"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".
როგორ გამდიდრდა “LG Corporation“?
ყველასთვის კარგად ნაცნობი “LG“-ის ბრენდის პროდუქციას კომპანია “LG Corporation“ აწარმოებს, რომლის შემოსავალმა 2019 წელს 147 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. კომპანიის აქტივები 260 მილიარდი, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაცია 75 მილიარდი დოლარია. დასაქმებული ჰყავს 222 ათასი ადამიანი.
1947 წელს, სამხრეთ კორეელმა ბიზნესმენმა კუ ინ ჰოიმ კომპანია “Lak Hui Chemical Industrial Corp“ (შემოკლებით Lucky Chemical-ს უწოდებდნენ) დააარსა. კომპანია ქიმიურ მასალებს და კოსმეტიკურ საშუალებებს აწარმოებდა. ეს იყო კორეული წარმოების პირველი კოსმეტიკური საშუალებები. 1950-1953 წლებში სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის მიმდინარე ომის გამო კომპანიის პროდუქციაზე (ქიმიურ საშუალებებზე) მოთხოვნა გაიზარდა.
მომავალი “LG“ ერთ-ერთი სამხრეთ კორეული ჩებოლი იყო, რაც მთავრობისგან მხარდაჭერილ მსხვილ ბინზესს ნიშნავდა, ისე როგორც ეს მოხდა “სამსუნგის“, “ჰიუნდაის“ და “სკ ჯგუფის“ შემთხვევაში.
1952 წელს, კომპანიამ პლასტმასის წარმოებაც დაიწყო და ახალი ქარხანა ააშენა. პლასტმასის წარმოებას შვილობილი კომოანია “GoldStar“ ახორციელებდა. სწორედ “GoldStar“ გახდა მოგვიანებით “LG Electronic“, რომელიც დღეს “LG“ ჯგუფის კომპანიების შორის ყველაზე მაღალშემოსავლიანია, დაკავებულია ელექტრო და ციფრული ტექნიკის წარმოებით. 1959 წელს “GoldStar“-მა პირველი სამხრეთ კორეული რადიო გამოუშვა. შემდეგ კი ტელეფონების, კონდეციონერების (1960 წელი), ტელევიზორების (1966 წელი), მაცივრების (1965 წელი) და სარეცხი მანქანების (1969 წელი) წარმოება დაიწყო.
1970 წელს “Lucky Chemical“ გახდა პირველი კერძო კომპანია, რომელიც კორეის საფონდო ბირჟაზე დარეგისტრირდა და აქციების გაყიდვა დაიწყო. 1972 წელს კომპანიის შემოსავალმა 10 მილიარდ კორეაულ ვონს (20 მლნ დოლარი) მიაღწია.
კორეულ კომპანიას წარმატებაში ამერიკულ და იაპონურ კომპანიებთნ ტექნოლოგიური თანამშრომლობა და ამერიკის ბაზარზე პროდუქციის ექსპორტი ეხმარებოდა. 1974 წელს კომპანიას “Lak Hui Chemical Industrial“-ის ნაცვლად “Lucky Group“ ეწოდა, შემოკლებით “LG“. 1975 წელს კი საკუთარი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შექმნა.
1983 წელს, კომპანიები “Lucky Group“ და “GoldStar“ გაერთიანდნენ და “Lucky Goldstar“ (შემოკლებით ისევ LG) ეწოდა. ამავე წელს კომპანიამ პირველი ფერადი ვიდეო კამერა გამოუშვა.
1984 წლიდან საზღვარგარეთაც დაიწყო პროდუქციის წარმოება. პირველი საზღვარგარეთული საწარმო აშშ-ში გახსნა.
კომპანიას “LG“ ოფიციალურად 1995 წლიდან ეწოდა. ამავე წელს ტელევიზორების მწარმოებელი ამერიკული კომპანია “Zenith“ შეისყიდა და პირველი ციფრული ტელეფონი გამოუშვა. 1996 წელს კი შვილობილი კომპანია “LG Telecom“ დააარსა.
“LG“ მნიშვნელოვან თანხებს დებდა ინოვაციებში და ტექნოლოგიურ განვითარებაში. სწორედ, ამის შედეგად 1998 წელს პირველი 60 ინჩიანი პლაზმური ტელევიზორი გამოუშვა.
მეოცე საუკუნის ბოლო “LG“-მ მედიკამენტების და სამედიცინო ტექნოლოგიების წარმოებაც დაიწყო, რითაც დღეს მსოფლიოში ძალიან წარმატებულია.
2004 წლიდან კომპანიის სლოგანი კი “Life is Good“ (ცხოვრება მშვენიერია) გახდა. 2005 წელს კი მსოფლიოში პირველი 55 ინჩიანი HDTV LCD გამოუშვა.
2009 წელს მხოლოდ “LG Electronics“-ის შემოსავალი გადასცდა 50 მილიარდ დოლარს. 2012 წელს “LG“-ის ჯგუფში შემავალი “LG Chem“ მსოფლიოში საუკეთესოდ დასახელდა ელექტრო ავტომობილების ელემენტების წარმოებაში.
კომპანიის ბოლო წლებიც საკმაოდ წარმატებულია. ამაზე თუნდაც ის მეტყველებს, რომ 2016 წელს 150 მლნ ცალი “LG“-ის სარეცხი მანქანა გაიყიდა მსოფლიოში. ერთ-ერთი ბოლო ტექნოლოგიური მიღწევა კი 2018 წელს გამოშვებული 88 ინჩიანი 8K OLED ტელევზორია.
დღეს “LG Corporation“ რამდენიმე დიდ კომპანიას აერთიანებს, ესენია: “LG Electronics“, “LG Display“, “LG Uplus“, “LG Chem“, “LG Solar Energy“ და “LG Household & Health Care“.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ივნისი 25, 2024
- on მაისი 17, 2024
- on მაისი 8, 2024
- on აპრილი 23, 2024
- on აპრილი 10, 2024
- on მარტი 26, 2024
- on მარტი 19, 2024
- on მარტი 7, 2024