ძველმოდური ატომის გახლეჩა შეიძლება საუკეთესო მეთოდი იყოს მსოფლიო ეკონომიკის წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების შესამცირებლად. ამიტომ, ბრეტ კუგელმასის მიზანია, რომ 10 000 იაფი, მარაგიდან გადმოღებული მიკრორეაქტორი აამუშაოს. თუმცა მას ამის გაკეთება ამერიკის გარეთ სურს.
ჰიუსტონიდან დასავლეთით, ერთი საათის სავალზე, გარეუბნის განფენილ განსახლებას საქონლის საძოვარი ცვლის. აქ მდებარეობს ინდუსტრიული საწარმო, რომელშიც რკინის შემდუღებლები და მილების ამწყობები მუშაობენ. ისინი ქმნიან მასალებს, რომლებიც მექსიკის ყურეში მდებარე ნავთობგადამმუშავებელი საწარმოებისთვის და ჭაბურღილების პლატფორმებისთვის არის განკუთვნილი. „ეს ადამიანები ათწლეულების განმავლობაში მუშაობდნენ ისეთი კომპონენტების მასობრივად წარმოებაზე, რომლებიც გაუძლებდნენ წნევასა და ტემპერატურას“, – ამბობს 36 წლის ბრეტ კუგელმასი, ვაშინგტონში ბაზირებული Last Energy-ის დამფუძნებელი და პრეზიდენტი. კუგელმასი აქ, VGas LLC-ში, სწორედ იმ მიზნით ჩავიდა, რომ შექმნას მოდულებად ასაწყობი ბირთვული გახლეჩის მცირე რეაქტორის პროტოტიპი. ეს უკანასკნელი, მისი გათვლებით, დიდ როლს შეასრულებს წიაღისეული საწვავის გამოყენების შემცირებაში.
კუგელმასის მიერ შექმნილ, ღია წყაროებზე დაფუძნებულ დიზაინზე დაყრდნობით, VGas-მა უკვე დაამზადა მსუბუქწყლიანი რეაქტორის თითქმის ყველა დეტალი. ნაწილების დასამზადებლად მათ, დიდწილად, საწყობში უკვე არსებული კომპონენტები გამოიყენეს; ეს კომპონენტები ცხრა გადამზიდი კონტეინერის ზომის მოდულში მოათავსეს. ყველაფრის აწყობას მხოლოდ ორი დღე დასჭირდა.
რა თქმა უნდა, ეს არ გახლავთ სამუშაო პროტოტიპი. სინამდვილეში, 75-ტონიანი რეაქტორიდან წნევის ჭურჭელი გამოერთებულია, იმის საჩვენებლად, თუ როგორ მოხდება გამდიდრებული ურანით სავსე ცირკონიუმის ღერების შიგნით განთავსება. „ჩვენ არ ვიგონებთ რამე ახალ ქიმიას ან რეაქტორის ფიზიკას. ჩვენი მთავარი ინოვაცია ეხება ბირთვული რეაქტორის მიწოდების მოდელს. ჩვენ, უბრალოდ, სხვანაირად ვახდენთ შეფუთვას“, – ხაზგასმით ამბობს კუგელმასი.
აქ საუბარია ძველმოდურ, ურანის ატომის გახლეჩის ტექნოლოგიაზე – ისეთზე, როგორიც ათწლეულების განმავლობაში გამოიყენებოდა. ეს იმის საპირისპიროა, რასაც ვუწოდებთ ბირთვულ სინთეზს. ამ უკანასკნელი გზით – წყალბადის ატომების ერთმანეთთან შერწყმით, მზე წარმოქმნის ენერგიას. ათწლეულების განმავლობაში, სინთეზზე მიმდინარე კვლევები შეფერხებული იყო იმის გამო, მეცნიერებს არ შეეძლოთ ატომების შერწყმიდან იმაზე მეტი ენერგიის მიღება, ვიდრე ისინი ამ პროცესში დებდნენ. ბოლოდროინდელი გარღვევები იმედის მომცემია, თუმცა ყველაზე ოპტიმისტური სცენარითაც კი, კომერციული გამოყენების ბირთვულ სინთეზამდე ბევრი წელი გვაშორებს.
