ეკონომისტ-მათემატიკოსი. ოპერაციათა მართვის მაგისტრი.

ესსე ფეხბურთზე და პოლიტიკაზე

ესსე ფეხბურთზე და პოლიტიკაზე

შესავალი

ქართველები მუდმივი ცვლილებების ეპოქაში ვცხოვრობთ. მხოლოდ ბოლო საუკუნეები რად ღირს: ერთის მხრივ გლობალიზაცია და მეცნიერულ-ტექნოლოგიური პროგრესი, მეორეს მხრივ კი ქვეყნის ფორმაციები – ჯერ ფეოდალური ხანიდან იმპერიის სოვერენად, ხოლო ამ იმპერიის, ჯერ კიდევ დაუსრულებელი, ნგრევის გამოისობით, თავზე დაცემული თავისუფლების ძალით გადადგმული აცა-ბაცა ნაბიჯებით განვითარებული დემოკრატიისკენ. საქართველოს საშუალო სტატისტიკურ მოსახლეს რომ ჰკითხოთ, სრულად ვერც კი ჩამოთვლის იმ ფუნდამენტალურ ღირებულებებს, რომლებიც იმ ცხოვრების წესის და დონის აუცილებელი, განმსაზღვრელი ფაქტორებია, რომლისკენაც ასე გაუთვითცნობიერებლად მიისწრაფის.

აქ, ანუ მიზანთან, აბსოლუტური უმრავლესობით კონსენსუსია – გვინდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, ისეთი მატერიალური და არამატერიალური სიკეთეებით სარგებლობა, როგორის მაგალითებიც უხვად არის დასავლეთ ევროპაში. აქედანაც გამომდინარეობს ცნება “დასავლური ღირებულებები“. ხოლო ჩვენს საშუალო სტატისტიკურს რომ დავუბრუნდეთ – მარტივად, როგორც ჩვენში იტყვიან, გლეხურ ენაზე, მას უნდა, რომ იყოს ბედნიერი. ამ, ძალიან ინდივიდუალური, მიზნის მისაღწევად კი ასევე აბსოლუტურ უმრავლესობაში უკვე ჩამოყალიბდა კონსენსუსი, რომ შესაბამისი ქვეყნის მმართველობაა საჭირო. ანუ, იმაზე, თუ როგორ იქნება პოლიტიკური ასპარეზის ველი მოქმედი აქტიური მოთამაშეებით, გარკვეულ წილად, დამოკიდებულია ცალკე აღებული ადამიანის კეთილდღეობა მთლიანობაში. შეგვიძლია ეს კითხვა, უკეთესი აღქმისათვის, ასეც ჩამოვაყალიბოთ: როგორია პოლიტიკური ასპარეზის ის კონფიგურაცია, რომელიც ოპტიმალურია მოცემული ქვეყნის (ჩვენს შემთხვევაში, საქართველოს) მოქალაქეების ცხოვრების უკეთესი ხარისხისთვის, მათი ბედნიერებისათვის?

ამასთან, შესაძლებელია, რომ ასეთი ოპტიმალური ველის კონფიგურაცია მეტ-ნაკლებად უნივერსალური იყოს თუ ყველა ერი ინდივიდუალურად განსაზღვრავს თუ როგორი უნდა იყოს მისთვის ოპტიმალური პოლიტიკური ასპარეზი? ამ მნიშვნელოვან და აქტუალურ კითხვებზე პასუხისათვის, მოდით, უმრავლესობისთვის ცნობილი სფეროს განხილვით დავიწყოთ – ვინძლო, თბილისის ქუჩებში ყოველი მეორე შემხვედრი, კითხვაზე – როდის იყო უკანასკნელად აბსოლუტურად მთელი ერი ბედნიერი, გიპასუხებთ (ან და ჩამონათვალის ათეულიდან აირჩევს) 1981 წლის 13 მაისს, როდესაც თბილისის დინამომ ევროპის თასების თასი მოიპოვა.

ახლა ცოტა ხნით შევეშვათ 4 მილიონიან ქართველებს და უფრო გლობალურად შევხედოთ საკითხს. ბრაზილიის ან არგენტინის მოსახლეობისათვის, მათთვის მშობლიურ ენაზე თუ რაიმე გაქვთ სათქმელი, სჯობს ფეხბურთის ენაც მოიშველიოთ. არ ვიცი, როგორ არის ჩინელებისთვის და ინდოელებისთვის, მაგრამ დედამიწის ცივილიზაციისათვის ერთ უნივერსალურ კანონზომიერებაზე საუბარს, როგორც შევთანხმდით, სწორადაც ფეხბურთზე მაგალითით დავიწყებ.

წარმოიდგინეთ, რომ ერთ დიდ ქალაქში ცხოვრობთ, სადაც ხუთი სახელოვანი, თითქმის ერთნაირად პოპულარული და ძლიერი ფეხბურთის გუნდია. თანაბარ პირობებში, ალბათ, უნდა ვიგულისხმოთ, რომ გულშემატკივარიც თანაბრად ჰყავთ. თითქოს არ უნდა იყოს რთული, რომ რამდენიმე მილიონიან ქალაქს ასეთი ხუთი გუნდი ყავდეს, არა? მაგრამ რეალობაში ასეთი ქალაქები არ არსებობენ. და აი, რატომ: ხუთიდან ხომ მხოლოდ ერთს შეუძლია გახდეს ქვეყნის ჩემპიონი? ეს კი ნიშნავს, რომ იგი თავისი ქალაქის მხოლოდ 20%-ს გააბედნიერებს. არა, სხვა ოთხი გუნდის გულშემატკივარიც გახარებული იქნება, მაგრამ ეს ის ბედნიერება არაა, დამეთანხმებით. არა და ქვეყნის ჩემპიონობა მარტივი საქმე არაა, მას გულითადი გულშემატკივრობაც ჭირდება. ამიტომაც, რომც დავუშვათ, ასეთი 5 კლუბის არსებობა ერთ ქალაქში, მათი ჯამური გულშემატკივარი დროთა განმავლობაში გადანაწილდება სულ უფრო მცირე რაოდენობის კლუბზე. არა, ცოტა გულშემატკივრით დარჩენილმა კლუბმაც შეიძლება, რომ არსებობა გააგრძელოს, მაგრამ ჩვენ ხომ დიად კლუბებზე გვაქვს საუბარი?! მაშ ასე: შევთანხმდეთ, რომ მცირე რაოდენობის საფეხბურთო კლუბები ჯამურად მეტ ბედნიერებას სძენს ქალაქის მოსახლეობას. ანუ, ბედნიერი მოსახლეობის ჯამური რაოდენობა მაქსიმალურია.

უტრირებისთვის, ჩავთვალოთ, რომ გამარჯვებული გუნდის გულშემატკივარი აბსოლუტურად ბედნიერია, ანუ კმაყოფილია გამარჯვებული გუნდით, ხოლო სხვა გუნდების გულშემატკივარი – უკმაყოფილო. ასეთი უტრირება საშუალებას იძლევა ბედნიერების ხარისხი დავიყვანოთ ორ შესაძლო მნიშვნელობაზე და უგულვებელვყოთ სხვა და სხვა გულშემატკივარის გუნდით კმაყოფილების ხარისხი. ასეთი უტრირება არ ცვლის დაშვებას, როცა გამარჯვებული გუნდით ყველაზე ნაკლებად კმაყოფილი გულშემატკივარი, ხარისხობრივად მაინც უფრო ბედნიერია, ვიდრე დამარცხებული გუნდის ყველაზე კმაყოფილი გულშემატკივარი. ხოლო (მოსახლეობის) ჯამური ბედნიერების განმარტება დაიყვანება ბედნიერთა (ანუ, გამარჯვებული გუნდის გულშემატკივართა) რაოდენობაზე.

მაგრამ რა არის ის უმცირესი რიცხვი, რომელიც მაქსიმალურ ბედნიერებას შესძენს ამ ჩვენი ქალაქის მაცხოვრებელს? ნუ იჩქარებთ უმცირესი ნატურალური რიცხვის, ერთის, დასახელებას: ერთი კლუბი და გამარჯვების შემთხვევაში 100% ბედნიერი გულშემატკივარი. სანამ ასეთ სწრაფ გადაწყვეტილებას მიიღებდეთ, ამაზეც დაფიქრდით: გულშემატკივარისთვის რა არის ფეხბურთი, თუ არა განუწყვეტელი შეჯიბრის, კონკურენციის ჟინის გამოვლენა, გაუთავებელი სჯა-ბაასი საყვარელი კლუბის მოთამაშეების აღმატებულობისა… ვისზე? იქვე, სახლის ეზოში, კარის მეზობლებთან, უბნის ბარში გამართულ სჯა-ბაასში? ამისთვის კი მეორე ტოლი კლუბის გუნდია საჭირო! მოკლედ, როგორც ყველგან და ყველაფერში, აქაც იგივე კანონები მოქმედებს – არ არსებობს, სამოთხის გარდა არსად, ბედნიერი მოსახლეობის 100%… სე ლა ვი… თუმცა, ჩვენს მათემატიკას თუ დავუბრუნდებით და ცოტათი დავფიქრდებით, შეიძლება შევჯერდეთ, რომ 50% და მეტი – ეს უკვე კარგია ამ ქალაქის მაცხოვრებლების ჯამური ბედნიერებისათვის და შესაბამისად ქალაქის, როგორც ცივილიზაციის კლასტერის განვითარებისათვის. აქვე ეს მცირედი, მაგრამ ხსენებული განვითარებისათვის მნიშვნელოვანი, ნიუანსიც ავხსნათ – „50% და მეტში“ საიდან მოვიტანეთ ზუსტი მეცნიერების მოტრფიალეებმა ეს „მეტი“. საქმე იმაში გახლავთ, რომ რაც არ უნდა ფეხბურთს გადამკვდარი გულშემატკივარი ჰყავდეს ქალაქს, ყოველთვის გამოიძებნება რაღაც პლასტი, რომლისთვისაც ამ სპორტს არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, მაგრამ თავისი ქალაქის ნებისმიერი გუნდის ნებისმიერ სფეროში გამარჯვება ასევე გარკვეული ბედნიერების ნაპერწკალს აძლევს. აქვე ნუ დავივიწყებთ პატარა კლუბებს, ქვედა დივიზიონებს – მათაც ხომ თავიანთი თავგადაკლული ქომაგები ყავთ, რომელთათვისაც ქალაქის ორი გრანდიდან ნებისმიერის გამარჯვება ასევე გამარჯვებაა!

მაშ ასე, ბედნიერი გულშემატკივრების ქალაქის ოპტიმალური მათემატიკური მოდელი შემდეგია: 2 გრანდი უმაღლეს ლიგაში და რამდენიმე მადევარი თავისი ერთგული ქომაგით.

ცოტაოდენი არითმეტიკა პოლიტიკური დისკუსიების მოყვარულთათვის

ფეხბურთიდან, ყველასათვის მოთელილ, რიგით მეორე (ან, იქნებ პირველი) სფეროსკენ გადავინაცვლოთ. ხომ გსმენიათ, რომ ყველა ერკვევა ფეხბურთში და პოლიტიკაშიო… საუბარს კი იგივე კითხვით დავიწყებ: შეიძლება, რომ არსებობდეს პოლიტიკური ასპარეზის ოპტიმალური მოდელი, ერთგვარი იდეალი, რომელიც ნებისმიერი (ან თითქმის ნებისმიერი) ქვეყნის მოსახლეობის მაქსიმალურად შესაძლო ჯამურ ბედნიერებას უზრუნველყოფს? აქ იკითხავთ: ნუთუ ყველა ქვეყანას, კონკრეტულ მომენტში, ბუნებრივად არა აქვს ის პოლიტიკური სისტემა, რომელსაც მისი განვითარების მოცემული ეტაპი განსაზღვრავს? ამ კითხვაზე პასუხი არის ჩვენი საბოლოო მიზანი: თუ შემოვატრიალებთ კითხვას და ნებისმიერი ერთი კონკრეტული ქვეყნისთვის მიზნად დავსახავთ მისი მოქალაქეების მაქსიმალურ ჯამურ ბედნიერებას, ხომ არ არის მიზანშეწონილი, რომ ასეთი მიზნის მისაღწევად, ღირდეს ერთ-ერთ კონკრეტულ ორიენტირად ოპტიმალური პოლიტიკური სისტემის ფორმირება? და თუნდაც დავუშვათ, რომ ასეთი ოპტიმუმის მიღწევა კონკრეტული საზოგადოებისთვის, არა როგორც ცივილიზაციის სხვა და სხვა მონაპოვარის კოპირება იყოს (მსგავსად ბორბლისა თუ შიდაწვის ძრავისა) არამედ რაღაც ბუნებრივად დამდგარი შედეგი საკუთარი ევოლუციის გზაზე, ინტერესს ხომ მაინც უნდა იწვევდეს ისეთი შკალის არსებობა, რომელიც ამ გზაზე მყოფ სხვადასხვა საზოგადოებას გამოადგებოდა ორიენტირად – დაინახონ და შეაფასონ თუ სად იმყოფებიან ცივილიზაციის ერთიანი ოჯახის სხვა წევრებთან მიმართებით?

პასუხისათვის, განვიხილოთ იგივე მათემატიკური მოდელი: ორი გრანდი და რამდენიმე მადევარი პოლიტიკური ასპარეზის ველზე. შეიძლება, რომ ასეთი კონფიგურაცია იყოს ოპტიმალური ნებისმიერი ქვეყნისათვის ის საუკეთესო ინსტრუმენტი, რომელიც მისი მოქალაქეების მაქსიმალური ჯამური ბედნიერებისთვის იქნება მომართული? გამომდინარე ამ აბსტრაქტული და რთულად ასაწონი სუბსტანციისათვის, აქ საჭირო ხდება, რომ რაიმე ობიექტური, გაზომვადი კრიტერიუმები შემოვიტანოთ, რომელთა მიხედვით ავწონ-დავწონიდით და შევაფასებდით კონკრეტული პოლიტიკური ავანსცენის კონფიგურაციის რელევანტურობას ხალხის ბედნიერებასთან. უკვე წლებია, რაც სანდო და პროფესიონალი ჯგუფი (GALLUP, University Of Oxford, The University Of British Columbia, Center For Sustainable Development Of Columbia University და სხვები) შეისწავლის ერთა ბედნიერებას და აქვეყნებს ყოველწლიურ ბიულეტენს შესაბამისი რანჟირებით [1].

ქვედა ცხრილში მოცემულია ქვეყნების  ბედნიერების ინდექსის მიხედვით რანჟირებული ქვეყნების პირველი და უკანასკნელი თხუთმეტეულები, რომელთა რანჟირება ხდება  შემდეგი კრიტერიუმებით:

  1. მთლიანი შიდა პროდუქტი პერ კაპიტა
  2. სოციალური მხარდაჭერა
  3. ჯანმრთელი სიცოცხლის ხანგრძლივობა
  4. არჩევანის თავისუფლება
  5. სულგრძელობა (დიდსულოვნება) (Generosity)
  6. კორუფციის აღქმა

საუკეთესო თხუთმეტიდან ცხრა ქვეყნის პოლიტიკური ველი აბსოლუტურად შეესაბამება ჩვენს ჰიპოთეტურ იდეალს, ხოლო დანარჩენი ექვსი არჩევნების დასრულებისთანავე იღებენ შემდეგ კონფიგურაციას – მმართველი კოალიცია (როგორც გამარჯვებული გრანდი გაძლიერებული

