"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".
როგორ გამდიდრდა “ფოლკსვაგენი“?
2019 წელს “ფოლკსვაგენ ჯგუფმა“ 278 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, მოგებამ კი 14.3 მილიარდი დოლარი შეადგინა. ის ყველაზე მაღალშემოსავლიანი საავტომობილო კომპანიაა. ყველა დარგის კომპანიებს შორის კი მსოფლიოში მე-9 ადგილზეა შემოსავლით. “ფოლკსვაგენი ჯგუფი“ წლიურად 10 მილიონზე მეტ ავტომობილს უშვებს.
გერმანული სახელწოდება “Volkswagen“ ნიშნავს “ხალხის მანქანას“. ეს სახელი კომპანიას შემთხვევით ან მარკეტიგნული თვალსაზრისით არ დაერქვა. კომპანია 1937 წელს გერმანიის ქალაქ ვოლფსბურგში დაარსდა, ადოლფ ჰიტლერის მმართველობის დროს. 1930-იანი წლების დასაწყისში გერმანიაში ავტომობილების წარმოება დაიწყო, მაგრამ მცირე რაოდენობით გამოდიოდა და ძვირი ღირდა. ის მხოლოდ მდიდრებისთვის იყო ხელმისაწვდომი. ჰიტლერმა გადაწყვიტა, რომ ავტომობილი საშუალო შემოსავლის გერმანელისთვისაც უნდა ყოფილიყო ხელმისაწვდომი და მისი დავალებით, “გერმანელ მუშათა ფრონტმა“ დაარსა კომპანია “ხალხის მანქანა“.
“ფოლკსვაგენმა“ ვერ შეძლო ისეთ დაბალ ფასში ეწარმოებინა მანქანა, რომ ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო, ამიტომ ნაცისტურმა პარტიამ კომპანიის სუბსიდირება დაიწყო. კომპანიამ პირველი ავტომობილი – “KdF-Wagen” 1938 წელს გამოუშვა, რომელიც 300 ათასზე მეტმა გერმანელმა შეიძინა.
მეორე მსოფლიო ომის დროს “ფოლკსვაგენი“ სამხედრო დაკვეთების შესრულებაზე გადაერთო, მათ შორის აწარმოებდა საბრძოლო ტექნიკასაც. ომის წლებში ფაქტობრივად მონურ შრომას იყენებდა. ეს იყო საკონცეტრაციო ბანაკებიდან გადაყვანილი მუშები, რომლების კომპანიაში დასაქმებულთა 80%-ს შეადგენდა.
1945 წელს “ფოლკსვაგენის“ ქარხანა დაიბომბა. ომის შემდეგ ქარხანა ინგლისელების გავლენის ქვეშ მოექცა და სათავეში ბრიტანეთის არმიის ოფიცერი ივან ჰირსტი ჩაუდგა. 1946 წელს მანქანების წარმოება მცირე მოცულობით აღდგა. ეს იყო მცირე ზომის მოდელები, ე.წ. “ხოჭო“.
1948 წელს დასავლეთ გერმანიის აღმავლობა დაიწყო, რაც ავტოინდუსტრიასაც დაეტყო. 1949 წლიდან “ფოლკსვაგენის“ მანქანების აშშ-ში ექსპორტი დაიწყო, მაგრამ უჭირდა ადგილოიბრივი ბრენდებისთვის კონკურენციის გაწევა და ცოტა იყიდებოდა. 1955 წელს შვილობილი კომპანია “ფოლკსვაგენ ამერიკა“ შეიქმნა, რომელსაც აშშ-ში გაყიდვები და მომსახურება დაევალა. გაყიდვების და მომსახურების ცენტრის გახსნამ, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ექსპორტის ზრდას. ამავე წელს, კომპანიამ მემილიონე მანქანა გამოუშვა.
1950-იანი წლებიდან “ფოლკსვეგენის“ მანქანები უკვე ბევრ ქვეყანაში გადის ექსპორტზე. 1959 წელს კი ბრაზილიაში ახალ ქარხანას აშენებს. ამ პერიოდში კომპანია ახალ მოდელებსაც უშვებს და საკმაოდ ფართომასშტაბიან სარეკლამო კამპანიას იწყებს, მაგრამ ყველაზე პოპულარული ისევ “ხოჭოა“, რომელიც არ არის მაღალი კლასის მანქანა და ფასის მიხედვით უფრო ხელმისაწვდომია. 1972 წელს უკვე 15 მლნ ცალზე მეტი “ხოჭო“ იყო გაყიდული და ამ მაჩვენებლით “ფორდის“ ყველაზე გაყიდვად ავტომობილს “მოდელ ტ“-ს გადაუსწრო. 1948 წელს “ფორდმა“ უარი თქვა “ფოლკსვაგენის“ ყიდვაზე.
1964 წელს “ფოლკსვაგენმა“ “აუდის“ ბრენდის მფლობელი კომპანია შეისყიდა და “აუდის“ წარმოება განაახლა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს შეწყდა. “აუდი“ უფრო მაღალშემოსავლიან მომხმარებელზე იყო გათვლილი, ვიდრე “ფოლკსვაგენი“.
1973 წელს კომპანიამ გამოუშვა თავისი ცნობილი მოდელი “პასატი“, 1974 წელის კი “გოლფი“. 1975 წელს შეემატა “პოლო“, ხოლო 1978 წელს “ჯეტა“.
1980-1990-იან წლებში კომპანიის შემოსავლები წარამტებით იზრდებოდა და 2000-იანების დასაწყისში 100 მილიარდ დოლარს გადასცდა. თუმცა, 2019 წელს, ლეგენდარული “ხოჭოს“ წარმოება შეწყვიტა.
დღეს “ფოლკსვაგენი“ დიდი კონსორციუმის – “ფოლკსვაგენ ჯგუფის“ შემადგენელი ნაწილია, რომელშიც ასევე შედის “აუდი“, “ბენტლი“, “ბუგატი“, “ლამბორგინი“, “პორშე“, “სეატი“ და “შკოდა“. “ფოლკსვაგენ ჯგუფში“ დაახლოებით 664 ათასი ადამიანია დასაქმებული.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ივნისი 25, 2024
- on მაისი 17, 2024
- on მაისი 8, 2024
- on აპრილი 23, 2024
- on აპრილი 10, 2024
- on მარტი 26, 2024
- on მარტი 19, 2024
- on მარტი 7, 2024