ფოტო: coinmarketcap.com
დღეს ბიტკოინის ფასი გასული 21 თვის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა. კრიპტოვალუტების ბაზარზე გაყიდვების ტალღა გრძელდება, ხოლო ინვესტორები დაახლოებით 10 მილიარდი დოლარის მოცულობის ბიტკოინის ოპციონების ვადის გასვლას ელოდებიან, რამაც შესაძლოა ბაზარზე დამატებითი მერყეობა გამოიწვიოს.
ბიტკოინის ფასი დღის განმავლობაში 58,131 დოლარამდე დაეცა, რაც 2024 წლის სექტემბრის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. მოგვიანებით კრიპტოვალუტამ დანაკარგის ნაწილი შეამცირა და დაახლოებით 59,460 დოლარის ნიშნულზე ივაჭრებოდა, რაც ბოლო 24 საათში 2.6%-იან კლებას ნიშნავს.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ბიტკოინის ღირებულება 6.6%-ით არის შემცირებული. კლება დაფიქსირდა სხვა მსხვილი კრიპტოაქტივების შემთხვევაშიც: Ethereum-ის ფასი 9%-ით დაეცა, BNB-ის – 6%-ით, XRP-ის – 10.8%-ით, Solana-ს – 6.5%-ით, ხოლო Dogecoin-ის – 12.6%-ით.
ანალიტიკოსების შეფასებით, ბაზარზე დამატებითი ზეწოლა შესაძლოა პარასკევს დაახლოებით 10 მილიარდი დოლარის ღირებულების ბიტკოინის ოპციონების ვადის გასვლამ მოახდინოს. ეს კონტრაქტები იწურება კრიპტოოპციონების უმსხვილეს პლატფორმაზე, Deribit-ზე, სადაც ინვესტორები ძველი პოზიციების დახურვასა და ახლების გახსნას გეგმავენ.
ბაზრის განწყობაზე გავლენა მოახდინა ცნობილი ინვესტორის, ფილიპ ლეფონტის კომენტარმაც. მილიარდერმა CNBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბიტკოინის მიმართ უფრო ფრთხილი გახდა და ინვესტიციისთვის უპირატესობას ისეთ მიმართულებებს ანიჭებს, როგორიცაა SpaceX-ის აქციები და ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული ბიზნესები.
ბიტკოინის ფასი რეკორდული, 126,000 დოლარზე მაღალი ნიშნულიდან დღემდე დაახლოებით 54%-ით არის შემცირებული. ამ პერიოდში კრიპტოვალუტების გლობალური ბაზრის საერთო კაპიტალიზაცია 4.28 ტრილიონი დოლარიდან 2 ტრილიონ დოლარამდე შემცირდა. ცნობისთვის, ბიტკოინის წილი მთლიან კრიპტობაზარზე დაახლოებით 58%-ს შეადგენს.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ბოლო თვეებში კაპიტალის ნაწილმა კრიპტოვალუტებიდან ხელოვნური ინტელექტის სექტორში გადაინაცვლა. მათი შეფასებით, AI-ინდუსტრიის მიმართ გაზრდილმა ინტერესმა ბიტკოინზე მოთხოვნა შეამცირა და კრიპტოვალუტისთვის რთული გარემო შექმნა.