ერთი ან რამდენიმე მადევრით) და გაერთიანებული ოპოზიცია (როგორც ამ ჯერზე დამარცხებული გრანდი ასევე შესაძლო გაერთიანებით კოალიციას გარეთ დარჩენილი მადევრ(ებ)ით). როგორც აღმოვაჩენთ, აქაც იგივე მოდელის ჰიბრიდული ფორმა დომინირებს – „გრანდები + მადევრებისა“. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი ფორმა, ერთის მხრივ შეიძლება ჩაითვალოს უფრო დემოკრატიულად (ანუ, მოსახლეობის ფართო მასების ბედნიერების ხარისხის გასაუმჯობესებელ უკეთეს ინსტრუმენტად) თუმცა პრაქტიკაში ხშირად განიცდის მმართველობის კრიზისს, როდესაც კოალიცია იშლება და გულშემატკივარს, დროებით მაინც, ნაკლებად ბედნიერად აგრძნობინებს ხოლმე თავს. თუმცა, ეს უკანასკნელი მოსაზრება მხოლოდ ზედაპირული დაკვირვებაა და შემდგომ შესწავლას საჭიროებს.

რაც შეეხება იგივე რანჟირების ბოლო თხუთმეტ პოზიციას, იგი ასევე ადასტურებს მოყვანილ კანონზომიერებას, ოღონდ ერთი „გრანდის“ ნაწილში. შეგახსენებთ, რომ საფეხბურთო მოდელში ერთი კლუბი ვერ იძლევა გულშემატკივართა ბედნიერების მნიშვნელოვან ხარისხს. ხოლო, განსხვავებით ფეხბურთისგან, პოლიტიკაში, ერთპარტიული მმართველობა მხოლოდ ავტორიტარიზმზე, დიქტატურაზე მიგვანიშნებს. შესაბამისად მიიღება ლოგიკური შედეგიც – ყველაზე უბედური ერების ჩამონათვალი მსოფლიოში  (იხ. ცხრილი)

          

          

          

მიუხედავად აშკარა შედეგისა, შეგვიძლია შევადგინოთ სხვა, ჰიპოთეტურად მეტად ობიექტური კრიტერიუმების ჩამონათვალი და შესაბამისად რანჟირებული ქვეყნების ჩამონათვალი შევისწავლოთ. მაგალითისათვის, ავიღებდი შემდეგ, ჩემივე მოსაზრებით უფრო ობიექტური კრიტერიუმების ნაკრებს, თანაბარი წონის მინიჭებით:

  1. მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ მოსახლეზე
  2. ქვეყნის დაგროვილ სიმდიდრეს ერთ მოსახლეზე
  3. საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობას
  4. ბოლო წლებში ტურიზმის მიზნით მოგზაურთა წილს ათას მოსახლეზე

 (იხ. ცხრილი)

          

          

          

ზემოთ მოყვანილ, თუ სხვა, თქვენს მიერვე მოფიქრებული ცდებით და დაკვირვებით შეიძლება დავასკვნათ, რომ რაც მეტ რელევანტურ კრიტერიუმს შემოვიტანთ და გავამრავალფეროვნებთ ბედნიერების მიმართ მოთხოვნების ჩამონათვალს, მით მეტ კორელაციას აღმოვაჩენთ მოყვანილ თეზისთან.

დასკვნის სანაცვლოდ ჰიპოთეზა უარყოფისათვის

ამრიგად, თქვენს წინაშე, სამსჯავროზე, ძევს პოსტულატი, რომელიც, ერთის მხრივ, ბუნებრივ კანონზომიერებას აღწერს, ხოლო მეორეს მხრივ შეიძლება გამოდგეს ა) ორიენტირად და ბ) საზომ შკალად – პოლიტიკოსთა კლასისთვის, მისი განვითარების გზაზე:

