"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

მაშინ, როდესაც...

მაშინ

მაშინ, როდესაც აშშ-ში, ევროპასა და აზიაში საპროტესტო ტალღა ყველაფერს ფარავს გლობალურ საინფორმაციო სივრცეში;

მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ კორონა მძვინვარებს;

ლიბიის, გაერო-ს მიერ აღიარებული ხელისუფლება, თურქეთის მნიშვნელოვანი მხარდაჭერით ბოლო პერიოდში სერიოზულ წარმატებებს აღწევს, ფრუნზეს აკადემიის კურსდამთავრებული, ერთ დროს ომახიანი, მარშალ ჰაფთარის და მისი მხარდამჭერი ვლადიმერ პუტინის “პოვარის“ დაქირავებული “ბოევიკების“ წინააღმდეგ ბრძოლაში. საკუთარ ცხენს კი არა, თვითმფრინავებს გაასწრეს, ისე გარბოდნენ, ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიდან და ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მდებარე მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტებიდან. შეშფოთდა რუსეთის, 5 წუთი, რომ აკლია მარადიული მმართველი; აფრინა სასწარაფოდ მიგ-ები და სუ-ები. არ იცვლებიან რუსები. მათი დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს რომ ჰკითხეს, რა მიზნებს ემსახურება, რუსული სამხედრო ავიაციის 14 ერთეულის სირიის გავლით, ლიბიაში დისლოცირება, პასუხად განაცხადა, რომ ეს არ არის რუსული სამხედრო თვითმფრინავები, არამედ ეს საბჭოთა ავიაციააო (ეს ბლოგი მნიშვნელოვანი რეგიონული უსაფრთხოების თემას რომ არ ეხებოდეს, იხალისებდა კაცი რუსული პოლიტ ელიტის და პროპაგანდისტული მანქანის მოლაპარაკე თავების ყოველდღიურ “მარგალიტებზე“).

თვითმფრინავები კი აფრინა, მაგრამ თურქეთის შეიარაღებულ ძალებთან დაპირისპირებას, რუსეთი ნამდვილად არ და ვერ იჩქარებს, ჩვენი ჩრდილოელი მეზობლების უკვდავობისთვის გამწესებული პრეზიდენტი. ჩემთვის პირადად, თურქული დრონებით აფეთქებული რუსული “პანცირები“, რაღა დაგიმალოთ და ფრიად სასიამოვნო სანახავი იყო, რასაც ვერ ვიტყვი რუსულ მხარეზე. ამიტომაც, სირიისგან განსხვავებული მოქმედების სტრატეგია აირჩიეს. მათთვის ახლა მნიშვნელოვანია ხმელთაშუაზღვის აფრიკულ სანაპიროზე სტრატეგიულად განლაგებულ, ნავთობის მარაგებით კონტინენტზე ყველაზე მდიდარ ლიბიაში დროშა ჩაარჭონ, მოლაპარაკებების საერთაშორისო მაგიდასთან ადგილი დაიმკვიდრონ და საკუთარი როლის მნიშვნელობა, შინ და გარეთ მაქსიმალურად წარმოაჩინონ. მათი ეს ტაქტიკაც არახალია. უბრალოდ, განსხვავებით სირიისგან, სადაც ბაშარ ასადმა, საკუთარი სულის გადასარჩენად ყველაფერი რუსეთს დაუთმო, ლიბიაში პოზიციების მოსაპოვებლად მნიშვნელოვანი ძალისხმევის გაღება მოუწევს. ამასთან, თურქეთის გარდა, ადგილზე მნიშვნელოვან როლს თამაშობენ: ჰაფთარის მხარეს ეგვიპტე, არაბთა გაერთიანებული საემიროები და საფრანგეთი, ხოლო სარაჯის ლეგიტიმურ ხელისუფლებას, თურქეთის გარდა იტალიაც აქტიურად უჭერს მხარს.

სწორედ, ეგვიპტეში მოუწია სასწრაფოდ “ჩარბენა“ ჰაფთარს და პრეზიდენტ, ალ სისის გვერდში საბრალო ნათესავივით ამოდგომა, ცალმხრივად ცეცხლის შეწვეტის გამოსაცხადებლად. ეგვიპტის პრეზიდენტმა ქაიროს დეკლარაცია გაასაჯაროვა და მოუწოდა ლიბიის ლეგიტიმურ ხელისუფლებას და მის მხარდამჭერებს სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებისკენ. რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ უქმეებზე მოხდა ეს მნიშვნელოვანი ამბავი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოადგილის დონეზე დაუყოვნებლივ მიესალმა ეგვიპტის პრეზიდენტის სამშვიდობო ინიციატივას.

ცხადია, მაშინ, როდესაც ლეგიტიმური ხელისუფლების შეიარაღებული ძალები შეტევაზე არიან გადასული; სულ ცოტა ხნის წინ არამარტო ტრიპოლი, არამედ მნიშვნელოვანი ქალაქი ტარხუნაც (მშვენიერი სახელი აქვს ამ დასახლებულ პუნქტს) გაათავისუფლეს და კიდევ უფრო სტრატეგიულ სირთეს უტევენ, ეგვიპტის პრეზიდენტის სამშვიდობო შეთავაზებაზე პასუხის გაცემას სარაჯის მთავრობაში არ იჩქარებენ. თუმცა, გარკვეულ ეტაპზე მოლაპარაკების მაგიდას მაინც მიუსხდებიან.

თურქეთისთვის მოვლენების ასეთი განვითარება ძალიან ხელსაყრელია. მისთვისაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ამ რეგიონში სტრატეგიული გავლენების მოპოვება. წარმატებები ლიბიაში, მომავალში ლიბიური ნავთობისა და გაზის მოპოვებაში და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში მონაწილეობის პერსპექტივით, უდავოდ ძალიან წაადგება, თურქეთის პრეზიდენტს პოლიტიკურად ქვეყნის შიგნით და მის გარეთ.

რა პოზიცია აქვს ამ დროს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელსაც ლიბიაში ელჩად ყოფილი ელჩი საქართველოში და ჩვენი ქვეყნის მეგობარი, რიჩარდ ნორლანდი ჰყავს? სტრატეგიულად ამერიკის შეერთებული შტატებისთვისაც აქვს გარკვეული დატვირთვა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ლიბიაში და ვინ იქნება დომინანტი რეგიონის ამ მნიშვნელოვან ქვეყანაში; არა იმდენად ნავთობის და გაზის მარაგების კუთხით, არამედ უფრო სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით (სხვათაშორის, სწორედ აშშ-ს “აფრიკომ“-ის სარდლობამ გვამცნო, რომ რუსული თვითმფრინავები ლიბიაში “გადაიპარნენ“). ოფიციალურ ვაშინგტონს ჰქონდა კომუნიკიაცია როგორც ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან, ისე აჯანყებულ ჰაფთართან. ზოგადად აშშ-ს მოქმედი ადმინისტრაციის სტრატეგიიდან გამომდინარე, რომელიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ, აშშ-სგან მოშორებით სამხედრო ყოფნის შემცირებაზეა ორიენტირებული, უნდა ვივარაუდოთ, რომ აშშ-ს ჩართულობა განსაკუთრებით მაღალი ხარისხის არ იქნება, მაგრამ მისი პრეფერენციები მაინც უფრო თურქეთის მხარდაჭერილი ოფიციალური ტრიპოლის სასარგებლოდ გადაიხრება.

ის, რომ აშშ-ს პრეზიდენტი წინასაარჩევნოდ რაც შეიძლება მეტი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის სახლში დაბრუნებისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს, კვირის ბოლოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაციიდანაც გახდა ცნობილი. კერძოდ, გავრცელებული ცნობებით, აშშ-ს პრეზიდენტმა გასცა განკარგულება, რომ გერმანიაში ამერიკული სამხედრო ყოფნა 30%-ით შემცირდეს და 10 ათასამდე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე სექტემბრისთვის სამშობლოში დაბრუნდეს. ბუნებრივია, ოპონონენტებმა დაუყოვნებლივ გააკრიტიკეს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და სტრატეგიული სამოკავშირეო ურთიერთობების ღალატში დაადანაშაულეს. გერმანიაში ასეთი მოსაზრებაც კი გაისმა, რომ დონალდ ტრამპის აღნიშნული გადაწყვეტილება იყო პასუხი ანგელა მერკელის უარზე დიდი შვიდეულის სამიტში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ჩემი მოკრძალებული აზრით, ეს ცოტა არ იყოს გულუბრყვილო მიდგომაა. შეიძლება, საერთო კონტექსტში კარგად ეწერება, მაგრამ აშშ-ს პრეზიდენტი უკვე ჟამიანობამდეც კი საუბრობდა ამ საკითხზე. სამწუხაროა, რომ აშშ-სა და გერმანიას შორის ურთიერთობები ნამდვილად შორს არის იდეალურიდან, რასაც კონკრეტული მიზეზები აქვს (ნორდსტრიმ 2, ნატო-ს დაფინანსება, ტარიფები და სხვ.). ნუ დავაბრალებთ მხოლოდ დონალდ ტრამპს. არც მისი წინამორბედის პრეზიდენტობის პერიოდში იყო სრული ურთიერთგაგება და იდილია ორმხრივ ურთიერთობებში. იმედია, ეს მდგომარეობა სწრაფად შეიცვლება, რაც ყველასთვის, მ.შ. ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

ასე და ამგვარად:

მაშინ, როდესაც უკვე რამდენიმე თვეა, მთელი მსოფლიო ეპიდემიას ებრძვის და მის შედეგად წარმოქმნილი უმძიმესი ეკონომიკური კრიზისის აღმოფხვრაზე ფიქრობს; მაშინ, როდესაც 25 მაისიდან მოყოლებული აშშ-სა და სხვა ქვეყნებში ათეულ ათასობით ადამიანი, ჯორჯ ფლოიდის პოლიციელების მიერ მკვლელობას სამართლიანად აპროტესტებს, ხოლო ხელისუფლებები რადიკალური ექსტრემისტების მიერ კარგად ორგანიზებულ დესტრუქციულ ქმედებებს ცდილობენ გაუმკლავდნენ, გეოპოლიტიკური მანევრები თავისი სვლით მიდის და კონკრეტული დაინტერესებული მხარეებისთვის კონკრეტულ შედეგებსაც იმკის.

ასეთია დღევანდელი მსოფლიო – ცხელი ზაფხულის ძალიან ცხელი ამბებით. კიდევ უფრო დაცხება!

გააზიარე