"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

როგორ გამდიდრდა კომპანია “კოკა-კოლა“?

როგორ გამდიდრდა კომპანია “კოკა-კოლა“?

The Coca-Cola Company 1892 წლიდან არსებობს, სასმელი კოკა-კოლა კი 1886 წლის 8 მაისს შეიქმნა. 2018 წელს კომპანიის შემოსავალმა 32 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, მოგებამ კი 9 მილიარდი დოლარი.

ქალაქ ატლანტაში, 1886 წელს ქიმიკოსმა და ფარმაცევტმა ჯონ პემბერტონმა ტკბილი სიროფი დაამზადა, რომლის ძირითადი ინგრედიენტი ტროპიკული მცენარე კოლას თესლი იყო. სიროფს სამედიცინო დანიშნულება ჰქონდა, მას მატრონიზირებული, გამაჯანსაღებელი, ნერვული გაღიზიანების და თავის ტკივილის მოხსნის დანიშნულება ჰქონდა. ჯონმა თავისი გამოგონება გასაყიდად შესთავაზა ქალაქში ყველაზე დიდ აფთიაქს – Jacobs’ Pharmacy, სადავ სიროფს გაზიანი წყალი შეურიეს და ჭიქა 5 ცენტად წარმატებით იყიდებოდა.

დასახელება “კოკა-კოლა“ და წარწერის ცნობილი შრიფტი პემბერტონის პარტნიორმა და ბუღალტერმა ფრენკ რობინსონმა შექმნა.

პემბერტონმა მისი შექმნილი სასმელის პოტენციალი სათანადოდ ვერ შეაფასა და 1888 წლამდე კომპანიის წილი სრულად გაყიდა.

1889 წელს კოკა-კოლას დამზადების ფორმულა აზა გენდლერმა შეიძინა და 3 წელიწადში სააქციო კომპანიაც დააარსა, რომლის საწყისი კაპიტალი 100 ათასი დოლარი იყო. თავიდანვე კომპანიის ძლიერი მხარე მარკეტინგი იყო, მრავალფეროვანი სარეკლამო კამპანია ჰქონდა. იმდენიც კი მოახერხა, რომ სანტა-კლაუსი ბრენდულ ფერებში შემოსა და კომპანიის სარეკლამო სახე გახადა. ფოსტით კოკა-კოლას უფასო მცირე პორციები და კომპანიის სავაჭრო ნიშნის გამოსახულებიანი სუვენირები მისდიოდა მოსახლეობას. კომპანიის ლოგო იბეჭდებოდა ჟურნალების გარეკანებზე და ქუჩებში დიდ პალაკატებზე იყო გამოფენილი. კოკა-კოლა ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სასმელი გახდა.

ბოთლებში ჩამოსხმული კოკა-კოლა პირველად 1894 წელს გამოჩნდა. ამავე წელს სასმელის მეორე ქარხანა გაიხსნა ტეხასის შტატში. 1900 წელს 1.7 მილიონი ლიტრი კოკა-კოლა გაიყიდა. იხსნებოდა ახალი ქარხნები, მათ შორის კანადაშიც.

1903 წლამდე ერთი ჭიქა კოკა-კოლა 9 მილიგრამ კოკაინს შეიცავდა, რაც კანონის მოთხოვნით ამოიღეს შემადგენლობიდან.

1919 წელს კომპანია 25 მილიონ დოლარად იყიდა ინვესტორთა ჯგუფმა ერნესტ ვუდრაფის ხელმძღვანელობით.

1928 წელს ამსტერდამის ოლიმპიურ თამაშებზე 6 000 ბოთლი კოკა-კოლა ჩაიტანეს. სასმელმა ხალხის დიდი ინტერესი გამოიწვია. კოკა-კოლა ოლიმპიური თამაშების და სხვა სპორტული ღონისძიებების ერთ-ერთი მთავარი სპონსორი გახდა.

მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკელ სამხედროებს კოკა-კოლას ყიდვა 5 ცენტად შეეძლოთ ან უფასოდ ურიგდებოდათ. ომის დროს ზოგმა ადამიანმა პირველად გასინჯა კოკა-კოლა და როდესაც ომი დასრულდა, სასმელი გაცილებით პოპულარული იყო, ის უკვე გართობას, ოპტიმიზმს და წარმატებას უკავშირდებოდა.

1940 წელს “კოკა კოლამ“ ფანტას ჩამოსხმა დაიწყო, თუმცა სასმელი პოპულარული 1950-იანი წლებიდან გახდა. 1961 წელს ახალი ბრენდი – სპრაიტი გამოჩნდა.

კომპანიას აქტიური სარეკლამო კომპანია არასდროს შეუწყვეტია. რეკლამაზე იხარჯება კომპანიის ხარჯების დაახლოებით 20%. მაგალითად, 2018 წელს რეკლამაზე 4 მილიარდ დოლარამდე დახარჯა.

1978 წელს “კოკა-კოლა“ გახდა პირველი დასავლური კომპანია, რომელსაც ჩინეთმა ნება დართო მის ტერიტორიაზე სასმელები გაეყიდა.

1981 წელს გამოვიდა უკალორიო (დიეტური) კოკა-კოლა, რომელმაც კარგად დაიმკვიდრა ბაზარზე ადგილი.

1985 წელს კომპანიამ კოკა-კოლას წარმოების ფორმულა შეცვალა. ეს პირველად მოხდა დაარსებიდან 99 წლის შემდეგ. თუმცა, მომხმარებლებმა ეს სიახლე ცუდად მიიღეს და მოუწიათ, ძველ ფორმულას დაბრუნებოდნენ.

დღეს მსოფლიოში კოკა-კოლას 1000-მდე ქარხანაა. “კოკა-კოლას“ უწყვეტ წარამტებაზე მისი აქციების ფასის ზრდაც მეტყველებს. 1919 წელს რომ 40 დოლარის აქციები გეყიდათ, 2012 წელს უკვე ამ აქციების ფასი 10 მილიონ დოლარამდე იქნებოდა. კომპანია “კოკა-კოლას“ სასმელები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში იყიდება, დღეში დაახლოებით 1.5 მილიარდი ერთეული სასმელი. გაყიდვების 78% უშუალოდ კოკა-კოლაზე მოდის. ოფიციალურად მხოლოდ ჩრდილოეთ კორეაში და კუბაში არ იყიდება, თუმცა კონტრაბანდით მაინც შედის.

მიუხედავად იმისა, რომ კოლას ტიპის სასმელები ბევრი გამოჩნდა ბაზარზე და ყველაზე დიდ კონკურენციას პეპსი უწევს, კოკა-კოლას რეცეპტი დღემდე კომერციულ საიდუმლოდ რჩება და ყველასგან განსხვავებულობას ინარჩუნებს.

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა