"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

როგორ გამდიდრდა ბილ გეითსი?

როგორ გამდიდრდა ბილ გეითსი?

ბილ გეითსის ქონება 105 მილიარდი აშშ დოლარია და მსოფლიოში მასზე მდიდარი მხოლოდ, ჯეფ ბეზოსია, რომელსაც 145 მილიარდი აშშ დოლარის ქონება აქვს. გეითსმა 36 მილიარდი დოლარის შენატანით, ბილ და მელინდა გეითსების სახელობის საქველმოქმედო ფონდი დაარსა, რომელშიც დღეს 47 მილიარდი დოლარია მობილიზებული. ბილი და მისი მეუღლე მელინდა, მსოფლიოს უმსხვილესი ქველმოქმედები არიან. კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად 300 მლნ დოლარი გამოყვეს.

ბილ გეითსი 1955 წელს აშშ-ში, ქალაქ სიეტლში დაიბადა. ბილ გეითსის მამა ცნობილი იურისტი იყო, ხოლო დედა ბანკში მუშაობდა მაღალ თანამდებობაზე. ბილი პრესტიჟულ კერძო სკოლაში სწავლობდა, სადაც 13 წლისამ პირველად დაწერა კომპიუტერული პროგრამა. ეს იყო მარტივი კომპიუტერული თამაში. სკოლაში გაიცნო მისი მომავალი ბიზნესპარტნიორი, პოლ ალენი. მასთან და კიდევ ორ მოსწავლესთან ერთად სკოლაში პროგრამირების კლუბი ჩამოაყალიბა. 15 წლის ბილ გეითსმა უკვე პროგრამირების რამდენიმე ენა იცოდა.

1972 წელს, 17 წლის გეითსმა, პოლ ალენთან ერთად კომპანია Traf-O-Data დაარსა, რომელიც ინფორმაციის მოძრაობას აღრიცხავდა ინტელის პროცესორებში. 1973 წელს, ბილმა სკოლა წარჩინებით დაასრულა და ეროვნული ღირსების სტიპენდია მიიღო. SAT-ის ტესტში მაქსიმალური, 1600 ქულიდან 1590 ქულა აიღო და ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩაირიცხა. მშობლების გავლენით სამართლის სპეციალობაზე ჩააბარა, მაგრამ დამატებით მათემატიკის და კომპიუტერული მეცნიერებების კურსებიც აირჩია. ჰარვარდში გაიცნო სტივ ბალმერი, მისი მომავალი ბიზნეს პარტნიორი.

ბილმა, მეორე კურსის დასრულების შემდეგ ჰარვარდში სწავლა შეწყვიტა. მშობლები გაგებით მოეკიდნენ მის გადაწყვეტილებას, რადგან ხედავდნენ მის უდიდეს ნიჭს პროგრამირებაში და სურვილს, დაეფუძნებინა საკუთარი კომპანია. ბილმა პირობა დადო, თუ ბიზნესში არ გაუმართლებდა, ჰარვარდში სწავლას დაუბრუნდებოდა. თუმცა, ის ჰარვარდში სასწავლებლად აღარასდროს დაბრუნებულა.

1975 წელს ბილ გეითსმა და მისმა სკოლის მეგობარმა პოლ ალენმა, კომპანია “მაიკროსოფტი“ დაარსეს. პირველ წარმატებას პროგრამირების ენის BASIC-ის განვითარებით მიაღწიეს. მათ “მაიკროსოფტის“ პროგრამებს თანდათან მეტი მომხმარებელი ჰყავდა. გეითსი უშუალოდ თვითონ წერდა/ანახლებდა პროგრამირების კოდებს.

ამ პერიოდში კომპიუტერების მწარმოებელი ყველაზე დიდი კომპანია IBM იყო, რომელმაც 1980 წელს “მაიკროსოფტთან“ თანამშრომლობა დაიწყო. მის პერსონალურ კომპიუტერებს “მაიკროსოფტის“ პროგრამების გამოყენებით უნდა ემუშავა. ეს გარიგება უმნიშვნელოვანესი იყო ბილ გეითსის მომავალი წარმატებისთვის. IBM-ისთვის შექმნა პირველი ოპერატიული პროგრამა 86-DOS. IBM-თან თანამშრომლობამ “მაიკროსოფტი“ პატარა კომპანიიდან, მსოფლიოს წამყვან პროგრამირების კომპანიად აქცია. ოპერაციული სისტემის MS-DOS-ის შექმნამ კი “მაიკროსოფტს“, კიდევ მეტი წარმატება მოუტანა.

1985 წლიდან გეითსმა, Microsoft Windows-ის გაყიდვა დაიწყო, დღემდე ყველაზე მეტად მოხმარებადი ოპერაციული სისტემა.

გეითსის სიმდიდრე, “მაიკროსოფტის“ წარმატების პარალელურად იზრდებოდა. მილიარდერი, 1986 წელს, 31 წლის ასაკში გახდა, როდესაც კომპანიის აქციები საფონდო ბირჟაზე გაყიდა. 1993 წელს, უკვე თვეში მილიონზე მეტი Windows-ი იყიდებოდა.

2003 წლამდე მისი ქონება, 10 მილიარდი დოლარის ფარგლებში მერყეობდა, შემდეგ კი სწრაფად დაიწყო ზრდა, რაც მსოფლიოში კომპიუტერების გამოყენების ფართოდ გავრცელებამ განაპირობა. 2008 წლისთვის მისმა ქონებამ 60 მილიარდ დოლარს მიაღწია. 2017 წალმდე მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ტიტულს, ბილ გეითსი თითქმის არ თმობდა. შემდეგ კი, ჯეფ ბეზოსმა მნიშვნელოვნად გაუსწრო.

2006 წლიდან გეითსმა “მაიკროსოფტის“ აქციების გაყიდვა დაიწყო. 2008 წლიდან კომპანიის მართვას თანდათან ჩამოშორდა და 2018 წელს სრულად დატოვა დირექტორთა საბჭო. მთლიანად გადაერთო საქველმოქმედო საქმიანობაზე.

დღეს, “მაიკროსოფტის“ აქციების 1%-ს ფლობს, მისი ქონება ძირითადად სხვადასხვა კომპანიების აქციებში და უძრავ ქონებაშია თავმოყრილი.

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა