ავთანდილი ავეჯის დიზაინმა გაიტაცა - ცქვიტინიძე ახალი კომერციული პროექტის წამოწყებას არ გამორიცხავს

ავთანდილი ავეჯის დიზაინმა გაიტაცა - ცქვიტინიძე ახალი კომერციული პროექტის წამოწყებას არ გამორიცხავს

ქართველი დიზაინერი, ავთანდილ ცქვიტინიძე ავეჯის დიზაინით დაინტერესდა. თავისი ახალი გატაცების შესახებ სამოდელო სახლ „ავთანდილის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა Forbes Georgia-სთან ისაუბრა.

მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლის განცხადებით, ის ჯერჯერობით ძიებაშია და სამომავლო გეგმებზე დაზუსტებით ვერაფერს იტყვის, თუმცა არ გამორიცხავს, რომ მისმა გატაცებამ მომავალში კომერციული ხასიათი შეიძინოს.

„ჯერ ძიებაში ვარ, მაგრამ ძალიან მომწონს ეს პროცესი, იმიტომ რომ სხვა მასალასთან გაქვს შეხება, რომელიც რადიკალურად განსხვავდება ქსოვილის ფაქტურისგან. ვნახოთ, გადაიზრდება თუ არა ეს ჰობი კომერციულ საქმიანობაში. ყოველ შემთხვევაში, არც ტანსაცმლის დიზაინერობა დამიწყია, როგორც კომერციული პროექტი. ასე მოიტანა საქმის მიმართ ჩემმა გულწრფელმა მიდგომამ. როცა ამ მიმართულებით დავიწყე მუშაობა, არ იყო შუქი, იყო ომი და თითქოს ტანსაცმელზე არავინ ფიქრობდა. თუმცა, თურმე ამ შავ-ბნელ პერიოდში ხალხს მონატრებული ჰქონდა გაფერადება. სწორი თანხვდენა მოხდა, ბრენდიც ამიტომ არსებობს უკვე 25 წელია და წარმატებით ვითარდება“, – განაცხადა დიზაინერმა.

შეგახსენებთ, პანდემიის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე ავთანდილ ცქვიტინიძემ თბილისში, კერძოდ კი დიდ დიღომში 3-სართულიანი სამკერვალო ფაბრიკა გახსნა. როგორც დიზაინერი აღნიშნავს, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მუშაობა შედარებით შენელებულ ტემპში გაგრძელდა. ცქვიტინიძის თქმით, ამჟამად ფაბრიკაში ზამთრის კოლექცია იქმნება, რომელიც ლოკალურ ბაზარზეა წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით „ავთანდილის“ ექვსი მაღაზიაა. ამის გარდა, კომპანიის პროდუქცია მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში იყიდება.

ქართველი დიზაინერის გაცხადებით, კორონავირუსის პანდემიამ საზღვარგარეთიდან მოთხოვნის გარკვეულწილად შემცირება გამოიწვია, თუმცა, ქვეყნის ფარგლებს გარეთ პროდუქციის გატანა სრულად არც ერთი მიმართულებით არ შეწყვეტილა. ცქვიტინიძის თქმით, „ავთანდილმა“ მილანის შოურუმიდან, რომელიც პროდუქციას მთელი მსოფლიოს მასშტაბით ანაწილებს, გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაზე შეკვეთები უკვე მიიღო და ამ ეტაპზე კომპანია სწორედ აღნიშნული შეკვეთების შესრულებას გეგმავს.

ავთანდილ ცქვიტინიძე პანდემიის დროს თანადგომისთვის ქართველ ხალხს განსაკუთრებულ მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ ამ რთულ პერიოდში მათ მხარდაჭერას ყოველთვის გრძნობდა და გრძნობს.

„პანდემიის დაწყების შემდეგ დავრჩით მხოლოდ ქართველი მომხმარებლების იმედზე და კომპანია ერთი დღე არ გაჩერებულა, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ. ასევე, ბედნიერი ვარ, რომ ახალი და ახალი თაობა იცვამს და ატარებს „ავთანდილს“, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს განვითარებაში მეხმარება“, – განაცხადა დიზაინერმა.

ავთანდილ ცქვიტინიძემ მოდის ინდუსტრიაში მოღვაწეობა 1990-იანი წლებიდან დაიწყო. მან პირველი ჩვენება 1995 წელს, თბილისში გამართულ მოდის ფესტივალ „ამაზე“ მოაწყო. ცქვიტინიძემ 2000 წელს სამოდელო სახლი „ავთანდილი“ დააფუძნა. დიზაინერს მონაწილეობა მიღებული აქვს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, მათ შორის რუსეთში, უკრაინაში, საბერძნეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში სხვადასხვა წელს ჩატარებულ მოდის კვირეულებში, ასევე, აშშ-ის ქალაქ ნიუ-იორკსა და საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გამართულ გამოფენებში.

 

ფოტო: MBFW Tbilisi

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.