სარედაქციო ბლოგპოსტები | + posts

"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

როგორ გამდიდრდა “ჰიუნდაი“?

1105

როგორ გამდიდრდა “ჰიუნდაი“?

ავტომობილების წლიური წარმოებით “ჰიუნდაი“ მსოფლიოში მე-3 ადგილზეა. კომპანია წლიურად 7 მლნ-მდე ავტომობილს უშვებს და მხოლოდ “ფოლკსვაგენს“ და “ტოიოტას“ ჩამორჩება. კომპანიის ოფიციალური სახელი “Hyundai Motor Company“-ია. 2019 წელს “ჰიუნდაიმ“ 96 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, მოგებამ კი 3 მილიარდ დოლარამდე შეადგინა. კომპანიის აქტივები 177 მილიარდი, საბაზრო კაპიტალიზაცია კი 60 მილიარდი დოლარია. დასაქმებული ჰყავს 105 ათასამდე ადამიანი.

“ჰიუნდაის“ ისტორია 1947 წლიდან იწყება, როდესაც სამხრეთ კორეელმა ბიზნესმენმა, ჩონ ჯუ იონმა “Hyundai Engineering and Construction Company“ დააარსა. ჩონ ჯუ იონი კომპანიას 51 წლის განმავლობაში, 1998 წლამდე მართავდა. 2001 წელს 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. კომპანიის მართვა მისმა შვილმა ჩონ მონგ კომ გააგრძელა, რომელიც დღემდე მმართველია და 6 მილიარდ დოლარამდე პირად ქონებას ფლობს. სამხრეთ კორეაში სიმდიდრით მე-5 ადამიანია.

სიტყვა “Hyundai“ ქართულად თანამედროვეს ნიშნავს. 1967 წელს დაარსდა მისი შვილობილი კომპანია “Hyundai Motor Company“ და ერთ წელიწადში ავტომობილების გამოშვება დაიწყო. პირველი მოდელი იყო “კორტინა“, რომელიც “ფორდთან“ თანამშრომლობით გამოუშვა.

“ჰიუნდაიმ“ საკუთარ მოდელზე მუშაობა 1974 წელს დაიწყო და ამისთვის ინგლისიდან გამოცდილი ბიზნესმენი, ჯორჯ ტურნბული მოიწვია, რომელიც მანამდე ავტომწარმოებელი ბრიტანული კომპანიის “ოსტინ მორისის“ მმართველი დირექტორი იყო. ტურნბულმა კორეაში ინგლისის საუკეთესო ავტოინჟინრები ჩამოიყვანა და 1975 წელს პირველი სამხრეთ კორეული ავტომობილი “ჰიუნდაი პონი“ გამოუშვეს. ავტომობილების გარკვეულოი დეტალები იაპონური კომპანიისგან, “მიცუბიშისგან“ შეისყიდეს.

რამდენიმე წელიწადში კომპანიამ უკვე მანქანების ექსპორტზე გატანა დაიწო, 1982 წელს ბრიტანეთშიც დაიწყეს გაყიდვები, 1984 წელს კი კანადაში, სადაც “პონი“ ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი გახდა. 1985 წელს “ჰიუნდაიმ“ მემილიონე მანქანა გამოუშვა.

1986 წლამდე “ჰიუნდაის“ მანქანები აშშ-ის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა, 1996 წლიდან კი მოდელ “Excel“-ით შევიდა აშშ-ის ბაზარზე.

მხოლოდ საკუთარი ძალებით “ჰიუნდაიმ“ პირველი ავტომობილი 1988 წელს გამოუშვა, ეს იყო “ჰიუნდაი სონატა“. 1990-იან წლებში კომპანიამ მაღალი კლასის ავტომობილების წარმოებაც დაიწყო, ამისთვის მნიშვნელოვანი თანხების ინვესტირება განახორციელა. მაღალი კლასის ავტომობილებიდან პირველი იყო “ჰიუნდაი აქცენტი“. 1996 წელს გამოუშვა სპორტული მოდელი “ჰიუნდაი კუპე“.

1998 წელი მნიშვნელოვანი იყო კომპანიისთვის, რადგან მსხვილი ავტომწარმებელი სამხრეთ კორეული კომპანია “კია მოტორსი“ შეისყიდა. ამ დროს აზიის ფინანსური კრიზისი იყო და “კია მოტორსს“ გადარჩენისთვის დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა ჭირდებოდა.

2000 წელს სეულში დაარსდა კონგლომერატი “Hyundai Motor Group“, სადაც გაერთიანდნენ “ჰიუნდაი“, “კია“ და მსხვილი სამშენებლო და საინჟინრო კომპანიები.

1990-იანი წლებიდან “ჰიუნდაიმ“ ქარხნების და ოფიციალური წარმომადგენლობების გახსნა დაიწყო მსოფლიოს ქვეყნებში. 2003 წლისთვის მისი ქარხნები ყველა კონტინენტზე იყო. განსაკუთრებით მსხვილი მწარმოებლები არიან ჩინეთის და ინდოეთის ქარხნები. ამასთან ერთად სამეცნიერო ლაბორატორიები გახსნა კორეაში, გერმანიაში, აშშ-ში, იაპონიაში და ინდოეთში. გაზრდილი წარმოების და უცხოური წარმომადგნენლობის შედეგად 2003 წელს მილიონზე მეტი ავტომობილი გაიტანა ექსპორტზე, დაარსების დღიდან კი 10 მილიონზე მეტი ავტომობილი ჰქონდა ექსპორტირებული. 2004 წელს მაღალი კლასისსედანი “Hyundai Genesis“ გამოუშვა.

ელექტრო ავტომობილებზე მუშაობა “ჰიუნდაიმ“ 1990-იან წლებში დაიწყო და პირველი საჩვენებელი ჰიბრიდი 1995 წელს გამოუშვა. ოფიციალურად კი ჰიბრიდების წარმოება 2009 წლიდან დაიწყო. ესენი იყო “ავანტე“ და “სონატა“. 2015 წელს “ჰიუნდაიმ“ და “კიამ“ 300 ათასამდე ჰიბრიდი გაყიდეს. 2017 წლიდან კი ელექტრომობილ “კონას“ გამოშვება დაიწყო და ამ მიმრთულებით “H2 Energy“-სთან ერთად დიდი გეგმები აქვს. “კონა“ “ჰიუნდაის“ ბრენდებს შორის გაყიდვებით უკვე მე-4 ადგილზეა (2019 წელს 320 ათასამდე გაიყიდა. ყველაზე გაყიდვადი ბრენდები კი “ტუკსონი“ და “ელანტრაა“.

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin