"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

(ავღანეთში) ომი დასრულდა! (თალიბანის) მშვიდობის გეშინოდეთ!

პეტრიაშვილი

ამ წუთებშიც კი, როდესაც თქვენ ამ ბლოგს კითხულობთ, ავღანეთის ცნობილ ფანჯშირის ხეობაში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს თალიბანის მრავალრიცხოვან შეიარაღებულ ფორმირებასა და ხეობაში გამაგრებულ ეროვნული წინააღმდეგობის ძალებს შორის, რომელთაც  ლეგენდარული აჰმად შაჰ მასუდის ვაჟი აჰმად მასუდი ხელმძღვანელობს. მასთან ერთად არის ავღანეთის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ამრულა სალეჰიც. წინააღმდეგობის ძირითად ბირთვს შეადგენენ ხეობაში მცხოვრები ეთნიკურად ტაჯიკი მებრძოლები და ავღანეთის არმიის მცირედი ნაწილი, რომელმაც სწორედ ფანჯშირის ხეობაში მოიყარა თავი თალიბების ელვისებური გამარჯვების შემდეგ.

რა მოხდება ხეობაში, რომელიც წარმოადგენდა წინააღმდეგობის ბურჯს როგორც საბჭოთა ოკუპაციის, ისე თალიბანის პირველი მმართველობის დროს, არავინ იცის. გამომდინარე იქიდან, რომ კბილებამდე შეიარაღებულ თალიბანის მრავალათასიან ძალებს ხეობის მცველები მედგარ წინააღმდეგობას უწევენ და პერიოდულად სერიოზულ პოზიციურ წარმატებასაც აღწევენ, ჯერჯერობით იარაღისა და ტყვია-წამლის მარაგის პრობლემა არ უნდა იყოს. თუმცა როდემდე გასტანს ეს წინააღმდეგობა, როდემდე გაუძლებს ფიზიკურად ხეობის მოსახლეობა ამ ალყას, ძალიან რთული სათქმელია. შესაძლოა, მე სუბიექტური ვარ და ვგულშემატკივრობ კიდეც ახალგაზრდა მასუდს და მამაც ფანჯშირელ მებრძოლებს, მაგრამ, სამწუხაროდ, მათი ტყვია-წამლის და მით უმეტეს ადამიანური რესურსი ამოუწურავი არ არის. მოვლენების შემდგომი განვითარება მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული ორ ფაქტორზე: თუ წინააღმდეგობის ძალებმა შეძლეს გარე სამყაროსთან შემაკავშირებელი გზის გათავისუფლება, შესაძლოა მათ ტაჯიკი და უზბეკი მებრძოლები შეუერთდნენ და შეიარაღების მარაგებიც შეივსონ. თუმცა, ჩემი აზრით, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რა პოზიციას დაიკავებს მათ მიმართ დასავლეთი, რომელიც ჯერჯერობით საერთოდ არ არის ჩამოყალიბებული არათუ ფანჯშირის ხეობაში მიმდინარე ბრძოლებთან მიმართებით, არამედ ზოგადად, თუ როგორი ფორმით განაგრძობს ურთიერთობას ავღანეთთან ახალი რეალიების გათვალისწინებით.

ყოველი შემთხვევისთვის შეგახსენებთ, რომ თალიბანი ჯერ კიდევ საერთაშორისოდ აკრძალულ ტერორისტულ ორგანიზაციას წარმოადგენს. ასე რომ, მათთან ურთიერთობების დაწყებას მთელი რიგი პოლიტიკური გადაწყვეტილებები სჭირდება. პირველ რიგში მსოფლიოს მოუწევს თალიბანისთვის სწორედ ტერორისტული ორგანიზაციის სტატუსის მოხსნა/არმოხსნაზე ფიქრი. გასაგებია, რომ ახალი რეალობაა და ავღანეთის ხელისუფლებაში სწორედ თალიბანია, რომელიც სადაცაა გამოაცხადებს კიდეც ახალი მთავრობის შემადგენლობას, მაგრამ თავად თალიბანი არ არის ახალი და, მე თუ მკითხავთ, არც სახეცვლილი, როგორც არ უნდა ამტკიცებდნენ ამას მისი ლიდერები.

თალიბანმა უკვე  საკმარისად გადადგა ნაბიჯები იმისათვის, რომ მსოფლიომ არ დაიჯეროს მათი ფიცი-მტკიცი იმის შესახებ, რომ თალიბანი შეიცვალა და ის აღარ არის ისეთი, როგორიც იყო ორი ათწლეულის წინ. უკვე შეიცვალა სწავლის წესები ბიჭებისთვის და გოგოებისთვის; კვლავ დაწესდა სავალდებულო შეზღუდვები ქალებისთვის და ღიად გაცხადდა, რომ შარიათის კანონი იქნება უზენაესი, რომლის მიხედვითაც მოხდება გადაწყვეტილებების მიღება. უშიშარმა ავღანელმა ქალებმა პირველი შეზღუდვები, რა თქმა უნდა, გააპროტესტეს, რასაც მოჰყვა დემონსტრაციის დარბევა ცეცხლსასროლი იარაღისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით. პროტესტი მომავალშიც გაგრძელდება, რასაც, ცხადია, თალიბანის მხრიდან კიდევ უფრო მკაცრი რეაგირება მოჰყვება. ასე რომ, ძალიანაც რომ უნდოდეს, დასავლეთი ვერ შეძლებს თვალის დახუჭვას იმ პრობლემებზე, რაც ყოველდღიურად იჩენს თავს ავღანეთში ადამიანის უფლებების დაცვის  კუთხით. მეორე მხრივ, თავად თალიბანიც სერიოზული დილემის წინაშე დგას: მას ესაჭიროება საერთაშორისო აღიარება და კიდევ უფრო მეტად საერთაშორისო ფინანსური დახმარების მიღება. თალიბანის ლიდერებს აშკარად აქვთ იმედი, რომ პირველ რიგში ჩინეთი და შემდეგ რეგიონის სხვა ქვეყნები ნაკლებ ყურადღებას მიაქცევენ ადამიანის უფლებებს, განსაკუთრებით ახლოს არ მიიტანენ გულთან ავღანელი ბავშვებისა და ქალების პრობლემებს და მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას გაუწევენ თალიბანს ძალაუფლების განმტკიცებაში. თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამერიკის გასვლით გახარებულმა ჩინეთმა დაუყოვნებლივ და დაუფიქრებლად დაიწყოს მათი ფინანსური მხარდაჭერა. ჯერ ერთი, ჩინეთი არ უღალატებს თავის პრინციპს, რომელიც გულისხმობს სხვა ქვეყნის საშინაო საქმეში ჩაურევლობას; მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ ჩინეთს ავღანეთის ტერიტორიაზე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის და, შესაბამისად, მნიშვნელოვანი ფინანსური ინვესტიციებისთვის დასჭირდება უსაფრთხოების მყარი გარანტიები, რომელთაც თალიბანი ვერ უზრუნველყოფს. მართალია, თალიბანი პრაქტიკულად მთელ ქვეყანას აკონტროლებს ფანჯშირის ხეობის გამოკლებით, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ თალიბანის ხელმძღვანელობა აკონტროლებს თავად ორგანიზაციის შიგნით არსებულ სხვადასხვა დაჯგუფებას. რაც მთავარია, მას აქვს პრობლემა სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებთან, პირველ რიგში დაეშის ანუ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ავღანურ განშტოება „აისის ხორასანთან“. ვიდრე ეს ორგანიზაცია კვლავ სერიოზული საფრთხე გახდება გარე სამყაროსთვის (ქაბულის აეროპორტში მომხდარმა ტერაქტმა ცხადყო, რომ ახლო მომავალში ის აუცილებლად იქცევა დასავლეთისთვის სერიოზულ პრობლემად), მოღონიერებული „აისის ხორასანი“ პირველ რიგში სწორედ თალიბანის თავის ტკივილი იქნება. არ უნდა დაგვავიწყდეს ალ ქაედაც, რომელსაც შედარებით უკეთესი, „საქმიანი“ ურთიერთობები აქვს თალიბანთან, მაგრამ არანაკლებ საფრთხეს წარმოადგენს საერთაშორისო თანამეგობრობისთვის.

ფინანსური პრობლემები მანამდეც არ აკლდა ავღანეთს, ხოლო მას შემდეგ, რაც თალიბანი მოვიდა ქვეყნის სათავეში და დასავლეთმა, პირველ რიგში კი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, შეუჩერა ფინანსური დახმარება, გაყინა ამერიკულ ბანკში განთავსებული ავღანეთის კუთვნილი 9 მილიარდი დოლარი და აკრძალა თანხების გადარიცხვა ამერიკიდან ავღანეთში, უმძიმეს ეკონომიკურ და კრიზისში მყოფი ქვეყნის ახალი ხელმძღვანელობის ერთადერთ იმედად ძველი შემოსავლის არხები დარჩება. ოპიუმი, იარაღი, ადამიანების ტრეფიკინგი – სამწუხაროდ, კიდევ კარგა ხანს ისევ ეს პოზიციები იქნება წამყვანი ავღანეთის საექსპორტო ჩამონათვალში.

რაც უნდა „ინკლუზიური“ იყოს ავღანეთის ახალი მთავრობა, რომელშიც, თალიბანის ლიდერების მტკიცებით, არ იქნებიან ქალები, მაგრამ შევლენ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები, უახლოეს მომავალში ავღანეთში გარდაუვალია  ძალაუფლების შენარჩუნებისა და განმტკიცებისთვის შიდა დაპირისპირებები სხვადასხვა ეთნიკურ, რელიგიურ თუ შეიარაღებულ დაჯგუფებას შორის. საერთაშორისო უსაფრთხოების ძალები ჯერ კიდევ ავღანეთში იმყოფებოდნენ, მაგრამ მაინც გაისმოდა ყოველდღიურად აფეთქებები, ხდებოდა თავდასხმები სკოლებზე, მეჩეთებსა და სახელმწიფო დაწესებულებებზე, რომელთა შედეგადაც ყოველწლიურად ათიათასობით ადამიანი იღუპებოდა. სამწუხაროდ, პრაქტიკულად გარდაუვალია, რომ ეს ყველაფერი კვლავაც გაგრძელდება და არანაკლები მსხვერპლი იქნება.

რაც უნდა მოწადინებული იყოს თალიბანი, რომ გარე სამყარო თავის გაკეთილშობილებაში დაარწმუნოს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ თალიბანმა ახლო მომავალში მეზობელ სახელმწიფოებში კიდევ ერთი „საექსპორტო პოზიციის“ – რადიკალური ექსტრემიზმის გადატანის ცდუნებას გაუძლოს. ზემოხსენებული ფაქტორების გათვალისწინებით, შეიძლება ეს არ იყოს ჩინეთის მუსლიმი უიღურებით  დასახლებული რეგიონი; ასევე შეიძლება ეს არ იყოს რიგი მოსაზრებების გამო ირანი და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს იყოს ფაქტობრივად ერთადერთი ღია მოკავშირე პაკისტანი, მაგრამ თალიბების პირველი „საგარეო სამიზნე“ ყველა ლოგიკით უნდა გახდეს ცენტრალური აზიის ქვეყნები.

ასე რომ, რაოდენ სამწუხარო და სკეპტიკურიც არ უნდა იყოს ამ დასკვნის გაკეთება, ბერტოლტ ბრეხტის სიტყვებით ყველაზე ზუსტად შეიძლება აღვწეროთ ავღანეთის აწმყოც და ახლო მომავალიც: (ავღანეთში) ომი დასრულდა! (თალიბანის) მშვიდობის გეშინოდეთ!

გააზიარე