უკრაინამ ევროკავშირისგან 3.2 მილიარდი ევრო მიიღო

უკრაინამ ევროკავშირისგან 3.2 მილიარდი ევრო მიიღო

ფოტო: Simon Wohlfahrt/Bloomberg

 

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის, განცხადებით, უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სესხის ფარგლებში პირველი ტრანში, €3.2 მილიარდი, უკვე მიიღო. სესხი კიევს ბიუჯეტის დეფიციტის დაფარვასა და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებაში დაეხმარება.

ფონ დერ ლაიენის თქმით, უახლოეს დღეებში მოსალოდნელია მეორე ტრანშის გამოყოფაც, რომლის მოცულობა დაახლოებით 6 მილიარდი ევრო იქნება და უკრაინაში დრონების წარმოების მხარდაჭერას მოხმარდება.

„დღეს ამ სესხის ფარგლებში პირველ ტრანშს, 3.2 მილიარდი ევროს მაკროფინანსურ დახმარებას, გადავრიცხავთ. ეს არის სოლიდარობის რეალური გამოხატულება და აჩვენებს, რომ ევროპის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ გრძელვადიანია,“ – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის ქალაქ გდანსკში გამართულ უკრაინის აღდგენის თემაზე გამართულ კონფერენციაზე, რომელსაც უკრაინის პრემიერ-მინისტრი იულია სვირიდენკო ესწრებოდა.

90 მილიარდი ევროს მოცულობის დახმარების პაკეტი ევროკავშირის ლიდერებმა გასული წლის დეკემბერში დაამტკიცეს. თავდაპირველად ბრიუსელი რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენებას განიხილავდა, თუმცა საბოლოოდ წევრმა ქვეყნებმა საერთო ვალის გზით სესხის გამოყოფა გადაწყვიტეს.

პროგრამის განხორციელება რამდენიმე თვით შეფერხდა. თებერვალში უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა, უკრაინასთან დაკავშირებული დავის გამო, საბოლოო გადაწყვეტილებას ვეტო დაადო. ჩიხური მდგომარეობა მხოლოდ აპრილის ბოლოს დასრულდა.

ევროკავშირის გეგმის მიხედვით, მიმდინარე წლის ბოლომდე უკრაინა ეტაპობრივად მიიღებს დამატებით გადარიცხვებს. 2026 წლისთვის ბრიუსელს 45 მილიარდი ევრო აქვს გამოყოფილი, საიდანაც 16.7 მილიარდი ფინანსური მხარდაჭერისთვის, ხოლო 28.3 მილიარდი სამხედრო დახმარებისთვის არის განკუთვნილი.

დახმარების მიღება რეფორმების განხორციელებასა და კორუფციასთან ბრძოლის გაგრძელებაზე იქნება დამოკიდებული. ევროკავშირი აცხადებს, რომ ამ მიმართულებით უკუსვლის შემთხვევაში დაფინანსება შესაძლოა დროებით შეჩერდეს.

ამასთან, სამხედრო დახმარების მნიშვნელოვანი ნაწილი ევროპული წარმოების შეიარაღებისა და საბრძოლო მასალის შესყიდვაზე იქნება მიბმული. თუმცა დრონების წარმოებისთვის განკუთვნილი €6-მილიარდიანი ტრანში ამ მოთხოვნისგან გათავისუფლდება, რადგან უკრაინას გარკვეული კომპონენტების შეძენა ჩინეთიდან სჭირდება.

ევროკომისიის ინფორმაციით, დარჩენილი 45 მილიარდი ევრო 2027 წლისთვის არის გათვალისწინებული და უკრაინის ფინანსური საჭიროებების დაახლოებით ორ მესამედს დაფარავს. დარჩენილი ნაწილი დასავლელმა პარტნიორებმა უნდა უზრუნველყონ, თუმცა ამ ეტაპზე აშშ-ის მონაწილეობა აღნიშნულ ფინანსურ სქემაში მოსალოდნელი არ არის.

ევროკავშირი ასევე აცხადებს, რომ რუსეთის მიერ ომის რეპარაციების გადახდაზე უარის შემთხვევაში, იტოვებს უფლებას რუსეთის ცენტრალური ბანკის დაახლოებით 210 მილიარდი ევროს მოცულობის გაყინული აქტივები გამოიყენოს.