"ვარ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, მარკეტინგის მკვლევარი. დავიბადე 1986 წლის 27 აგვისტოს"

#JeSuisParis - სოციალური პასუხისმგებლობა, რომელიც სოცმედიამ აიღო

#JeSuisParis - სოციალური პასუხისმგებლობა

1 მილიარდი ადამიანი, საზარელი ტერაქტების სერიას, სოციალური ქსელებით ეხმიანება. ფეისბუქის მიერ გააქტიურებული ფილტრი, საფრანგეთისა და ლიბანის დროშის გამოსახულებით, ასახავს იმ ერთსულოვნებასა და სოლიდარობას, რომელიც თავისუფალ სამყაროში არსებობს.

ის, რომ მსგავს გარემოებაში, კომპანიებმა სოციალური პასუხიმგებლობის მიმართულებით ნაბიჯები უნდა გადადგან, ყველამ კარგად ვიცით. ამ მდგომარეობას ,,სოციალურ ვალდებულებასაც’’ კი უწოდებენ – მანამ სანამ ერთნი თანაუგრძნობენ, მეორენი მოქმედებენ, იმისთვის რომ სამყარო უკეთესობისკენ შეცვალონ.

უსაფრთხოების შემოწმების ფუნქცია, რომელიც ფეისბუქმა რამდენიმე საათის წინ გაააქტიურა, ალბათ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ტერაქტის ზონაში მცხოვრები ადამიანებისა და მათი ახლობლებისთვის. ფუნქცია, შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს, მიიღოს შეტყობინება, რომ მისი მეგობარი უსაფრთხო ან პირიქით, სახიფათო ზონაშია. პარიზის ტერაქტის ღამეს, 360 მილიონმა ადამიანმა, სწორედ ფეისბუქის დახმარებით შეიტყო, რომ მისი ახლობელი დაცულია და მას არაფერი ემუქრება. ახალი ინსტრუმენტი გამოიყენა პარიზში მცხოვრებმა 4 მილიონმა ფეისბუქის მომხმარებელმა.

აღნიშნულის გამოყენება, სოციალური ქსელის მომხმარებლებს, შეეძლებათ მსოფლიოს მასშტაბით, ომის, ტერაქტის, სტიქიური უბედურებისა თუ სხვა უსიამოვნო გარემოების დადგომისთანავე და ეს ერთერთი საუკეთესო ნიმუშია სოციალური მედიის პასუხისმგებლობის საზოგადოების წინაშე.

უპირობოდ დაეხმარა სოცმედია პარიზის მაცხოვრებლებს, რომელთაც #PorteOuverte – სახლის კარი ღიად გამოაცხადეს, ყველასთვის, ვინც საჭიროებს. შეტყობინება წამიერად გავრცელდა ქვეყნის მასშტაბით და სიკეთისა თუ მზრუნველობის, უჩვეულო და საუკეთესო პრეცედენტი შექმნა.

ჰოსტელებისა და სახლების კარი გააღო Airbnb-მ, რომელიც სოცმედია ლიდერია ბინების დაჯავშნის სტატისტიკით. მოწოდებები იწერებოდა ბლოგებსა და მიკრობლოგებში – თვითერსა და სნეფჩეტზე, რომელთაც დამატებითი ფუნქციები მომენტალურად ასახეს მომხმარებელთა პროფილებზე.

აღნიშნული ქმედებები მნიშვნელოვანია კომპანიებისთვის წმინდა მარკეტინგული თვალსაზრისითაც – ეს ზრდის ლოიალურობის, ჩართულობის, ორგანიზაციისადმი ერთგულებისა და კეთილგანწყობის მაჩვენებელს. სიკეთე და მზრუნველობა ვისურულად ვრცელდება სოციალურ მედიაში და მას ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური ეფექტი აქვს.

ბოლოს კი გახსოვდეთ –  #TerrorismHasNoReligion

ნინო ენუქიძე, ასოცირებული პროფესორი, ილიაუნის მართვის ინსტიტუტი.

გააზიარე