კრიპტოვალუტების გადაცვლის პლატფორმა Bitmex-ის აღმასრულებელი დირექტორის პროგნოზით, მომდევნო წლის ბოლოსათვის ბიტკოინს ლეგალურ ვალუტად კიდევ 5 ქვეყანა აღიარებს. ამ გადაწყვეტილებას კი, მისი მოსაზრებით, მეტწილად განვითარებადი ქვეყნები მიიღებენ.
ალექს ჰოპტნერმა საკუთარი თვალსაზრისის არგუმენტაციისათვის სამი ფაქტორი გამოყო. პირველი და უმთავრესი მიზეზი ფულადი გზავნილებია. მაგალითად, 2020 წელს ელ სალვადორის მთლიანი შიდა პროდუქტის 23%-ს ფულადი გზავნილები შეადგენდა. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ფულადი გზავნილების დაახლოებით 75% სწორედ განვითარებად ქვეყნებზე მოდის, 2020 წელს კი მთლიანობაში დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში ფულადმა გზავნილებმა 540 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
Bitmex-ის აღმასრულებელი დირექტორის მოსაზრებით, მეორე მთავარი მიზეზი ინფლაციაა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2021 წელს განვითარებულ ქვეყნებში ინფლაცია 2.4% იქნება, განვითარებად ქვეყნებში კი 5.4%. შესაბამისად, ადამიანები მუდმივად ეძებენ ტრადიციული ვალუტების ალტერნატივებს, რომლებზეც ინფლაცია ნაკლებად იმოქმედებს. მაგალითად, თურქეთში მიმდინარე წელს ინფლაციამ 15% შეადგინა, რაზეც კრიპტოვალუტების პოპულარობის გაზრდამაც მოახდინა გავლენა. ამის საპასუხოდ კი თურქეთმა კრიპტოვალუტების გამოყენება აკრძალა, თუმცა ინფლაცია 19.25%-მდე მაინც გაიზარდა.
მესამე მთავარი მიზეზი კი ალექს ჰოპტნერის მოსაზრებით პოლიტიკა და პოლიტიკოსების დამოკიდებულებებია. თანამედროვე პოლიტიკოსებს სულ უფრო მეტად ამოძრავებთ მიზანი, გამოჩნდნენ უფრო თანამედროვე და პროგრესულები, რაც, შესაძლოა, მნიშვნელოვანი ბიძგი აღმოჩნდეს აღნიშნული გადაწყვეტილების მისაღებად.