"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".
როგორ გამდიდრდა ტაივანი?
ტაივანში ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 25 ათასი აშშ დოლარია, თუმცა მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით (PPP) 55 ათას დოლარს უტოლდება და მსოფლიოში მე-15 ქვეყანაა სიმდიდრით.
ტაივანის განვითარების გზა ე.წ. “ეკონომიკურ სასწაულებს“ მიეკუთვნება და სწორედ ამ განვლილი გზის გამო, ტაივანს “აზიური ვეფხვი“ უწოდეს. 1952-დან 1982 წლამდე ტაივანის ეკონომიკა წელიწადში საშუალოდ 8.7%-ით იზრდებოდა.
ტაივანის ეკონომიკურ განვითარებაზე მხოლოდ ისიც მეტყველებს, რომ ტაივანური ბრენდებია “ASUS“, “ACER“ და “HTC“.
დღევანდელი ტაივანის ისტორია 1949 წლიდან იწყება, როდესაც ჩინეთის სამოქალაქო ომში დამარცხებული სოციალისტების ლიდერი ჩან კაიში თავის ჯარისკაცებთან, მათ ოჯახის წევრებთან და მხარდამჭერებთან ერთად კუნძულ ტაივანზე გადასახლდა. თან წაიღეს შანხაის ცენტრალური ბანკის ოქროს მთელი მარაგი. სამოქალაქო ომში გამარჯვებული, კომუნისტური პარტიის ლიდერი მაო ძედუნი, საბჭოთა კავშირის დახმარებით, ტაივანის ასაღებად ემზადებოდა. ჩან კაიში ომისთვის ემზადებოდა. ამდროს დაიწყო ომი ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაინახა, რომ როგორც სამხრეთ კორეას, ასევე ტაივანს დახმარება სჭირდებოდა, რომ კომუნიზმის გავრცელება შეეჩერებინათ. კორეის ომის დაწყებიდან მეორე დღესვე პრეზიდენტმა ტრუმენმა გასცა ბრძანება მეშვიდე ფლოტის ტაივანის სრუტეში გაგზავნისა და ტაივანის გარეშე აგრესიისგან დაცვის შესახებ. 1954 წლის 2 დეკემბერს აშშ-ს მთავრობამ დიპლომატიური, პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები დაამყარა ტაივანის ხელისუფლებასთან.
ტაივანს საშუალება მიეცა შედარებით მშვიდობიან გარემოში გაეგრძელებინა არსებობა. გარდა უსაფრთხოებაში გაწეული დახმარებისა, აშშ-მა ტაივანს 4 მილიარდი დოლარის ფინანსური დახმარებაც გაუწია.
1950-იანი წლების დასაწყისში ტაივანში მიწის რეფორმა გატარდა. მიწა ჩამოართვეს ფაქტობრივ ფეოდალებს და გლეხებზე გადანაწილდა, რამაც მოსავლიანობა გაზარდა. გაიხსნა სკოლები და ყველა ტაივანელს მიეცა საშუალება გაანთლება მიეღო.
1950 წლიდან ტაივანმა იმპორტის ჩანაცვლების სტრატეგია აირჩია და უცხოური საწარმოო ტექნოლოგიების შემოტანა დაიწყო, რაშიც აშშ და იაპონია ეხმარებოდა. თუმცა, 1959 წლიდან მთავრობამ გადაწყვიტა, ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკა შეექმნა, რადგან გამდიდრების მეტი პერსპექტივა ჰქონოდათ. დაიწყო ეკონომიკის ლიბერალიზაცია, რომ უცხოური კომპანიები შემოსულიყვნენ. რამდენიმე წელიწადში იაპონური კომპანიები შედიან ტაივანში, მათ ხიბლავთ იაფი, მაგრამ კარგი განათლების მქონე სამუშაო ძალა, მარტივი რეგულაციები და მთავრობის მხრიდან მხარდაჭერა. თუმცა წარმოება ძირითადად ადგილობრივ საშუალო ზომის კომპანიებს ეფუძნებოდა, რომლებიც ადგილობრივი დანაზოგებით შეიქმნა. ტაივანელებს ფულის დაზოგვისადმი და ინვესტიციად ქცევისადმი მაღალი მიდრეკილება ჰქონდათ.
უცხოური ინვესტიციები ძირითადად ელექტროპროდუქციის წარმოების სექტორში შევიდა. ეკონომიკის მხოლოდ 14% მოდიოდა უცხოურ კომპანიებზე, თუმცა მათი პროდუქციის წილი ექსპორტში 26%-მდე იყო. ტექნოლოგიების წარმოების ხელშესაწყობად 1970-იან წლებში ორი ტექნლოგიური პარკი დაარსდა: სინჩუ და ტაიბეი.
1980-იან წლებში ტაივანი უკვე ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანაა, უცხოურ ბაზრებზე სოლიდურად წარმოდგენილი და მნიშვნელოვანი უცხური ვალუტის რეზერვებით. ტაივანური კომპანიები საზღვარგარეთ ინვესტირებასაც იწყებენ, მათ შორის ჩინეთში, სადაც უკვე დაშვებულია უცხოური კერძო კაპიტალის შესვლა. ამ პერიოდში ისიც ეხმარება ტაივანს, რომ ჩინეთის და კიდევ აღმოსავლეთ აზიის რამდენიმე ქვეყნის ეკონომიკა ძალიან სწრაფად იზრდება. შესაბამისად, იზრდება მოთხოვნა ტაივანურ პროდუქციაზეც.
მიწის რეფორმით დაწყებულ ეკონომიკურ აღმავლობის ქვეყანაში დღეს ურბანიზაციის დონე 80%-მდეა, სოფლის მეურნეობის წილი ეკონომიკაში 2%-მდეა, მრეწველობის 36%, მომსახურების კი 62%.
მიუხედავად იმისა, რომ ტაივანის მოსახლეობის რაოდენობა სწრაფად იზრდებოდა, 1952 წელს ერთი ტაივანელის წლიური შემოსავალი 170 დოლარი იყო, დღეს კი 323-ჯერ მეტია. დღეს ტაივანში 24 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. არის დემოკრატიული ქვეყანა. დემოკრატიის ინდექსში უსწრებს ისეთ ქვეყნებსაც კი, როგორიცაა ჩეხეთი, ბელგია, იტალია, სლოვენია, ლიტვა და ლატვია.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ივნისი 25, 2024
- on მაისი 17, 2024
- on მაისი 8, 2024
- on აპრილი 23, 2024
- on აპრილი 10, 2024
- on მარტი 26, 2024
- on მარტი 19, 2024
- on მარტი 7, 2024