„კერნელის“ თანადამფუძნებელი და მარკეტინგის დირექტორი

დაგროვებით საპენსიო სისტემა - შემოვლითი გადასახადი?

MISHO 2 (12)

2019 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში ამოქმედდა ეგრეთ წოდებული დაგროვებითი საპენსიო სისტემა, რომელიც სავალდებულოა ყველასთვის, ვინც 2019 წლის პირველ იანვრამდე 40 წელზე ნაკლები ასაკის იყო. 40 წელზე მეტის თუ იყავით, მაშინ იმავე წელს აპრილიდან ივნისის თვემდე გქონდათ საშუალება, რომ უარი გეთქვათ ამ სისტემაზე.

აქვე ვთქვათ, რომ ამ სისტემის შემოღება წინას გაუქმებას არ გულისხმობდა. არსებული სახელმწიფო პენსია ისევ ძალაშია.

ამ სტატიაში დაგროვებითი საპენსიო სისტემის შინაარსს მიმოვიხილავთ, გეტყვით, თუ როგორ ითვლება საპენსიო დანაზოგი, ვინ იხდის მას და საერთოდ რატომ შემოიღეს ეს სისტემა.

რა არის გადასახადი?

მართალია, საპენსიო დანაზოგს კანონმდებლობის დონეზე გადასახადი არ ჰქვია, თუმცა, თუ დავფიქრდებით, ის თითქმის არაფრით არ განსხვავდება ისეთი გადასახადისგან, როგორიცაა საშემოსავლო.

მარტივი კითხვა დავსვათ. რატომ ვიხდით გადასახადებს და რას ხმარდება ეს ფული?

ისტორიის რაღაც მომენტში ადამიანებმა გადავწყვიტეთ, რომ სიცოცხლეს გავიმარტივებდით, თუ კონკრეტული საქმეების (ისეთის, როგორიცაა თავდაცვა, სამართალი და ინფრასტრუქტურა) აღსასრულებლად/სამართავად შევქმნიდით ერთ დიდ საჯარო ორგანიზაციას. ეს ორგანიზაცია სახელმწიფოა.

მას, ისევე როგორც სერვისებისა და პროდუქციის ყველა სხვა მიმწოდებელს, თავისი ფასდადება აქვს. მაგრამ სახელმწიფოს ერთი დიდი რამ განასხვავებს ჩვეულებრივი ორგანიზაციისგან – მისი მესაკუთრე ხალხია. ყოველ შემთხვევაში – ფურცელზე მაინც.

მისი მომხმარებელი ვინღაა? ისევ ხალხი.

ჩვენ შევქმენით ორგანიზაცია, რომ ჩვენსავე თავებს მოვემსახუროთ, იმიტომ რომ ასე უფრო ოპტიმალურია.

რადგანაც ხალხი ორივეა, მესაკუთრეც და მომხმარებელიც, ამიტომ მას მოგების მიღებაც ეკუთვნის და სერვისისა და პროდუქტის მისაღებად ფულის გადახდაც (შეგვიძლია ინვესტიციაც დავარქვათ).

სახელმწიფოს, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, საკუთარი რესურსი არა აქვს, ამიტომ ეს რესურსი ხალხისგან უნდა მიიღოს. აი, ამას ემსახურება გადასახადების არსებობა და მეტს არაფერს.

გამოვიდა, რომ ჩვენ სახელმწიფოს ვაძლევთ ფულს, რომ სანაცვლოდ გარკვეული სერვისები მივიღოთ. საშემოსავლო, მოგების, იმპორტის, აქციზისა და დამატებითი ღირებულების გადასახადები ცალსახად ამ მიზანს ემსახურება. კონსტიტუციაშიც ასე წერია.

კონსტიტუციაში ასევე წერია, რომ სახელმწიფოს, რეფერენდუმის ჩატარების გარეშე, ახალი გადასახადის შემოღების უფლება არა აქვს. თუმცა ჩვენი ხელისუფლება რისი ხელისუფლებაა, ხალხის ნების გვერდის ასავლელი გზა რომ არ გამოენახა. ამ გზას კი დაგროვებითი საპენსიო სისტემა დაარქვეს. ახლავე ავხსნით, თუ რატომაა ეს ახალი გადასახადის შემოღების მსგავსი.

როგორც ვთქვით, გადასახადს ადამიანი თავისივე ჯიბიდან იღებს და სახელმწიფოსაში დებს. მოდი, ჯერ შევხედოთ, თუ როგორ, საიდან გვეჭრება ეს ფული და სად მიდის.

როგორ გროვდება პენსია და სად მიდის ეს ფული?

დამსაქმებელი იხდის დარიცხული ხელფასის 2%-ს, დასაქმებულიც – 2%-ს და სახელმწიფოც – 2%-ს.

მაგალითად, თუ თქვენი ხელფასი 1 000 ლარია, დამსაქმებელი საპენსიო ფონდში გადაიხდის 20 ლარს, თქვენ, ანუ დასაქმებული, ასევე – 20 ლარს და სახელმწიფოც – 20 ლარს. ეს, საბოლოოდ, თვეში 60 ლარი გამოვა. ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ ხელფასს ჯერ საშემოსავლო გადასახადი ეჭრება და შემდეგ ეს 2%.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ხელფასი წელიწადში 24 ათას ლარს გადააჭარბებს, სახელმწიფო მხოლოდ 1 პროცენტს გაიღებს, ხოლო თუ 60 ათას ლარზე მეტია, სახელმწიფო თავის წილს საერთოდ აღარ იხდის.

ეს ფული საპენსიო ფონდში მიდის, რომელიც სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი ორგანოა და რომელსაც ამ ფულით სხვადასხვა რისკის მქონე ფასიანი ქაღალდების შეძენა შეუძლია, ანუ ამ ფულის გასესხება. ბუნდოვანია, თუ რა მექანიზმებით და ვინ უნდა მართოს ეს თანხები. შესაბამისად, ჩნდება შეკითხვა, თუ რამდენად დაზღვეული იქნება ეს რესურსი: მაგალითად, ხომ არ გამოიყენებენ მას სხვა მიზნებისთვის კრიზისულ ვითარებაში.

ძაღლის თავი კი იქ მარხია, რომ საქართველოს საზღვრებში ასეთი ფასიანი ქაღალდების ულიმიტოდ მიმწოდებელი თავად სახელმწიფოა. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს თავისუფლად შეუძლია ამ ფულის სესხის სახით აღება. საღი აზრი კი გვკარნახობს, რომ ამ შესაძლებლობას ხელისუფლება ხელიდან არ გაუშვებს.

ახლა ალბათ ცხადი უნდა იყოს, თუ რატომ ჰგავს ეს სისტემა ფარულ გადასახადს. ფარულს იმიტომ, რომ ფურცელზე ეს ფული საპენსიო ფონდში მიდის, რომელიც სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი ორგანოა, და კიდევ იმიტომ, რომ სახელმწიფოს ამ ფულზე მხოლოდ სესხის მეშვეობით მიუწვდება ხელი. ყურადსაღებია ასევე ისიც, რომ სახელმწიფოს მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდები (ანუ მის მიერ აღებული სესხები) დაბალპროცენტიანია.

ჩვენს ქვეყანაში იმდენად ვართ სიტყვა „სავალდებულოს” შეჩვეულნი, რომ უკვე ყურადღებასაც აღარ ვაქცევთ. „სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემა” – თუ ასეთი კარგი სისტემაა, რატომ არის სავალდებულო და ფულის დროის ღირებულებაზე რატომ არაფერია ნათქვამი? ეს მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან „სავალდებულოება” ზუსტადაც რომ გადასახადის ნიშნული მახასიათებელია.

სხვა შენიშვნები და რისკი

„ქართული ოცნების“ 2016 წლის საარჩევნო პროგრამაში (გვ. 16) და 2018-2020 წლების სამთავრობო პროგრამაში (გვ. 19) წერია, რომ „ფართოდ დაინერგება რეგულირების გავლენის შეფასების (RIA) ინსტრუმენტი, რაც მოგვცემს საშუალებას, თითოეული გადაწყვეტილების გავლენა ბიზნესზე იყოს წინასწარ გაანალიზებული”. რეგულირების გავლენის შეფასების გამოყენებას ითხოვს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაც (მუხლი 225). მიუხედავად ამისა, საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებული კანონპროექტი ისე შევიდა პარლამენტში, რომ რეგულირების გავლენის შეფასება არ ჩატარებულა. ეს იმ ფონზე, როდესაც რეფორმა გარკვეული რისკის მატარებელია. შესაბამისად, არ არის ნათელი, თუ რა სარგებელს მოუტანს ქვეყანას სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლა და რატომ არის ის უალტერნატივო.

ხელისუფლება ზოგადად ამბობს, რომ შემოთავაზებული საპენსიო სისტემა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება, თუმცა მნიშვნელოვანია დაასახელოს ერთი კონკრეტული ქვეყანა მაინც, რომლის გამოცდილებასთანაც ყველაზე ახლოს იქნება საქართველოს საპენსიო მოდელი. ამ დროს, გასათვალისწინებელია, რომ ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაშიც კი სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემა არცთუ ისე წარმატებული აღმოჩნდა (მაგალითად, უნგრეთი, პოლონეთი).

დამსაქმებელთა დავალდებულება, სავალდებულო წესით საპენსიო ფონდში მიმართოს 40-წლამდე დასაქმებულების შრომის ანაზღაურების 2%, ფაქტობრივად გადასახადის ხასიათს ატარებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, რომლის მიხედვითაც, აქციზის გარდა ნებისმიერი ახალი გადასახადის შემოღება რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვს.

შემოთავაზებული ინიციატივა ვერ უზრუნველყოფს ე.წ. „ღირსეულ პენსიას“, რადგან სამუშაო ასაკის მქონე მოსახლეობის მხოლოდ 25% არის დაქირავებით დასაქმებული, 34% თვითდასაქმებულია, ხოლო 41% უმუშევარია ან სამუშაო ძალაში არ შედის. გასათვალისწინებელია ისიც, რომ დასაქმებულთა 58.4 პროცენტი 40 და მეტი ასაკის ადამიანები არიან, რომლებზეც საპენსიო სქემაში ჩართვის ვალდებულება არ ვრცელდება. შედეგად, გამოდის, რომ სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემა სამუშაო ასაკის მქონე მოსახლეობის მხოლოდ 10.5%-ზე გავრცელდება.

„ღირსეული პენსიის“ აღების საშუალებას არ იძლევა არსებული დაბალი ხელფასები. დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი თვეში დაახლოებით 1000 ლარია. რაც ნიშნავს, რომ მომავალი 25 წლის განმავლობაში, თუ დავუშვებთ რეალური ხელფასის ყოველწლიურად 5%-ით ზრდას და რეალურ 5%-იან საინვესტიციო შემოსავალს, პენსიაზე გასვლის შემდეგ, დაგროვილი თანხიდან ყოველთვიური პენსია (15 წელზე) 210 ლარი იქნება. მთავრობის განცხადებით, დღევანდელი პენსია (180 ლარი) მინიმუმ დღევანდელი ღირებულებით შენარჩუნდება. გამოდის, რომ 25 წლის შემდეგ საშუალო პენსია იქნება 390 ლარი თვეში, რაც, საკმაოდ ოპტიმისტურ სცენარში, 25 წლის საშუალო ხელფასის 20%-იან, ხოლო ბოლო ხელფასის 12%-იან ჩანაცვლების დონეს უზრუნველყოფს. დღეს ჩანაცვლების საშუალო კოეფიციენტი 18%-ია. ასევე, დღეს რეალობაა, რომ დასაქმებულთა ნახევარზე მეტს ხელფასი თვეში 500 ლარი და ნაკლები აქვს. მათ, ზემოთ მოცემული დაშვებებით, 25 წლის შემდეგ პენსია თვეში 306 ლარი ექნებათ, რაც საშუალო ხელფასის 25.5%-იან, ხოლო ბოლო ხელფასის 15%-იან ჩანაცვლების დონეს უზრუნველყოფს. ამჟამად ჩანაცვლების კოეფიციენტი 30%-ია.

შემოთავაზებული საპენსიო სისტემით, სახელმწიფო მოსახლეობაში სოციალური უთანასწორობის ზრდას უწყობს ხელს. მომავალში სახელმწიფო დასაქმებულ და მაღალშემოსავლიან მოქალაქეებს თანხობრივად უფრო მეტ კონტრიბუციას გაუკეთებს პენსიაში, ვიდრე უმუშევრებს და დაბალშემოსავლიან მოსახლეობას. შესაბამისად, სხვა თანაბარ პირობებში, საპენსიო ასაკის მოსახლეობაში სოციალური უთანასწორობა გაიზრდება.

იზრდება საგადასახადო ტვირთი დასაქმებაზე (ფაქტობრივად, ხელფასიდან გადასახადი 20%-დან 23.2%-მდე იზრდება), რაც გააძვირებს სამუშაო ძალას და უარყოფითად იმოქმედებს დასაქმებაზე. შესაბამისად, ამ ნაწილში, ბიზნესგარემო გაუარესდება.

შემოთავაზებულმა საპენსიო სისტემამ შეიძლება გამოიწვიოს არაფორმალური შრომითი გარიგებების დადება და ჩრდილოვანი ეკონომიკის წახალისება.

სახელმწიფო ბიუჯეტს ემატება მნიშვნელოვანი ტვირთი (1-2%-იანი კონტრიბუცია საპენსიო სქემაში). ეს იმ ფონზე, როდესაც ბიუჯეტში ნარჩუნდება დღევანდელი საპენსიო ხარჯები და რომლის 20-30 წლის განმავლობაში მხოლოდ დაბალი ტემპით ზრდა (მსყიდველობითი უნარით თვიური პენსიის 180 ლარზე შენარჩუნება), დღევანდელი სოციალური ფონის და პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, რეალურად შეუძლებლად მიგვაჩნია. საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, დაგროვებითი საპენსიო სისტემით ფისკალური რისკის შემცირება სოციალური პენსიის ზრდის შენელებით ხდებოდა, რისი მზადყოფნის დეკლარირებაც მთავრობის მხრიდან არ მომხდარა.

სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემაზე პოლიტიკურ ძალებსა და საზოგადოებას შორის კონსენსუსი არ არის.

ნომინალური ანალიზის შედეგად მარტივად გამართლებადია ეს სისტემა, გვესმის ფრაზები – გაზრდილი საინვესტიციო კაპიტალი, უფასო ფული, ეკონომიკური წინსვლა, ღირსეული სიბერე და ა.შ. – თუმცა სიღრმისეულმა ანალიზმა შეიძლება სულ სხვა მხარე დაგვანახოს. ჯერ ამაზე დეტალურად სასაუბროდ ადრეა და ალბათ კიდევ რამდენიმე წელი იქნება საჭირო, რომ ამ სისტემის რეალური შედეგების გაანალიზება შევძლოთ.

როგორ ავიღებთ დაგროვებულ პენსიას?

თუ მხოლოდ 5 წელი იყავით ამ სქემაში, პენსიაზე გასვლისას შეგიძლიათ თანხა ერთბაშად გაიტანოთ. სხვა შემთხვევაში პენსიაში გასვლის დროს დაგროვილი თანხა გადანაწილდება დროზე, რომელიც იმ მომენტისთვის მიჩნეული იქნება სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობად.

მაგალითად, თუ სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2030 წელს დაადგენს, რომ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მამაკაცის შემთხვევაში 75 წელია, პენსიაზე 65 წლის ასაკში გასულ მოქალაქეს თანხა 10 წელიწადზე გადაუნაწილდება და ყოველთვიურად აიღებს. თუ თანხის სრულად ათვისება ვერ მოახერხებთ, ის გადაეცემა მემკვიდრეს.

გააზიარე