ბედნიერების ჯადოსნური რიცხვი

ბედნიერების ჯადოსნური რიცხვი

Forbes Georgia-ს ინტერვიუ Gravity Payments-ის დამფუძნებელთან და აღმასრულებელ დირექტორთან, დენ პრაისთან, რომელმაც საკუთარ კომპანიაში რევოლუციური სახელფასო რეფორმა გაატარა.

სიეტლში დაფუძნებული კომპანია Gravity Payments-ის მფლობელმა ახალგაზრდა მეწარმემ მასთან დასაქმებულ 120 თანამშრომელს საგანგებო განცხადება 2015 წლის 13 აპრილს გააცნო: ის უარს ამბობს საკუთარ წლიურ შემოსავალზე, რომელიც $1 მილიონს აღწევს, დაზოგილი რესურსით კი ყველა თანამშრომელს მინიმალურ ანაზღაურებას წელიწადში $70,000-მდე უზრდის. ახალი სისტემა კომპანიაში ეტაპობრივად დაინერგება. შემოსავალი, რომელიც კომპანიის თანამშრომლებს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად გაეზარდათ, საშუალოდ 2-ჯერ მეტია მათ აქამდე არსებულ შემოსავალზე და 4,5-ჯერ აღემატება აშშ- ის მინიმალურ ხელფასს, რომელიც წლიურად $15,000 დოლარით განისაზღვრება. გადაწყვეტილების მთავარ მოტივად დენ პრაისი პრინსტონის უნივერსიტეტის კვლევას ასახელებს, რომლის თანახმად აშშ- ში მცხოვრები ადამიანისთვის მნიშვნელოვანია $70,000-დან $75,000-მდე წლიური ანაზღაურება იმისთვის, რომ თავი ორგანიზაციის ღირსეულ წევრად იგრძნოს და მას ემოციური ზიანი არ მიადგეს. ხანგრძლივი კალკულაციის შემდეგ პრაისი მიხვდა, რომ იდეის განხორციელების ერთადერთ გზას მისი პირადი შემოსავლის მინიმალურ სახელფასო ზღვრამდე დაყვანა წარმოადგენდა. გარდა ამისა, კომპანიაში არ არსებობს ლიმიტირებული საშვებულებო განაკვეთი. პრაისი აცხადებს, რომ ყველა თანამშრომელს თავად შეუძლია გადაწყვიტოს, როდის და რა დროით სჭირდება დასვენება. მინიჭებული თავისუფლება მას მიაჩნია ინვესტიციად, რომლიდანაც მაღალ ამონაგებს მოელის.

კომპანია Gravity Payments-ი პრაისმა სტუდენტობისას დააარსა. კომპანიის არსი მცირე მეწარმეთა ხელშეწყობაა: ასისტირება ორგანიზაციაში საკრედიტო და მობილური გადახდების, სასაჩუქრე ბარათებისა და სხვა ელექტრონული ფულადი სერვისების დანერგვისას. 2004 წელს დაარსებული კომპანია სწრაფად გაიზარდა. დღეს პრაისი 2014 წლის საუკეთესო მეწარმის სტატუსის, ახალგაზრდა პრეზიდენტების ორგანიზაცია YPO-ს წევრი და სიეტლის ბიზნესასოციაციის ჯილდოს მფლობელია. 2010 წელს დენ პრაისს მცირე ბიზნესის ადმინისტრირების ნაციონალური ჯილდო აშშ- ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ გადასცა. ამ აღიარებამ მნიშვნელოვანი გარდატეხა მოახდინა არა მხოლოდ კომპანია Gravity Payments-ში, არამედ ლიდერობის მსურველ ყველა ამბიციურ კომპანიაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კომპანია Gravity Payments-ი 19 წლის ასაკში, სტუდენტობისას დააფუძნეთ. სტატისტიკურად, სტარტაპ-კომპანიის დამფუძნებელთა მხოლოდ 1% არის 20 წელზე ნაკლები ასაკის. საქართველოშიც ასეა. არსებული არასტაბილური ეკონომიკური გარემოსა და მძლავრი ფინანსური კრიზისის გამო, სტუდენტები თავს არიდებენ სარისკო გადაწყვეტილებას – დაიწყონ საკუთარი ბიზნესი. როგორ შეაფასეთ რისკები მაშინ, როდესაც იწყებდით და რას ურჩევთ ახალგაზრდებს, რომელთაც საინტერესო ბიზნესიდეა აქვთ, მაგრამ ვერ ბედავენ მასში საკუთარი, ან სხვისი ფულის ჩადებას?

როდესაც იცი, რომ რაიმეს გაკეთება სწორი და დროულია, უნდა გააკეთო. ვფიქრობ, არაჯეროვნად ვაფასებთ შინაგან ძალას, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აქვს და რომელიც გვკარნახობს, ყოველთვის ჩვენს ფასეულობებზე დაყრდნობით, სწორად ვიმოქმედოთ. მცირე ბიზნესის ათასობით მფლობელი, რომელთაც არასრულფასოვნად ემსახურებოდნენ და საკრედიტო ბარათის გამოყენებისას გადამეტებულ ფასს ახდევინებდნენ, ის ჯგუფი გახლდათ, რომელიც რისკების სწორად შეფასებაში დამეხმარა. მათთან საუბრის დროს აღმოვაჩინე ის უსამართლობა, რომელსაც მეწარმეები მუშაობის პროცესში აწყდებოდნენ. მაშინ გადავწყვიტე, მათთვის საკრედიტო ბარათის საპროცესო სერვისი შემეთავაზებინა, რომელიც მათ ხარჯებს დაზოგავდა და მაღალი ხარისხის მომსახურებას უზრუნველყოფდა.

კომპანია იმ მიზნით შევქმენი, რომ მცირე ბიზნესის მფლობელებს საკრედიტო ბარათის გამოყენებასთან დაკავშირებული ხარჯები და დისკომფორტი შევუმცირო. ამისთვის ჩვენს მომხმარებელს ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს ვთავაზობთ, მათგან კი მინიმალურ დანახარჯს ვითხოვთ. მცირე ბიზნესის მფლობელების დახმარება ის ერთადერთი მისიაა, რომელმაც წარმატებამდე მიგვიყვანა. მჯერა, რომ წარმატების ეს ფორმულა ყველა ქვეყანაში იმუშავებს.

თქვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილება თანამშრომელთა ანაზღაურებასთან დაკავშირებით, უჩვეულოა. რა თქმა უნდა, გუნდის მოტივაციისთვის ეს წინ გადადგმული ნაბიჯია, კორპორაციული მზრუნველობის ასეთი ფორმა შესაძლოა მრავალი მზარდი კომპანიის შთაგონების წყაროდ იქცეს. თქვენი მხრიდან, ეს ბრმა ინვესტიციაა, რომლისგანაც ამონაგებს ელით, თუ გაქვთ ამ ნა ბიჯის ფინანსური ეფექტის ზუსტი პროგნოზი?

ჩვენი, ბიზნესლიდერების, ვალდებულებაა, ვიზრუნოთ მათზე, ვინც ჩვენ გარშემოა. ამ გზით გაცილებით დიდ წარმატებას მივაღწევთ. როდესაც სხვაზეც იფიქრებ, უკუგება აუცილებლად გექნება. ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი მხოლოდ იმის სურვილია, ვიზრუნო ჩვენი გუნდის თითოეულ წევრზე, რომელიც უდიდეს შრომას დებს მომხმარებელთან ურთიერთობაში. როდესაც კომპანია ახალი დაარსებული იყო, თანამშრომლებს წლიურად მხოლოდ 24,000 აშშ დოლარს ვუხდიდი, ამასთან მათთვის არავითარი ჯანდაცვის პაკეტის შეთავაზება არ შემეძლო. სწორედ ამიტომ, პირობა დავდე, რომ გავაკეთებდი ყველაფერს იმისთვის, რომ ეს პრობლემა მომეგვარებინა.

2010 წელს გავეცანი კვლევას, სადაც ეწერა, რომ ბედნიერების ჯადოსნური რიცხვი $70,000-ს შეადგენს. ამაზე მეტი თანხა ემოციურ მდგომარეობაზე გავლენას არ ახდენს. დიახ, შეგიძლია შეიძინო მეტი ფუფუნების საგანი, თუმცა ეს არავის ანიჭებს ბედნიერებას. ნაკლები შემოსავალი კი ადამიანზე ნეგატიურად მოქმედებს. სტატიის წაკითხვამდე ცოტა ხნით ადრე მეგობართან ერთად სიეტლში ვსეირნობდი. ვსაუბრობდით მის ბინის ქირაზე, რომლის გადახდაც, მზარდი საყოფაცხოვრებო ხარჯების გამო, სულ უფრო უჭირდა. გიყვებით ადამიანზე, რომელიც ისეთივე საზრიანია, როგორიც მე ვარ, იმდენს მუშაობს, რამდენსაც მე ვმუშაობ, რომელმაც სამხედრო სამსახურში სამი წელი იმსახურა. მაშინ დავფიქრდი: ჩემი წლიური შემოსავალი მილიონ დოლარს აჭარბებს, ჩემი მეგობარი კი იჯარის თანხის გადახდაზე ნერვიულობს. სახლში დაბრუნებისთანავე დავიწყე ანგარიში. მსურდა, „ბედნიერების ჯადოსნური რიცხვი“ ჩემს კომპანიაში ამემუშავებინა. კალკულაციის შემდეგ მივხვდი – ერთადერთი გზა საკუთარი შემოსავლის მინიმუმამდე დაყვანა იყო.

დღეს მჯერა, რომ ეს გადაწყვეტილება ბიზნესზე პოზიტიურ გავლენას მოახდენს. ხუთი წლის შემდეგ გავიხსენებთ, რომ ჩვენი კომპანიისთვის ეს ისტორიული გადაწყვეტილება იყო. მოტივირებული თანამშრომლები მეტ ფასეულობას შექმნიან მომხმარებელთათვის.

როგორ მოიქცევით, თუ ინვესტორები თავს აარიდებენ თქვენთან თანამშრომლობას ისეთი მაღალი ხარჯების გამო, როგორიც კომპანიას გაუჩნდა?

როდესაც პირველად გავამხილე ჩემი იდეა, ბევრმა შეშლილად შემრაცხა. ჩემი აზრით, ამას პოზიტიური გავლენის მოხდენა შეუძლია არა მხოლოდ ბიზნესზე, არამედ საზოგადოებაზეც. მჯერა, რომ უნდა ვაკეთოთ ის, რაც მართებულია, ბენეფიტები კი მხოლოდ საუკეთესოს შექმნის დროს მივიღოთ. ჩვენ ვიბრძვით არა გადარჩენისთვის, არამედ მდგრადი განვითარებისთვის. შემოსავლის უთანასწორობა დიდი პრობლემაა და ყველა ელის მის მოგვარებას. როგორც ლიდერმა, ვიცოდი, რომ ამ მიმართულებით უნდა გადამედგა ნაბიჯი და სხვებს არ დავლოდებოდი. გამოგიტყდებით, ასეთ გამოხმაურებას არ ველოდი – 500 მილიონი ადამიანი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მხარს უჭერს ამ გადაწყვეტილებას, მრავალი ბიზნესმენი უკვე დგამს ნაბიჯებს ამ მიმართულებით. მათ დაიწყეს ზრუნვა იმ საკითხებზე, რომლებიც თანამშრომელთა გუნდს აწუხებს. ჩვენს ერთ- ერთ მომხმარებელს 7000 აშშ დოლარის დაზოგვაში დავეხმარეთ საკრედიტო ბარათით განხორციელებული ოპერაციებისას. დაზოგილი თანხით მან თანამშრომლების წლიური შემოსავალი გაზარდა. ჩვენი ისტორიით შთაგონებულმა მეორე მეწარმემ, ფლორიდაში, თანამშრომელთა ხელფასი 35-50%-ით გაზარდა. სულ ცოტა ხნის წინ Facebook-მაც კი გამოაცხადა, რომ ზრდის თანამშრომელთა მინიმალურ შემოსავალს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება და ბიზნესის კეთების საუკეთესო გზაა.

მაშინ როდესაც სტატიას ვამზადებდით, საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენებს ვესაუბრეთ. გვსურდა გაგვეცნო მათთვის თქვენ მიერ მოფიქრებული თანამშრომელთა მოტივაციის რევოლუციური მეთოდები და თქვენამდე მოგვეტანა ის კომენტარები თუ შეკითხვები, რომლებიც მათ გაუჩნდათ. ყოველი მათგანი ეხებოდა თანამშრომელთა დამოკიდებულებას საქმისადმი – ქართველ ბიზნესმენებს მიაჩნიათ, რომ მსგავსი სტრატეგიის დანერგვისას ინვესტირებიდან ამონაგები იკლებს და თანამშრომლები არ გაამართლებენ მათ მოლოდინს. ეს არ გაზრდის გაყიდვების მაჩვენებელს ან სხვა მნიშვნელოვან პარამეტრებს, შესაბამისად, ვერ ხედავენ მიზეზს, რატომ შეიძლება მსგავსი რამ გააკეთონ. რამდენიმემ ისიც კი განაცხადა, რომ ეს ყველაფერი სოციალიზმს აგონებს. რას ეტყოდით მათ საპასუხოდ?

არიან კრიტიკოსები, რომლებიც ნეგატიურად აფასებენ მინიმალური სახელფასო ზღვრის აწევის სტრატეგიას. ამბობდნენ, რომ ჩვენი კომპანიის თანამშრომლები საკვებ ფულსაც კი აღარ გამოიმუშავებდნენ და ყოველგვარ მოტივაციას მოკლებულნი კომპანიის კმაყოფაზე იქნებოდნენ; ამბობდნენ, რომ ადამიანური ბუნება დაღუპავს ჩვენს კომპანიას და ეს გახდება სამაგალითო ნიმუში იმისა, თუ როგორ უნდა დაანგრიო ორგანიზაცია და საზოგადოება.

ჩვენი გადაწყვეტილება არის ბიძგი, წინ წამოსწიოს ადამიანის პოზიტიური მხარე. ძალიან დაგვეხმარა ყველა, ვინც ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგი იყო. მათ დამაფიქრეს იმ სუსტ მხარეებსა და საფრთხეზე, რომელიც ჩვენ წინაშე დგას, თუმცა საბოლოოდ ჩვენი გუნდი დაამტკიცებს, რომ ეს მოდელი კარგად მუშაობს. შემოსავლის უთანასწორობის პრობლემის მოგვარებას ხალხი მთავრობას სთოვს, ეს კი წარუმატებლობისკენ გადადგმული ნაბიჯია. ყველას ვურჩევდი, რომ თავად არეგულირონ და მართონ გარემო. თუ ამ პრობლემას სერიოზულად მოვეკიდებით, მთავრობის დახმარებაც ნაკლებად დაგვჭირდება.

რა არის მთავარი მოტივატორი თქვენი გუნდის წევრებისთვის, საუკეთესოდ მოემსახურონ მომხმარებელს და მაღალი მოგება მოუტანონ კომპანიას? მიგაჩნიათ თუ არა, რომ ნდობა, მადლიერება და ბონუს-სისტემაზე უარის თქმა კეთილსინდისიერი მუშაობის გარანტიაა?

ჩემს გუნდის ესმის, თუ რამდენად ფასეულია მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობები და იმ თავგანწირვამ, რომლითაც რამდენიმე წელიწადია, მუშაობენ, ჩვენი შემოსავალი გააორმაგა. გამიმართლა, რომ ვმუშაობ გუნდთან, რომელიც მომხმარებლებთან ემოციური კავშირის დამყარებასა და ნაკლებ ფასად მეტის შეთავაზებას ახერხებს.

როგორც ხელმძღვანელი, ვალდებული ვარ, მოვიძიო გზები, რომლებიც გრძელვადიან პერსპექტივაში კომპანიას სარგებელს მოუტანს. ჩვენი თანამშრომლები სტრატეგიული გადაწყვეტილების მიმღებნი არიან, ეს კი მნიშვნელოვნად განაპირობებს მათი მუშაობის ხარისხს. მიუხედავად იმისა, რომ კეთილსინდისიერი გუნდი გვყავს, არ მინდოდა ჩემს თანამშრომლებს ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო პრობლემებზე ეფიქრათ. ისინი იღვიძებენ გვიან ღამით, რათა მომხმარებელთა ზარებს უპასუხონ, უარს ამბობენ უიკენდის გეგმებზე და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენს მომხმარებლებს ცხოვრება გაუადვილონ. მივხვდი, რომ მათთვის შეთავაზებული პირობები საკმარისი არ იყო.

როგორ ფიქრობთ, რა ტიპის კომპანიამ უნდა გაიზიაროს თქვენი სტრატეგია და როგორი ორგანიზაციისთვის არის ის მიუღებელი?

ჩემი აზრით, ეს მოდელი ყველა კომპანიისთვის მისაღები უნდა იყოს. ლიდერი უნდა დაეხმაროს გუნდს განვითარებასა და ზრდაში, წარმატების მიღწევაში, ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში. ყველა ბიზნესი განსხვავებულია და ყველა მეწარმეც განსხვავდება. მნიშვნელოვანია, სწორად შეფასდეს კომპანიისა და თანამშრომლების წინაშე მდგარი პრობლემები და მათი გადაჭრის გზები ორივე მხარემ ერთად მოძებნოს.

არ მგონია, რომ ყველა კომპანიამ უნდა გაიმეოროს ის, რაც მე გავაკეთე. მთავარია, გულწრფელად გჯეროდეთ, რომ გააკეთეთ ყველაფერი იმ ადამიანების უკეთ ყოფნისთვის, ვინც თქვენ გვერდით, თქვენი კომპანიისთვის მუშაობს.

როგორ ფიქრობთ, როგორ განვითარდება თქვენი კარიერა?

არ მაქვს ხუთ- ან ათწლიანი გეგმა. მაქვს ამბიცია, ფუნდამენტურად შევცვალო ის სტრატეგია, რომლითაც დღეს კეთდება ბიზნესი და ეს 50-წლიანი გეგმაა. მსურს ვიყო მონაწილე იმ რევოლუციისა, რომელიც ბიზნესს ფასეულობაზე დამყარებულ ერთეულად გადააქცევს და არა მხოლოდ ფინანსური კეთილდღეობის მიღების საშუალებად.

ვინ იყო თქვენი შთაგონების წყარო?

ჩემმა მშობლებმა ძალიან ბევრი შრომა ჩადეს იმაში, რომ ჩემთვის საუკეთესო მაგალითი ეჩვენებინათ. ერთხელ, საკრედიტო ბარათის გამოყენების პროცესში, მამას პრობლემა შეექმნა. ძალიან ვეცადე, დავხმარებოდი. მაშინ ბევრი რამ ვისწავლე: აიდაჰოს შტატი, სადაც მე გავიზარდე, გაჯერებული იყო მცირე საწარმოებითა და ბიზნესმენებით. ის გარემო ძალიან განსხვავდებოდა აშშ-ის დიდი ქალაქებისგან. მაშინ მივხვდი, რომ ბიზნესის მთავარი იდეა არის მომსახურების გაწევა, გაცემა და არა მხოლოდ მიღება.

უნდა იმუშაო იმისთვის, რომ გასცე რაც შეიძლება მეტი ფასეულობა და მხოლოდ ამის შემდეგ მოითხოვო მომხმარებლისგან სარგებელი. შეგიძლიათ თქვათ, რომ ეს ყველაზე სულელური ბიზნესმოდელია, რაც კი გსმენიათ, ჩემთვის კი ეს წარმატების მომტანი იყო. მას დღესაც მოაქვს წარმატება.

ნინო ენუქიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა.