ფინანსისტი, ყოფილი დიპლომატი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორი.

დიდი ეკონომიკური რეალობა - მონეტარიზმი

ბლოგი

If you put the federal government in charge of the Sahara desert,
in five years there will be a shortage of sand.

Milton Friedman

 

კეინზიანელები ეროვნულ ეკონომიკას ავტომობილს ადარებენ: აქსელერატორის პედალი არის სამთავრობო მაღალი ხარჯვა/დაბალი გადასახადები, ხოლო დაბალი სამთავრობო ხარჯვა/მაღალი გადასახადები არის მუხრუჭის პედალი. თუ მთავრობას ოსტატურად დაჰყავს ასეთი „მანქანა“, მას ეკონომიკურ ზრდამდე და სტაბილურ ფასებამდე მიღწევა შეუძლია. ხოლო მონეტარიზმის აზრით: 1) მთავრობა არაკვალიფიციური მძღოლია; 2) „ავტომობილის“ (ანუ ეკონომიკის) აქსელერატორ და სამუხრუჭე პედლებს კავშირი არა აქვთ ფისკალურ პოლიტიკასთან.

მონეტარიზმის სკოლის აპოლოგეტი, მილტონ ფრიდმანი, განსხვავებით ჯონ მეინარდ კეინზისგან, არ იყო მაღალი სოციალური კლასიდან,  ბავშვობიდან კეინზის მსგავსად არ მოძრაობდა, როგორც თევზი წყალში, ინგლისის უმაღლეს ფენებში და მასავით არ უსწავლია კემბრიჯის მსგავს ლეგენდარულ უნივერსიტეტებში. ფრიდმანს სხვა, დიდი ღირსებები ჰქონდა: იგი ღარიბი ემიგრანტების შვილი იყო, რომელმაც რუტჯერის უნივერსიტეტში სწავლის ფული მაღაზიის კლერკად და მსგავსი მუშაობით დააგროვა.  მდიდარ არისტოკრატს, კეინზს სხვისი სიღარიბის ტრაგედია არასდროს გამორჩებოდა მხედველობიდან (რაც დიდი ღირსებაა), მაგრამ ფრიდმანს სიდუხჭირე თავის თავზე ჰქონდა გამოცდილი. ორივე დიდი ინტელექტუალი და ერუდიტი იყო. საინტერესოა, რომ კარიერის დასაწყისში ფრიდმანი კეინზიანისტი იყო. თვითონ კეინზი კი ყოველთვის აგდებულად უყურებდა მონეტარიზმს და ერთ წერილში აშშ-ის პრეზიდენტთან, ფრანკლინ დელანო რუზველტთან, მისთვის ჩვეული მწარე ირონიით წერდა მონეტარიზმზე: „[…] მონეტარიზმის მეშვეობით ეკონომიკის ზრდა იგივეა, გასუქების მიზნით უფრო დიდი ქამარი რომ შეიძინოთ“.

მონეტარისტები  კეინზს ფულის იგნორირებას „აბრალებენ“. ალბათ ცოტა აბსურდულად ჟღერს, დააბრალო ეს კეინზს, ვინც ძალიან გამდიდრდა საფონდო ბირჟაზე ვაჭრობით. აქ სხვა (მრავალთა შორის) „ბრალეულობასთან“ –  ფულის ბრუნვის სიჩქარისთვის ნაკლები როლის მინიჭებასთან გვაქვს საქმე. რა არის ფულის ბრუნვის სიჩქარე? ეს არის ის რაოდენობა, რამდენჯერაც გადაედინება ფული ერთი ადამიანიდან (კომპანიიდან) მეორე ადამიანთან (კომპანიასთან). ანუ რამდენად სწრაფად  ცირკულირებს ფული ეკონომიკაში წლის განმავლობაში – ფულადი შემოსავლის სიჩქარე ანუ ფულის ბრუნვის სიჩქარე. ფულის რიცხობრივ თეორიას მარტივი, მაგრამ ფუნდამენტური ტოლობის სახე აქვს: M x V = P x Q, სადაც M არის ფულის მიწოდება (რაოდენობა) ეკონომიკაში, V არის ფულის ბრუნვის სიჩქარე, ხოლო P x Q არის ნომინალური ერთიანი შიდა პროდუქტი, სადაც P არის ფასების დონე, ხოლო Q არის ეკონომიკაში წარმოებული პროდუქციისა და მომსახურების ოდენობა. ეს ფორმულირება ფრიდმანამდე ბევრად ადრე შეიქმნა, მაგრამ მილტონ ფრიდმანმა მას ახალი სული შთაბერა. არავინ კამათობს ამ ტოლობის სისწორეზე. განსაზღვრებით – ფულის ოდენობა გამრავლებული მისი ბრუნვის სიჩქარეზე უდრის შეძენილი პროდუქციისა და სერვისის ნომინალურ ღირებულებას. მაგრამ ძაღლის თავი დამარხულია ამ ცვლადების ქცევაში, მათ რაოდენობაში, ადაპტაციის უნარსა და მის სიჩქარეში. ეკონომისტებს ამ საკითხებზე კამათი მეორედ მოსვლამდე შეუძლიათ.

მოკლე სკეტჩის სახით – მონეტარიზმი ამბობს, რომ ფულის ბრუნვის სიჩქარე მუდმივია და რომ მოკლევადიან პერსპექტივაში წარმოებული საქონლისა და სერვისის რაოდენობა უცვლელია. ეს ნიშნავს, რომ ზემოხსენებული ტოლობიდან V და Q რეალურად ქრება, რითაც ვასკვნით, რომ M-ის ცვლილება აისახება მხოლოდ P-ზე. უფრო ზუსტად კი, მოკლევადიან პერსპექტივაში ფულის მოწოდების ცვლილება აისახება არა მხოლოდ ფასების დონეზე, არამედ ეკონომიკურ აქტივობაზე, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში შეიცვლება მხოლოდ ფასები. ეკონომიკაში ბევრი ფული არ ნიშნავს საზოგადოების წევრების გამდიდრებას, ფულის ოდენობის გაზრდა იწვევს ფასების ზრდასაც. ინდივიდუალური თუ საზოგადოებრივი სიმდიდრე განისაზღვრება იმით, თუ რა რაოდენობის საქონლისა და სერვისის ყიდვა შეგვიძლია რაღაც კონკრეტული ფულით და არა იმით, თუ რამდენი ფული გვაქვს. 1921-1924 წწ  გერმანიის და 1992-95 წწ საქართველოს გახსენებაც კმარა ამ მაგალითის სიცხადისთვის. თავიანთ პოზიციას მონეტარისტებმა აშკარად ანტიკეინზიანური შეხებაც დაამატეს: სახელმწიფო სახსრების ხარჯვა ეკონომიკის გამოცოცხლებისთვის არ შეცვლის წარმოებული საქონლისა და სერვისის ოდენობას, შეცვლის მხოლოდ ფასებს. მონეტარისტების აზრით, კეინზმა გვერდი აუარა ერთ დიდ შეკითხვას: საიდან მოდის ფისკალური ხარჯვისთვის აუცილებელი ფული? თუ ფულის მიწოდება მუდმივი რჩება და სახელმწიფო ხარჯავს ფულს, ესე იგი ვიღაც სხვას ნაკლები დასახარჯი ფული რჩება (ფულის საბეჭდი დაზგის ჩართვა ანათემაა). ხოლო თუ სახელმწიფო ზრდის გადასახადებს, რომ განახორციელოს თავისი ფისკალური ხარჯვითი პოლიტიკა, მაშინ ინდივიდებს და ბიზნესს ნაკლები ფული რჩებათ სახარჯოდ და საინვესტიციოდ. ხოლო თუ სახელმწიფო იწყებს სახაზინო ბონდების გაყიდვას, ფული კვლავ ნაკლები რჩება, საპროცენტო განაკვეთი იზრდება და ინვესტიციები ეცემა. სახელმწიფო ხარჯვა უბრალოდ აძევებს კერძო ხარჯვას. კეინზიანიზმი არ უარყოფს ამ მოსაზრებას – საკითხია, თუ რა რაოდენობით მოხდება გამოძევება. მონეტარიზმი მომხრეა ეკონომიკაში ფულის კონტროლის (და არა სამთავრობო მრავალმხრივი და ეკლექტიკური ფისკალური პოლიტიკისა), რომლის სხვადასხვა მექანიზმი არსებობს და რომლის აქ ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანდა. თვითონ ფრიდმანიც კი ფრთხილად ეკიდებოდა ფულის მასის კონტროლის დროულობას, რადგან ძალიან ძნელი სათქმელია, ბიზნესის აღმავალ თუ დაღმავალ ციკლზეა ეკონომიკა, რამდენ ხანს გასტანს ეს ციკლი და ფულის მასის არადროულმა მანიპულირებამ შეიძლება საწინააღმდეგო ეფექტიც კი მოგვცეს, რაც არაერთხელ მომხდარა კიდეც.

კეინზიანიზმსაც და მონეტარიზმსაც ჰქონდათ თავიანთი ოქროს ათწლეულები, როდესაც თითოეული მათგანი დომინანტი ეკონომიკური პოლიტიკა იყო და მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მთავრობა ამა თუ იმ კურსს მკაცრად მისდევდა. დღეს კი ყაიმია. ორივე ეკონომიკურმა პარადიგმამ დაამტკიცა თავისი სიმართლე. პრობლემები კი მთავრობებს გაეზარდათ, რადგან ახლა მათ უწევთ არა ორპედლიანი, არამედ ოთხ- და კიდევ უფრო მრავალპედლიანი „ავტომობილების“ მართვა. მაგრამ ამის შესახებ შემდეგ ბლოგში.

გააზიარე