"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".
როგორ გამდიდრდა უორენ ბაფეტი?
ამერიკელი ბიზნესმენი, უორენ ბაფეტი 67 მილიარდი აშშ დოლარის ქონებას ფლობს და მსოფლიოში სიმდიდრით მე-5 ადამიანია. მიმდინარე ეკონომიკური კრიზისის ფონზე მისი ქონება დაახლოებით 6 მილიარდი დოლარით შემცირდა. 2018 წელს ბაფეტის ქონება 90 მილიარდ დოლარს აღწევდა. რადგან აქტივები ძირითადად ფასიან ქაღალდებში აქვს განთავსებული, მისი ქონება საფონდო ბირჟებზე ბუმის პერიოდში სწრაფად იზრდება და პირიქით, აქციების გაიაფების დროს ქონება უმცირდება. თუმცა, 89 წლის უორენი არაფორმალურად მსოფლიოს საუკეთესო ინვესტორის ტიტულს ფლობს.
უორენ ბაფეტი ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ქველმოქმედად. 2006 წელს 31 მილიარდ დოლარამდე ღირებულების ქონება (ფასიანი ქაღალდები) გადასცა ბილ და მელინდა გეითსების საქველმოქმედო ფონდს. ეს იმ დროისთვის, ისტორიულად მაღალი თანხა იყო, რაც კი ვინმეს ქველმოქმედებაში დაუხარჯავს.
უორენ ბაფეტი 1930 წელს ამერიკის შტატ ნებრასკაში დაიბადა. მამამისი, ჰოვარდ ბაფეტი 1942 წლიდან ოთხჯერ გახდა ამერიკის კონგრესის წევრი და მთელი ოჯახი საცხოვრებლად ვაშინგტონში გადავიდნენ.
უორენი ბიზნესით ბავშობიდან იყო დაინტერესებული, 7 წლის ასაკიდან. 11 წლისამ საღეჭი რეზინის და სასმელების გაყიდვა დაიწყო. 11 წლის ასაკში უკვე შეიძინა პირველი აქცია, 13 წლისას კი უკვე ქვეყნის ბიუჯეტში გადასახადები ჰქონდა გადახდილი. პირველად Cities Service-ის 3 აქცია იყიდა, თითო 38 დოლარად. მალე აქციების ფასი 27 დოლარამდე დაეცა, მაგრამ კარგი ნებისყოფის მქონე ბაფეტი დაელოდა გაძვირებას და 40 დოლარად გაყიდა. თუმცა, მაინც შეცდა, მალე ქციების ფასი 200 დოლარამდე ავიდა. ამ გამოცდილებიდან ბაფეტმა ინვესტირების საბაზისო წესი ისწავლა: მოთმინება უპირატესობაა.
1947 წელს, სკოლის დასრულებისას უორენს უკვე ჰქონდა დაგროვებული 5 ათასი დოლარი, ძირითადად გაზეთების გაყიდვიდან. დღევანდელი ღირებულებით მაშინდელი 5 ათასი დოლარი 60 ათას დოლარს უდრის. უორენს კოლეჯში სწავლის გაგრძელება არ სურდა, უნდოდა მთელი დრო ბიზნესისთვის დაეთმო, მაგრამ მამის დაჟინებული თხოვნით პენსილვანიის უნივერსიტეტში, უორტონის ბიზნეს სკოლაში ჩააბარა. პენსილვანიაში ბაფეტმა 2 წელი ისწავლა, რადგან ფიქრობდა, რომ მის პროფესორებზე მეტი იცოდა. სწავლა ნებრასკა-ლინკოლნის უნივერსიტეტში განაგრძო. სწავლის პარალელურად მუშაობა არ შეუწყვეტია.
სწავლის გაგრძელება ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში სურდა, მაგრამ არ მიიღეს, როგორც ძალიან ახალგაზრდა. საბოლოოდ კოლუმბიის უნივერსიტეტში განაგრძო, სადაც პრაქტიკოსი ინვესტორები ბენ გრაჰამი და დევიდ დოდი ასწავლიდნენ. მათგან ბევრი რამე ისწავლა, რამაც მნიშვნელოვანწილად განაპირობა მისი შემდგომი წარმატებები.
1952 წელს უორენი დაქორწინდა და საცხოვრებლად ნაქირავებ ბინაში გადავიდა, თვეში 65 დოლარს იხდიდა. ბინის ქირის შესამცირებლად სხვა ოჯახთან ერთად იქირავა ბინა და ქირას ინაწილებდნენ. როცა პირველი შვილი ეყოლა, ფულის დაზოგვის მიზნით საწოლი ტანსაცმლის კარადის უჯრისგან გაუკეთა.
ბაფეტი აქციებით ვაჭრობას აგრძელებდა და თან ღამის საათებში ომაჰას უნივერსიტეტში ასწავლიდა. ერთ დღეს მას თავისთან მუშაობა მისმა ყოფილმა ლექტორმა ბენ გრაჰამმა შესთავაზა. ამის გამო საცხოვრებლად ნიუ იორკში გადასვლა მოუწია. მთელი დღეები S&P-ის ანგარიშების ანალიზით იყო დაკავებული, ინვესტირების საუკეთესო შესაძლებლობებს ეძებდა.
1956 წლისთვის ბაფეტს უკვე 140 ათასი დოლარის კაპიტალი ჰქონდა. გრაჰამთან გარკვეული უთანხმოება მოუვიდა და საკუთარი კომპანია Buffett Associates დააარსა. წლის დასასრულამდე მისი კაპიტალი 300 ათას დოლარამდე გაიზარდა.
მომდევნო ხუთ წლიწადში ბაფეტის კაპიტალი 250%-ით გაიზარდა, როცა ამავე პერიოდში დოუ ჯონსის ინდექსი მხოლოდ 74%-ით იყო გაზრდილი. 1962 წელს მას და მის პარტნიორებს 7 მლნ დოლარის კაპიტალი ჰქონდათ, საიდანაც 1 მლნ დოლარი იყო უშუალოდ უორენის. ამავე წელს ახალ კომპანიას Buffett Partnership-ს აარსებს, რომლის აქტივები მომდევნო 10 წელში 1156%-ით იზრდება, თავად კი 7 მლნ დოლარის მფლობელი ხდება.
1969 წელს ბაფეტი ხდება კომპანია Berkshire Hathaway-ს მფლობელი და დღემდე ის ყველაზე მეტად ამ კომპანიის სახელთან არის ასოცირებული. Berkshire Hathaway ტანსაცმლის შეკერვით იყო დაკავებილი, დღეს კი მსხვილი კონგლომერატია, რომლის შემოსავალი 2018 წელს 250 მილიარდ დოლარამდე იყო. ის დღეს მოიცავს GEICO-ს, Duracell-ს, Dairy Queen-ს, BNSF-ს, Lubrizol-ს, Fruit of the Loom-ს, Helzberg Diamonds-ს, Long & Foster-ს და სხვა კომპანიებს.
1970-იანი წლების ბოლოს ბაფეტს უკვე ისეთი სახელი ჰქონდა, რომელი კომპანიის აქციასაც ის იყიდდა, ამ კომპანიის აქციების ფასები სწრაფად იზრდებოდა. როცა ეუბნებოდნენ უძრავ ქონებაში რატომ არ დებ ფულს, უფრო გარანტირებული მოგება გექნებაო, პასუხობდა: “რატომ უნდა ვიყიდო უძრავი ქონება, როცა ფასიანი ქაღალდების ბაზარი ასე მარტივია?“.
1986 წელს ბაფეტის ქონებამ მილიარდ დოლარს მიაღწია. ამ დროს 56 წლის იყო. მისი ქონება სწრაფად იზრდებოდა, მაგრამ 2008-2009 წლების კრიზისის დროს Berkshire Hathaway-ის შემოსავლები 77%-ით შემცირდა, თუმცა მთავარი იყო გადარჩა, როცა ამ დროს ყველაზე მეტად სწორედ საინვესტიციო ბანკებს და კომპანიებს გაუჭირდათ, ზოგი მათგანი გაკოტრდა.
ბაფეტმა თავისი ქონების 97% 55 წლის ასაკის შემდეგ დააგროვა. 66 წლის ასაკის შემდეგ 50 მილიარდი დოლარი იშოვა.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ივნისი 25, 2024
- on მაისი 17, 2024
- on მაისი 8, 2024
- on აპრილი 23, 2024
- on აპრილი 10, 2024
- on მარტი 26, 2024
- on მარტი 19, 2024
- on მარტი 7, 2024