"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

გლობალურ ურთიერთობებში გაჩხერილი „ნორდსტრიმ 2“

გლობალურ ურთიერთობებში გაჩხერილი „ნორდსტრიმ 2“

ერთი თვეც კი აღარ დარჩა ნატო-ს უმნიშვნელოვანეს სამიტამდე, რომელიც ბრიუსელში უნდა გაიმართოს. ეს იქნება აშშ-ის პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის პირველი პირისპირ შეხვედრა მოკავშირეებთან. ის ასევე მიიღებს მონაწილეობას აშშ-ევროკავშირის სამიტში, მანამდე კი აშშ-ის პრეზიდენტი ჩაფრინდება დიდ ბრიტანეთში, სადაც დიდი შვიდეულის ლიდერებთან გამართავს შეხვედრას. ცნობილია აგრეთვე, რომ ლონდონში პრეზიდენტი ბაიდენი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს შეხვდება. რა თქმა უნდა, ნატო-ს სამიტი, სადაც წევრ-ქვეყნების ლიდერებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები ალიანსის მომავალთან დაკავშირებით, სადაც კიდევ ერთხელ უნდა დადასტურდეს, რომ „აშშ დაბრუნდა“ და ტრანსატლანტიკური კავშირები კვლავინდებურად ურყევი და მტკიცეა, უაღრესად მნიშვნელოვანია. დიდი შვიდეულის შეხვედრაზეც განიხილება ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა პანდემიასთან ბრძოლა, პოსტპანდემიური გლობალური ეკონომიკის გაჯანსაღება, კლიმატური ცვლილებები, რეგიონული კონფლიქტები და სხვ. ევროკავშირთან განხილული იქნება სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში არსებული გამოწვევები, ჩინეთის შეკავებაში აშშ-სა და ევროკავშირს შორის პოზიციების შეჯერების შესაძლებლობები, ირანთან ე.წ. ბირთვული შეთანხმების განახლების პერსპექტივები და ა.შ.

მოკლედ, ყველა ეს ღონისძიება დამოუკიდებლად თუ ერთობლიობაში მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში იქნება, მაგრამ… პრეზიდენტ ბაიდენის ევროპაში მგზავრობისას უაღრესად დატვირთულ გრაფიკს სავარაუდოდ კიდევ ერთი, ძალიან საყურადღებო ორმხრივი სამიტი დაემატება. რამდენიმე დღის წინ ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში არქტიკული საბჭოს ფარგლებში გაიმართა აშშ-ისა და რუსეთის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელების პირველი პირისპირ შეხვედრა. ენტონი ბლინკენისა და სერგეი ლავროვის ორმხრივ მოლაპარაკებებს წინ უსწრებდა საკმაოდ ხისტი განცხადებები და მთელი რიგი გადაწყვეტილებებისა, რომლებმაც ორ ქვეყანას შორის ამ დრომდე არსებული ისედაც დაძაბული ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად დაამძიმა. საკმარისია, გავიხსენოთ პრეზიდენტ ბაიდენის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადება, რომ „ვლადიმირ პუტინი მკვლელია“ (ნამდვილად არის – ა.პ.), აგრეთვე მასსა და რუსეთის ლიდერს  შორის გამართული პირველი სატელეფონო საუბარი, სადაც აშშ-ის პრეზიდენტმა ყველა მწვავე საკითხი ღიად დასვა. ამ ყველაფრის შემდეგ იყო აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ რუსეთის ხელისუფლების ღიად დადანაშაულება მის საშინაო საქმეებში ჩარევასა  და ამერიკული უწყებების წინააღმდეგ კიბერთავდასხმების განხორციელებაში, რასაც რუსი მაღალჩინოსნების მიმართ ახალი სანქციების შემოღება  და  მათი დიპლომატების გაძევება მოჰყვა. საპასუხოდ რუსეთმაც დაატოვებინა ქვეყანა ამერიკელ დიპლომატებს და აუკრძალა საკუთარ მოქალაქეებს აშშ-ის საელჩოსა და საკონსულო სექციებში მუშაობა.

ამ ყველაფრის შემდეგ სულ რამდენიმე ხანში აშშ-ის ადმინისტრაცია ბევრისთვის მოულოდნელად ალაპარაკდა უმაღლეს დონეზე ორმხრივი სამიტის ჩატარების შესაძლებლობაზე და ამერიკული მხრიდან მზაობაზე. ასე რომ, დრამატული განვითარებების ფონზე ორი ქვეყნის პირველი დიპლომატების შეხვედრის მიმართ გაძლიერებული ინტერესი იყო. განსხვავებით ცოტა ხნის წინ ჩინელ ვიზავისთან გამართული სუსხიანი და დაძაბული შეხვედრისგან, ბატონები ბლინკენი და ლავროვი შედარებით პოზიტიურად გამოიყურებოდნენ ტელე- და ფოტოკამერების წინ. მათ დაადასტურეს, რომ მიუხედავად მთელ რიგ საკითხებში არსებული პრინციპული განსხვავებებისა, მხარეები კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის მზაობას გამოთქვამენ. განხილულ საკითხებს შორის იყო უკრაინა, სირია, ერაყი, ავღანეთი, ირანის ბირთვული პროგრამა, ისევ კლიმატური ცვლილებები და სხვ. (სამწუხაროდ, ისევ არაფერი თქმულა საქართველოს შესახებ). ბაიდენ-პუტინის მომავალ სამიტთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიოში სტრატეგიული სტაბილურობის განმტკიცებისა და უზრუნველყოფის თვალსაზრისით (გულწრფელად გეტყვით, არ მიყვარს ასეთი ფრაზები – კარგი არაფერი მოჰყვება ხოლმე ).

ცხადია, ლავროვის კონსტრუქციულობას ნამდვილად არ განაპირობებდა არც მისი პერსონალური აღფრთოვანება ენტონი ბლინკენით და არც რუსეთის მზაობა აშშ-თან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. სინამდვილეში, ძაღლის თავი ბალტიის ზღვაში იყო დამარხული. ბლინკენსა და ლავროვს შორის შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე გაჩნდა ინფორმაცია (ასეთია საჭირო ინფორმაციის წინასწარ „შემოგდების“ საერთაშორისო პრაქტიკა), რომ აშშ-ის ადმინისტრაცია აპირებდა „ნორდსტრიმ 2“-ის ოპერატორი კომპანიისა და მისი ხელმძღვანელის, წარსულში აღმოსავლეთ გერმანიის უშიშროების სამინისტროს, „შტაზის“, მაღალჩინოსნის, პუტინთან დაახლოებული და მისი ნდობით აღჭურვილი მატიას ვარნიგის ამერიკული სანქციებიდან ამოღების შესახებ. სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია დადასტურდა. დიახ, სამწუხაროდ, იმიტომ რომ, ჩემი აზრით, ეს გადაწყვეტილება ძალიან ცუდი სიგნალი იქნება ვლადიმირ პუტინისთვის აშშ-ის პრეზიდენტთან სავარაუდოდ შვეიცარიაში დაგეგმილი ორმხრივი შეხვედრის წინ. მართალია, ამ გადაწყვეტილებას ორ დღეში მოჰყვა აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტის მიერ დაწესებული ახალი სანქციები 13 რუსული გემის, მ.შ. „აკადემიკოს ჩერსკის“ წინააღმდეგ, რომელიც უშუალოდ ახორციელებს მილსადენის მშენებლობას, აგრეთვე რუსეთის ხუთ უწყებასთან მიმართებით (მათ შორის არის რუსული საზღვაო სამაშველო სამსახურიც, მაგრამ მისი საქმიანობაც არ ხვდება სანქციების ქვეშ იმ ნაწილში, რომელიც არ ეხება უშუალოდ მილსადენის პროექტს), მაგრამ ოფიციალური მოსკოვის რეაქციებიდან გამომდინარე, მათთვის მატიას ვარნიგის და „გაზპრომის“ ოპერატორი კომპანიის სანქციებიდან ამოღება გაცილებით უფრო სასიხარულო და პოზიტიური ამბავი იყო. კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა, იმავე სერგეი ლავროვმა და მისმა მოადგილე რიაბკოვმა ერთხმად დადებითად შეაფასეს აშშ-ის ეს გადაწყვეტილება.

რუსი ჩინოსნებისგან განსხვავებით, ძალიან კრიტიკულები იყვნენ ამერიკელი რესპუბლიკელი კანონმდებლები. 14 რესპუბლიკელმა სენატორმა გადაწყვეტილებიდან მეორე დღეს შეიტანა კანონპროექტი სანქციების აღდგენის შესახებ. განსაკუთრებით კატეგორიულები იყო ყველასთვის კარგად ცნობილი სენატორი ჯიმ რიში. თუმცა მას სიმწვავეში არ ჩამოუვარდებოდნენ გავლენიანი დემოკრატი სენატორები ბობ მენენდესი და ჯინ შაჰინი, რომლებიც კატეგორიული წინააღმდეგი არიან გაზსადენ “ნორდსტრიმ 2-ის”  პროექტის განხორციელების და მას აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისთვის საზიანოდ მიიჩნევენ.

საკმაოდ კრიტიკული განცხადებები გაკეთდა კიევშიც. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დმიტრო კულებამ და სხვა მაღალი თანამდებობის პირებმა „ძალიან სარისკოდ“ შეაფასეს ეს გადაწყვეტილება. უკრაინელმა კანონმდებლებმა, ისევე როგორც „ნაფტოგაზის“  ხელმძღვანელებმა ღია წერილით მიმართეს აშშ-ის კონგრესს, არ დაუშვან სანქციების შერბილება და გაზსადენის მშენებლობის დასრულება, რაც კარდინალურად შეცვლის რეგიონის გეოპოლიტიკურ ლანდშაფტს და უკრაინაზე ზეწოლის ახალ სერიოზულ ბერკეტებს მისცემს რუსეთს.

გასაგებია, რომ აშშ-ის პრეზიდენტს ევროპელ პარტნიორებთან, განსაკუთრებით გერმანიასთან ურთიერთობების ნორმალიზება სურს, მაგრამ რუსეთთან „გადატვირთვის“ უმძიმესი გამოცდილების მქონე დემოკრატიულ ადმინისტრაციას კარგად უნდა ესმოდეს, თუ რა რისკებს შეიცავს  ასეთი უპირატესობის რუსეთის ხელში ჩაგდება. მე მგონი, ყველას დაუგროვდა საკმარისად მწარე მოგონებები რუსეთთან ურთიერთობების დათბობის მცდელობებიდან.

ასეა თუ ისე, აშშ-ის ადმინისტრაცია ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისთვის ემზადება. ყველას გვახსოვს (მე პირადად – ძალიან მწარედ) აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შეხვედრა ვლადიმირ პუტინთან ჰელსინკიში. მაშინ დემოკრატების მხრიდან კრიტიკის ქარიშხალი დაატყდა თავს რესპუბლიკელ პრეზიდენტს. ის, არც მეტი არც ნაკლები, რუსეთის ინტერესების გატარებაში დაადანაშაულეს.

ბედის ირონიით, სიტუაცია მას მერე საპირისპიროდ შეიცვალა. ახლა უკვე რესპუბლიკელთა მხრიდან გაისმის ანალოგიური ეჭვები და ვარაუდები და მალე დემოკრატების ადმინისტრაციას მოუწევს თავის მართლება.

რა შეიძლება გააკეთოს აშშ-მ კრიტიკული დარტყმების შესამსუბუქებლად? ჩემი ნება რომ იყოს, ანუ ჩემი „სურვილების სია“, უფრო სწორედ კი სამი სურვილი, ასეთი იქნებოდა:

  • მოსთხოვოს გერმანიას გაზსადენის დასრულებაზე თანხმობის სანაცვლოდ უკრაინასა და საქართველოსთვის ნატო-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭებაზე თანხმობა;
  • მოსთხოვოს ვლადიმირ პუტინს აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერის დაუყოვნებლივ შეწყვეტა (ანექსირებული ტერიტორიების დაბრუნებას გაზსადენზე თანხმობა არ უშველის, ისევე როგორც მკვლელი ვლადიმირ პუტინის უეცარი სიკვდილი და ხელისუფლების ცვლილება – ეს რომ მოხდეს, უფრო მასშტაბური, რუსეთისთვის აპოკალიფსურთან მიახლოებული პროცესები უნდა განვითარდეს რუსეთში);
  • მოსთხოვოს რუსეთს მეზობელ ქვეყნებში ძირგამომთხრელი საქმიანობის შეწყვეტა და მათ საშინაო საქმეებში უხეშად ჩარევა.

რა თქმა უნდა, ეს ჩემი სურვილებია (სხვამ თავისი სურვილები თვითონ თქვას), მაგრამ სინამდვილეში მართლა საინტერესოა, 1) გადაიხდის თუ არა რუსეთი საფასურს აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გაკეთებული გულუხვი საჩუქრის სანაცვლოდ და 2) რა იქნება (და იქნება თუ არა საერთოდ) გერმანიის მხრიდან შემხვედრად გაკეთებული მადლიერების გამომხატველი ჟესტი.

გლობალურ ურთიერთობებში გაჩხერილი „ნორდსტრიმ 2“-ის დასრულებამდე კი სულ რაღაც 100 კილომეტრი რჩება…

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin