ინოვაციების მენეჯერი | Theneo-ს საოპერაციო დირექტორი
ხელოვნური ინტელექტის სარგებელი და ზიანი გლობალურ დათბობასთან ბრძოლისას

„კოპერნიკის“ კლიმატის ცვლილების სამსახურის მიხედვით, 2024 წელს მსოფლიოს უახლეს ისტორიაში ყველაზე ცხელი ზაფხული დაფიქსირდა. მანამდე, 2023 წელს, ითქვა, რომ რეკორდულად ცხელი ზაფხულის შემსწრე ვიყავით. იმ ზაფხულს კვლევას ვატარებდი მდგრადი ხელოვნური ინტელექტის (Sustainable Artificial Intelligence) გამოწვევების შესახებ და აქტიურად ვადევნებდი თვალყურს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ სიახლეებსაც. ივლისის მიწურვასთან ერთად განახლებულ ინფორმაციას ვინიშნავდი – 16 ივლისს ჩინეთში 52.2℃ დაფიქსირდა, იმავე დღეს ტემპერატურამ კალიფორნიის შტატში 53.3℃-ს მიაღწია – ის საფრთხეები, რომელთა შესახებაც მეცნიერები წლების განმავლობაში გვაფრთხილებდნენ, არც ისე შორი ჩანდა. ვესაუბრებოდი AI-ექსპერტებს, ვისმენდი მათ ბრაზსა და ფრუსტრაციას და ვფიქრობდი, თუ რა რეალობის წინაშე ვიქნებით რამდენიმე წელიწადში და რა როლს შეასრულებს ხელოვნური ინტელექტი ამ ყველაფერში.
1995 წლის შემდეგ გაერო ყოველწლიურად ატარებს კლიმატის ცვლილების კონფერენციას (COP). ყოველწლიური კონფერენციის დროს განისაზღვრება ეროვნულ დონეზე მოქმედების გეგმა, მიზნები და ამოცანები, რათა სახელმწიფოებმა ერთიანი ძალისხმევით შეძლონ გლობალურ დათბობასთან ეფექტიანი ბრძოლა და მისი შენელება. 2015 წელს პარიზში COP21-ში მონაწილე მხარეებმა მიზნად დაისახეს საჭირო ნაბიჯების გადადგმა, რათა გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდა შეიზღუდოს 1.5℃-მდე და არ გადააჭარბოს 2℃-ს. ეს გეგმა საკმაოდ ამბიციურია იმის გათვალისწინებით, რომ არა მხოლოდ მოითხოვს გაერთიანებული ერების უზარმაზარ ერთობლივ ძალისხმევასა და არსებული წესრიგის ცვლილებას, არამედ იმიტომაც, რომ 2024 წელს დედამიწის ზედაპირისა და ჰაერის ტემპერატურამ 1.55℃-ით უკვე გადააჭარბა ინდუსტრიალიზაციამდელ მაჩვენებლებს.
ამასობაში, გლობალური დათბობის შედეგები აშკარაა, – ოკეანისა და დედამიწის ზედაპირის ტემპერატურა იმატებს, ამას თან ახლავს გახშირებული ხანძარი, უდაბნოს გაფართოება, მყინვარების დნობა, ზღვის დონის მატება და ა.შ. რაც, თავის მხრივ, ახშირებს ბუნებრივ კატასტროფებს და ზრდის ამ დამანგრეველი ძალების მიერ გამოწვეულ ზარალს. ზემოთ ჩამოთვლილ მოვლენებთან გასამკლავებლად ხელოვნური ინტელექტი მრავალი ინოვაციური გზით გამოიყენება, მათ შორის, გარემოს მონიტორინგისა და კონსერვაციისთვის, კლიმატის ფართომასშტაბური და ხანგრძლივი მოდელირებისთვის (რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის სწორი სტრატეგიების დასახვას) და სხვ.
ხელოვნური ინტელექტი ეფექტიანად გამოიყენება სოფლის მეურნეობის დარგშიც. ფერმერებს საშუალება ეძლევათ, რესურსების დაზოგვის პარალელურად გაზარდონ მოსავლის რაოდენობა და ხარისხი – რეალურ დროში დააკვირდნენ ნაყოფის ხარისხსა და ნიადაგის ნაყოფიერებას, რისი გათვალისწინებითაც იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს. მრავალი მკვლევარი მიიჩნევს, რომ AI-ის ეფექტიანი და სწორი ჩართულობით შესაძლებელია გლობალურად შეიცვალოს სასურსათო დაუცველობის პრობლემაც.
რაც შეეხება კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლისას AI-ის ჩართულობას, ის ამ მხრივ აქტიურად გამოიყენება მონაცემთა დამუშავების შედეგად კანონზომიერების დასადგენად და პროგნოზის გასაკეთებლად. მაგალითისთვის, AI-მოდელს შეუძლია იწინასწარმეტყველოს ტყის ხანძრის რისკი წარსულში მომხდარი ტყის ხანძრების, ნალექის რაოდენობის, ტენიანობის, ქარის სიჩქარისა და სხვა ისტორიული მონაცემების გათვალისწინების საფუძველზე. წყალდიდობის პროგნოზს წინ უძღვის მოდელის გაწვრთნა სატელიტური გამოსახულების, მდინარეების დონის, ნიადაგის ტენიანობისა და სხვა რელევანტური დეტალების გათვალისწინებით. რომ შევაჯამოთ, ხელოვნური ინტელექტის სწორი ჩართულობით გასაოცარი შედეგების მიღწევა შეიძლება, მათ შორის, სწორი პროგნოზის დამსახურებით კატასტროფების თავიდან არიდება, ეფექტიანი სტრატეგიების დასახვა და ა.შ.
ეჭვგარეშეა, რომ ხელოვნურ ინტელექტს უზარმაზარი სარგებელი ახლავს თან. AI-ის მიღწევებით ყოველდღიურად სარგებლობენ ისინიც, ვინც ვერ აცნობიერებენ, რომ ხელოვნურ ინტელექტთან ურთიერთქმედებენ, მაგალითად, Google Maps-ის გამოყენებისას, როდესაც უკვე არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით აპლიკაცია განსაზღვრავს გადაადგილების სავარაუდო დროს, ყველაზე ხელსაყრელ და მოსახერხებელ მარშრუტს, გვატყობინებს გზის მდგომარეობას და ა.შ. ჩვენი ყოველდღიურობა სრულად მოცულია მასთან ასოციირებული სარგებლითა და საფრთხეებით, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბაზარზე ChatGPT გამოჩნდა და გენერაციულმა ხელოვნურმა ინტელექტმა თავისი დრამატული და გარდამტეხი ეფექტი მოახდინა მსოფლიოზე.
ტექნოლოგიის სწრაფ განვითარებასთან ერთად, კომპიუტერებისა და მონაცემთა შენახვის ხარჯები მცირდება, რაც AI-მოდელების შექმნასა და გამოყენებას უფრო ხელმისაწვდომს ხდის როგორც სტარტაპებისთვის, ისე დიდი კომპანიებისთვის. ეს, თავის მხრივ, ზრდის პროდუქტიულობას და ამცირებს ოპერაციულ ხარჯებს, მათ შორის შრომის ანაზღაურებისთვის განკუთვნილ ხარჯებს, რადგან რამდენიმე ადამიანის შესასრულებელ საქმეს ნაკლები ადამიანის ძალისხმევა სჭირდება. ბოლო ორი წლის განმავლობაში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია დიდი კომპანიების მიერ თანამშრომლების მასობრივი გათავისუფლების შესახებ, რაც მეტწილად განაპირობა კომპანიებში პროცესების ავტომატიზაციის დანერგვამ. ამ პროცესს მომავალშიც მნიშვნელოვანი გავლენა ექნება სამუშაო ბაზარზე, მეტიც, მოსალოდნელია ტრანსფორმირდეს ბევრი პროფესია და სამუშაო ადგილი. თუმცა მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ AI-მოდელების შექმნას, სწავლებასა და გამოყენებას თან ახლავს გარემოზე წარმოუდგენლად დიდი ნეგატიური გავლენა – მონაცემთა ცენტრები დიდი ოდენობით ელექტროენერგიას მოიხმარენ, რაც ძირითადად ბუნებრივი რესურსების ხარჯზე იწარმოება, ზრდის ნახშირორჟანგის გამონაბოლქვს და ხელს უწყობს კლიმატის ცვლილებას. გარდა ამისა, მონაცემთა ცენტრები საჭიროებენ წყლის დიდ რაოდენობას გაგრილებისათვის, რაც საკმაოდ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. საბოლოოდ, ხელოვნური ინტელექტის ის უპირატესობები, რომლებიც ხშირად გლობალური პრობლემების (მათ შორის კლიმატის ცვლილების) გადასაჭრელად განიხილებოდა, თავადაცაა გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების მიზეზი და ხშირად სრულად უგულებელყოფილი რჩება.
AI-ეთიკა შეისწავლის, თუ რა გავლენა აქვს ხელოვნურ ინტელექტს საზოგადოებაზე და მიზნად ისახავს მის მიზნობრივად და პასუხისმგებლობიანად გამოყენებას. ეს დარგი, ცხადია, ბევრი პრობლემით ინტერესდება, მათ შორის ინკლუზიურობითა და გამჭვირვალობით, თუმცა ჩემი საავტორო ბლოგების ფარგლებში, ყურადღებას მდგრად ხელოვნურ ინტელექტზე გავამახვილებთ – AI-სისტემების ისეთ განვითარებასა და გამოყენებაზე, რომელიც სოციალური კეთილდღეობის ხელშეწყობის პარალელურად გარემოსთვის ნაკლები ზარალის მომტანია. რატომ ხდება, რომ AI-მოდელი, მათ შორის კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად განკუთვნილი მოდელი, შესაძლოა გარემოსთვის მეტი ზარალის მომტანი აღმოჩნდეს, ვიდრე სარგებლის? სამუშაო პროცესებში ხელოვნური ინტელექტის დიდი დოზით ჩართვის პარალელურად როგორ ახერხებენ ტექნოლოგიური კომპანიები გარემოზე ნეგატიური გავლენის შემცირებას? ამ კითხვების დასმა და ხელოვნური ინტელექტის ფართო ეთიკურ და ღირებულებით სისტემაში აღქმა არსებითია, რათა კაცობრიობამ მისი მეტი პასუხისმგებლობით გამოყენება შეძლოს.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on აპრილი 7, 2025