"ვარ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მკვლევარი, მოწვეული ლექტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, შავის ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტებში. დავიბადე 1989 წლის 10 აგვისტოს".

საბანკო სექტორის მნიშვნელობა ეკონომიკისათვის

საბანკო სექტორის მნიშვნელობა ეკონომიკისათვის

ეროვნული დანაზოგი ქვეყნის მომავალი კეთილდღეობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია. პიროვნული დანაზოგის მსგავსად, ეროვნული დანაზოგიც ხშირად ინვესტიციების განსახორციელებლად გამოიყენება, რაც ქვეყნის შემოსავლების ზრდას უწყობს ხელს. მაგალითად, როდესაც კონკრეტული პიროვნება საკუთარი შემოსავლის ნაწილის დაზოგვას გადაწყვეტს, ის რაღაც პერიოდის განმავლობაში მიიღებს შემოსავალს პროცენტის სახით, გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ კი შეძლებს საკუთარი დანაზოგის გამოყენებას მოხმარების ან ინვესტირების გზით. თუმცა, მანამ სანამ აღნიშნული პიროვნება საკუთარი დანაზოგით ისარგებლებს, ფინანსური ინსტიტუტები (უმეტესწილად ბანკები), მოახდენენ აღნიშნული თანხის გასესხებას ბიზნესმენებსა თუ ფიზიკურ პირებზე, რომელნიც მოცემულ თანხას საინვესტიციო საქმიანობისთვის გამოიყენებენ (შექმნიან ახალ კაპიტალს) და ამით წვლილს შეიტანენ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში. მაშასადამე, ეკონომიკისთვის დაზოგვას, ისევე როგორც ინვესტირებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

იმისათვის, რომ დანაზოგები ინვესტიციებად გარდაიქმნას, დაზოგვის მსურველებმა ფული უნდა მიაწოდონ სესხების მსურველებს. აღნიშნული ფუნქცია ფინანსურ ინსტიტუტებს, ჩვენს ქვეყანაში კი უმეტესწილად ბანკებს აკისრიათ. აქედან გამომდინარე, ფინანსური ინსტიტუტების სტაბილურობა, ქვეყნის კეთილდღეობის  განმსაზღვრელი ერთ-ერთი ფაქტორია.

იმის გასარკვევად თუ რამდენად კარგად ფუნქციონირებენ ფინანსური ინსტიტუტები საქართველოში, მიმოვიხილოთ ქართული საბანკო სექტორი. ეროვნული ბანკის მონაცემების თანახმად, 2015 წლის პირველი ორი კვარტალის განმავლობაში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 243 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 26%-ით აღემატება. კომერციული ბანკების შემოსავლების 57% პროცენტულ შემოსავლებზე მოდის, ხოლო დანარჩენი 43% არაპროცენტულ შემოსავლებზე. შემოსავლების გადანაწილების აღნიშნული სტრუქტურა განსხვავებულია წინა წლების ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლისაგან, ვინაიდან ბოლო სამი წლის განმავლობაში (2012-2014) კომერციული ბანკების შემოსავლები მიახლოებით შემდეგნაირად ნაწილდებოდა: შემოსავების 70% პროცენტულ შემოსავლებზე მოდიოდა, ხოლო 30% არაპროცენტულ შემოსავლებზე, 2015 წლისათვის კი შემოსავლების გადანაწილება პროცენტულ და არაპროცენტულ შემოსავლებად შედარებით თანაბარი გახდა, რაც არაპროცენტული შემოსავლების ზრდითაა განპირობებული (2015 წლის იანვარ-ივნისში კომერციული ბანკების არაპროცენტული შემოსავალი 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 109%-ით გაიზარდა). მიუხედავად არაპროცენტული შემოსავლების კუმულაციური მაჩვენებლის ზრდისა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ივნისის თვეში კომერციული ბანკების არაპროცენტულმა შემოსავლებმა გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით იკლო.

გარდა არაპროცენტული შემოსავლებისა, კომერციული ბანკების შემოსავლის ძირითადი  წყარო პროცენტული შემოსავლებია. პროცენტული შემოსავლების მოცულობა კი გაცემული სესხების მოცულობაზეა დამოკიდებული. 2015 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მთლიანმა მოცულობამ 14.9 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 33%-ით აღემატება, თუმცა წინა თვის ანალოგიურ მაჩვენებელზე 0.8%-ით ნაკლებია. აღნიშნული კლება გამოწვეულია კომერციული ბანკების მიერ უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობის კლებით (2015 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, კომერციული ბანკების მიერ უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხის მთლიანმა მოცულობამ 9.5 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა თვის ანალოგიურ მაჩვენებელზე 2.2%-ით ნაკლებია), რაც თავის მხრივ გამოწვეულია ეროვნული ვალუტის გაუფასურებითა და კურსის  ხშირი რყევებით.

რაც შეეხება დეპოზიტებს, 2015 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, მისი გადანაწილება შემდეგნაირია: მთლიანი დეპოზიტების 34% ეროვნულ ვალუტაშია განთავსებული, ხოლო 66% უცხოურ ვალუტაში. დეპოზიტების მოცულობა წლის განმავლობაში ყოველთვიურად იზრდებოდა 2015 წლის მაისამდე. მაისსა და ივნისში კი დეპოზიტების მთლიანმა მოცულობამ კლება დაიწყო. მაისის თვეში აღნიშნული კლება გამოწვეულ იქნა უცხოურ ვალუტაში არსებული დეპოზიტების მოცულობის კლებით, ხოლო ივნისში იკლო როგორც უცხოურ ასევე ეროვნულ ვალუტაში მოზიდული დეპოზიტების მოცულობამ. ეროვნულ ვალუტაში დეპოზიტების მოცულობის კლება განპირობებულია იურიდიული პირების მიერ განთავსებული დეპოზიტების მოცულობის შემცირებით, ხოლო უცხოურ ვალუტაში დეპოზიტების მოცულობის კლება განპირობებულია როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირების მიერ განთავსებული დეპოზიტების მოცულობის შემცირებით. რაც შეეხება უცხოურ ვალუტაში არსებული დეპოზიტების სტრუქტურას, უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტების 81% დოლარზე მოდის, 16% ევროზე, 2% ფუნტ სტერლინგზე, ხოლო დარჩენილი 1% სხვა ვალუტებზე.

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ 2015 წლის პირველი ორი კვარტალის განმავლობაში კომერციული ბანკების წმინდა მოგება გაზრდილია, ივნისიდან შეინიშნება საბანკო ინდიკატორების, კერძოდ კი კომერციული ბანკების მიერ მოზიდული დეპოზიტებისა და გაცემული სესხების მოცულობის შემცირება. რაც გასაკვირი არაა, თუ გავითვალისწინებთ იმ გაურკვევლობასა და უარყოფით მოლოდინებს, რასაც ლარის კურსის გაუფასურება იწვევს. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საბანკო სექტორი კვლავაც რჩება ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მზარდ და სტაბილურ სექტორად.

გააზიარე