ბიზნესავიაცია 2050 წლისათვის ნახშირორჟანგის  ნულოვანი ემისიის ვალდებულებას იღებს

ბიზნესავიაცია 2050 წლისათვის ნახშირორჟანგის  ნულოვანი ემისიის ვალდებულებას იღებს

ბიზნესავიაცია შეუერთდა  ავიაკომპანიებსა და აეროპორტებს კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლაში. ნაციონალურმა ბიზნესავიაციის ასოციაციამ (NBAA) და სხვა ინდუსტრიულმა ჯგუფებმა სამშაბათს განაცხადეს, რომ ისინი 2050 წლისათვის ნახშირორჟანგის ემისიის ნულოვან ნიშნულს მიაღწევენ. მანამდე საავიაციო ინდუსტრია იმედოვნებდა, რომ ისინი 2050 წლისათვის 2005 წლის გამონაბოლქვის დონის განახევრებას შეძლებდნენ.

აღსანიშნავია, რომ საავიაციო სექტორზე ნახშირორჟანგის გლობალური ემისიის დაახლოებით 3% მოდის. კერძო მოგზაურობების ზრდა ბიზნესავიაციის  ინდუსტრიას საქმეს კიდევ უფრო ურთულებს.

საავიაციო ბროკერებმა და სხვა ინდუსტრიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მყიდველები უფრო ეფექტიან მოდელებს ეძებენ, თუმცა,  კორპორაციული თვითმფრინავების შესყიდვას გარემოს გამო არ აჩერებენ.

საინტერესოა, რომ ბიზნესავიაცია კომერციულ ავიაციასთან შედარებით თითო მგზავრზე უფრო მეტ გამონაბოლქვს გამოყოფს. „მსოფლიო მდგრადობას მოითხოვს“, – განაცხადა NBAA-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ედ ბოლენმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ერთი კვირის წინ, ყოველწლიურ გენერალურ შეხვედრაზე ბოსტონში, გლობალური ავიაკომპანიების წარმომადგენელმა ჯგუფებმა იგივე მიზანი დაისახეს.

მწარმოებლები ცდილობენ, უფრო მეტი გადამუშავებული მასალა გამოიყენონ თვითმფრინავების წარმოებისას, ეძებენ გზებს, რათა უფრო ნაკლები საწვავი მოიხმარონ და ამასთან, მუშაობენ ახალი თაობის ელექტროთვითმფრინავების შექმნაზე.

ავიაკომპანიების მსგავსად, კორპორაციული თვითმფრინავების წარმომადგენლებიც თანხმდებიან, რომ გამონაბოლქვის შემცირების უსწრაფესი გზა მდგრადი საავიაციო საწვავის გამოყენებაა (SAF), რომელიც მაღალი ხარჯების გამო ჯერჯერობით ფართოდ ხელმისაწვდომი არ არის.

აშშ–ის ენერგეტიკის დეპარტამენტის ვებგვერდზე ნათქვამია, რომ მდგრადი საავიაციო საწვავი „დამზადებულია განახლებადი ბიომასისა და ნარჩენებისგან და აქვს პოტენციალი, შეასრულოს ნავთობზე დაფუძნებული თვითმფრინავის საწვავის ფუნქცია“.

„SAF სწრაფად მოახდენს ინდუსტრიის დეკარბონიზაციას, – განაცხადა ერიკ ტრაპიემ, Dassault Aviation SA– ის აღმასრულებელმა დირექტორმა. – ჩვენი კლიენტები მზად არიან,  ცოტა მეტი გადაიხადონ  საწვავისთვის“, –  აღნიშნა მან.

Honeywell International-ის მიერ ბიზნესავიაციის შესახებ ბოლოდროინდელი პროგნოზის თანახმად, 2021 წლის გამოკითხულთა 83%-მა თქვა, რომ ისინი ამჟამად არ იყენებენ მეთოდებს „ეკოლოგიურად სუფთა“ ფრენის ოპერაციებისთვის.

 

ფოტო: REUTERS/David Becker

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *