"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში"

როგორ გამდიდრდა “ტვიტერი“?

როგორ გამდიდრდა “ტვიტერი“?

2019 წელს ტვიტერმა 3.5 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, მოგებამ კი მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა. კომპანიის აქტივები 10 მილიარდი დოლარია, საბაზრო კაპიტალიზაცია კი 35 მილიარდი დოლარი. დასაქმებული ჰყავს 5 ათასამდე ადამიანი.

“ტვიტერი“ 2006 წელს შეიქმნა. დამფუძნებლები ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე ოთხი ამერიკელია: ჯეკ დორსი, ნოა გლასი, ბიზ სტოუნი და ევან უილიამსი. დღეს ოთხივე მათგანი მილიარდერია. კომპანიას დღემდე, ჯეკ დორსი მართავს.

“ტვიტერის“ წინამორბედია კომპანია “ოდეო“, რომელსაც ფლობდა ნოა გლასი, ბიზ სტოუნი და ევან უილიამსი. “ოდეო“ პოდკასტების პლატფორმა იყო. “ოდეო“-მდე, ბიზ სტოუნი და ევან უილიამსი ერთად კომპანია “გუგლში“ მუშაობდნენ. ევან უილიამსმა ჯეკ დორსი კაფეში გაიცნო, სადაც დორსი ელექტრონული ბილეთების გამყიდველი კომპანიისთვის პროგრამას წერდა. უილიამსი მიხვდა, რომ დორსი სილიკონ ველის ამომავალი ვარსკვლავი იყო და მის კომპანიაში დააწყებიანა მუშაობა.

პოდკასტებში თანდათან კონკურენცია იზრდებოდა და “ოდეოში“ გადაწყვიტეს, ახალ იდეებზე ემუშავათ. სწორედ ამ დროს გაუჩნდა დორსს SMS სტატუსების იდეა. ასე დაიწყეს ახალ პროექტზე მუშაობა, პლატფორმას თავიდან twttr ერქვა. ეს სახელი აირჩიეს, რადგან დომენი twitter.com დაკავებული იყო, აღნიშნული დომენი 6 თვის შემდეგ გამოისყიდეს.

დორსმა პირველი “ტვიტი“ – “just setting up my twttr” 2006 წლის 21 მარტს გამოაქვეყნა. 2006 წლის ივლისამდე “ტვიტერს“ სატესტო რეჟიმში მხოლოდ “ოდეოს“ თანამშრომლები იყენებდნენ. “ტვიტერი“, როგორც კომპანია 2007 წლის აპრილიდან გახდა, რომელმაც “ოდეოც“ შეისყიდა.

2007 წლის გაზაფხულზე მომხმარებლები დღეში დაახლოებით 20,000 “ტვიტს“ აქვეყნებდნენ, რაც 2008 წლის ბოლოს უკვე დღეში მილიონს გადააჭარბა. 2010 წელს კი დღეში 50 მლნ “ტვიტზე“ ავიდა. რეკორდული რაოდენობის პოსტები “ტვიტერზე“ სპორტული ღონისძიებების დროს იდებოდა. მაგალითად, 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას, როდესაც იაპონიამ კამერუნს გაუტანა, წამში რეკორდული რაოდენობის – 2,940 “ტვიტი“ გამოქვეყნდა. 2010 წელს “ტვიტერმა“ აპლიკაცია შექმნა მობილური ტელეფონებისთვის.

2009 წლიდან “ტვიტერზე“ კომპანიებიც დარეგისტრირდნენ და მომხმარებელთან კომუნიკაციისთვის “ტვიტერის“ გამოყენება დაიწყეს. რამოდენიმე წლის შემდეგ, პოლიტიკური ლიდერებისთვის “ტვიტერი“ ოფიციალური პოლიტიკური განცხადებების მოკლედ და სწრაფად გავრცელების სივრცე გახდა.

გაზრდილი მომხმარებლების რაოდენობა, გაზრდილ შემოსავლებში აისახებოდა. 2011 წელს კომპანიამ 100 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. 2011-2014 წლებში “ტვიტერის“ ვებგვერდის დიზაინი რამდენჯერმე შეიცვალა. 2012 წელს, დაარსებიდან 6 წლის თავზე უკვე 140 მლნ მომხმარებელი ჰყავდა, რომლებიც დღეში ჯამურად 340 მლნ პოსტს დებდნენ. ამავე წელს პირველი ოფისი გაიხსნა ევროპაში, კერძოდ დუბლინში. 2012 წლიდან კომპანიამ სხვადასხვა მცირე ინტერნეტ და ტექნოლოგიური კომპანიები შეისყიდა. 2014 წელს თანამშრომლობა დაიწყო IBM-თან, რომლის შედეგად “ტვიტერზე“ განთავსებული ინფორმაციით მომხმარებელთა პრეფერენციების და სამომხმარებლო ტრენდების განსაზღვრა გახდა შესაძლებელი.

2015 წელს, კომპანიის შემოსავალმა 2.2 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც 2011 წლის შემოსავალზე 22-ჯერ მეტია. 2017 წლამდე შემოსავალი ნელი ტემპით მატულობდა. 2018-2019 წლებში კი მილიარდი დოლარით მოიმატა. ბოლო წლებში “ტვიტერის“ პოპულარობის ზრდას, განსაკუთრებით ამერიკაში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ “ტვიტერის“ აქტიურად გამოყენებამაც შეუწყო ხელი.

2019 წლიდან “ტვიტერმა“ ყალბ ამბებთან და ანგარიშებთან ბრძოლა დაიწყო და ათასობით ანგარიში წაშალა. ასევე, ყალბ ინფორმაციაზე მანიშნებლები დაამატა.

2020 წლის მარტის შემდეგ, კომპანიის აქციების ფასი გაორმაგდა. ეს დაკავშირებულია კორონავირუსის გავრცელებასთან. ქვეყნების “ჩაკეტვამ“ და დისტანციურ მუშაობაზე გადასვლამ, ელექტრონული სოციალური მედიის კომპანიების აქციების ფასი გაზარდა.

დღეს “ტვიტერს“, 330 მლნ აქტიური მომხმარებელი ჰყავს, რომლებიც დღეში ნახევარ მილიარდზე მეტ “ტვიტს“ აქვეყნებენ.

 

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა