ბელარუსი ტერორისტული აქტების განხორციელების მცდელობისთვის სიკვდილით დასჯის კანონს იღებს

ბელარუსი ტერორისტული აქტების განხორციელების მცდელობისთვის სიკვდილით დასჯის კანონს იღებს

რუსული საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ბელარუსმა ტერორისტული აქტების განხორციელების მცდელობისთვის სიკვდილით დასჯის შემოღების გადაწყვეტილება მიიღო. ბელარუსი ევროპის ერთადერთი სახელმწიფოა, რომელშიც სასჯელის უმაღლესი ზომა დღემდე მოქმედებს.

საინფორმაციო სააგენტოები RIA Novosti და Interfax-ი, ბელარუსის ეროვნულ იურიდიულ პორტალზე განთავსებულ დოკუმენტზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ პრეზიდენტმა ლუკაშენკომ ტერორისტული აქტების მცდელობისთვის სიკვდილით დასჯის კანონს ხელი უკვე მოაწერა. ახალი კანონი გამოქვეყნებიდან ათი დღის შემდგომ შევა ძალაში. ამ დრომდე, ბელარუსის კონსტიტუციით სასჯელის უმაღლესი ზომა ადამიანების სიკვდილის გამომწვევ ტერორისტულ აქტებზე, ასევე სასტიკ და მრავალჯერად მკვლელობებზე ვრცელდებოდა.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტმა სიკვდილით დასჯის გამოყენების გაფართოებას მხარი აპრილში, აქტივისტების მიერ სარკინიგზო ქსელის ნაწილების საბოტაჟის მცდელობის შემდგომ დაუჭირა. შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში, ბელარუსმა აქტივისტებმა სარკინიგზო ქსელის ინფრასტრუქტურის დაშლა სცადეს, რათა უკრაინაში რუსული ძალების განლაგებისთვის ხელი შეეშალათ. პარლამენტის ქვედა პალატამ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილება ორი მოსმენით დაამტკიცა.

2020 წელს, ლუკაშენკოს პრეზიდენტად ხელახალი არჩევის წინააღმდეგ გამართულ აქციებს ოპონენტთა დიდი ნაწილის დაკავება მოჰყვა. დაკავებულებს ბრალი ძირითადად ტერორისტული აქტის მომზადებისა და განხორციელების მცდელობაში დასდეს, მაშინ როდესაც ადრე მათ დანაშაულებრივ ქმედებას მხოლოდ „ხულიგნობის“ კვალიფიკაცია მიენიჭებოდა. ტერორისტული აქტის მცდელობისთვის დაკავებულთა შორის მოსამართლის მანქანაზე წითელი საღებავის გადასხმასა და პროკურორის ფანჯრისთვის ქვის სროლაში ბრალდებული პირები არიან.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *