Billboard: კანიე ვესტისთვის რუსეთი „მეორე სამშობლო“ გახდება

Billboard: კანიე ვესტისთვის რუსეთი „მეორე სამშობლო“ გახდება

კანიე ვესტის სტრატეგიულმა მრჩეველმა, ამირ სუდანმა, Billboard-თან ამერიკელი რეპერის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, რომელიც რუსეთში სტუმრობასა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას უკავშირდება. სუდანის ინფორმაციით, მოსკოვში ვიზიტი ამ წლის გაზაფხულზე, ან ზაფხულში იგეგმება და კანიეს სურს, რომ რუსეთი მისი „მეორე სამშობლო“ გახდეს. აღსანიშნავია, რომ რეპერის მრჩეველი სამომავლო მოგზაურობას ორგანიზებას ადვოკატ სკოტ ბალბერთან ერთად უწევს, რომელიც მილიარდერ არას აგალაროვისა და მისი მომღერალი შვილის, ემინის წარმომადგენელია.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რატომ სურს რეპერს მოსკოვში ჩასვლის შემდგომ პუტინთან შეხვედრა. სუდანის ინფორმაციით, Yeezy-ის აღმასრულებელი დირექტორი მის პროექტ Sunday Service-ის ერთ-ერთ სეანსზე რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ სტუმრად მოწვევასაც კი აპირებს. რაც შეეხება მუსიკალურ შეთანხმებას, თავად რუსულ-აზერბაიჯანული წარმოშობის მომღერლის წარმომადგენლები, ემინსა და Ye-ს თანამშრომლობაზე მოლაპარაკებების მიმდინარეობას ადასტურებენ. თუმცა საინტერესო ის ფაქტია, რომ რეპერის მრჩევლისა და წარმომადგენლის მიერ გავრცელებული ინფორმაციები ერთმანეთს არ ემთხვევა. უფრო მეტიც, ვესტის წარმომადგენელმა პიერ რუჟემ, Rolling Stone-თან სუდანის განცხადებებს „შეთითხნილი“ და „რუსი ხალხის სურვილით  გამოწვეული“ უწოდა.

2020 წელს აშშ-ის სენატის დაზვერვის კომიტეტის მოხსენებაში, არას აგალაროვის რუსეთის მთავრობასთან, განსაკუთრებით კი იმ პირებთან კავშირები გამოიკვეთა, რომელთაც შეერთებული შტატების 2016 წლის არჩევნებში ჩარევას ედავებიან. აგალაროვს  კავშირები აქვს აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთანაც. შეგახსენებთ იმასაც, რომ კანიე მონაწილეობას აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იღებდა, რის მიზეზადაც ბევრი ჯო ბაიდენისთვის შავკანიანი ამომრჩევლის ხმების წართმევას განიხილავდა.

რაც შეეხება კონკრეტულად ვესტისა და ემინის საერთო სამომავლო გეგმებს, სუდანის მტკიცებით, აგალაროვებთან შეთანხმება Ye-ს ქონებას $10 მილიარდზე მეტით გაზრდის. შეგახსენებთ, რომ ამერიკელმა რეპერმა კანიე ვესტმა, ოქტომბერში, სახელი ლეგალურად შეიცვალა და Ye დაირქვა. Forbes-ის შეფასებით,კანიეს ქონება ამჟამად $1,8 მილიარდს უტოლდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *