"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

როგორ გამდიდრდა ამანსიო ორტეგა?

როგორ გამდიდრდა ამანსიო ორტეგა?

შესაძლოა ამანსიო ორტეგაზე საქართველოში ბევრს არ სმენია, მაგრამ ბევრმა იცის მისი ყველაზე ცნობილი და წარმატებული ბიზნესი – ტანსაცმლის მაღაზია “ზარა“. 

ორტეგა 77 მილიარდი დოლარის ქონებას ფლობს და სიმდიდრით მსოფლიოში მეექვსეა. მას მხოლოდ ბეზოსი, არნო, გეითსი, ბაფეტი და ზაკერბერგი უსწრებენ. 2017 წელს ორტეგა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სათავეშიც კი მოექცა, როცა მისმა ქონებამ 85 მილიარდი დოლარი შეადგინა და ბილ გეითს გადაასწრო.

“ზარას“ გარდა ამანსიო ორტეგას საკუთრებაა “მასიმო დუტი“, “ფულ ენდ ბეარი“, “ბერშკა“, “ოიშო“ და “სტრადივარიუსი“ და სხვა ბრენდები. ასევე, უძრავ ქონებას ფლობს მადრიდში, ბარსელონაში, ლონდონში, ჩიკაგოში, მაიამში და ნიუ იორკში.

ამანსიო 1936 წელს ესპანეთში, სოფელ ბუზდონგო-დე-არბასში, მრავალშვილიან ღარიბ ოჯახში დაიბადა. სოფელში სულ 100-მდე ადამიანი ცხოვრობდა. მამა რკინიგზაზე მუშად მუშაობდა, დედა კი დამლაგებელი იყო. სკოლაში სწავლა 14 წლის ასაკში შეწყვიტა და ტანსაცმლის პატარა მაღაზიაში გამყიდველად დაიწყო მუშაობა, სადაც ტანსაცმლის კერვაც ისწავლა. შემდეგ მდიდარ კლიენტებზე ორიენტირებულ ტანსაცმლის მაღაზიაში გადავიდა სამუშაოდ. მას ყველაფერთან მოუწია შეხება, რაც კი ტანსაცმელს უკავშირდება: მოდელირება, ჭრა-კერვა, ფასწარმოქმნა და ა.შ. ყოველთვის ოცნებობდა ტანსაცმლის საკუთარი მაღაზია ჰქონოდა, მაგრამ ამ მიზნის მისაღწევად ბევრი შრომა და წელი დასჭირდა.

1953 წლიდან ერთ-ერთ მაღაზიაში მენეჯერად მუშაობდა, სადაც 10 წელი გაატარა. 1963 წელს, 27 წლის ორტეგამ საკუთარი მაღაზია “გოა“ გახსნა, რომელიც საოჯახო ბიზნესი იყო. ამანსიო მოდური ტრენდების განვითარებაზე იყო პასუხისმგებელი, მისი ძმა კომერციულ საკითხებს ხელმძღვანელობდა, და კი ბუღალტერიას. ამანსიოს ბიზნეს პარტნიორი როზალია მერა იყო, რომელიც 1966 წელს მისი მეუღლე გახდა.

“გოა“ შედარებით დაბალფასიანი ტანსაცმლის წარმოებით გამოირჩეოდა. დაბალი ფასი კი დანახარჯების მინიმიზაციით იყო მიღწეული. ბიზნესი საკმაოდ წარმატებით გამოსდიოდა და ახალ ქარხნებს ხსნიდა ან ყიდულობდა. 1975 წელს ქალაქ ლა კორუნაში ახალი მაღაზია “ზორბა“ გახსნა, რომელსაც სახელი საყვარელი ფილმის (“ბერძენი ზორბა“) მიხედვით შეურჩია. აღმოჩნდა, რომ “ზორბა“ უკვე ერქვა ამავე ქალაქში ერთ-ერთ ბარს და ამიტომ მაღაზიის სახელი “ზარად“ გადააკეთა.

1980-იანი წლების დასაწყისში “ზარას“ მაღაზიები ესპანეთის ბევრ ქალაქში გამოჩნდა. მის წარამტებას განაპირობებდა ის, რომ მისი პროდუქცია გაცილებით ხელმისაწვდომი იყო ყველა ფენისათვის, ვიდრე სხვა ცნობილი ბრენდები.

1988 წელს ორტეგამ ახალი კომპანია “ინდიტექს გრუპი“ დააარსა, სადაც შემდგომში მისი ყველა ბრენდი გაერთიანდა. ამავე წელს,“ზარას“ პირველი მაღაზია გახსნა საზღვარგარეთ, კერძოდ პორტუგალიაში. 1989 წელს “ზარა“ აშშ-შიც გამოჩნდა, 1998 წელს ლონდონში.

1991 წელს “ზარას“ “ფულ ენდ ბეარი“ და “ მასიმო დუტი“ შეემატა, 1994 წელს “სტრადივარიუსი“, 1998 წელს “ბერშკა“, 2000 წელს “ოიშო“. 2000 წელს უკვე 30 ქვეყანაში იყო ორტეგას მაღაზიები.

მისი ბიზნესის წარმატების მთავარი გასაღები არის: მიაწოდო მომხმარებელს ის რაც სურს, რაც შეიძლება სწრაფად. მაგალითად, “ზარა“ ყოველწლიურად 12 ათასამდე ახალ დიზაინს ავითარებს, მაღაზიებში ახალი ტანსაცმელი კვირაში ორჯერ შეაქვს. მისი მაღაზიების ქარხნები არასდროს ჩერდებიან, დასაქმებულები ცვლაში მუშაობენ, რომ ყოველ 48 საათში ახალი ტანსაცმელი შეიკეროს. მის ქარხნებს ნავთობის ჭაბურღილებს ადარებენ. ორტეგას იმპერიის დიზაინერები დღეში საშუალოდ 3 ახალ დიზაინს ქმნიან.

“ინდიტექსს“ დღეს მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში 7 ათასზე მეტი მაღაზია აქვს. დასაქმებული ჰყავს 165 ათასი ადამიანი. კომპანიის წლიური შემოსავალი კი 25 მილიარდ დოლარამდეა.

2001 წელს ამანსიო ორტეგამ დაარსა ფონდი “ამანსიო ორტეგა“, რომელიც კულტურულ ღონისძიებებს, სამეცნიერო კვლევებს და განათლებას აფინანსებს.

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა