"ვარ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მკვლევარი, მოწვეული ლექტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, შავის ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტებში. დავიბადე 1989 წლის 10 აგვისტოს".

მოწევა - მიჯაჭვულობა თუ ფსიქოლოგიური ფაქტორი?

მოწევა - მიჯაჭვულობა თუ ფსიქოლოგიური ფაქტორი?

თამბაქოს მოწევა შეიძლება მივიჩნიოთ ერთ-ერთ ყველაზე დიდ ეპიდემიად, რის წინაშეც მსოფლიო საზოგადოება დგას. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, თამბაქოს მოწევისგან ყოველწლიურად დაახლოებით 6 მილიონი ადამიანი იღუპება, მათგან 5 მილიონზე მეტი მოდის უშუალოდ თამბაქოს მწეველებზე, ხოლო 600 000 ადამიანზე მეტი არამწეველი იღუპება თამბაქოს კვამლის ხშირად შესუნთქვით.  თამბაქო კლავს საკუთარი მომხმარებლების თითქმის ნახევარს. ასევე, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მსოფლიოს ერთი მილიარდი მწეველიდან 80% დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებზე მოდის.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანახმად, საქართველოში ყოველწლიურად თამბაქოსაგან გამოწვეული დაავადებებით 11 000 ადამიანი იღუპება, აქედან 3 000 პასიური მწეველია. 2010 წლის მონაცემებით, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის მიახლოებით 30% თამბაქოს მომხმარებელია. მამაკაცების 55%-ზე მეტი, ხოლო ქალების 5%-მდე მწეველია. აღსანიშნავია ისიც, რომ მწეველების მიერ სიგარეტის მოხმარება დღეში საშუალოდ 20 ღერს შეადგენს. რესპოდენტთა მიახლოებით 39%-მა კი კვლევის პერიოდამდე 12 თვის მანძილზე წარუმატებლად სცადა მოწევისათვის თავის დანებება.

მიუხედავად შემაშფოთებელი სტატისტიკისა, გამაფრთხილებელი წარწერებისა სიგარეტის კოლოფებზე, რომ „მოწევა კლავს“ და არაერთი თამბაქოს მოწევის საწინააღმდეგოდ ჩატარებული ღონისძიებისა, მწეველთა რიცხვი არ მცირდება. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მწეველთა უმრავლესობას სურს (ყოველშემთხვევაში ამბობს, რომ სურს) მოწევისათვის თავის დანებება რიგი მიზეზების გამო (ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მიზეზები, სიგარეტის ფასთან დაკავშირებული მიზეზები და სხვა), თუმცა უჭირთ, რადგან მოწევა იწვევს მიჯაჭვულობას.

რატომ იწვევს მოწევა შეჩვევას? პასუხი ნიკოტინშია. ნიკოტინი სიგარეტის შემადგენელი ერთ-ერთი ნივთიერებაა, რომელიც შეიწოვება ფილტვების მიერ და გადადის სისხლძარღვებში კვამლის შესუნთქვისთანავე. ნიკოტინი წარმოადგენს ფსიქოაქტიურ ნივთიერებას, რომელიც ტვინის სტიმულატორია. მას გააჩნია დამამშვიდებელი ეფექტი, განსაკუთრებით სტრესის დროს და გავლენას ახდენს ჰორმონალურ და სხეულის სხვა სისტემებზე. ასევე, ნიკოტინის დოზა, რომელსაც სიგარეტი შეიცავს იწვევს ტვინში ე.წ. „სიამოვნების რეცეპტორების“ აქტივაციას, რითაც შეიძლება აიხსნას ის სიამოვნება და მიჯაჭვულობა, რასაც მოწევა იწვევს.

კვლევების ნაწილი კი ამტკიცებს, რომ მოწევის სურვილს იწვევს არაფარმაკოლოგიური ფაქტორები (არა ნიკოტინზე დამოკიდებულება). კვლევების თანახმად, მოწევის სურვილს ამწვავებს მოწევასთან დაკავშირებული მინიშნებების ხილვა და მოწევის მოლოდინი. მოწევასთან დაკავშირებული მინიშნებები მოიცავს: სიგარეტით მანიპულირებას ან მოწევასთან დაკავშირებული ობიექტების ხილვას, რაც აღძრავს მოწევის მოლოდინს და ამძაფრებს მოწევის სურვილს.

ერთ-ერთი ასეთი კვლევა ჩატარდა თელავივის უნივერსიტეტში დარის, როზენ-კორაკინის და შაპირას მიერ 2010 წელს. მკვლევარებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, როლმის ფარგლებშიც შეირჩა 53 მონაწილე: 38 ქალი და 15 მამაკაცი. მონაწილეებმა განახორციელეს ორი ფრენა, ერთი მოკლე (3-5.5 საათის ხანგრძლივობის), მეორე კი გრძელი ფრენა (8-13 საათის ხანგრძლივობის). ავიახაზების რეგულაციების თანახმად, ფრენის დროს მოწევა იკრძალებოდა. მონაწილეების საშუალო მონაცემები შემდეგი სახის იყო: საშუალოდ ეწეოდნენ დღეში 12 ღერ სიგარეტს, მწეველობის საშუალო ხანგრძლივობა შეადგენდა 11 წელს და საშუალოდ თითოეულ მათგანს მიახლოებით 2-ჯერ ჰქონდა მოწევისათვის თავის დანებების მცდელობა. მონაწილეებს დაურიგდათ კითხვარები, სადაც უნდა მიეთითებინათ მომენტები, როდესაც ფრენის განმავლობაში მათი მოწევის სურვილი გამძაფრდებოდა. პირველი შეფასება მათი მოწევის სურვილის და თუ რამდენად სტერსული იყო მათთვის ფრენა, ვანაიდან მოწევა არ შეეძლოთ განხორციელდა პირველი კვების შემდეგ, მეორე შეფასება განხორციელდა მეორე კვების შემდეგ, ხოლო მესამე შეფასება განხორციელდა, როდესაც თვითმფრინავი მიწაზე დაეშვა.

კვლევამ ცხადყო, რომ მოწევის სურვილის გამძაფრება დამოკიდებული იყო არა დროის ხანგრძლივობაზე, თუ რა დრო გავიდა ბოლო ღერის მოწევიდან, არამედ იმაზე თუ რა დრო რჩებოდა მოწევის შესაძლებლობამდე. რაც უფრო უახლოვდებოდა თვითმფრინავი დასაჯდომ ბილიკს, ჩნდებოდა მინიშნება იმისა, რომ მალე მოწევა ნებადართული იქნებოდა, რაც ამძაფრებდა მოწევის სურვილს. მიუხედავად იმისა თუ რა ხანგრძლივობის იყო ფრენა, მოკლევადიანი თუ გრძელვადიანი, მონაწილეებს ნაკლებად აღენიშნებოდათ სიგარეტის მოწევის სურვილი ფრენის განმავლობაში, სურვილი წარმოიშვებოდა და მძაფრდებოდა დაშვების დროსთან მიახლოებისას. აღნიშნულ შედეგებზე დაყრდნიბით, მკვლევარები ვარაუბოდენ, რომ მოწევა უფრო მეტად წარმოადგენს ფსიქოლოგიურ ფაქტორს და არა ფიზიკურ მოთხოვნილებას, რადგან მწეველებს, მოწევის მძაფრი სურვილი უჩნდებოდათ მხოლოდ მოწევასთან დაკავშირებული მინიშნებებისა და მოლოდინების არსებობის შემთხვევაში და არა გარკვეული პერიოდულობით/დროის ხანგრძლივობით, რომელიც გადიოდა ბოლო მოწეული სიგარეტის ღერიდან.

გააზიარე