"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში"

როგორ გამდიდრდა სამხრეთ კორეა

როგორ გამდიდრდა სამხრეთ კორეა

სამხრეთ კორეის ეკონომიკა 1.6 ტრილიონი დოლარია და თითქმის უტოლდება ტერიტორიით მასზე 170-ჯერ დიდ, ბუნებრივი რესურსებით უმდიდრეს რუსეთის ფედერაციას.

სამხრეთ კორეაში ერთ მოსახლის საშუალო წლიური შემოსავალი 41 000 დოლარზე მეტია. აზიაში სამხრეთ კორეაზე მდიდარი მხოლოდ სინგაპური, ბრუნეი და იაპონიაა.

თუ გავიხსენებთ, რომ სამხრეთ კორეული კომპანიებია “სამსუნგი“, “ჰიუნდაი“, “LG“ და “კია“, ნათელი ხდება, რატომ არის ქვეყანა მდიდარი, მაგრამ საინტერესოა, როგორ მივიდა განვითარების ასეთ დონეზე, როგორ გახდა ე.წ. “აზიური ვეფხვი“.

1910-1945 წლებში კორეა იაპონიის კოლონია იყო. მეორე მსოფლიო ომში იაპონიის დამარცხების შედეგად კორეა თავისუფალი ქვეყანა გახდა, მაგრამ ორ ნაწილად გაიყო, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეად. 1950 წელს საბჭოთა კავშირის და ჩინეთის მხარდაჭერით ჩრდილოეთ კორეის ჯარები სამხრეთ კორეაში შეიჭრნენ და“კორეის ომი“ დაიწყო. სამხრეთს აშშ ეხმარებოდა. ომი 1953 წელს შეწყდა და დღემდე კორეის ნახევარკუნძულზე ორი სახელმწიფოა: ჩრდილოთ კორეა და სამხრეთ კორეა. ჩრდილოეთ კორეა კომუნისტურ-დიქტატორულ ქვეყნად რჩება, ხოლო სამხრეთ კორეა დემოკრატიული, ეკონომიკურად განვითარებული ქვეყანაა.

სამხრეთ კორეა ომში მნიშვნელოვნად დაზარალდა. 1960-იან წლებამდე ის ძირითადად აშშ-ის დახმარებაზე იყო დამოკიდბული. 1961 წელს ქვეყანაში 25 მლნ კაცი ცხოვრობდა, ერთ მოსახლეზე წლიური შემოსავალი კი 82 აშშ დოლარი იყო.

კორეის ეკონომიკური განვითარება 1961 წლიდან იწყება, გენერალ პაკ ჩონ ჰის მმართველობის დროს, რომელმაც ქვეყანა 1979 წლამდე მართა. აშშ-გან და იაპონიისგან მიღებული დახმარებით და ქვეყნის შიდა დანაზოგებით, აგრარული ქვეყანა თანდათან ინდუსტრიული ხდება. მნიშვნელოვანი იყო ე.წ. “ჩებოლების“ მხარდაჭერა. ეს იყო მსხვილი სამრეწველო კომპანიები, რომლებიც კერძო საკუთრებაში იყო, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერით სარგებლობდნენ. მაგალითად, დაბალი გადასახადებით, დაბალპროცენტიანი სესხებით და ა.შ. დღეს “ჩებოლების“ ყველაზე ცნობილი შთამომავლები “სამსუნგი“, “ჰიუნდაი“ და “LG“ არიან.

კორეა აქტიურად ითვისებს ამ პერიოდში უკვე სწრაფად განვითარებადი მეზობელი ქვეყნის, იაპონიის გამოცდილებას, განსაკუთერბით ტექნიკის და ტექნოლოგიების სფეროში. ამასთან ის აქტიურად არის საგარეო ვაჭრობაში ჩართული იაპონიასთან და აშშ-თან.

აღსანიშნავია სასკოლო განათლების საყოველთაოდ გავრცელება და განათლების დონის მნიშვნელოვნად ამაღლება. 1945 წელს სამხრეთ კორეაში მოსახლეობის 45%-მა იცოდა წერა კითხვა, 1970 წელს კი უკვე 88%-მა.

კორეა მნიშვნელოვან კერძო და სახელმწიფო ინვესტიციებს დებდა ტექნოლოგიების განვითარებაში, 2000-იან წლებამდე მშპ-ის 3%-ს, ხოლო შემდეგ 4%-ზე მეტს. ამ მაჩვენებლით სამხრეთ კორეა მსოფლიოში პირველ ადგილზეა. არც ერთ ქვეყანაში არ იხარჯება მშპ-ს 4% და მეტი კვლევებში და განვითარებაში (R&D). 2013 წელს კორეაში ყოველი დასაქმებული 1000 ადამიანიდან 13 მეცნიერი იყო და ამ მაჩვენებლით მხოლოდ ფინეთს, დანიასა და შვედეთს ჩამორჩებოდა.

რადგან სამხრეთ კორეას მრავალმილიონიანი, იაფი სამუშაო ძალა ყავდა და შიდა ბაზარი დაბალი მსყიდველობითუნარიანი იყო, საექსპორტო დარგები ითვლებოდა პრიორიტეტულად. 1960 წლიდან 1980 წლამდე კორეის ექსპორტში სოფლის მეურნეობის პროდუქციის წილი 50%-დან 7%-მდე შემცირდა, ხოლო მსუბუქი მრეწველობის 6%-დან 48%-მდე გაიზარდა. მსუბუქი მრეწველობის წამყვანი სექტორები ტანსაცმლის და კოსმეტიკური საშუალებების წარმოება იყო.

1980 წლიდან მსუბუქი მრეწველობის პროდუქციის საექსპორტო წილიც იწყებს შემცირებას და თანდათანობით მას მძიმე მრეწველობა, გამოთვლითი და ციფრული ტექნიკა ანაცვლებს. 2010 წელს ექსპორტის 80% თანამედროვე ავტომობილებზე და ტექნიკაზე მოდიოდა.

მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ კორეა 1960-1980-იან წლებში დემოკრატიის დონით დასავლეთის ქვეყნებს მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა, ამ პერიოდში კორეა ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იყო ინვესტიციებისთვის, რადგან საიმედოდ იყო დაცული საკუთრების უფლება, გადასახადები დაბალი იყო და ბიზნესის კეთებაში მთავრობა უხეშად არ ერეოდა. დღეისათვის ბიზნესის კეთების (Doing Business) რეიტინგში სამხრეთ კორეას მსოფლიოში მე-5 ადგილი უჭირავს.

1961-1994 წლებში კორეის ეკონომიკა წელიწადში საშუალოდ 8.3%-ით იზრდებოდა. უკეთესი საშუალო ზრდის მაჩვენებელი (9.2%) მხოლოდ იაპონიამ დააფიქსირა 1950-1973 წლებში. კორეაში კიდევ უფრო მეტად გაიზრდებოდა ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავალი, რომ არა დემოგრაფიული ბული. დღეს სამხრეთ კორეაში 52 მლნ ადამიანი ცხოვრობს, რაც ორჯერ მეტია 1961 წლის მაჩვენებელზე.

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა