"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".
როგორ გამდიდრდა დონალდ ტრამპი
ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ქონება Forbes’ Real Time Billionaire Rankings-ის მიხედვით, 3.1 მილიარდი დოლარია. სიმდიდრით ტრამპი მსოფლიოში 771-ე ადგილზეა.
ტრამპი ამერიკის ისტორიაში ყველაზე მდიდარი და ერთადერთი მილიარდერი პრეზიდენტია.
გაპრეზიდენტებამდე ტარმპის ქონება 3-დან 4 მილიარდ დოლარს შორის მერყეობდა. ეს საკმოდ დიდი სიმდიდრეა, მაგრამ ის არასდროს ყოფილა ამერიკის უმდიდრეს 20 ადამიანს შორისაც კი. თუმცა, ის ყოველთვის გაცილებით ცნობილი პიროვნება იყო ამერიკაში, ვიდრე მასზე გაცილებით მდიდარი ბევრი მილიარდერი.
პრეზიდენტობამდე მისი პოპულარობის მთავარი მიზეზი მისი ხასიათი, საჯაროობა, ნიუ-იორკში, მეხუთე ავენიუზე განთავსებული 202 მეტრის სიმაღლის ცათამბჯენი “ტრამპ თაუერი” და ტელევიზია “ენბისი”-ის რეალითი შოუ – “შეგირდი”იყო. 2003-2015 წლებში ის “შეგირდის” პირველი 14 სეზონის წამყვანი და პროდიუსერი იყო, საიდანაც 214 მლნ დოლარი გამოიმუშავა.
დონალდ ტრამპი 1946 წლის 14 ივნისს ნიუ-იორკში დაიბადა. მისი სრული სახელი და გვარი დონალდ ჯონ ტრამპია. მამამისი ფრედერიკ ტრამპი უძრავი ქონების წარმატებული დეველოპერი იყო. ფრედერიკის მშობლები კი გერმანელი ემიგრანტები იყვნენ. ტრამპის დედა შოტლანდიაში დაბადებული მერი ენ მაკლაოდი იყო, რომელიც აშშ-ში 17 წლის ასაკში ჩავიდა.
ტრამპმა კერძო სკოლა, ნიუ-იორკის სამხედრო აკადემია დაამთავრა. 1964 წელს ფორდამის უნივერსიტეტში დაიწყო ეკონომიკის სწავლა, საიდანაც ორ წელიწადში პენსილვანიის უნივერსიტეტში გადავიდა. უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად ოჯახის ბიზნესის საქმეებით იყო დაკავებული.
დონალდ ტრამპმა სამჯერ იქორწინა. მისი მესამე და ამჟამინდელი ცოლი სლოვენიელი მოდელი მელანია ტრამპია. ტრამპს სამივე ცოლთან ერთად ჯამში 5 შვილი ჰყავს.
ტრამპების ოჯახი საკმაოდ მდიდარი იყო. როდესაც დონალდმა უნივერსიტეტი დაამთავრა, მას ოჯახური ბიზნესიდან ყოველწლიურად დაახლოებით მილიონი დოლარის შემოსავალი ჰქონდა. “ნიუ-იორკ თაიმზის” შეფასებით, დონალდ ტრამპმა მამის უძრავი ქონების იმპერიისგან ჯამში 413 მლნ დოლარის სიმდიდრე მიიღო. თუმცა, თავად ტრამპი ამბობს, რომ მამისგან მხოლოდ მილიონი დოლარი მიიღო სესხად, რომელიც მოგვიანებით დაუბრუნა.
ფრედერიკ ტრამპის კომპანიას “ელიზაბეთ ტრამპ & სან” ერქვა, რომლის მართვა დონალდმა 1971 წლიდან გადაიბარა და კომპანიას ახალი სახელი – “ტრამპ ორგანაიზეიშენ” დაარქვა. კომპანია ძირითადად ნიუ-იორკის ძვირიან უბნებში სახლების აშენებით, გაყიდვით და გაქირავებით იყო დაკავებული. მამისგან განსხვავებით ტრამპისთვის სამიზნე მანჰეტენის უძრავი ქონების ბაზარი იყო.
1982 წელს დონალდ ტარმპი ამერიკული ფორბსის რეიტინგებში გამოჩნდა 200 მლნ დოლარის სიმდიდრით.
1979-1983 წლებში მან “ტრამპ თაუერი” ააშენა, რომელიც 300 მლნ დოლარი დაჯდა და ტრამპის უძრავი ქონების იმპერიის სავიზიტო ბარათი გახდა.
1990-იანი წლების დასაწყისში ტრამპი გაკოტრების პირას იყო და ქონების ნაწილის გაყიდვა მოუწია. კრიზისის დაძლევაში მას ძალიან დაეხმარა 1995 წელს 1 მლნ დოლარად შეძენილი მანჰეტენის ბანკის ძველი შენობა, რომლის რესტავრაციაზე 10 მლნ დოლარი დახარჯა. ამ შენობის გაქირავებიდან მან 160 მლნ დოლარი იშოვა, 2006 წელს კი “ფორბსმა” ეს შენობა 260 მლნ დოლარად შეაფასა.
2000-იანი წლებიდან დაწყებულმა უძრავი ქონების ბუმმა ტრამპის ქონება სწრაფად გაზარდა. ტრამპის 3.1 მილიარდი დოლარის ქონების დიდ ნაწილს დღესაც ნიუ-იორკის უძრავი ქონება წარმოადგენს. ის ასევე ფლობს გოლფის მოედნებს და ღვინის ქარხანას. გაპრეზიდენტების შემდეგ ტრამპმა ბიზნესი სამართავად ორ უფროს შვილს, დონალდ ჯუნიორს და ერიკს გადააბარა.
დონალდ ტრამპი პოლიტიკაში პასიურად 1987 წლიდან ჩაერთო, როცა რესპუბლიკური პარტიის წევრი გახდა. 1999 წელს ის რეფორმის პარტიაში გადავიდა, 2001 წელს კი დემოკრატიულ პარტიაში. 2009 წელს რესპუბლიკურ პარტიაში დაბრუნდა. 2010 წლამდე ის თანხას რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატებსაც სწირავდა და დემოკრატების კანდიდატებსაც. პრეზიდენტობა 2000 წელსაც უნდოდა, მაგრამ დაბალი რეიტინგის გამო, საბოლოო საპრეზიდენტო მარათონში არ ჩაერთო.
2016 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა დემოკრატების კანდიდატი ჰილარი კლინტონი დაამარცხა და ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი გახდა. ის პრეზიდენტობას მეორე ვადითაც აპირებს და 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ივნისი 25, 2024
- on მაისი 17, 2024
- on მაისი 8, 2024
- on აპრილი 23, 2024
- on აპრილი 10, 2024
- on მარტი 26, 2024
- on მარტი 19, 2024
- on მარტი 7, 2024