რა არის ბიოდიზელი
თუ ძალიან აკადემიურად და მეცნიერულად განვსაზღვრავთ, ბიოდიზელი არის ბიოლიპიდების ეთერიფიკაციის გზით მიღებული მეთილის ეთერი, ნახშირბადისა და წყალბადის ატომებით შედგენილი პოლიმერული მოლეკულები, მაგრამ ყველასთვის გასაგები, პოპულარული ენით რომ ვთქვათ, ბიოდიზელი არის მცენარეული ზეთისგან მიღებული ნივთიერება, რომლის ფიზიკური და ქიმიური მახასიათებლები ნავთობის დიზელის ანალოგიურია და მისი გამოყენება საწვავად შეიძლება ყველა იმ დანადგარში, რაც დიზელის საწვავს მოიხმარს, მათ შორის, ავტომობილების დიზელის ტიპის შიდაწვის ძრავებში, და ამასთან ძრავას არავითარი მოდიფიკაცია არ დასჭირდება.
ბიოდიზელი დღეს უკვე მსოფლიო ენერგეტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია და ის ყოველ წელს სულ უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. ბოლო წლებში ბიოდიზელის წარმოებამ მთელ მსოფლიოში სერიოზულ მასშტაბებს მიაღწია: 2012 წლის მონაცემებით, აშშ-ში 4 მლნ ტონა ბიოდიზელი, ევროკავშირში კი 9,1 მილიონი ტონა ბიოდიზელი იქნა წარმოებული – ციფრები მართლაც შთამბეჭდავია და ამასთანავე მსოფლიო ტენდენცია ბიოდიზელის წარმოების შემდგომ ზრდაზე მიუთითებს. მსოფლიო ლიდერი ამ სფეროში გერმანიაა, სადაც გასულ წელს 2,5 მლნ ტონა ბიოდიზელი დაამზადეს; მნიშვნელოვანია საფრანგეთის წილი – 1,9 მლნ ტონა. ბალტიის ქვეყნებში 165 ათასი ტონა ბიოდიზელი იქნა წარმოებული, პოლონეთში – 323 ათასი ტონა, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში – ბულგარეთში, რუმინეთში, სლოვაკეთში – 250 ტონაზე მეტი.
არანაკლები ინტერესია ამ ალტერნატიული, განახლებადი ბიოსაწვავის მიმართ ამერიკის შეერთებილ შტატებში, სადაც ქვეყნის 260 საწარმოში ბოლო 5 წლის განმავლობაში 8,9 მილიონი ტონა ბიოდიზელი იქნა მიღებული, ხოლო მარტო გასულ წელს – 4,1 მლნ ტონა. ზრდის ტენდენცია აქაც მკაფიოა.
მაინც რა არის ბიოდიზელის ის სიკეთე, რაც ამ პროდუქტის ასეთ მასშტაბურ წარმოებას განაპირობებს? პირველ რიგში ბიოდიზელი არის სრულფასოვანი, მაღალხარისხიანი საწვავი, რომელიც არა თუ ჩამოუვარდება, არამედ მთელი რიგი მახასიათებლით აღემატება კიდევ ნავთობდიზელს. ამასთან ბიოდიზელი არის ალტერნატიული, განახლებადი ენერგია, რაც ასე მნიშვნელოვანია თანამედროვე მსოფლიოსათვის, ბიოდიზელის ფასი მეტ-ნაკლებად მყარია და ნავთობდიზელს წარმატებით უწევს კონკურენციას.
ეს ყოველივე, რასაკვირველია, თავისთავად მნიშვნელოვანი ფაქტორებია, მაგრამ ბიოდიზელის მთავარი სიკეთე ის გახლავთ, რომ ის განახლებადი, ეკოლოგიურად სუფთა საწვავია. ბიოდიზელი, ნავთობდიზელისგან განსხვავებით, არ შეიცავს ტყვიას და მისი გამოყენების შედეგად ატმოსფერო არ ბინძურდება მძიმე ლითონებით, გოგირდის ორჟანგით, ათასგვარი კანცეროგენებითა და მავნე მინარევებით. ასე რომ, ბიოდიზელი დღეისთვის შიდაწვის ძრავებისთვის ყველაზე ეკო-მეგობრული არჩევანია.
დღეს ევროპასა თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე ჩვეულებრივი სურათია ბიოდიზელისა და ბიობენზინის, ანუ ეთანოლის ავტოგასამართ სადგურებში გაყიდვა. თავისუფლად შეძლება მისი როგორც სუფთა, ისე ბლენდირებული გამოყენებაც. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს B20 საწვავი, ანუ ნავთობდიზელთან შერეული ოცი პროცენტი ბიოდიზელი.
ბიოდიზელის წარმოების ძირითადი ნედლეულია მცენარეული ზეთი, რაც აგრობიზნესის განვითარებას დამატებით სტიმულს აძლევს. ბიოდიზელის წარმოება მრავალმხრივ ხელსაყრელია – ქვეყანა აწარმოებს საკუთარ, განახლებად ალტერნატიულ საწვავს და ამცირებს ნავთობზე მის დამოკიდებულებას. ამასთან ერთად ეკოლოგიურად სუფთა საწვავის გამოყენება კეთილმყოფელ გავლენას ახდენს გარემოზე, მცირდება ნამარხი ნახშირწყალბადების გამოყენება, იზრდება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა, იქმნება ახალი საწარმოები და, შესაბამისად, სამუშაო ადგილები. აქვე დავძენთ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებით ბიოდიზელის წარმოება ნებისმიერი ბიოლიპიდებისაგან, მათ შორის საკვების მოხმარებული ზეთისაგანაც კი შეიძლება.
ბიოდიზელის ისტორია
ბიოდიზელის ანუ მეთილის ეთერის მიღების ბიოქიმიური მეთოდი დიდი ხანია ცნობილია. XX საუკუნის დასაწყისში მეცნიერები და ინდუსტრიის მესვეურები იმაზეც კი ფიქრობდნენ, თუ რა გზა აერჩიათ საწვავის მისაღებად – მცენარეული ზეთი და მისგან მიღებული საწვავი თუ ნავთობი და ნავთობპროდუქტები. საბოლოოდ არჩევანი იმ დროისათვის იაფფასიანი და იოლად მოსაპოვებელი ნავთობი გახდა და ბიოსაწვავიც თანდათან დავიწყებას მიეცა.
არადა, პირველი შიდაწვის ძრავები სწორედ ბიოსაწვავზე მუშაობდა – ჰენრი ფორდის შიდაწვის ძრავა საწვავად სპირტს იყენებდა, ხოლო რუდოლფ დიზელის პირველი ძრავები კი ჩვეულებრივ, არაქისისგან მიღებულ ზეთზე მუშაობდა.
როგორც ხშირად მომხდარა, ბევრი ახალი კარგად დავიწყებული ძველი აღმოჩენილა, და ბიოსაწვავიც მაშინ გაახსენდათ, როდესაც გასული საუკუნის 70-იან წლებში მსოფლიო ნავთობის კრიზისმა მოიცვა და ნავთობის ფასიც მკვეთრად გაიზარდა. ბარელი ნავთობის ფასი, რომელიც იმხანად სულ რაღაც 3 დოლარს უტოლდებოდა, 1973 წელს, სუეცის კრიზისის დროს, როდესაც OPEC-მა დასავლეთს ემბარგო გამოუცხადა, ერთ დღეში თითქმის გაორმაგდა და 5 დოლარს მიაღწია. ემბარგომ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში საწვავის დეფიციტი შექმნა, მსოფლიო ბირჟები პანიკამ მოიცვა და ერთ წელიწადში, 1974 წლის ბოლოს, ბარელი ნავთობის ფასმა უკვე 12 დოლარს მიაღწია.
მსოფლიომ კარგი გაკვეთილი მიიღო, შესაბამისი დასკვნებიც გამოიტანა და ალტერნატიული და პრევენციული გზებიც დასახა. პრაქტიკულად ევროპასა და ამერიკაში სწორედ მაშინ დაიწყო ბიოდიზელის პირველი მსხვილი კომერციული საწარმოების შექმნა. თავიდან მათი წარმადობა მცირე იყო, მაგრამ, გასული საუკუნის ბოლოდან მოყოლებული, როდესაც უკვე ცხადი გახდა, რომ ნავთობის ფასი, რომელიც აქამდე მეტ-ნაკლებად მერყეობდა, საბოლოოდ მხოლოდ გაიზრდებოდა, ბიოდიზელის წარმოებაც უფრო მასშტაბური გახდა და თან სტრატეგიული მნიშვნელობაც შეიძინა.
ამას თან დაერთო გლობალური დათბობა და კლიმატის ცვლილების მსოფლიო პრობლემა, რისი ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც ნავთობის, ქვანახშირისა და ბუნებრივი აირის – ანუ ნახშირწყალბადების მომეტებული მოხმარება გახდა და, აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო აქტუალური შეიქნა ბიორესურსებზე დაფუძნებული, ალტერნატიული, განახლებადი ენერგიის წყაროების, მათ შორის, ბიოდიზელის განვითარება.
რუდოლფ დიზელი
„მცენარეული ზეთის გამოყენება ძრავების საწვავად დღეს შეიძლება მნიშვნელოვნად არ მიგვაჩნდეს, მაგრამ დროთა განმავლობაში მცენარეული ზეთის საწვავი ისეთივე მნიშვნელოვანი გახდება, როგორიც დღეს ნავთობის პროდუქტებია”, – წერდა რუდოლფ დიზელი 1912 წელს.
რუდოლფ დიზელმა და მის მიერ გამოგონილმა ძრავამ, რომელსაც მისსავე პატივსაცემად დიზელის ძრავა დაერქვა, მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა მსოფლიოს დღევანდელი სახე. დიზელის ძრავები მუშაობს ყველა სახის – სახმელეთო, საჰაერო, წყალზედა და წყალქვეშა ტრანსპორტზე; დიზელის ძრავები ემსახურება სამოქალაქო და სამხედრო ტექნიკას, ენერგეტიკას, ინდუსტრიის პრაქტიკულად ყველა სფეროს. ის ფაქტი, რომ დიზელის ძრავას საბოლოო დიზაინი არა მცენარეული ზეთის, არამედ ნავთობის ერთ-ერთი ფრაქციის საწვავად მოხმარებას მიესადაგა, გახდა მიზეზი იმისა, რომ დიზელის ძრავების ფართოდ გავრცელების პარალელურად, ნავთობის ინდუსტრიის განვითარებამაც მნიშვნელოვან მასშტაბებს მიაღწია და ალბათ არ იქნება გადაჭარბებული, თუ ვიტყვით, რომ რუდოლფ დიზელმა მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა XX საუკუნის სახე, მისი ინდუსტრია და თვით გეოპოლიტიკაც.
რუდოლფ დიზელის ისტორიული წინასწარმეტყველება რომ სრული სიმართლე იყო, დღეს უკვე ცხადი გახდა.
2007-08 წლებში აშშ-ში ავტოგასამართ სადგურებზე საწვავი ფასი და სუპერმარკეტებში რძის ფასი ერთმანეთს გაუტოლდა.
ცხადია, მხოლოდ ბიოსაწვავი არ არის დაბინძურებისგან გარემოს დასაცავი პანაცეა, რადგან, როგორც ბიოდიზელის ოპონენტები ამბობენ, ბიოსაწვავი მაინც იწვის და ატმოსფეროში CO2-ს გამოყოფს, მაგრამ საქმე ისაა, რომ, ბიოსაწვავი არ შეიცავს ფოსფორს, ტყვიას, სხვა მძიმე მეტალებს და კანცეროგენებით არ აბინძურებს ატმოსფეროს, და, გარდა ამისა, ბიოდიზელი ხომ ძირითადად მცენარეული ზეთისაგან მზადდება, ხოლო მცენარეები, რომლებიც ბიოდიზელის ნედლეულს იძლევიან, როგორც სამეცნიერო გამოკვლევებმა ცხადყო, სიცოცხლის განმავლობაში სწორედ იმდენ ნახშირორჟანგს შთანთქავენ, რამდენსაც შემდგომ მათგან დამზადებული ბიოდიზელის წვის დროს გამოიყოფა (და ასევე ეს მცენარეები იმდენ ჟანგბადს გამოყოფენ ჰაერში, რამდენიც მათგან დამზადებული ბიოდიზელის წვის დროს მოიხმარება). ეს არის ნათელი მაგალითი გარემოს მდგრადი განვითარებისა, სწორედ ამიტომ არის ბიოდიზელი და საერთოდ ბიოსაწვავი განახლებადი, მდგრადი და ეკო-მეგობრული არჩევანი.
