ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

ინფლაციის დონე ოქტომბრის მდგომარეობით

ინფლაციის დონე ოქტომბრის მდგომარეობით

საქართველოში ეროვნული ვალუტის გაუფასურების ფონზე გაზრდილია ინფლაციური მოლოდინები. ამის ძირითადი საფუძველი არის ჩვენი ქვეყნის იმპორტზე მაღალი დამოკიდებულების დონე. მოგეხსენებათ ეროვნული ვალუტის გაუფასურება მნიშვნელოვნად ზრდის იმპორტირებული საქონლის ფასს. საქართველოში მწარმოებლებს უძვირდებათ წარმოებაც, რადგან იზრდება იმპორტირებული წარმოების საშუალებების ფასები. ამასთან, ლარის გაუფასურება ბიძგს აძლევს მოთხოვნის ზრდით პროვოცირებულ ინფლაციას. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს უკანასკნელი, მოცემულ ვითარებაში, ინფლაციის მაჩვენებლის ზრდაზე ნაკლებ გავლენას ახდენს.  

გაზრდილი ინფლაციური მოლოდინის პასუხად საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის 4 ნოემბერს რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით გაზარდა, შესაბამისად მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.5% გაუტოლდა. გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა განპირობებულია არსებული და საპროგნოზო ინფლაციის მაჩვენებლების ზრდით მიზნობრივ მაჩვენებელთან შედარებით.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით 2015 წლის ოქტომბერში 2014 წლის იგივე პერიოდთან შედარებით წლიური ინფლაციის დონემ საქართველოში 5.8% შეადგინა. მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ სასაქონლო ჯგუფებზე:

  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელები – ფასების 4.1% ზრდა;
  • ჯანმრთელობის დაცვა – ფასების 11.1% ზრდა;
  • ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო – ფასების 13.5% ზრდა;
  • ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება – ფასების 13.1% ზრდა.
  • საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები – ფასების 8.2% ზრდა.

სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასების ზრდა დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (22.2%), ზეთი და ცხიმი (15.6%) და ყავა, ჩაი და კაკაო (10.4%). ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები ძირითადად გაიზარდა ფარმაცევტულ ნაწარმზე (27.4%). ხოლო საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეების ჯგუფში ფასების 10.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირისა და სათბობის სხვა სახეების ქვეჯგუფზე.

წლიური ინფლაციის დონე საქართველოში

(წინა წლის შესაბამის თვესთან, პროცენტული ცვლილება)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2015 წლის ოქტომბრის თვეში ყოველთვიური ინფლაცია 0.8%-ს შეადგენდა. მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ სასაქონლო ჯგუფებზე:

  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელები –  ფასების 0.9% ზრდა;
    • ჯანმრთელობის დაცვა –  ფასების 2% ზრდა;
    • სასტუმროები, კაფეები და რესტორნები –  ფასების 2% ზრდა.

სურსათი და უალკოჰოლო სასმელების სასაქონლო ჯგუფში ფასების ზრდა უმეტესად განპირობებული იყო რძე, ყველსა და კვერცხზე (3.3%) და ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (6.5%) ფასების მატებით. ამავე პერიოდში ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (9.2%). ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასების დინამიკა ძირითადად განაპირობა ფარმაცევტულ ნაწარმზე  ფასების 6.7% ზრდამ.

რაც შეეხება საშუალო წლიური ინფლაციის დონეს 2015 წლის ოქტომბრის მდგომარეობით ეს მაჩვენებელი 3.5%-ს გაუტოლდა.

 

საშუალო ინფლაციის დონე საქართველოში

(12 თვის საშუალო წინა 12 თვის საშუალოსთან, პროცენტული ცვლილება)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

როგორც სტატიის დასაწყისში აღინიშნა, ვითარებას ამძიმებს ჩვენი ქვეყნის დამოკიდებულება იმპორტზე. საქართველოს საიმპორტო ათეულში შედის ისეთი სასაქონლო ჯგუფები, რომელთა ადგილობრივი წარმოება არ არის განვითარებული და შესაბამისად მათი ადგილობრივით ჩანაცვლებაც ვერ ხერხდება. ეროვნული ვალუტის კურსის გაუფასურება კი აძვირებს იმპორტირებულ პროდუქციას და იწვევს ქვეყანაში ინფლაციის იმპორტს.

სურსათის და სამკურნალო საშუალებების ფასების მატება მტკივნეულად აისახება მოსახლეობის მდგომარეობაზე. ფასების ზრდის ტენდენციას აბრკოლებს საერთაშორისო ბაზარზე ენერგომატარებლებსა და სურსათზე ფასების კლება, ასევე ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია რეგიონში შემცირებული ერთობლივი მოთხოვნა. სწორედ ამიტომ, ოქტომბრის მდგომარეობით, ინფლაციის მაჩვენებელის გადახრა მიზნობრივი მონაცემისგან  ზომიერ ფარგლებში ნარჩუნდება.

გააზიარე