"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

დასავლეთის ყველაზე დიდი თავსატეხი: რა ვუყოთ ჩინეთს?!

ალექქსი პეტრიაშვილი - ბლოგი (1)

პანდემია, კლიმატური ცვლილებები, საერთაშორისო ტერორიზმი, რეგიონული კონფლიქტები, კიბერთავდასხმები, სტრატეგიულ შეიარაღებაზე კონტროლი, ენერგოუსაფრთხოება – ეს არის თანამედროვე მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევების არასრული ჩამონათვალი. დემოკრატიული თანამეგობრობა ერთიანი ძალებით ცდილობს, გაუმკლავდეს მათ; არის წარმატებები და არის ჩავარდნებიც, მაგრამ…

არის კიდევ უფრო ფართო, გლობალური მნიშვნელობის ამოცანა. ეს არის სისტემური ბრძოლა დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის. მსოფლიოს ლიდერები, დიპლომატები, ექსპერტები და ანალიტიკოსები დიდი ხანია, ამაზე საუბრობენ. ცხადია, როდესაც ისინი ავტოკრატიაზე და მასთან გამკლავებაზე სიტყვით გამოდიან ან მსჯელობენ, რა თქმა უნდა, ისინი პირველ რიგში „მთავარ დამნაშავეებად“ რუსეთის ხელისუფლებასა და ჩინეთის კომუნისტურ პარტიას ასახელებენ. რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულმა სამხედრო აგრესიამ, რომელიც ამ დრომდე გრძელდება, აგრეთვე, რუსეთის ხელისუფლების მიერ ჩადენილმა მკვლელობებმა თუ მკვლელობის მცდელობებმა ევროპის ქალაქებში, კიბერთავდასხმებმა და არჩევნებში ჩარევამ, თავად რუსეთში ადამიანის უფლებების უხეშმა დარღვევამ და ავტოკრატიულ რეჟიმთან მებრძოლი ოპონენტების წინააღმდეგ გაჩაღებულმა ბრძოლამ განაპირობა, რომ წლების შემდეგ ბოლოს და ბოლოს ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა და რუსეთის ხელისუფლება დასავლეთისთვის არათუ გამოწვევას, არამედ საფრთხეს წარმოადგენს. თუმცა, აქაც უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა, დემოკრატიული სამყაროს ლიდერებს კვლავინდებურად აქვთ რუსეთთან დიალოგისა და თანამშრომლობის სურვილი თუ ყველა არა, ცალკეულ გლობალურ საკითხებში მაინც (მაგ. სტრატეგიულ შეიარაღებაზე კონტროლი, კლიმატური ცვლილებები, საერთაშორისო ტერორიზმი). რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობას დასავლეთის მხრიდან რამდენიმე ახსნა შეიძლება ჰქონდეს. მათ შორის პირველ ადგილზე მაინც ძალიან კონკრეტული და პრაგმატული ფაქტორია – რუსეთის ბუნებრივ რესურსებთან წვდომა და რუსეთის ბაზარზე საკუთარი პროდუქციის რეალიზება ყველასთვის, განსაკუთრებით კი დიდი ევროპული სახელმწიფოების ლიდერებისთვის  პრიორიტეტად რჩება.

ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ცალსახად მნიშვნელოვანია სტრატეგიულ შეიარაღებაზე კონტროლის მექანიზმების შენარჩუნება. თუმცა ამ სფეროში ორ ქვეყანას შორის ერთადერთი შეთანხმება დარჩა და რაიმე ახალი ხელშეკრულების გაფორმება ახლო მომავალში მოსალოდნელი არ არის. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯოზეფ ბაიდენს, სულ ცოტა ხანში ექნება შეხვედრა ჟენევაში ვლადიმირ პუტინთან. ამერიკული მხრიდან წინმსწრებად კეთდება განცხადებები, რომ მათ აქვთ რუსეთთან კონსტრუქციული დიალოგის წარმოების სურვილი, მაგრამ ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე თვალის დახუჭვას არავინ აპირებს. ზოგადად, დიდი გარღვევის მოლოდინი ჟენევის შეხვედრიდან არც ერთ მხარეს არა აქვს. მით უმეტეს, როდესაც ჟენევის სამიტამდე ჩრდილოატლანტიკური ალიანსი შეიკრიბება და დარწმუნებული ვარ, იქ ძალიან ხისტი განცხადებებიც გაკეთდება რუსეთთან მიმართებით და გადაწყვეტილებებიც მიიღება.

აქედან გამომდინარე, რა ინტერესი აქვს აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას რუსეთის ავტოკრატ მმართველთან შეხვედრაში?

ჩემი აზრით, პასუხი შეიძლება იყოს: ჩინეთი. რუსეთის ხელისუფლებას ჩინეთის კომუნისტურ ხელმძღვანელობასთან მჭიდრო სამოკავშირეო ურთიერთობები აქვს, პოლიტიკური ურთიერთმხარდაჭერიდან დაწყებული, მასშტაბური სავაჭრო ურთიერთობებითა და ერთობლივი ინფრასტრუქტურული პროექტებით დასრულებული. თუმცა დასავლეთში მიაჩნიათ, რომ რუსეთისთვის ეს უფრო იძულებითი არჩევანია, ვიდრე ნებაყოფლობითი გადაწყვეტილება, ვინაიდან სრულიად განსხვავებული ეკონომიკური და ფინანსური რესურსებიდან გამომდინარე, რუსეთი მაინც ჩინეთის უმცროს პარტნიორს წარმოადგენს, რაც სულაც არ აბედნიერებს ვლადიმირ პუტინს და მის გარემოცვას. შესაბამისად, დასავლეთში თვლიან, რომ ჩინეთის ამბიციებისა და გავლენების შესაკავებლად რუსეთის გადმობირება მაინც მნიშვნელოვანია და, რაც მთავარია, შესაძლებელია. ნეტარ არიან მორწმუნენი…

როგორც აღვნიშნე, რუსეთთან მიმართებით დასავლეთის მხრიდან ბოლოს და ბოლოს მაინც გამოიკვეთა სიცხადე, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვი ჩინეთთან დამოკიდებულებაში. მართალია, ღიად ყველა საუბრობს უიღური მუსლიმი უმცირესობის მიმართ არაადამიანურ დამოკიდებულებაზე, ჰონგ-კონგში მიმდინარე პოლიტიკურ რეპრესიებზე, ტაივანის წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო აგრესიასა და ტიბეტელი ლამების მიმართ წლების მანძილზე არსებულ დამოკიდებულებაზე. გარკვეული გადაწყვეტილებებიც მიიღება. აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, განსაკუთრებით მკვეთრი ნაბიჯები გადადგა ჩინეთის მიმართულებით. უნდა აღინიშნოს, რომ მისი გადაწყვეტილებები ყველაზე ნაკლებად იყო დაკავშირებული ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიმართ არსებულ ზემოჩამოთვლილ ბრალდებებთან. რამდენად ეფექტიანი იყო დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებები, ცალკე განხილვის და ანალიზის საგანია, მაგრამ მისი პოზიციის სიხისტე ძირითადად განპირობებული იყო ჩინეთის ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალის ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებული ტემპებით ზრდითა და გლობალურ პოლიტიკაში ჩინეთის გავლენების საგრძნობი გაძლიერებით.

პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ ჩინეთთან მიმართებით, განსხვავებით სხვა მნიშვნელოვანი საკითხებისგან, მისი წინამორბედის მიერ არჩეული პოლიტიკის გატარება განაგრძო. დონალდ ტრამპის დროს შემოღებული მრავალმილიარდიანი ტარიფები არ გაუქმდა, ისევე როგორც შენარჩუნდა და 48-დან 59-მდე გაფართოვდა იმ ჩინური კომპანიების ჩამონათვალი, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან და ტელეკომუნიკაციებთან. ამ გადაწყვეტილებამ, რა თქმა უნდა, დაჩრდილა ცოტა ხნით ადრე აშშ-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ჩინური გიგანტის – „შაომის“ შავი სიიდან ამოღების შესახებ და ჩინეთის ხელისუფლების მხრიდან მკაცრად ნეგატიური რეაქციაც გამოიწვია. აშშ ჩინეთს მთავარ მოწინააღმდეგედ განიხილავს როგორც ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში, ისე არქტიკაში (მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთს არქტიკის რეგიონისგან 1500 კილომეტრი აშორებს), აფრიკასა და ევრაზიაში. აშშ-ის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ავტოკრატია აუცილებლად დამარცხდება ლიბერალურ დემოკრატიასთან ბრძოლაში, მაგრამ მას ასევე მიაჩნია, რომ დემოკრატიულმა სამყარომ თუ არ გააერთიანა ძალისხმევა ჩინეთის ავტოკრატიული მმართველობის წინააღმდეგ, ოთხი წლის შემდეგ გაცილებით უფრო რთული მდგომარეობა იქნება მსოფლიოში, ვიდრე დღეს არის. რა თქმა უნდა, აშშ-სთვის ამ ბრძოლაში წარმატების მისაღწევად მნიშვნელოვანია მოკავშირეებთან ერთგვარი კოალიციის შეკვრა, რაც საკმაოდ რთულ და კომპლექსურ ამოცანას წარმოადგენს. აშშ აქტიურად მუშაობს როგორც ტრადიციულ სტრატეგიულ მოკავშირეებთან – იაპონიასთან, სამხრეთ კორეასა და ავსტრალიასთან, ისე მსოფლიოს ყველაზე მრავალრიცხოვან დემოკრატიასთან – ინდოეთთან. თითოეულ მათგანს თავისი მიდგომები აქვს როგორც ჩინეთთან, ისე ერთმანეთთან არსებულ დამოკიდებულებებში. დღეს ვერავინ იტყვის ხელაღებით, რომ აშშ წარმატებით შეძლებს მათ კონსოლიდირებას ჩინეთის წინააღმდეგ და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩინეთის მიერ ტაივანის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის განხორციელების შემთხვევაში რომელიმე მათგანი გამოთქვამს მზადყოფნას ჩინეთთან სამხედრო დაპირისპირებაში ჩასაბმელად. კიდევ უფრო რთულად არის საქმე ტრანსატლანტიკურ სივრცეში.

ევროკავშირმა ძალიან მკაფიოდ აგრძნობინა აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას, როდესაც გასული წლის ბოლო დღეს, ჯოზეფ ბაიდენის ინაუგურაციამდე სამი კვირით ადრე გააფორმა საინვესტიციო შეთანხმება ჩინეთთან, რომ ევროპის დარწმუნება ჩინეთის წინააღმდეგ ერთობლივი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობაში ძალიან რთული იქნება. თავის მხრივ, ევროკავშირიც გაურკვეველი და ჩამოუყალიბებელია ჩინეთთან მიმართებით. ჩინეთის ბაზარი მნიშვნელოვანია, მაგრამ ადამიანის უფლებებსაც ვერავინ დაივიწყებს. უიღური უმცირესობების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამო ევროკავშირის მიერ სამი საშუალო რანგის ჩინელი პარტიული ჩინოვნიკის მიმართ სანქციების შემოღებამ მოულოდნელად ხისტი რეაქცია გამოიწვია ჩინეთის მხრიდან. კერძოდ, ჩინეთმა საპასუხო სანქციები დაუწესა სამ ევროპარლამენტარს და ევროპულ კვლევით/ანალიტიკურ ცენტრებს. მათ აეკრძალათ ჩინეთის ტერიტორიაზე შესვლა და საქმიანობა. ჩინეთის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებამ „განარისხა“ ევროპელი კანონმდებლები. მათ არცთუ ისე დიდი ხნის წინ მიიღეს რეზოლუცია, რომლის თანახმად, ვიდრე არ მოიხსნება სანქციები მათი კოლეგების მიმართ, საინვესტიციო შეთანხმების რატიფიკაციის პროცესი გაიყინება. ჩინეთის ოფიციალურმა პირებმა ამ გადაწყვეტილების შეფასებისას შეახსენეს ევროპელ პარტნიორებს, რომ ეს შეთანხმება ორმხრივად მოგებიანი ხელშეკრულებაა და არა ერთი მხარის მიერ მეორისადმი რაიმე კეთილი ნების გამოხატულება.

ცხადია, ჩინეთთან ურთიერთობების საკითხი ერთ-ერთი მთავარი იქნება დიდ ბრიტანეთში დაგეგმილ დიდი შვიდეულის უმაღლესი დონის შეხვედრაზე და ბრიუსელში გასამართ ნატო-ს სამიტზე. ალიანსს ჩინეთის საკითხი ცალკე აქვს გამოყოფილი თავის ახალ სტრატეგიულ კონცეპტუალურ დოკუმენტში, რომელიც უნდა დამტკიცდეს კიდეც სამიტზე, მაგრამ იმ ფონზე, როდესაც აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას ძალიან სურს, ეს სამიტი ევროპელ მოკავშირეებთან ურთიერთობების აღდგენისა და განმტკიცების დემონსტრირების ღონისძიებად იქცეს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩინეთის წინააღმდეგ რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილების მისაღებად ბაიდენის ადმინისტრაციამ განსაკუთრებული ზემოქმედება მოახდინოს ევროპელ პარტნიორებზე. ასე რომ, დასავლეთისთვის მთავარი თავსატეხი იყო, არის და მომავალშიც იქნება ჩინეთი.

გააზიარე