კორპორაციული კომუნიკაციების სპეციალისტი. თაკო ჯგუფ ანაგრამას თანადამფუძნებელია. ჯგუფისთვის მნიშვნელოვანი მიმართულებაა, კომპანიებთან ერთად პასუხისმგებლიანი მიდგომების შექმნა და დანერგვა.

კორპორაციული პასუხისმგებლობა - სიტყვიდან საქმემდე

Forbes-WEB-23112005

ბიზნესი ვერ იქნება წარმატებული, თუ მის გარშემო საზოგადოება წარუმატებელია.

პოლ პოლმანი

ამ ბლოგის შექმნის იდეა მრავალწლიანი დაკვირვების, ბიზნესთან, სამთავრობო და სამოქალაქო ორგანიზაციებთან, საზოგადოებასთან  ურთიერთობის  შედეგად გაჩნდა. იმ დღეს, როდესაც კორპორაციული პასუხისმგებლობის კუთხით  წინ გადადგმული მცირე ნაბიჯების მიუხედავად, ცხადად გავაცნობიერე,  რომ ამ საქმის ქაოსურად, გაუაზრებლად ან ნაკარნახები ვალდებულებით კეთებას ხშირად იმ შედეგის  მოტანა არ შეუძლია, რისკენაც ეს კონცეფცია არის მიმართული. ისიც აღმოვაჩინე,  რომ ხშირად, დიდი შესაძლებლობები აქვე, კომპანიების  თვალწინ, ერთი ხელის გაწვდენაზეა, თუმცა მათი შემჩნევა ჭირს. ამიტომაც რჩება ეს სფერო თითქოს ახლობელ და გასაგებ, მაგრამ, ამავდროულად,  მიუწვდომელ და გაუკეთებელ საქმედ. თითქოს გააზრებულ, მაგრამ მაინც მექანიკურ ქმედებებად, რომელთაც ხელშესახები ცვლილებების მოტანა რთულად შეუძლია.

სწორედ ამიტომ, ამ ჩანაწერების უმთავრესი მიზანია, წლების განმავლობაში ნაგროვებ დაკვირვებებს თავი ერთად მოვუყაროთ და  ვაქციოთ თუნდაც სულ მცირე საბაბად,  ადამიანებმა მათ ირგვლივ არსებული გარემო  სხვა მხრიდან  დაინახონ, სტანდარტული ხედვა მათთვის უჩვეული კუთხისკენ მიმართონ  და შემდეგ  ვნახოთ, ვინ იცის, რამდენი ახალი შესაძლებლობის აღმოჩენას მოვახერხებთ ერთად!

წლების წინ,  კორპორაციული მდგრადობის ერთმა საერთაშორისო  სპეციალისტმა ჩემი სამუშაო სფერო რომ გაიგო, საქართველოში მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ნიშნულით დაინტერესდა. დასკვნა ჩემი გამომეტყველების მიხედვით, უპასუხოდ, თავადვე გააკეთა და თქვა,  არ იქნება მარტივი ამ საქმის წინ წაწევა, დიდი ძალისხმევა და კიდევ უფრო დიდი იმედგაცრუებები ახლავს თანო.  მაგრამ დიდი ძალაც აქვს, გზადაგზა ისეთ ადამიანებს აღმოგაჩენინებს, ყველა იმედგაცრუებას ერთბაშად რომ გააფერმკრთალებსო.

ასეც აღმოჩნდა, იმედგაცრუებები მართლაც  დაგროვდა, თუმცა, ამავდროულად, მეორე, საიმედო  ჩამონათვალიც სავარაუდოზე მეტად გაიზარდა იმ ადამიანებით, ვისთვისაც ბიზნესის კეთება არ  არის „მხოლობითი“ საქმიანობა. ვისაც პირადი წარმატებისა და წინსვლის პარალელურად სხვების  დანახვა, გათვალისწინება შეუძლია და რაც ყველაზე მთავარია –  სხვების მიღწევებსაც პირად, მისი ბიზნესის  წინსვლად მიიჩნევს.

ცოტა რამ ტერმინებზე

კორპორაციული პასუხისმგებლობის გამომხატველი ტერმინები და სახელწოდებები დღეს მრავალი სახით  დამკვიდრდნენ კომპანიების ლექსიკაში. სულ უფრო ხშირად ისმის  „კორპორაციული მოქალაქეობა“, „მდგრადი განვითარება“, „პასუხისმგებლობიანი ან ეთიკური ბიზნესი“,  თუმცა ხშირად, როგორც წესი, ეს ტერმინები  მხოლოდ სიტყვების გაუგებარ შეთანხმებად რჩებიან და ჩვენს ყოველდღიურობაში, სასარგებლო ცვლილებად, ნაკლებად აღწევენ.

შესაძლოა,  ტერმინების ირგვლივ დავასაც მოჰკრათ ყური და გაიგოთ,  რომ მსოფლიოს მიმდინარე  მოცემულობიდან გამომდინარე,  ამ მიდგომებს  ტერმინი – „მდგრადი განვითარება“ უფრო შეესაბამება.  თუმცა აქვე გასათვალისწინებელია   მრავალწლიანი გამოცდილებისა და დაკვირვების მქონე სპეციალისტების მოსაზრებებიც, რომლებიც ხშირად გვირჩევენ, რომ ამ საკითხის ამოსავალ წერტილად სწორედ   პასუხისმგებლობა მოვინიშნოთ. სიტყვა, როგორც დამოკიდებულება, როგორ ვხედავთ საკუთარ თავს დანარჩენებთან მიმართებით, რა ვალდებულებებს ვიღებთ ყოველდღიურად, ვხედავთ თუ არა საერთო, ყველასათვის პრობლემური საკითხების გადაწყვეტაში ჩვენს თავებსაც და თუ კი, რას ვაკეთებთ  მათი მოგვარებისთვის.

მრავალფეროვან ლიტერატურაში, სტატიებში,  ყველგან, სადაც კორპორაციული პასუხისმგებლობის განმარტებას გვთავაზობენ, აუცილებლად დასძენენ, რომ მისი ერთიანი განმარტება არ არსებობს. თუმცა მთავარზე ყველა თანხმდება, რომ  კორპორაციული პასუხისმგებლობა  ბიზნესის იმგვარად კეთებას მოიაზრებს, რომლის პროცესშიც ყოველთვის ვამჩნევთ ჩვენ ირგვლივ არსებულ პრობლემებს, ვითვალისწინებთ, ვცდილობთ, ჩვენი საქმიანობით  არ დავამძიმოთ და, რაც მთავარია, მოგვარების  ჩვენებური გადაწყვეტები მოვუძებნოთ. ვეცადოთ,  ჩვენი ბიზნესის წარმატება  თანხვდენილი იყოს საზოგადოების  განვითარებასა და კეთილდღეობასთან.

კიდევ  უფრო მარტივად; კომპანია ერთ  ადამიანად რომ წარმოვიდგინოთ, რომელსაც ადარდებს მის გარშემო არსებული პრობლემები, იცის და გრძნობს გარემოს წინაშე არსებულ  საფრთხეებს,  საკუთარი კეთილდღეობის მიუხედავად ათვითცნობიერებს, რომ ირგვლივ  ბევრ ადამიანს  არა აქვს ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა, ბევრი მათგანის უფლებები ირღვევა. ვისაც სათანადოდ ესმის  ეთიკური ქცევის, მოპყრობის მნიშვნელობა, იცის წარსული, ადარდებს აწმყო და ზრუნავს მომავალზე, გარშემო იკრებს თანამოაზრეებს,  ძლიერდება და აძლიერებს სხვებსაც.

ახლა კი  წარმოვიდგინოთ ასეთი ადამიანი  კომპანიად გარდაქმნილი. ჩვენი თავები კი მის     თანამშრომლად, კლიენტად, პარტნიორად ან ინვესტორად. მოგვინდებოდა  თუ არა მისი დათმობა ან  სხვაში გაცვლა?

ამიტომ ვიჩემებთ ამ დარგის სპეციალისტები, რომ ბიზნესის კორპორაციული პასუხისმგებლობა თავისი გავლენით ყველა ჩვენგანს სწვდება და  განურჩევლად  ყველას გვეხება, მიუხედავად იმისა კომპანიის რომელ მხარეს ვდგავართ, რა გვაკავშირებს მასთან; მისი მფლობელი ვართ, ვმუშაობთ მისთვის, მის პროდუქტს  მოვიხმართ, მომსახურებით ვსარგებლობთ თუ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს წარმოვადგენთ.

რა-დან როგორ-მდე

დღეს თანამედროვე კომპანიის განვითარების აუცილებელ წინაპირობად სულ უფრო ხშირად ახსენებენ  ბრენდის ფასეულობებს.  მრავალი საერთაშორისო კვლევა გვაჩვენებს, რომ ადამიანებს წლიდან წლამდე  სულ უფრო მეტად აინტერესებთ არა მარტო  ის, თუ კომპანია რას სთავაზობს მათ, არამედ როგორ აწარმოებს ამა თუ იმ პროდუქტს, ქმნის სერვისს.  ითვალისწინებს თუ არა თავისი სამუშაო პროცესის დროს ადამიანს, გარემოს და ხომ არ მოქმედებს მათ საზიანოდ.  ამიტომაც დღეს თანამედროვე ბიზნესის წინაშე კითხვა –  როგორ უკვე  მოთხოვნადაც გაისმის  და ისიც  მეტად აცნობიერებს, რომ მასზე  პასუხის მართებული გაცემა მისი წარმატებისა და განვითარების  აუცილებელი პირობაა.

სტრატეგია თუ უბრალოდ აქტივობა?

კორპორაციული პასუხისმგებლობის სწორად წარმართვისთვის აუცილებელია, ბიზნესი მას სტრატეგიულად ხედავდეს და არა ერთგვარ დანამატად, პერიოდულ აქტივობას, რომელიც ხშირად ბიზნესის მთავარ საქმიანობას  აცდენილი, „კეთილი საქმის“ სახელით მოქმედებს და გრძელვადიან,  სტაბილურ შედეგს იშვიათად აღწევს. კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგიას ხელშესახები შედეგის მოტანა  მხოლოდ თანამიმდევრული ქმედებებით შეუძლია, როდესაც   ბიზნესი  მას თავისი განვითარების მუდმივ და თანამდევ პროცესად აღიქვამს და თუნდაც მცირე ნაბიჯებით  ცდილობს მის დახვეწას და გაუმჯობესებას.

თუმცა არსებული რეალობა გვაჩვენებს, რომ ჩვენ გარშემო ხშირია ისეთი  დამოკიდებულება, როდესაც კორპორაციული პასუხისმგებლობის სახელით გაკეთებულ  საქმეს სხვისთვის გაღებულ ხარჯად მიიჩნევენ  და საკუთარი კომპანიის სარგებელს ნაკლებად ხედავენ.

სწორედ ამგვარი დამოკიდებულების ნაბიჯ-ნაბიჯ შეცვლას ვეცდებით ამ უწყინარი ჩანაწერებით და იმის ნათლად ჩვენებას, რომ პასუხისმგებლობიან  მიდგომებს მრავალმხრივი სარგებლობის მოტანა შეუძლია. მოსარგებლეთა რიგებში კი კომპანია ერთ-ერთი პირველია.

გააზიარე