ბედუინობიდან მილიარდერობამდე სიამაყით

ბედუინობიდან მილიარდერობამდე სიამაყით

მოედ ალტრადს თვლა კარგად ეხერხება, თუმცა ვერ გეტყვით, რამდენი წლისაა. სირიის უდაბნოში დაობლებულმა ბედუინმა, რომელმაც გზა საფრანგეთისკენ გაიკვალა,თბილისამდეც ჩამოაღწია. “ალტრადჯგუფი” დღეს ათასობით ადამიანს ასაქმებს მსოფლიოს 110 ქვეყანაში. ჩანს, ამ ქვეყნებს საქართველოც დაემატება.

2015 წლის ექვსი ივნისის საღამოს მონაკოში, Salle des Étoiles-ის 1500 მაყურებელზე გათვლილ საკონცერტო დარბაზში, საფრანგეთის ლაჟვარდოვანი სანაპიროს ერთ-ერთ გამორჩეულ, ლარვოტოს ნახევარკუნძულზე 65 მეწარმე შეიკრიბა სხვადასხვა ქვეყნიდან, გულშემატკივრებთან და ღონისძიების ორგანიზატორებთან ერთად მსოფლიოს წლის მეწარმის ტიტულის მფლობელის გამოსავლენად. ეს უნდა ყოფილიყო ადამიანი, რომელმაც დანარჩენ სამოც წარმატებულ მეწარმეს შორის ყველაზე მეტად შეძლო დამოუკიდებელ ჟიურიზე შთაბეჭდილების მოხდენა თავისი ბიზნესისტორიით.

EY-ის წლის მეწარმის გლობალურ კონკურსში მონაწილეობას პირველად საქართველოც იღებდა და ცხადია, ჩვენ, ქართული დელეგაცია, ღონისძიების პირველ ქართველ მონაწილეს, “თიბისი ჯგუფის” დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს ვგულშემატკივრობდით საქართველოს დროშებით “შეიარაღებულები”. მას შემდეგ, რაც თითოეულმა წლის მეწარმემ მიიღო ჯილდო ბიზნესში მიღწეული წარმატების აღსანიშნავად, რასაც თან ახლდა მათი ბიზნესისტორიების მოკლე ექსკურსი, საღამო საზეიმო ვითარებაში გაგრძელდა სასიამოვნო მუსიკის, გემრიელი ფრანგული კერძებისა და ღვინის თანხლებით. დაბოლოს, დადგა დრო, როცა თეთრ კონვერტს უნდა გამოევლინა ის ერთადერთი.

EY-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კონვერტი გახსნა და წარმოთქვა: საფრანგეთი, მოედ ალტრადი!

იმ მომენტში საფრანგეთის მაგიდასთან ახლოს აღმოვჩნდი და მახსოვს, თანმხლები ათიოდე გულშემატკივრისაგან შემდგარმა ტალღამ ისე გაიტაცა გამარჯვებული სცენისკენ, რომ თვალიც ვერ მოვკარი, თუ როგორ გამოიყურებოდა მსოფლიოს ახალი წლის მეწარმე. ამასობაში მოედ ალტრადი სცენაზე ავიდა, ჯილდო გადასცეს, მიულოცეს და ტრიბუნასთან მისვლა სთხოვეს.

ალტრადის პირველი სიტყვებისთანავე 1500-კაციანი დარბაზი დადუმდა. მან დაიწყო ისტორიის მოყოლა, რომელმაც არავინ დატოვა გულგრილი. მისმა მონაყოლმა ყველა დაარწმუნა, რომ დიახ, ზაფხულის იმ მშვენიერ საღამოს სწორედ მას ეკუთვნოდა მსოფლიო წლის მეწარმის ტიტული და არავის სხვას.

 “მე არ ვილაპარაკებ დღეს ეკონომიკაზე, რადგან გასული სამი დღის განმავლობაში საკმარისად ვილაპარაკეთ მასზე, – ასე დაიწყო თავისი მიმართვა განაბული საზოგადოებისადმი ახალმა მსოფლიო წლის მეწარმემ ძალიან მშვიდი, დაბალტემბრიანი ხმით. – აქ იმისთვის ვარ, რომ მოვიტანო თქვენამდე გზავნილი. მთელი ცხოვრება ველოდი ამ მომენტს, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს გზავნილი მიმეტანა ადამიანებამდე. ეს არის ისტორია, რომელიც მოვუყევი ჟიურის, ის ზღაპარია, დაუჯერებელი. მე არ უნდა ვარსებობდე. რატომ? იმიტომ, რომ დავიბადე კატასტროფულ პირობებში, სადაც დედა, რომელიც არც კი ვიცი, რამდენი წლის იყო, მე საკუთარი ასაკიც კი არ ვიცი, გარდაიცვალა, რადგან ის ორჯერ გააუპატიურა ბედუინების ტომის ბელადმა, რის შედეგადაც პირველად ჩემი ძმა გაჩნდა, ხოლო მეორედ – მე”, – აქ ალტრადს რამდენიმე წუთით გაჩუმება მოუწია, რადგან დარბაზში ხანგრძლივი ტაში ატყდა.

