ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

იმპორტი ლარის გაუფასურების ფონზე

3883

იმპორტი ლარის გაუფასურების ფონზე

საქართველო იმპორტზე მნიშვნელოვნად დამოკიდებული ქვეყანაა, შესაბამისად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე საგარეო შოკების გავლენაც დიდია. 2015 წლის პირველი შვიდი თვის მონაცემებით საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვაში იმპორტის წილი 77%-ს შეადგენს. ლარის კურსის გაუფასურებამ იმპორტული საქონლის ფასების ზრდა გამოიწვია, რასაც იმპორტზე მოთხოვნის შემცირება მოყვა. 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიხედვით 2015 წლის პირველი შვიდი თვის მონაცემებით საქართველოში განხორციელებულმა იმპორტის მოცულობამ 4 305 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 11%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მონაცემთან შედარებით.

იმპორტი ქვეყნის ჯგუფების მიხედვით, მლნ. აშშ დოლარი

(იანვარი-ივლისი)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2015 წლის იანვარ-ივლისში იმპორტმა ევროკავშირის ქვეყნებიდან 1 383 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და 3%-ით გადააჭარბა წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. დსთ-ს ქვეყნებიდან იმპორტი კი 6%-ით შემცირდა და 1 065 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.  

მნიშვნელოვნად შემცირდა იმპორტი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან, კერძოდ თურქეთიდან იმპორტის მოცულობის კლებამ 224 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (23%), იაპონიიდან 68 მლნ. აშშ დოლარი (35%), ჩინეთიდან 68 მლნ. აშშ დოლარი (16%), რუმინეთიდან 58 მლნ. აშშ დოლარი (31%), ამერიკის შეერთებული შტატებიდან 42 მლნ. აშშ დოლარი (23%), უკრაინიდან 39 მლნ. აშშ დოლარი (13%) და აზერბაიჯანიდან 32 მლნ. აშშ დოლარი (9%).

 საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები იმპორტის მიხედვით

მლნ. აშშ დოლარი (2015 წლის იანვარ-ივლისის)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2015 წლის პირველი შვიდი თვის მონაცემებით საქართველოს საიმპორტო ათეულის ლიდერი სამკურნალო საშუალებების სასაქონლო ჯგუფი იყო 406 მლნ. აშშ დოლარით (პროცენტული წილი – 9.4%), რომელსაც მოსდევს ნავთობი და ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფი 371 მლნ. აშშ დოლარით (8.6%) და მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 280 მლნ. აშშ დოლარით (6.5%).

მიუხედავად იმისა, რომ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ბოლო თვეების ინფლაციის მაჩვენებლით ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა, როგორც ზემოთმოყვანილი სტატისტიკიდან ჩანს იმპორტის მოცულობაში ყველაზე მაღალი წილით მაინც სამკურნალო საშუალებების სასაქონლო ჯგუფია წარმოდგენილი. საქართველოს საიმპორტო ათეულში შედის ისეთი სასაქონლო ჯგუფები, რომლთა ადგილობრივი წარმოება არ არის განვითარებული და შესაბამისად მათი ადგილობრივით ჩანაცვლებაც ვერ ხერხდება. აქედან გამომდინარე, ქართველი მომხმარებელი იძულებულია გაძვირებული იმპორტული საქონელი შეიძინოს ან შეამციროს უცხოურ პროდუქტზე მოთხოვნა მის შესყიდვაზე უარის თქმით და არა მისი ადგილობრივად წარმოებულით ჩანაცვლებით. საქართველოში ადგილობრივი წარმოება განვითარებული რომ იყოს იმპორტის მოცულობა კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით შემცირდებოდა, რადგან იმპორტირებულ საქონელზე მოთხოვნა ადგილობრივით ჩანაცვლდებოდა და ამ კუთხით ლარზე წნეხი ნაკლები იქნებოდა.

სწორედ იმის გამო, რომ საქართველო იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა, ეროვნული ვალუტის გაუფასურება მტკივნეულად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე. თუმცა ბოლო თვეებში იმპორტის შემცირების ტენდენცია ლარის კურსის დასტაბილურების პროცესის ხელშემწყობი ფაქტორია. მოგეხსენებათ იმპორტის მოცულობის კლება ამცირებს უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნას და მის ქვეყნიდან გადინებას, ამიტომ მომავალში იმპორტის მხრიდან ლარის გაცვლით კურსზე ზეწოლის შემცირებაა მოსალოდნელი.

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin