ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

ფულადი გზავნილები საქართველოში

ფულადი გზავნილები საქართველოში

(ავტორი: რევაზ გერაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა).

საერთაშორისო ფულადი გზავნილები განვითარებად ქვეყნებში უცხოური ვალუტის შედინების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. ამ ქვეყნებში უცხოეთიდან განხორციელებულ ფულად ჩარიცხვებს დიდი გავლენა აქვს დაბალშემოსავლიანი მოქალაქეების კეთილდღეობასა და მსყიდველობითუნარიანობაზე, ბიზნეს სექტორისა და ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე.

აღსანიშნავია, რომ ფულადი გზავნილების ნაკადები უფრო სტაბილურია ვიდრე საერთაშორისო კაპიტალის მოძრაობა, რომლიც თავის მხრივ გარე და შიდა შოკებისადმი მაღალი მგრძნობელობით ხასიათდება. უფრო მეტიც, მიმღებ ქვეყანაში არსებული კრიზისისდროს,ხშირ შემთხვევაში, ფულადი გზავნილების ნაკადები ზრდას განიცდიან და დაღმავალი ეკონომიკური ციკლის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ. ამავდროულად, ქვეყანაში ამ გზით შემოსული უცხოური ვალუტა არ იწვევს მომავალში ვალდებულების ზდრას. უმეტესი განვითარებადი ქვეყნებისთვის საერთაშორისო ფულადი ჩარიცხვები უცხოური ვალუტის მიღების და იმპორტის დაფინანსების მნიშვნელოვანი წყაროა.

განვითარებად ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, ფულადი გზავნილების მოცულობა მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მნიშვნელოვან წილს წარმოადგენს. ჩვენი ქვეყნისთვის ეს მაჩვენებელი მშპ-ში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წილს აღემატება.

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი, საქსტატი

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2010-2013 წლებში ფულადი გზავნილების მოცულობა მუდმივად იზრდებოდა, რასაც ვერ ვიტყვით 2014 წლის მაჩვენებელზე, რომელიც წინა წელთან შედარებით 2.5%-ით (36 მილიონი აშშ დოლარი) შემცირდა.

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობის კლება კიდევ უფრო გაძლიერდა 2015 წელს. მიმდინარე წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით, ამ მაჩვენებელმა 340 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემთან შედარებით 23%-ით (104 მლნ. აშშ დოლარი) შემცირდა.

ამის საწინააღმდეგოდ, საქართველოდან საზღვარგარეთ ფულადი ნაკადის გადაგზავნა მუდმივ ზრდას განიცდის. 2015 წლის ოთხი თვის მონაცემებით, ამ მაჩვენებელმა 57 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და 9%-ით გადააჭარბა წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს.

2015 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით, ფულადი გზავნილების შემცირების მაჩვენებლიდან 90% რუსეთის ფედერაციიდან გადმორიცხული ფულადი ნაკადების შემცირებაზე მოდის. 2015 წლის იანვარ-აპრილში რუსეთიდან განხორციელებულმა ფულადმა გზავნილებმა 125 მლნ  აშშ დოლარი შეადგინა, რაც 93 მლნ აშშ დოლარით (43%-ით) ნაკლებია 2014 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემზე. რუსეთის ხვედრითი წილი 2015 წლისიანვარ-აპრილში საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობაში 37%-ს შეადგენს, რაც 12.4 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა ანალოგიურ მაჩვენებელზე. იგივე პერიოდში საბერძნეთიდან გადმორიცხვების მოცულობა 13 მლნ აშშ დოლარით (19%), უკრაინიდან 5 მლნ აშშ დოლარით (44%), ხოლო იტალიიდან 4 მლნ აშშ დოლარით (11%) არის შემცირებული.

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთში არსებული ეკონომიკური რყევები და საბერძნეთსა და იტალიაზე გლობალური ფინანსური კრიზისის გავლენაარის ამ ქვეყნებიდან საქართველოს მიმართულებით განხორციელებული ფულადი გზავნილების შემცირების მიზეზი. გზავნილების მოცულობის კლება მნიშვნელოვნად აზარალებს ქართულ ეკონომიკას. ეს განსაკუთრებით საგრძნობია გაზრდილი უარყოფითი საგადასახდელო ბალანსისა და ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის გაუფასურების ფონზე.

გააზიარე