ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელობა საქართველოსთვის

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელობა საქართველოსთვის

საქართველოს მსგავსი მცირე ზომის გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას. ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შედინება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, რომელთაგან აღსანიშნავია: ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, ფინანსური ლიბერალიზაციის დონე, ინფრასტრუქტურის განვითარების დონე, წარმოების ფაქტორების ფასები, ინსტიტუციური და საკანონმდებლო გარემო, საგადასახადო სისტემის სიმარტივე და გამჭვირვალობა, ეკონომიკური  და პოლიტიკურისტაბილურობა.

გარე და შიდა ფაქტორების გავლენით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა წლიდან წლამდე ცვალებადობას განიცდის. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2014 წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა 1 273 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და 35%-ით გადააჭარბა 2013 წლის დაზუსტებულ მონაცემს. 2015 წლის პირველ კვარტალში კი საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 175.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 34%-ით ნაკლებია 2014 წლის ანალოგიური პერიოდის წინასწარ მონაცემზე.

აღსანიშნავია 2015 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემომავალი ნაკადების მოცულობის ზდა. ამ მაჩვენებელმა 444 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2014 და 2013 წლის პირველი კვარტლების მონაცემებზე (შესაბამისად 9% და 0.2%-ით მეტია). მაგრამ, 2015 წლის პირველ კვარტალში 269 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა ინვესტორის მიმართ ვალდებულების შემცირების მაჩვენებელიც (იგულისხმება დივიდენდების გაცემა, სავაჭრო კრედიტის დავალიანების დაფარვა, სესხისა და პროცენტის თანხის გადახდა).

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, * წინასწარი მონაცემი

2015 წლის პირველ კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის მიხედვით, აზერბაიჯანი ლიდერობს (34%), საიდანაც 59 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა,  მეორე ადგილზეა თურქეთი 27 მლნ აშშ დოლარით (15%), ხოლო მესამე ადგილს  რუსეთი იკავებს 23 მლნ აშშ დოლარით (13%).

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

 

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობის სექტორზე მოდის, სადაც 146 მლნ აშშ დოლარი სმოცულობის ინვესტიცია განხორციელდა (მთლიანი ინვესტიციების 83.4%), მას მოჰყვება მშენებლობა – 24 მლნ აშშ დოლარით (13.7%), სამთომოპოვებითი მრეწველობა 18 მლნ აშშ დოლარი (10.3%),  სასტუმროები და რესტორნები – 17 მლნ აშშ დოლარი (9.7%) და ენერგეტიკა –  11 მლნ აშშ დოლარი(6.3%). საბანკო სექტორში, 2015 წლის I კვარტალში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები უარყოფითი ნიშნით დაფიქსირდა (-18 მლნ. აშშ დოლარი), ხოლო უძრავი ქონების სექტორში ინვესტიციების უარყოფითმა მაჩვენებელმა 10 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

როგორც უკვე აღინიშნა 2015 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის მნიშვნელოვანი შემცირება დაფიქსირდა, ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე ფულადი გზავნილებისა და ექსპორტის მკვეთრ შემცირებასთან ერთად, ინვესტიციების მოცულობის შემცირებაც იქონიებს უარყოფით გავლენას. თუმცა აღსანიშნავია, რომ პირველი კვარტლის მონაცემი არ არის წარმომადგენლობითი მაჩვენებელი და რთულია 2015 წელზე მხოლოდ ამ მონაცემით რაიმე დასკვნის გაკეთება.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შედეგად, საქართველო ლიბერალიზაციის უფრო მაღალ საფეხურზე გადადის, ეს ფაქტი ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ უნდა იქნას გამოყენებული. კერძოდ, მომავალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის გაზრდისთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გამოყენებით  ქართული ექსპორტისთვის ბაზრების დივერსიფიკაცია, რადგან ქართული ექსორტის წახალისება მოხდეს, რაც, თავის მხრივ, გაზრდის ინვესტორთა ნდობას. საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანახმად, საქართველოს მომავალი ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია სწორედ მომხმარებლებისა და ინვესტორების ნდობის გაძლიერება.

გააზიარე