ქალაქი გრაცი, ავსტრია
ამ 300-ათასიან ქალაქში ჰაერი ურბანული გარემოსათვის საოცრად სუფთაა და აქ ტრანსპორტის გამონაბოლქვის სუნი პრაქტიკულად არ იგრძნობა. საქმე ის გახლავთ, რომ ქალაქ გრაცში მუნიციპალური ტრანსპორტი მთლიანად ალტერნატიულ, განახლებად, ეკო-მეგობრულ საწვავს – ბიოდიზელს მოიხმარს.
ამ ქალაქში პირველი ნაბიჯები ნავთობდიზელის ალტერნატიული, ეკოლოგიურად უფრო სუფთა საწვავით ჩანაცვლების მიზნით ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90 წლებში გადაიდგა. გაჩნდა იდეა, რომ ქალაქის ტრანსპორტი თანდათან ეკოლოგიურად სუფთა საწვავზე გადაეყვანათ.
ქალაქის მოსახლეობამ და მთავრობამ ერთხმად აიტაცა იდეა. 1994 წელს გრაცში „ეკომოძრაობის” პროგრამა დაიწყო. ქალაქის მოსახლეობა ენთუზიაზმით ჩაერთო პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც ქალაქ გრაცის მოქალაქეები, რესტორნები, სწრაფი კვების ობიექტები, კაფეები და საერთოდ ყველა დაწესებულება, სადაც სამზარეულო იყო, აგროვებდა მოხმარებულ ზეთს და ბიოდიზელის ქარხანაში აბარებდა, სადაც ამ ზეთისგან ბიოდიზელს ამზადებდნენ. გაჩნდა სლოგანიც „სამზარეულოს ტაფიდან – ავტომობილის ავზში”. ეს ყველაფერი დასრულდა იმით, რომ 2005 წლიდან ქალაქ გრაცის ავტობუსები, რომლებიც 25 მუნიციპალურ ხაზზე მუშაობენ, წელიწადში საერთო ჯამში 18,5 მლნ კილომეტრს ფარავენ და 3,8 მილიონ ლიტრ დიზელის საწვავს მოიხმარენ, მთლიანად ბიოდიზელზე მუშაობენ. შედეგიც გამოკვეთილია: გრაცის ჰაერი ისეთივე სუფთაა და ჯანსაღი, როგორიც ავსტრიის ნებისმიერი კურორტის ჰაერი.
დღეისათვის ქალაქი გრაცი, საბედნიეროდ, გამონაკლისი არაა, მსოფლიოს უკვე მრავალი ქალაქის პრაქტიკაში დაინერგა მუნიციპალური ტრანსპორტის ეკო-მეგობრული საწვავით ამუშავება და ეს ტენდენცია სწრაფადაც იკრებს ძალას. ამის კარგი მაგალითია სტოკჰოლმი (შვედეთი), სადაც 2011 წელს საქალაქო და საგარეუბნო 2000 ავტობუსის 60% უკვე ბიოსაწვავზე მუშაობდა და ქალაქის მერიამ დამატებით კიდევ 150 ბიოსაწვავზე მომუშავე ავტობუსი შეუკვეთა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტი „ბიოდიზელი”
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დამუშავდა ბიოსაწვავის მიღების მეცნიერული საფუძვლები, დაინერგა თანამედროვე, ინოვაციური ტექნოლოგიები და პირველად საქართველოში მიღებულ იქნა ალტერნატიული, განახლებადი, ეკოლოგიურად სუფთა საწვავი – ბიოდიზელი.
თბილისში 2010 წლის 20 მაისს ისტორიული მოვლენა მოხდა, ოღონდ ამ მოვლენამ უჩუმრად ჩაიარა და პრაქტიკულად მხოლოდ მეცნიერთა ვიწრო წრისთვის გახდა ცნობილი. ამ დღეს პირველად თბილისის ქუჩებში გამოჩნდა ავტომობილი, რომელიც ჩვეულებრივი ნავთობპროდუქტის ნაცვლად ბიოდიზელზე მუშაობდა. მანქანამ ქალაქში ჩვეულებრივად იმოძრავა და დაახლოებით 200 კმ გაიარა.
აი როგორ აღწერს ამ ამბავს პროექტ „ბიოდიზელის” ხელმძღვანელი, ილიას უნივერსიტეტის ინოვაციისა და კომერციალიზაციის დეპარტამენტის უფროსი კახა ქარჩხაძე, რომელიც რამდენიმე წელი მუშაობდა ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში – კორნელის უნივერსიტეტსა და ტეხასის უნივერსიტეტში ბუნებრივი რესურსებს მენეჯმენტის, აგრობიზნესისა და ტექნოლოგიების ტრანსფერის საკითხებზე:
„პირველად ჩვენ მიერ მიღებული ბიოდიზელი ჩვენსავე მანქანაზე გამოვცადეთ და უნივერსიტეტში მცირე შიდა ექსპერიმენტიც ჩავატარეთ. უნივერსიტეტის ფორდ „ტრანზიტის” მარკის მიკროავტობუსს, რომელსაც ერთობ დაძაბული რეჟიმი ჰქონდა, დილით საწვავად სწორედ ჩვენ მიერ წარმოებული ბიოდიზელი ჩავუსხით, თანაც ისე, რომ მძღოლმა არ იცოდა. მანქანა რომ სამუშაოდ გავიდა, მძღოლს ყოველ ათ წუთში ერთხელ ვურეკავდით და „სხვათა შორის” ვეკითხებოდით, როგორა ხარ, მანქანა როგორ დადის, ხომ ყველაფერი რიგზეაო. ბოლოს, როდესაც ერთი საათის განმავლობაში მეშვიდედ დავურეკეთ, მძღოლმა ვეღარ მოითმინა: რა დაგემართათ, ყველაფერი რიგზეა და მანქანაც მშვენივრად მოძრაობს. ეგ კი არა, დღეს რა მოხდა, არ ვიცი და, „გაწევა” მოემატაო. აი აქ კი საბოლოოდ დავრწმუნდით, რომ ექსპერიმენტმა წარმატებით ჩაიარა და გავიმარჯვეთ – პირველად საქართველოს ისტორიაში დავამზადეთ მაღალხარისხიანი, ალტერნატიული, განახლებადი, ეკო-მეგობრული საწვავი – ბიოდიზელი”.
უნივერსიტეტის მძღოლი აბსოლუტურად მართალი იყო, როდესაც თქვა, მანქანას „გაწევა” მოემატაო. ბიოდიზელი მთელი რიგი პარამეტრით აღემატება ჩვეულებრივი დიზელის მონაცემებს. მაგალითად, ცეტანური რიცხვი ბიოდიზელს 50-52 აქვს, გაპოხვის კოეფიციენტი – 7,5, გოგირდის შემცველობა ნულის ტოლია. საწვავის სფეროში გათვითცნობიერებული ადამიანისთვის ესეც საკმარისია, რომ დაასკვნას: ბიოდიზელი ხარისხოვანი საწვავია.
საქართველო, როგორც ქვეყანა, რომელიც თითქმის მთლიანად იმპორტირებულ ნავთობპროდუქტებზეა დამოკიდებული, აუცილებლად უნდა ზრუნავდეს იმაზე, რომ ჰქონდეს საკუთარი, განახლებადი, ალტერნატიული საწვავი. ეს ქვეყნისთვის არა მარტო ეკონომიკური და ეკოლოგიური, არამედ სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხია.
ილიას უნივერსიტეტის მეცნიერების ამოცანა იყო არა მარტო ბიოდიზელის წარმოების ტექნოლოგიური მხარის დამუშავება, არამედ საქართველოში ბიოდიზელის მასშტაბური წარმოების სრული ციკლის მოდელირება და როგორც ტექნოლოგიური, ისე აგროეკონომიკური პარამეტრების გამოთვლა.
ბიოდიზელის ფართო მასშტაბით წარმოებისთვის საჭიროა სათანადო ნედლეულის ბაზა. როგორც მსოფლიო გამოცდილებამ გვიჩვენა, ბიოდიზელის წარმოებისთვის ზეთის მისაღებად ყველაზე შესაფერისი მცენარეა კანოლა (რაპსი), რომლის ლათინური სახელწოდებაა Brassica napus-ი. ამიტომ პროექტის ფარგლებში გაშენდა მცენარე კანოლას პირველი პლანტაციები აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთში, კერძოდ, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში.
მცენარე რაპსის კულტურა, კერძოდ, მისი საშემოდგომო ვარიანტი, მშვენივრად შეეგუა აღმოსავლეთ საქართველოს პირობებს და პირველი კარგი მოსავალიც მოვიდა. უნივერსიტეტის აგროეკონომიკური გამოთვლებით, 1 ჰექტარი რაპსის პლანტაცია საშუალოდ ერთ ტონა ბიოდიზელის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულს იძლევა.
ამ სფეროში ილიას უნივერსიტეტის პარტნიორია გერმანული კომპანია NPZ-Lembke GmbH-ი, რომელიც ამ მცენარის მოშენებისა და მაღალპროდუქტიული ჯიშების გამოყვანაში მსოფლიო ლიდერია. გარდა ამისა, უნივერსიტეტი თანამშრომლობს ევროპულ კომპანიებთან – BIOLAT-სა და Duc Dominion-თან, რომლებიც ბიოსაწვავის განვითარების სფეროს ლიდერები არიან.
სხვათა შორის, გარდა იმისა, რომ მცენარე კანოლა (რაპსი) ბიოდიზელის ნედლეულს გვაძლევს, მისი კიდევ ერთი დიდი სიკეთე ისაა, რომ შესანიშნავი ხორბლის მონაცვლე კულტურაა, ანუ იქ, სადაც ორი წელი ხორბალი დაითესება, მესამე წელს რაპსის პლანტაცია გაშენდება; რაპსი ნიადაგს აზოტითა და სხვა მინერალებით ამდიდრებს და მის შემდგომ დათესილი ხორბალი უხვ მოსავალს იძლევა. ასე რომ, ამ ახალი კულტურის დანერგვა მნიშვნელოვანი იმპულსი იქნება აგრომეურნეობის შემდგომი განვითარებისა და დივერსიფიკაციისთვის.
როგორც უნივერსიტეტის გამოთვლებმა აჩვენა, მცირე მასშტაბის ბიოდიზელის საწარმოები სწორედ რაპსის პლანტაციების მახლობლად შეიძლება ამუშავდეს, რაც სამუშაო ადგილებსაც შექმნის სოფლად და ახალ სტიმულსაც მისცემს აგრომეურნეობის განვითარებას.
ევროკავშირში ძალიან სერიოზული ყურადღება ექცევა ბიოსაწვავის განვითარებას, ევროკავშირის მიზანია 2015 წლისთვის მოხმარებული საწვავის 5%, ხოლო 2020 წლისთვის მოხმარებული საწვავის 10% განახლებადი ბიორესურსების ბაზაზე იყოს წარმოებული.
და, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსთვის ეს რეგულაცია სავალდებულო არ არის, ჩვენ, როგორც ქვეყანა, რომელიც ევროკავშირისკენ მიისწრაფვის, აქედანვე უნდა ვზრუნავდეთ იმაზე, რომ ევროპული სტანდარტები საქართველოშიც თანდათან დაინერგოს.
ცხადია, ბიოდიზელის წარმოების მასშტაბების გაზრდა, სატრანსპორტო თუ სხვა სფეროებში მისი დანერგვა უკვე ბიზნესის ჩართვას გულისხმობს. გარდა ამისა, ამ სფეროში რეგულაციებისა და საკანონმდებლო ბაზის მიღება იქნება საჭირო, რაც, ბუნებრივია, სახელმწიფოს კომპეტენციაა. ეს უახლოესი მომავლის საქმეა, დღეს კი თამამად შეგვიძლია ვთქვათ: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა თეორიულად და პრაქტიკულად დაასაბუთა, რომ საქართველოს შეუძლია საკუთარი, ალტერნატიული, განახლებადი, ეკოლოგიურად სუფთა საწვავი აწარმოოს.