"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

როგორ გამდიდრდა “ბალენსიაგა“?

როგორ გამდიდრდა “ბალენსიაგა“?

2019 წელს “ბალენსიაგას“ შემოსავალმა 1 მილიარდ ევროს გადააჭარბა და ტანსაცმლის და აქსესუარების ბრენდებს შორის შემოსავლის მიხედვით ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ბრენდად დასახელდა. მოდის სიახლეებზე მომუშვე ონლაინ მედია “ბალენსიაგას“ წარმატებას 2015 წელს კომპანიაში, დემნა გვასალიას მისვლას უკავშირებენ, რომელსაც შემოქმედებითი დირექტორის თანამდებობა უკავია.

“ბალენსიაგას“ ბრენდი დღეს ფრანგულ ჰოლდინგს “კერინგს“ ეკუთვნის, რომლის შემოსავალმა 2019 წელს 16 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამავე ჰოლდინგს ეკუთვნის “გუჩი“, “ივ სენ ლორანი“, “ბუჩერონი“, “ალექსანდერ მაკქუინი“ და სხვა 10 ბრენდი. ჰოლდინგში შემავალ ბრენდებს შორის “ბალენსიაგაზე“ მეტი შემოსავალი მხოლოდ “გუჩის“ და “ივ სენ ლორანს“ აქვს.

1917 წელს 22 წლის ესპანელმა დიზაინერმა, კრისტობალ ბალენსიაგამ პირველი ბუტიკი გახსნა ესპანეთში, ქალაქ სან სებასტიანში. კრისტობალის დედა მკერავი იყო და მისგან ისწავლა ტანსაცმლის შეკერვა, 11 წლის უკვე კარგად კერავდა. 1922 წელს, მადრიდში და ბარსელონაშიც გახსნა მაღაზიები. მის მიერ შეკერილი ტანსაცმელი პოპულარული გახდა ესპანეთის სამეფო ოჯახში და არისტოკრატიაში. ბიზნესი სწრაფად ვითარდებოდა, მაგრამ ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს მაღაზიების დაკეტვა მოუწია, 1937 წელს პარიზში გადავიდა საცხოვრებლად და სამუშაოდ. პარიზშივე გახსნა “ბალენსიაგას“ ბრენდის ბუტიკი.

პარიზში “ბალენსიაგამ“ პოპულარობა მალე მოიპოვა. წარმატების მთავარი მიზეზი მოდაში რევოლუციური სიახლეების შემოტანა იყო. ამ დროს ცნობილი ბრენდები ქალური სილუეტის ტანსაცმელს კერავდნენ, გამოკვეთილი წელით, ბალენსიაგამ კი განიერი ფორმების კაბები შემოიტანა.

“ბალენსიაგა“ სულ უფრო იმკვიდრებდა ადგილს არასტანდარტული დიზაინითა და თავისუფალი სტილით. თუმცა, წარმატების პირველი ეტაპი 1972 წელს დასრულდა, როდესაც კრისტობალ ბალენსიაგა გარდაიცვალა. მომდევნო 25 წელი ბრენდისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. ამბობდნენ, რომ ბრენდი კრისტობალთან ერთად მოკვდა. 1986 წლამდე კომპანია ფაქტობრივად დახურული იყო.

1997 წელს, “ბალენსიაგას“ შემოქმედებითი დირექტორი ფრანგი დიზანერი, ნიკოლა გესქეიერი გახდა, რომელსაც ეს პოზიცია 15 წელი ეკავა. ის აქცენტს კონტრასტულ სილუეტებზე აკეთებდა. გესქეიერს 2 წელი მხოლოდ ბრენდის ყურადღების ცენტრში დაბრუნებისთვის დაჭირდა. რამოდენიმე წელიწადში ბრენდის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გამოსწორდა და  2001 წელს “ბალენსიაგას “ბრენდი“ ფრანგულმა კომპანია “კერინგმა“ შეისყიდა. 2013 წელს ნიკოლა გესქეიერმა “ლუი ვიტონის“ შემოქმედებითი დირექტორის პოზიცია დაიკავა.

“ბალენსიაგაში“, გესქეიერი ამერიკელმა დიზაინერმა, ალექსანდრ ვეგნმა ჩაანაცვლა, რომელსაც 2015 წლამდე ეკავა შემოქმედებითი დირექტორის პოზიცია. მისმა ნამუშევრებმა დიდი მოწონება ვერ დაიმსახურა, ბრენდი ისევ დავიწყებას ეძლეოდა, ამიტომ დაახლოებით სამ წელიწადში დატოვა პოსტი.

2015 წლის 15 ოქტომბრიდან, “ბალენსიაგას“ შემოქმედებითი დირექტორი ქართველი დიზაინერი, დემნა გვასალია ხდება. გვასალიამ პირველი ჩვენება 2016 წლის გაზაფხულზე მოაწყო და დიდი მოწონება დაიმსახურა. დებიუტიდან 6 თვეში “ბალენსიაგა“ პოდიუმზე აქტიურად დაბრუნდა. ამერიკის მოდის საბჭომ, დემნა 2016 წლის საერთაშორისო დიზაინერად დაასახელა.  გვასალიამ ბრენდის ისტორიაში პირველად წარადგინა მამაკაცის ტანსაცმელი. კრისტობალ ბალენსიაგას შემდეგ, ფაქტობრივად, გვასალიამ პირველად დააბრუნა “ბალენსიაგა“ მაღალ მოდაში. წარმატება კომპანიის შემოსავლებშიც აისახა, 2019 წელს ბრენდმა რეკორდული შემოსავალი გამოიმუშავა. მოსალოდნელია, რომ “გუჩის“ შემდეგ “ბალენსიაგა“ ჰოლდინგ “კერინგის“ ბრენდებს შორის ყველაზე მაღალშემოსავლიანი გახდება.

 

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა