთობმა მსოფლიო საზღვაო ექსპორტის დაახლოებით 47% შეადგინა, თუმცა კრიზისის პერიოდში ეს მაჩვენებელი 34.7%-მდე შემცირდა.
OPEC-ში შედიან:
- საუდის არაბეთი
- ირანი
- ერაყი
- ქუვეითი
- ალჟირი
- ლიბია
- ნიგერია
- კონგო
- ეკვატორული გვინეა
- გაბონი
- ვენესუელა
- არაბთა გაერთიანებული საამიროები (ოფიციალურად ალიანსს 1-ელ მაისს დატოვებს)
დამატებით OPEC+-ის პარტნიორები არიან:
- რუსეთი
- აზერბაიჯანი
- ყაზახეთი
- ბაჰრეინი
- ომანი
- მალაიზია
- მექსიკა
- ბრაზილია და სხვა.
OPEC+ კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მოთამაშედ ენერგეტიკულ ბაზარზე. მისი გადაწყვეტილებები ნავთობის ფასებზე პირდაპირ აისახება, რაც გავლენას ახდენს როგორც გლობალურ ეკონომიკაზე, ისე რიგითი მომხმარებლების ყოველდღიურ ხარჯებზე.
მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაცია მიზნად ბაზრის დასტაბილურებას ასახელებს, მისი პოლიტიკა ხშირად იწვევს დებატებს – არის თუ არა აუცილებელი OPEC+-ის რეგულაციები, თუ ეს ფასებზე კონტროლის დამყარების მცდელობაა.











