"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".
როგორ გამდიდრდა კომპანია “კრისტიან დიორი“
“კრისტიან დიორი“ ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი კომპანიაა კოსმეტიკის, ტანსაცმლის და აქსესუარების სფეროში. 2019 წელს მისმა შემოსავალმა 60 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, მოგებამ კი 3.5 მილიარდი დოლარი. “დიორის“ აქტივები 105 მილიარდი დოლარია, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაცია 79 მილიარდი დოლარი. დასაქმებული ჰყავს 163 ათასი ადამიანი.
კომპანია “კრისტიან დიორი“ 1946 წელს, პარიზში ფრანგმა დიზაინერმა კრისტიან დიორმა დააარსა. დიორმა ბიზნესი 1928 წლიდან დაიწყო, მამისგან მიღებული თანხით პატარა გალერეა გახსნა, სადაც ნახატებს ყიდდა. თუმცა, 3 წელიწადში “დიდმა დეპრესიამ“ საფრანგეთიც მნიშვნელოვნად დააზარალა და გელერიის დახურვა მოუწია. 1937 წლიდან ცნობილ დიზაინერთან რობერტ პიგუსთან დაიწყო მუშაობა. პიგუ გახდა მისი მასწავლებელი, ის ასევე ჰუბერტ ჯივენჩის მასწავლებელიც იყო. მეორე მსოფლიო ომის დროს დიორი ლუსიენ ლელონგთან მუშაობდა და ტანსაცმელს ნაცისტი ოფიცრებისთვის და ფრანგი კოლაბორაციონისტებისთვის კერავდა. როდესაც ომი დასრულდა და საფრანგეთი გათავისუფლდა, კრისტიან დიორს დიდი გამოცდილება ჰქონდა დაგროვებული იმისთვის, რომ თავისი ბრენდი შეექმნა. საკუთარი ბიზნესის დაწყებაში ფინანსურად მდიდარი ფრანგი ბიზნესმენი მარსელ ბუსაკი დაეხმარა, რომელმაც დიორის ბიზნესში 6 მლნ ფრანკი ჩადო.
დაარსებიდან რამდენიმე თვეში, 1947 წელს კრისტიან დიორმა ტანსაცმლის თავისი პირველი კოლექცია “New Look” გამოუშვა და პირველი ჩვენება გამართა, რომელშიც 6 მოდელი მონაწილეობდა. პირველივე ჩვენება რევოლუციორი აღმოჩნდა, რადგან იმ დროს ტანზე მჭიდროდ მომდგარი რომანტიული სტილი საკმაოდ თამამი ნაბიჯი იყო. დიორს სურდა, შეექმნა ტანსაცმელი, რომელიც ქალის ფიგურას გაუსვამდა ხაზს. საზოგადოებამ სწრაფად აიტაცა დიორის სტილი. მისი კლიენტები გახდნენ არამხოლოდ პარიზელები, ჰოლივუდის ვარსკვლავები და სხვა ცნობილი ამერიკელებიც კი.
1947 წლიდან “კრისტიან დიორმა“ პარფიუმერიის გამოშვებაც დაიწყო, რომელიც დღეს მის ტანსაცმელზე არანაკლებ პოპულარულია. პირველი იყო სუნამო “Miss Dior“, რომელიც კრისტიანის დას, კატერინა დიორს მიეძღვნა. 1955 წლიდან კი “დიორის“ კოსმეტიკური საშუალებებიც გამოვიდა ბაზარზე.
1949 წელს უკვე პარიზიდან ექსპორტირებული მოდური ტანსაცმლის 75% “კრისტიან დიორზე“ მოდიოდა, რაც საფრანგეთიდან საქონლის ექსპორტის 5%-მდე იყო.
კრისტიან დიორმა 10 წელის მართა კომპანია და ამავე დროს იყო მთავარი დიზაინერი. ყოველწლიურად ორ ახალ კოლექციას ქმნიდა და 10 წელი სრულად საკმარისი აღმოჩნდა, რომ მას პირადად და მის ბრენდს უკვდავი სახელი დაემკვიდრებინა მსოფლიო მოდაში. 1957 წელს, 53 წლის ასაკში კრისტიან დიორი გარდაიცვალა და ბრენდის ისტორია მისმა 21 წლის მოსწავლემ ივ სან ლორანმა განაგრძო. თუმცა, 3 წლით, რადგან 1960 წელს ჯარში გაიწვიეს. ივ სან ლორანი მარკ ბოანიმ ჩაანაცვლა. 1947-1950 წლებში “კრისტიან დიორის“ ატელიეში მუშაობდა ცნობილი დიზაინერი პიერ კარდენიც.
1968 წელს “დიორის“ პარფიუმერიის მიმართულება კომპანია “Moët-Hennessy“-მ შეისყიდა, რომელიც დღეს საფრანგეთის უმდიდრესი ადამიანის ბერნარ არნოს იმპერიის, “LVMH“-ის ნაწილია. 1984 წელს კი “LVMH“-მა სრულად შეიძინა “კრისტიან დიორი“ და დღესაც მის შემადგენლობაშია “Christian Dior SE“ სახელით. 1985 წლიდან “დიორის“ მმართველი (CEO) ბერნარ არნო გახდა. მიუხედავად იმისა, რომ “დიორს“ უკვე ჰქონდა მაღაზიები საფრანგეთს გარეთ, არნომ მათი რიცხვი მნიშვნელოვნად გაზარდა, 1991 წელს კი პარიზის საფონდო ბირჟაზე კომპანიის აქციების გაყიდვა დაიწყო. 1990 წელს კომპანიის წლიური შემოსავალი 130 მლნ დოლარი იყო, გასულ წელს კი 60 მილიარდი. აქედან კარგად ჩანს, რა წარმატება მოუტანა მას არნომ. 1996 წელს მან “დიორის“ მთავარ დიზაინერად ჯონ გალიანო დანიშნა, რომელიც მანამდე “ჯივენჩის“ დიზაინერი იყო. გალიანო კომპანიას 2011 წლამდე უძღვებოდა.
2013 წელს კომპანიის შემოსავალმა 30 მილიარდ დოლარს მიაღწია, მომდევნო 6 წელიწადში კი გაორმაგდა. დღეს კომპანიის მთავარი დიზაინერები მარია გრაცია ქიური და კიმ ჯონსი არიან.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ივნისი 25, 2024
- on მაისი 17, 2024
- on მაისი 8, 2024
- on აპრილი 23, 2024
- on აპრილი 10, 2024
- on მარტი 26, 2024
- on მარტი 19, 2024
- on მარტი 7, 2024