"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

როგორ გამდიდრდა ფინეთი?

როგორ გამდიდრდა ფინეთი?

ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავლით ფინეთი მსოფლიოში მე-14 ადგილზეა. ფინეთის მოქალაქეს წელიწადში საშუალოდ 48,000 აშშ დოლარის შემოსავალი აქვს. ფინეთში 5.5 მლნ ადამიანი ცხოვრობს.

1809 წლამდე ფინეთი, შვედეთის ნაწილი იყო. 1809-1917 წლებში რუსეთის იმპერიის ქვეშ მოექცა, თუმცა შიდა საქმეებში მნიშვნელოვანი ავტონომია ჰქონდა. მე-20 საუკუნის დასაწყისში ფინეთი ღარიბი ქვეყანა იყო, ერთ მოსახლეზე შამოსავლით  დასავლეთ ევროპის ქვეყნებს რამდენიმეჯერ ჩამორჩებოდა.

მე-19 საუკუნის დასაწყისში ფინეთი აგრარული ქვეყანა გახდა, მიუხედავად იმისა, რომ კლიმატი სოფლის მეურნეობისთვის ხელსაყრელი არ იყო. მოსახლეობის 70% იყო ჩართული სოფლის მეურნეობაში. დასავლეთ ევროპისგან განსხვავებით, ინდუსტრიული რევოლუცია დაგვიანებით დაიწყო. მაგალითად, ბამბის გადამამუშავებელი პირველი ქარხანა 1940-იან წლებში აშენდა. ხის გადამამუშავებელი პირველი საწარმო 1860-იან წლებში აშენდა, ისევე როგორც პირველი რკინიგზა. საგარეო ვაჭრობით ძირითადად რუსეთზე იყო დამოკიდებული, თუმცა ბრიტანეთთანაც ვაჭრობდა. ძირითადი საექსპორტო საქონელი ხე-ტყის მასალა იყო. ფინური ფული მარკა, 1878 წლიდან ოქროზე იყო მიბმული. 1860-1913 წლებში ფინეთის ეკონომიკა წლიურად საშუალოდ 2.6%-ით იზრდებოდა, თუმცა მოსახლეობის რაოდენობაც სწრაფად იზრდებოდა და აქედან გამომდინარე, ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავლის ზრდის ტემპი 1.5% იყო. ქალაქში მოსახლეობის მხოლოდ 10% ცხოვრობდა.

1917 წელს ფინეთმა დამოუკიდებლობა მოიპოვა. რუსეთთან ეკონომიკური კავშირებიც შეწყდა, რამაც თავიდან პრობლემები გამოიწვია ქვეყანაში, მაგრამ მალე საკმაოდ მაღალ ეკონომიკურ ზრდის ტემპს მიაღწია. 1920-1938 წლებში ფინეთის ეკონომიკა წლიურად საშუალოდ 4.7%-ით იზრდებოდა. ეს პერიოდი დასავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის რთული იყო და აქედან გამომდინარე, ფინეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის ეკონომიკურ განვითარებაში სხვაობა შემცირდა. სწრაფ ზრდას ინდუსტრიალიზაციის დაჩქარება და ფინეთის საექსპორტო პროდუქციაზე (განსაკუთრებით ხეზე და ქაღალდზე) მოთხოვნის ზრდა განაპირობებდა. ფინეთმა 1930-იანი წლების “დიდი დეპრესიაც“ შედარებით ნაკლები დანაკლისით გადაიტანა. თუმცა, მეორე მსოფლიო ომის წინ ფინეთის ეკონომიკის მესამი ჯერ კიდევ სოფლის მეურნეობაზე მოდიოდა და ფინელების ნახევარი ამ სექტორში მუშაობდა.

ფინეთს მეორე მსოფლიო ომამდე, 1939 წელს საბჭოთა კავშირი დაესხა თავს, შემდეგ კი გერმანიასთან ომში ჩაერთო. 1939-1944 წლებში ფინეთი ძალიან დაზარალდა. საბჭოთა კავშირმა ტერიტორიის მეათედი წაართვა, საიდანაც 400 ათასი ფინელი დევნილი გახდა. საბჭოთა კავშირის გავლენით, ფინეთმა მარშალის გეგმაში ჩართვაზე უარი თქვა, თუმცა გარკვეულ ამერიკულ დახმარებას ფარულად მაინც იღებდა.

ფინეთის დასავლეთში ეკონომიკური ინტეგრაცია 1948 წლიდან იწყება, როცა მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (რომელსაც მაშინ ტარიფებზე და ვაჭრობაზე გენერალური შეთანხმება ერქვა) წევრი გახდა, შეუერთდა ბრეტონ ვუდსის სისტემასაც (ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარს მიაბა). 1961 წელს ფინეთმა შეთანხმება გააფორმა EFTA-სთან (European Free Trade Area). ასევე, ორმხრივი სავაჭრო ხელშეკრულება ქონდა საბჭოთა კავშირთან, რომელიც 1991 წლამდე შენარჩუნდა.

დასავლური კაპიტალისადმი ხელმისაწვდომის ზრდამ, ვაჭრობის ლიბერალიზაციამ და მეორე მსოლიო ომის შემდეგ ევროპაში ეკონომიკურმა რენესანსმა ფინეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად აამაღლა. 1950-1973 წლებში მისი ეკონომიკა წლიურად საშუალოდ 5%-ით იზრდებოდა. 1950 წლისთვის ფინეთში დაბალია განათლების დონე, განსაკუთრებით დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება ფინეთის განათლების რეფორმა, რომლის მიზანი თავიდან წერა-კითხვის საყოველთაო ცოდნა და სავალდებულო, უფასო საშუალო სკოლების გახსნა იყო.

1970-იანი წლების კრიზისი ფინეთსაც შეეხო, თუმცა ისე არ დაზარალებულა, როგორც ევროპის სხვა ქვეყნები, 1980-იან წლებში ერთ მოსახლეზე შემოსავლით შვედეთს დაეწია. სოციალისტური ბლოკის დაშლა ფინეთის ეკონომიკისთვის დარტყმა იყო, რადგან სოციალისტურ ბლოკში შემავალი ქვეყნები, მისი საექსპორტო ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. 1994 წლიდან ეკონომიკამ ისევ ზრდა დაიწყო. 1995 წელს ფინეთი ევროკავშირის წევრი გახრდა, ხოლო 1999 წლიდან ფულის ერთეულად ევრო მიიღო. 1994-2007 წლებში ეკონომიკა წლიურად საშუალოდ 2.5%-ით იზრდებოდა.

1990-იან წლებიდან ფინეთში ტექნიკის სექტორმა დაიწყო სწრაფად განვითარება, რისი ყველაზე აშკარა შედეგი იყო კომპანია “ნოკიას“ წარმატება.

დღეს ფინეთის ეკონომიკის 69% მომსახურების სექტორზე მოდის, 28% მრეწველობაზე, ხოლო 3% სოფლის მეურნეობაზე. გამორჩეულია მმართველობითი ინსტიტუტების განვითარებით და განათლების დონით. ფინური სკოლების მოდელი ერთ-ერთ საუკეთესოდ არის მიჩნეული მსოფლიოში, ხოლო დემოკრატიის დონით ფინეთი მსოფლიოში მე-5 ადგილზეა.

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა