"ლელო საქართველოსთვის“.

ფრთხილად, საბაზრო ეკონომიკა!

ფრთხილად

დგება თუ არა კრიზისი, იწყება მეინსტრიმული ეკონომიკური წესრიგის კრიტიკა. მემარცხენეები მარცხნიდან უტევენ, მემარჯვენეები მარჯვნიდან. თუმცა სულერთია რომელ მხარეს ხარ, მე მგონი ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ დიდი კრიზისები სახელმწიფოს ჩარევის გარეშე ვერ გვარდება. რა ფორმით და რა მასშტაბით, რა თქმა უნდა, ყოველთვის კამათის საგანია.

დღევანდელი ვითარების ანალიზისას, ხშირად იხსენებენ 2008 წლის ფინანსურ კრიზისს და მის საწინააღმდეგო ღონისძიებებს. სიმპტომები ერთი შეხედვით მსგავია – ჩამოშლილი საფონდო ბირჟები, რეცესია, იაფი ნავთობი… თუმცა კორონა-კრიზისი თვისობრივად მაინც სხვაა. პირველ რიგში, ეს ეხება მიზეზებს. 2008 წლის კრიზისს წინ უძღვოდა ხელოვნურად გაიაფებული და ადვილად ხელმისაწვდომი ფული, რომელმაც მოკლევადიან პერიოდში წაახალისა მოთხოვნა. თუმცა “ბუშტი” მალე გასკდა, უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა და მთელი ფინანსური სისტემა თან ჩაიყოლა. ბაზარი საყოველთაო უნდობლობამ მოიცვა.

კორონა-კრიზისის გენეზისი სრულიად განსხვავებულია. ადამიანების მასობრივ დაავადებას წარმოებების გაჩერება და ლოგისტიკის შეფერხება მოყვა, რამაც მიწოდების კრიზისი გააჩინა. იძულებითმა იზოლაციამ და საყოველთაო კარანტინმა მკვეთრად შეამცირა მოთხოვნაც. მოკლედ, მსოფლიო ეკონომიკამ ორმაგი დარტყმა მიიღო, ნავთობზე ფასების ვარდნის ჩათვლით. მართლაც, არნახული შოკია. საბედნიეროდ, ჯერ კიდევ მყარად დგას საფინანსო სექტორი, მაგრამ თუ პრობლემები მასაც შეექმნება, კრიზისი თავის ყველაზე რთულ ფორმას მიიღებს. მოკლედ, წარსული ეკონომიკური კრიზისებისგან განსხვავებით, ამჯერად, დაავადებული ეკონომიკის მკურნალობა კი არ დგას დღის წესრიგში, არამედ მისი დაავადებისგან პრევენცია.

როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ამ ვითარებაში, ვერცერთი ქვეყანა ვერ გაექცევა მთავრობის ფართო ინტერვენციებს. მეტიც, ამჯერად მისი მასშტაბი უპრეცედენტოდ დიდი იქნება, ისე, როგორც თავად კრიზისი. მთავრობებს საკუთარი მშპ-ის 10 პროცენტის დახარჯვა მოუწევთ კორონა-კრიზისის წინააღმდეგო – გვეუბნება გაეროს უახლესი კვლევა. თითქმის ყველა მთავრობა ასეც იქცევა და კოლოსალური მოცულობის ანტიკრიზისულ პაკეტებს აანონსებს. ეს კი, თავის მხრივ, რისკებს აჩენს სხვა მიმართულებით. კერძოდ, ასეთ დროს, იზრდება თავისუფალი ბაზრის დაკნინების ცდუნება. ემპირიულად მტკიცდება, რომ დიდი ომებისა თუ ფინანსური კრიზისების შემდეგ, ყოველთვის ძლიერდება სახელმწიფო საბაზრო ეკონომიკის ხარჯზე – იზრდება გადასახადები და რეგულაციები, ფართოვდება ბიუროკრატიის საცეცები და იზრდება სახელმწიფოს როლი ეკონომიკაში. ეს გამოწვევა იარსებებს ახლაც. ამიტომ დიდი ყურადღება გვმართებს იმისთვის, რომ კრიზისი გადავლახოთ საბაზრო ეკონომიკის ფუნდამენტის დაუზიანებლად, რომელიც ჯერ-ჯერობით რჩება უალტერნატივოდ, მისი ყველა ნაკლის მიუხედავად.

ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი. ჩვენი ქვეყნის მთავრობა ვალდებულია შეიმუშავოს სოლიდური ანტიკრიზისული პაკეტი შიდა და გარე რესურსების მობილიზების ხარჯზე. მან უნდა გადაგდას ისეთი ნაბიჯებიც კი, რომელიც სტანდარტულ ვითარებაში კატეგორიულად მიუღებელი იქნებოდა. თუმცა პრინციპულად მნიშვნელოვანია ყველა ეს ღონისძიება თავიდანვე ერთი დათქმით გატარდეს – ის იქნება დროში შეზღუდული და მხოლოდ კრიზისის განეიტრალებას მოემსახურება.

დღეს, სახელმწიფომ აქტიური როლი უნდა ითამაშოს ჯანდაცვაში, მენეჯმენტი გაუწიოს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლას და იზრუნოს საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლეზე. თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში, ეფექტიანი ჯანდაცვის სისტემას მხოლოდ კერძოს სექტორის მონაწილეობით და ამ ბაზარზე კონკურენციის უზრუნველყოფით შევძლებთ. ზოგიერთ მინისტრს გაუკვირდება და ჯანდაცვაც ბიზნესია.

სახელმწიფომ უნდა დანერგოს საგარანტიო მექანიზმები ბიზნესის დაკრედიტების სტიმულირებისთვის, თუმცა ის ვერ შეასრულებს მთავარი მოთამაშის როლს ფინანსურ ბაზარზე კრიზისის შემდეგაც. ამას მხოლოდ კონკურენტული საბანკო სექტორი და გამართული კაპიტალის ბაზარი შეძლებს.

ახლა, ამ რთულ ვითარებაში, სახელმწიფოს გარდა, ვერავინ უშველის შემოსავლის გარეშე დარჩენილ ათიათასობით მოქალაქეს და ის ვალდებულია შეიმუშაოს სპეციალური სოციალური პაკეტები მათთვის. თუმცა სახელმწიფო ვერ გააგრძელებს ამ ხალხის რჩენას მუდმივად. მათი კეთილდღეობა მხოლოდ კერძო სექტორში შექმნილ სამუშაო ადგილების რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული.

იმედია, სახელმწიფო ყველაფერს იღონებს კრიზისულ პერიოდში ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებისთვის, მაგრამ სამომავლოდ ამის უზრუნველყოფა მხოლოდ ძლიერი, ბიზნესზე ორიენტირებული სოფლის მეურნეობითა და კერძო ინვესტიციებით მიიღწევა.

დაბოლოს, ხშირად მესმის, რომ მსოფლიო აღარ იქნება ისეთი, როგორიც მანამდე იყო. არ ვიცი, ვინ რას გულისხმობს. მე კი მგონია, რომ იქნება უკეთესი. გლობალური ეკონომიკა გახდება უფრო მეტად ციფრული, უფრო მეტად გლობალიზებული და დივერსიფიცირებული. ამ ახალ რეალობაში საქართველოს ნამდვილად ექნება შანსი იპოვოს თავისი გამორჩეული ადგილი, თუ არ ჩავიკეტებით და განვაგრძობთ აღებულ კურსს, ვიყოთ ღია, დემოკრატიული, სამართალზე დაფუძნებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყანა, სადაც ბიზნესის კეთება მარტივი და კომფორტულია.

გააზიარე