დარბაზი რომ დაწყნარდა, ალტრადმა აღელვებული ხმით განაგრძო: “იმ დღეს, როცა მე დავიბადე, დედა გარდაიცვალა. იმ დღეს მე გასაზრდელად ბებიას ჩამაბარეს, რომელსაც უნდოდა, მეცხვარე გავმხდარიყავი. ეს იყო ჩემი ბედი. თქვენ ვერ წარმოიდგენთ ამაზე უარეს ბედს და სწორედ ეს არის ჩემი ერთ-ერთი გზავნილი – თქვენ შეიძლება დაიწყოთ ყველაზე უარეს სიტუაციაში, მაგრამ თითოეულ ჩვენგანს შეუძლია შეცვალოს საკუთარი ბედისწერა, შეცვალოს მსოფლიო”, – განაგრძო მსოფლიოს წლის მეწარმემ, რომელმაც ნამდვილად შეცვალა საკუთარი და სხვების ბედისწერაც.

მან სირიის უდაბნოდან, სადაც ბედუინების ტომში დაიბადა და გაიზარდა, 17 წლის ასაკში საფრანგეთამდე მიღწევა შეძლო, განათლება მიიღო და კომპიუტერული მეცნიერებების დოქტორის ხარისხიც მოიპოვა. 1985 წელს მონპელიეში მის მიერ პარტნიორთან ერთად დაფუძნებული “ალტრად ჯგუფი” დღეს ათასობით ადამიანს ასაქმებს მსოფლიოს 110 ქვეყანაში და ლიდერია ევროპის კონტინენტზე სამშენებლო ხარაჩოების, ურიკებისა და ცემენტის ასარევი მანქანების წარმოებაში. თავად მოედ ალტრადის ქონება $1 მილიარდს აჭარბებს. ის ასევე ფლობს მონპელიეს რაგბის კლუბს, სადაც 10 წლის განმავლობაში თამაშობდა გასული წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, აწ უკვე მსოფლიო რაგბის ქართველი ვარსკვლავი, მამუკა გორგოძე და დღემდე თამაშობენ “ბორჯღალოსნები” მიხეილ ნარიაშვილი და დავით ქუბრიაშვილი.

“ჩვენ მოგვხიბლა მისმა უნარმა, შეექმნა და შეენარჩუნებინა მზარდი კომპანია 30 წლის განმავლობაში, თან ისე, რომ ყოფილიყო ასეთი ჰუმანური და გამორჩეულად ძლიერი ხასიათის”, – განაცხადა Just Energy Group-ის დამფუძნებელმა და “მსოფლიო წლის მეწარმის” ჟიურის წევრმა, რებეკა მაკდონალდმა, როცა მას ჰკითხეს მოედ ალტრადის შესახებ.

ეს გამორჩეული ისტორიის მქონე 68 წლის ბიზნესმენი EY საქართველოსა და ეკონომიკის სამინისტროს მცდელობის შედეგად, სულ ახლახან, თბილისს ორი დღით ესტუმრა თავისი წიგნის “ბადავის” (ბედუინი) ქართული თარგმანის პრეზენტაციაზე დასასწრებად და აღმოაჩინა, რომ საქართველოს ისტორია მის პირად ისტორიას ჰგავს, რადგან ამ ქვეყანასაც სწორედ ისე უწევდა დაბრკოლებების გადალახვა, როგორც მას მთელი ცხოვრების განმავლობაში. ამ ფაქტით ალტრადი იმდენად მოიხიბლა, რომ სამომავლოდ ბიზნესთანამშრომლობის პერსპექტივებზეც დაფიქრდა და თუ რა მიმართულებით, ამას ალბათ მომავალი აჩვენებს.

“მართალია, ჩვენ გლობალური კომპანია ვართ, თუმცა აქამდე არ გვიფიქრია, თუ რისი გაკეთება შეუძლია “ალტრადს” საქართველოში, მაგრამ შეგვიძლია სამომავლოდ ეს საკითხი განვიხილოთ”, – მითხრა მოედ ალტრადმა.

თუმცა, ბიზნესმენს გაცილებით ცხადი წარმოდგენა აქვს, როგორ უნდა დაეხმაროს ქართულ რაგბის განვითარებაში და არც ქართული რაგბის დახმარების და არც საქართველოს რაგბის კავშირთან და ქუთაისის “აიასთან” ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის გაფორმების გადაწყვეტილების მისაღებად დასჭირვებია ბევრი ფიქრი.

“საქართველოში ბევრ ახალგაზრდას აქვს კარგი პოტენციალი, რომ წარმატებული მოთამაშე გახდეს, მაგრამ აქაურ რაგბის ფედერაციას აკლია საშუალება, ფინანსები, ინფრასტრუქტურა, უნარები იმისთვის, რომ ისინი განავითაროს. ჩვენ შეგვიძლია რამდენიმე ტრენერით დავეხმაროთ ამ პროცესს ან მოვაწყოთ შეჯიბრებები ორი ქვეყნის გუნდებს შორის. ამისთვის გავაფორმეთ მემორანდუმი და ახლა უკვე ვიმუშავებთ იმაზე, რომ განვსაზღვროთ საჭიროებები და შესაბამისი დახმარების გზები”, – გამიზიარა რაგბის დიდმა ქომაგმა საკუთარი გეგმები და ჩემს კითხვაზე, როგორ მოსწონს ქართული რაგბი, უყოყმანოდ მომიგო, რომ ქვეყნის ტალანტი რაგბიში კარგად გამოჩნდა ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე “სადაც საქართველომ ძალიან კარგი წინააღმდეგობა გაუწია All Blacks-ს, რაც, სხვათა შორის, საფრანგეთმა ვერ შეძლო”.

მილიარდერს სჯერა, რომ საქართველოს შეუძლია გახდეს აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის შვეიცარია. მისი აზრით, ქვეყნის მთავრობა მართებულად ცდილობს წაახალისოს ადამიანები ბიზნესის დასაწყებად, რაშიც მას მერე განსაკუთრებით დარწმუნდა, რაც იუსტიციის სახლი მოინახულა.

“თუ კომპანიის შექმნა გინდა, იქ შეგიძლია ყველა პროცედურა გაიარო სულ რაღაც 24 საათში. საფრანგეთში ჩვენ ეს არ გვაქვს. თუმცა ბიზნესის დაწყება მაინც ერთგვარი განწყობაა, კულტურის ნაწილი. დიახ, შეგიძლიათ წახვიდეთ და ერთ დღეში შექმნათ კომპანია გამარტივებული პირობებით, მაგრამ რა არის შემდეგი? შემდეგი არის ის, რომ უნდა გქონდეთ პროექტი, პროდუქტი, იცოდეთ, ვინ იქნებიან თქვენი კლიენტები, მომწოდებლები, ადამიანები, რომლებიც იმუშავებენ თქვენთვის, სად გექნებათ ოპერაციები… ბიზნესი პირველ რიგში პრობლემების გადაჭრას მოითხოვს, თუმცა მათი გადაჭრა ზრდის საშუალებას გაძლევს”, – განმარტავს მოედ ალტრადი, რომელმაც 68 წლის განმავლობაში თავად არაერთი პრობლემა გადაჭრა და კიდევ უფრო მეტი დაბრკოლება გადალახა, რაშიც ყოველთვის ეხმარებოდა რწმენა – რწმენა საკუთარი თავისა და რწმენა იმის, რომ ყველაფერი, რასაც ქმნიდა, სხვა ადამიანებზეც იქონიებდა დადებით გავლენას.

“არიან მეწარმეები, რომელთა მიზანი მხოლოდ ჯიბეების გავსებაა. ეს ჩემი მიზანი არ არის. მე მინდა მოგებიანი კომპანია, რათა მიღებული მოგებით განვახორციელო ინვესტიცია და შევქმნა დიდი ორგანიზაცია. რისთვის? იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იმუშავებენ ამ კომპანიაში. თუ ისინი კმაყოფილები იქნებიან – უკეთ იმუშავებენ, მეტ წვლილს შეიტანენ კომპანიის წარმატებაში. ამით იმის თქმა მინდა, რომ ბიზნესში ადამიანური ფაქტორი უგულებელყოფილი არ უნდა იყოს”, – მიყვება ბედუინობიდან მილიარდერობამდე გზაგამოვლილი ბიზნესმენი.

EY საქართველომ მოედ ალტრადს სთხოვა “ბადავის” ქართული თარგმანისთვის მცირე წინასიტყვაობა დაერთო. მას ეს “უჩვეულო ამოცანად” მოეჩვენა, მაგრამ დაწერა. დაწერა სიამაყეზე, რომელიც მისი “ჩუმი გატაცებაა”. სოციალურ კუთვნილებაწართმეულს, მოედ ალტრადს შეეძლო თანატოლებივით არც კი ეცადა, ისე ეთქვა ყველაფერზე უარი, მაგრამ ის ასე არ მოიქცა და საკუთარ თავში იმედს მოეჭიდა. იმედის ნაპერწკალი მას სწორედ “ფარულმა სიამაყემ” გაუღვივა, რადგან საბოლოოდ “სურვილი კი არ არის ის გრძნობა, რომელიც ადამიანებს და ერებს მთების გადადგმის უნარს ანიჭებს, არამედ სიამაყე – ეს აუწონავი და უხილავი ძალა”.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *