ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

ენერგიაზე გაწეული დანახარჯების წილი შინამეურნეობების მთლიან ხარჯებში

ენერგიაზე გაწეული დანახარჯების წილი შინამეურნეობების მთლიან ხარჯებში

შინამეურნეობების შემოსავლების და მათ მიერ გაწეული დანახარჯების დინამიკისა და სტრუქტურის ანალიზი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შეფასების პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარამეტრია. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2019 წლის მონაცემებით საქართველოში შინამეურნეობების დანახარჯების სტრუქტურაში ძირითადი წილი სურსათზე, სასმელზე და თამბაქოს ნაწარმზე გაწეულ დანახარჯებს უჭირავს (37.8%), ასევე მნიშვნელოვანია საცხოვრებელ სახლზე, წყალზე, ელექტროენერგიაზე, გაზზე და სხვა საწვავზე გაწეული დანახარჯების მაჩვენებელი, რომელიც მთლიანი დანახარჯების დაახლოებით 13 პროცენტს შეადგენს. ამ უკანასკნელიდან მხოლოდ ენერგიაზე გაწეულ დანახარჯს თუ გამოვყოფთ ვნახავთ, რომ 2019 წლის მონაცემებით საქართველოში შინამეურნეობების მიერ ენერგიაზე გაწეული დანახარჯი მთლიანი დანახარჯების დაახლოებით 6.4 პროცენტია. აღნიშნული მაჩვენებელი 2015 წელთან შედარებით 0.4 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი. ენერგიაზე გაწეულ დანახარჯებში (მსგავსად სხვა ქვეყნებისა) ძირითადი წილი ელექტროენერგიის და ბუნებრივი გაზის მოხმარებაზე გაწეულ დანახარჯებზე მოდის. 2019 წლის მონაცემებით, აღნიშნული ორი კომპონენტი ენერგიაზე გაწეული მთლიანი ხარჯების 84 პროცენტს შეადგენს.

ბოლო 5 წლის განმავლობაში მთლიან ხარჯებში ელექტროენერგიაზე და წყალმომარაგებაზე გაწეული დანახარჯების წილი მნიშვნელოვანი მერყეობებით არ გამოირჩევა. ელექტროენერგიაზე გაწეული დანახარჯების წილი 2.5 პროცენტის ფარგლებში, ხოლო წყალმომარაგებაზე გაწეულ დანახარჯების წილი 0.4 პროცენტის ფარგლებში მერყეობს. რასაც ვერ ვიტყვით ბუნებრივი გაზის მოხმარებაზე გაწეული დანახარჯების წილზე, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში იზრდება და 2019 წლის მონაცემებით 2.9 პროცენტს უტოლდება (2015 წელთან შედარებით ზრდა 0.78 პროცენტული პუნქტი).

           საქართველოს შინამეურნეობების მიერ ენერგიის მოხმარებაზე გაწეული დანახარჯების

წილი მთლიან ხარჯებში (%)

 

2015

2016

2017

2018

2019

წყალმომარაგება

0.41%

0.42%

0.39%

0.41%

0.42%

ელექტროენერგია

2.30%

2.55%

2.44%

2.41%

2.45%

ბუნებრივი აირი

2.12%

2.30%

2.81%

2.60%

2.90%

სხვა ენერგიის წყარო

1.15%

0.90%

1.06%

0.81%

0.63%

სულ

5.99%

6.18%

6.70%

6.22%

6.41%

აღსანიშნავია სხვა ენერგიის წყაროებზე (მოიცავს ნახშირწყალბადებს (ბუტანი, პროპანი, აირის ბალონის, რედუქტორის შეძენა და დაყენება) და მყარ საწვავს (შეშა, ქვანახშირი, ბრიკეტი, ანტრაციტი, კოქსი, ტორფი, სხვა საწვავი ან ენერგიის წყარო) გაწეული დანახარჯების წილის კლება, სადაც მოხმარების ძირითად ნაწილს შეშა წარმოადგენს. აღნიშნულის მიზეზი ახალი დასახლებული პუნქტების გაზიფიცირება და ენერგოეფექტურობის ზრდაა. ერთის მხრივ ხდება შეშის ნაწილობრივი ჩანაცვლება, მეორეს მხრივ უფრო ეფექტიანი დანადგარების და ენერგოეფექტურობის ზრდის გამო მცირდება არსებული მოხმარება.

     

ჯერ კიდევ 90-იან წლებში ბრიტანეთში ჩამოყალიბებული ოფიციალური განმარტების მიხედვით, რომელიც დღემდე გამოიყენება, შინამეურნეობა ითვლება ენერგეტიკულად ღარიბად, თუ ის ხარჯავს მთლიანი შემოსავლის 10 პროცენტზე მეტს ადეკვატური გათბობის მისაღებად[1].

ევროპის მასშტაბით შინამეურნეობების მიერ ენერგიაზე გაწეული საშუალო ხარჯი, მთლიანი ხარჯის 6.4 პროცენტს შეადგენს. ავსტრიაში შინამეურნეობების მიერ ენერგიაზე გაწეული დანახარჯი მთლიანი დანახარჯების 4.7 პროცენტია, შედარებით მაღალია ეს ინდიკატორი საბერძნეთში და 5.8 პროცენტს უტოლდება, ხოლო კანადაში, სადაც ელექტროენერგია წარმოადგენს ენერგიაზე დანახარჯის დომინანტურ კომპონენტს, შინამეურნეობების მიერ ენერგიაზე გაწეული დანახარჯი მთლიანი დანახარჯების 3.1 პროცენტს შეადგენს.

დიდ ბრიტანეთში შინამეურნეობების მიერ ენერგიაზე გაწეული ხარჯის წილი მთლიან დანახარჯებში 4 პროცენტს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ენერგიის მოხმარებაზე ფულად გამოხატულებაში მაღალშემოსავლიანი სეგმენტი (ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონე 10%) გაცილებით მეტს ხარჯავს, პროცენტულად მათი დანახარჯი მთლიანი დანახარჯის მხოლოდ 2.6 პროცენტს შეადგენს. დაბალშემოსავლიანი სეგმენტისთვის (ყველაზე დაბალი შემოსავლის მქონე 10%) აღნიშნული მაჩვენებელი 8.4 პროცენტია. ზოგადად, სხვადასხვა ქვეყნებისთვის ენერგიაზე გაწეული დანახარჯების მაჩვენებლებს, დაბალ და მაღალშემოსავლიან კატეგორიებად თუ ჩავშლით, ამ შემთხვევაშიც ვნახავთ, რომ ენერგიაზე გაწეული დანახარჯების წილი მთლიან შემოსავლებში მცირდება მაღალი შემოსავლის შინამეურნეობების კატეგორიებისთვის და იზრდება დაბალშემოსავლიანი კატეგორიებისთვის.

[1] https://ec.europa.eu

გააზიარე