საქმის გასაადვილებლად მეცნიერების გამოყენებაა საჭირო. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ საჭიროა აშშ-ის რეგულატორულ სააგენტოებთან გამკლავებაც. კუგელმასი არ აპირებს, რომ თავისი ბირთვული ელექტროსადგურებისთვის ლიცენზია აშშ- -ში მოიპოვოს. ამის ნაცვლად, ის იმედოვნებს, რომ მისი პირველი, 20 მეგავატის სიმძლავრის რეაქტორი (რომელსაც 20 000 სახლის მომარაგება შეუძლია) 2025 წლისთვის პოლონეთში ამუშავდება. მას შემდეგ, რაც რუსეთმა პოლონეთს გაზის მიწოდება შეუწყვიტა, ეს ქვეყანა ელექტროენერგიის 70%-ს ქვანახშირის დაწვით იღებს. პოლონეთი დათანხმდა იმას, რომ ელექტროენერგია 10 მსგავსი რეაქტორის მეშვეობით მიიღოს. კუგელმასი ფიქრობს, რომ თითოეული ელექტროსადგური 100 მილიონი დოლარის მოგების მოტანას შეძლებს. კონტრაქტის მიხედვით, Last Energy არის პასუხისმგებელი რეაქტორებსა და შესაძლო ფინანსურ რისკებზე.
კუგელმასს გამიზნული აქვს, მსოფლიო მასშტაბით, 10 000 რეაქტორი ააშენოს. ეს დაუჯერებელ მიზანს ჰგავს. კუგელმასი ხომ ბირთვულ ინდუსტრიაში ახალი სახეა. მან ჯერჯერობით მხოლოდ 24 მილიონი დოლარის ვენჩურული კაპიტალის მოზიდვა შეძლო. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს ჭკვიანი ფულია. Last Energy-მ 21 მილიონი დოლარის ინვესტიცია ტეხასის ქალაქ ოსტინში ბაზირებული Gigafund-ისგან მიიღო. ამ უკანასკნელის მენეჯერი, ლიუკ ნოზეკი პირველი ვენჩურული ინვესტორი იყო, რომელმაც ილონ მასკის SpaceX-ს დაუჭირა მხარი.
კუგელმასის ხმაში ჯერ კიდევ ირეკლება ლონგაილენდელი ბიჭი, რომელსაც რობოტები უყვარდა. ის სწავლობდა SUNY Stony Brook-ში მანამდე, ვიდრე სტენფორდში მექანიკური ინჟინერიის მაგისტრატურას დაამთავრებდა. 2012 წელს, როდესაც კუგელმასი მხოლოდ 25 წლის იყო, მან წამოიწყო ბიზნესი, რომლითაც სადაზღვევო კომპანიებისთვის მილიონობით სახლის სახურავის დრონებით შემოწმებას და შტორმთან დაკავშირებული რისკების შეფასებას ახდენდა. მან ამ წამოწყებისთვის, რომელსაც Airphrame-ი ერქვა, 5.8 მილიონი დოლარის დაფინანსება მოიპოვა. საბოლოოდ, კუგელმასმა კომპანია 2017 წელს გაყიდა. ამ პერიოდში მან გადაწყვიტა, რომ მთლიანად მიეძღვნა თავი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლისთვის.
კუგელმასი მალევე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გამოსავალი ბირთვულ ენერგიაში უნდა ეძებნა. კოლუმბიის უნივერსიტეტის კლიმატისა და საზოგადოების ცვლილებების საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტის მიხედვით, ბირთვული ენერგია „ენერგიის ტრილემის“ გადაჭრის ერთადერთი გასაღებია. ეს არის ენერგიის წყარო, რომელიც ერთდროულად არის სანდო, იაფი და მდგრადი. რატომ ვერ გადაიჭრება ეს ტრილემა ქარის ან მზის ენერგიით? Cowen & Co-ს ენერგოანალიტიკოსის, მარკ ბიანჩის თქმით, ქარი და მზე მოითხოვენ იმაზე 10-ჯერ მეტ მასალას დენის თითოეული ერთეულის გამომუშავებისთვის, ვიდრე ბირთვული ენერგია. ამას გარდა, მიწის მსხვილი ფართობის დაკავების საჭიროება და ის ფაქტი, რომ არავის სურს მზისა და ქარის ინსტალაციები თავის სამეზობლოში იხილოს, ამ ინდუსტრიებისთვის მსხვილ მასშტაბებზე გასვლას ართულებს. ქარისა და მზის ფერმები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, უკვე ტეხასზე ორჯერ დიდ ტერიტორიას იკავებენ, თუმცა ისინი პლანეტის ენერგომოთხოვნილების მხოლოდ 5%-ს აკმაყოფილებენ. შედარებისთვის, კუგელმასის ერთი მინირეაქტორის მიერ წარმოებული 20 მეგავატის მისაღებად საჭირო იქნება, საშუალოდ, 600 აკრზე განფენილი მზის პანელები ან 4000 აკრზე დამონტაჟებული ქარის ტურბინები.
2018 წელს კუგელმასი ჯერ კიდევ ახალი სახე იყო ბირთვული ინდუსტრიის სამყაროში. მან დაიწყო ექსპერტებთან ინტერვიუების ჩაწერა თავისი პოდკასტის – „ბირთვული ტიტანების“ ფარგლებში. ამ პოდკასტისთვის დღეისათვის დაახლოებით 400-ზე მეტი ეპიზოდია ჩაწერილი. კუგელმასი სწავლობდა იმ დაბრკოლებებს, რომლებიც ბირთვული ენერგიის შექმნის გზაზე არსებობს. შედეგად, მან დაასკვნა, რომ მთავარ პრობლემებს საკითხის ზედმეტი კომპლექსურობა და ასევე, ზედმეტი რეგულაციები წარმოადგენდნენ.
ისტორიულად, ბირთვულ ენერგიასთან დაკავშირებული კიდევ ერთი პრობლემა ის იყო, რომ დიდი ბირთვული პროექტების ხარჯები აშშ-ში სწრაფად და მოულოდნებლად იზრდებოდა. ნაწილობრივ, ამის მიზეზად კუგელმასი იმას მიიჩნევს, რომ არსებობს დამახინჯებული სტიმულები რეაქტორების ფინანსირებისა და შენების ეტაპებზე. აშშ-ში, კომპანიები, რომლებიც ბედავენ ახალი ბირთვული ელექტროსადგურების აშენებას, ნაკლებად არიან პასუხისმგებელნი დიდი რაოდენობის დაუგეგმავი ხარჯების დაფარვაზე. მათ იციან, რომ ყოველთვის შეუძლიათ ელექტროენერგიის გადასახადი გაზარდონ იმისთვის, რომ ზედმეტი ხარჯები გადაფარონ. ბოლოს და ბოლოს, მათი მონოპოლისტური ფასები რეგულატორების მიერ არის დაწესებული. კუგელმასი გამოსავალს იმაში ხედავს, რომ მოხდეს ქარისა და მზის ენერგიის პროექტების მოდელების გადმოღება. Last Energy ააშენებს რეაქტორებს და ის, ასევე, იქნება მათი მფლობელიც. ამისთვის კომპანია გამოიყენებს გრძელვადიან კონტრაქტებს. მათ ეს უკვე გააკეთეს პოლონეთში, სადაც გრძელვადიანი კონტრაქტის საფუძველზე, დიდი რაოდენობით თანხა – დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი ისესხეს.
Last Energy ნამდვილად არ არის ერთადერთი სტარტაპი, რომელსაც ახალი თაობის მცირე რეაქტორების აგება სურს. მის ფულიან კონკურენტებს შორის არის Terra Power-ი, რომელიც წარმოადგენს ბილ გეიტსისა და უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway-ის საზიარო კომპანიას. Terra Power-ს სურს, ვაიომინგში თხევადი ქლორიდით გაგრილებული 343- მეგავატიანი რეაქტორი ააშენოს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ფირმამ 2 მილიარდი დოლარის ფედერალური სუბსიდიები მიიღო, მისმა ხარჯებმა, პროექტის წლობით გადავადების ფონზე, 4 მილიარდი დოლარი შეადგინა. კიდევ ერთი კომპანია, X-energy (რომელიც მალე საფონდო ბირჟაზე გავა, SPAC-ით დასპონსორებული Ares Management-ის წყალობით) თავისი 320-მეგავატიანი რეაქტორის ასამუშავებლად ინოვატორულ, დადნობისგან დაზღვეულ, ურანის ოქსიკარბიდის საწვავს იყენებს. ამის გამო, მათ, ცხადია, მეტი რეგულატორული ბარიერის გავლაც უწევთ. საჯარო ბირჟაზე გასულმა მინიბირთვული რეაქტორების განმავითარებელმა პირველმა კომპანიამ, NuScale Energy-იმ, თავისი 50-მეგავატიანი რეაქტორის ასაშენებლად ნებართვა იანვარში აიღო. მათ მთელი ათწლეული და 1 მილიარდი დოლარი დახარჯეს იმისთვის, რომ აშშ-ის ბირთვული რეგულაციების კომისიის მოთხოვნები დაეკმაყოფილებინათ. თუმცა ამის მიუხედავად, NuScale Energy-ის პირველი ბირთვული ელექტროსადგური ადრეულ 2030 წლებამდე არ იქნება მზად.
მაშ, როგორ უპასუხებს Last Energy, რომელიც ძველ ტექნოლოგიას იყენებს, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ იმ შიშებს (გამართლებულს თუ გაუმართლებს), რომლებიც ბირთვულ პროექტებს ათწლეულების განმავლობაში აფერხებდნენ? კუგელმასი ამბობს, რომ ისეთ სასწაულ შემთხვევაში, როდესაც რეაქტორი ბირთვულ დნობას დაიწყებს, თუ გაგრილების დამატებითი მექანიზმები ვერ იმუშავებენ, 550 ტონა ფოლადის მიწისქვეშა საცავი ეფექტიანად გაფანტავს ზედმეტ სითბოს და შეაკავებს საწვავს.
რაც შეეხება რადიოაქტიურ ნარჩენებს, გასათვალისწინებელია, რომ ბირთვული ელექტროსადგურების უმეტესობიდან დახარჯული საწვავის ღერები გამოაქვთ და მათ ცემენტისა და ფოლადის საცავებში ინახავენ ხოლმე. ამის საპირისპიროდ, Last Energy-ის გეგმა მდგომარეობს იმაში, რომ ყოველ ექვს წელიწადში რეაქტორის ახალი მოდული ააშენოს, რომელიც ახალი სასწავით იქნება დატვირთული. ძველი ბირთვები საიმედოდ იქნება დაცული მიწის ქვეშ, სადაც თანდანათობით გაგრილდება, მანამდე, ვიდრე სადგურის დემონტაჟი არ მოხდება. ერთი შეხედვით, შეიძლება ისე ჩანდეს, რომ არაეფექტიანია რეაქტორის მთელი მოდულის ხელახლა აშენება, საწვავის ჩანაცვლების მაგივრად, თუმცა სინამდვილეში ეს ხერხი საქმეს აიოლებს. „ჩვენ განგებ ვხუჭავთ თვალს სადგურის დიზაინის გარკვეულ არაეფექტიან კომპონენტებზე, იმისთვის, რომ ეკონომიკურ ეფექტიანობას მივაღწიოთ. ნებისმიერი სხვა მიდგომა რომ გამოვიყენოთ, იმ წერტილში დავბრუნდებით, რომლიდანაც დავიწყეთ“, – ამბობს კუგელმასი.
ფოტო: ბენედიქტ რედგროუვი