დასავლური ცივილიზაციის მოცემულ ეტაპზე, ცალკე აღებული სახელმწიფოს მოქალაქეების ცხოვრების უკეთესი ხარისხისთვის, მათი ბედნიერებისათვის, პოლიტიკური ასპარეზი უნდა აკმაყოფილებდეს დემოკრატიული მართვის და მმართველი პოლიტიკური ძალების არჩევნებით მონაცვლეობის პირობებს; ამასთან, უმჯობესია (ოპტიმალურია), რომ პოლიტიკურ ველზე ასპარეზობდეს ერთზე მეტი მნიშვნელოვანი რაოდენობის (ელექტორატის 15% და მეტი) მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური პარტია, ხოლო მათგან ორი, მხარდამჭერების რიცხვით უმსხვილესი, უნდა ფლობდეს ელექტორატის მხარდაჭერას 55%±20%-ის ფარგლებში.

როგორც შეამჩნევდით, ჰიპოთეზა რამდენიმე დაშვებას (აუცილებელ და განმაპირობელ ფაქტორს) შეიცავს. მაგრამ ცალკე უნდა აღინიშნოს პოლიტიკური პარტიის ცნება. კერძოდ, დემოკრატიისკენ ტრანზიციულ პერიოდში ეგზომ ხშირი მიმიკრია ე.წ. სახელისუფლებო პარტიისა, რომელსაც არ გააჩნია რაიმე მყარი ღირებულებების სისტემა და ეფუძნება მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების შენარჩუნების პრინციპს. ასეთი მოთამაშე, ცხადია, რომ ძალაუფლების დაკარგვის მომენტიდან მოკლე პერიოდში წყვეტს არსებობას. ზემომოყვანილი თეზა გულისხმობს პოლიტიკურ მოთამაშეებს, რომლებიც მონაწილეობენ ასპარეზის სრულ ციკლში – მიუხედავად იმისა, ხელისუფლებაში არიან თუ ოპოზიციაში.

აქვე აღვნიშნოთ, რომ მიუხედავად უნივერსალური ფორმულისა, ისეთი სუბსტანცია, როგორიც ბედნიერებაა, კონკრეტულ მოცემულ დროსა და სივრცეში, ცალკეული ადამიანის აღქმაზე დადის და ყველამ მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, რომ უკეთესი მომავალისათვის (რომელიც დიდი ალბათობით, მხოლოდ შემდგომი თაობების აწმყო იქნება) გადადგმული ნაბიჯები ასევე საყოველთაო კონსენსუსისათვის ნებაყოფლობით დათმობილ პირადი ბედნიერების (მატერიალური თუ სულიერი კომფორტის) წილზე გადის.

და ბოლო პასაჟი ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებისათვის: ჩემი მოკრძალებული აზრით, არ ღირს 40 წლის წინ მიღწეულით თვითკმაყოფილება – ეს მხოლოდ ხაზს უსვამს ფაქტს, რომ ბედნიერების განცდა ასე შორს არის დღეს ჩვენგან. საჭიროა ცვლილებების ისეთი მართვა, რომელიც ამ განცდას აწმყოში დააბრუნებს… ან, უარეს შემთხვევაში, ასეთივე განცდას მომავალ თაობებს მიანიჭებს შორიახლო მომავალში.

——————————————————————————————————————————————————————————–

[1] https://worldhappiness.report/ed/2020/

[2] მხოლოდ ერთი დომინანტი მმართველი პარტიით

[3] კონსტიტუციური მონარქია, მეფის იმპერატიული უფლებით დაშალოს პარლამენტი

[4] მუგაბეს რეჟიმის დამხობიდან 8 თვეში ჩატარებული პირველი არჩევნები. წყარო: 

https://www.bbc.com/news/world-africa-45017383

[5] პრეზიდენტი წარმოდგენილია ე.წ. „დამოუკიდებელი“ წევრების უმრავლესობით პარლამენტში

[6] არასდროს! წყარო: https://www.aljazeera.com/video/africa/2013/07/20137287019670555.html

 

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა