

ვალერი ქუფარაშვილი
კრიპტოვალუტის პოპულარობის ციკლი: რეალობა მოლოდინს მიღმა

ბოლო ათწლეულის განმავლობაში კრიპტოვალუტა პერიოდულად საზოგადოების ყურადღების ქვეშ ექცეოდა. ბიტკოინმა, როგორც პიონერმა კრიპტოვალუტამ, პოპულარობა მოიპოვა დეცენტრალიზებულობის, ლიმიტირებული რაოდენობისა და მარტივად გამდიდრების იდეით.
მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, ბიტკოინისა და მაინინგის მიმართ ინტერესმა 2017 წლის დეკემბერში პიკს მიაღწია, რაც დაკავშირებულია მის იმდროინდელ რეკორდულ ფასთან ($19,475) და მაინინგის შედარებით დაბალ სირთულესთან. შედეგად, ბევრმა ფიზიკურმა პირმა იყიდა მაინერი და დაიწყო მაინინგი – კრიპტოვალუტის გამომუშავება. დროის ამ მონაკვეთს ზოგჯერ მოიხსენიებენ როგორც „ბაბლს”.
2018 წლის იანვარში ბიტკოინისა და ყველა სხვა დანარჩენი კრიპტოვალუტის ფასი საგრძნობლად დაეცა. ფასის 80%-იან ვარდნას მოჰყვა „კრიპტოზამთარი”. ამ დროის განმავლობაში მაინინგის სირთულე გაიზარდა, ხოლო ფასი დაბალი დარჩა. ფიზიკური პირებისთვის ეს საქმიანობა აღარ იყო მოგებიანი, ამიტომ მათმა დიდმა ნაწილმა შეწყვიტა მაინინგი და კომპანიებმა ოპერირება მაინინგ-ფერმებით განაგრძეს. ითვლება, რომ „კრიპტოზამთარი”.2020 წლის დეკემბერში დასრულდა და ბიტკოინმა ამ დროს შეძლო წინა რეკორდული ფასის ნიშნულზე დაბრუნება.
2024 წლის ივლისიდან კვლავ გაიზარდა ინტერესი ბიტკოინის მიმართ – ამჯერად, მთავრობებისა და კომპანიების მხრიდან, რომლებიც განიხილავენ მას, როგორც სტრატეგიულ რეზერვს, რამაც ღირებულების კიდევ უფრო სწრაფი ზრდა გამოიწვია.
2025 წლის დასაწყისიდან კი „სტეიბლკოინების” მიმართ გაიზარდა ინტერესი დიდი ორგანიზაციების მხრიდან, რომელიც წარმოადგენს სხვა აქტივზე, მაგალითად ფიატზე, ძვირფას ლითონებზე ან ორივეზე ერთად მიბმულ კრიპტოაქტივს, რაც განაპირობებს მის სტაბილურობას.
განვითარებად ტექნოლოგიებში უკეთ გასარკვევად და ვიზუალიზაციისთვის Gartner-ის Hype Cycle-ი დაგვეხმარება. Hype Cycle-ი წარმოადგენს ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ტიპური განვითარების ხუთ ფაზას:
- ინოვაცია: პოტენციური ტექნოლოგიური გარღვევა ან ინოვაციური პროდუქტის საწყისი ვერსიის გაშვება, რომელიც ინდუსტრიისა და საზოგადოების დიდ ყურადღებას იქცევს.
- გადაჭარბებული მოლოდინის პიკი: გაზრდილი ინტერესის შედეგად მკვეთრად იზრდება მომხმარებლების რაოდენობა, მაგრამ მოლოდინი და ენთუზიაზმი უფრო მაღალია, ვიდრე ინოვაციის შესაძლებლობა.
- იმედგაცრუება: გამოწვევები ჩნდება და ტექნოლოგია ვერ ამართლებს საწყის გადაჭარბებულ მოლოდინსა და პროგნოზებს, ამიტომ მის მიმართ ინტერესი მცირდება.
- გაცნობიერება: ტექნოლოგიაზე ინტენსიური მუშაობა განაპირობებს მისი პოტენციალის სიღრმისეულ გააზრებასა და მისთვის სწორი გამოყენების მოძებნა-დანერგვას, რის შემდეგაც ორგანიზაციები იწყებენ მის დანერგვას.
- პროდუქტიულობის პლატო: ტექნოლოგია მომწიფებულია და დანერგილია ბაზარზე ფართო გამოყენებისთვის.
2024 წლის Hype Cycle-ზე ვხედავთ, რომ კრიპტოვალუტა უახლოვდება პროდუქტიულობის პლატოს, რაც მის გამოყენებითობისა და სიმწიფის დონეს უსვამს ხაზს. მომდევნო წლებში კი უნდა ველოდოთ კრიპტოვალუტებისა და სტეიბლკოინების დანერგვას ტრადიციულ ფინანსურ სისტემებსა და ორგანიზაციებში. აღსანიშნავია ისიც, რომ ბლოკჩეინზე დაფუძნებული ტექნოლოგიები ნელი განვითარების ეტაპზეა და 2024 წლის მდგომარეობით არცერთ მიმართულებას არ მიუღწევია პროდუქტიულობის პლატოსთვის.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2021-2022 წლებში მეტავერსის მიმართ ინტერესი იზრდებოდა, განსაკუთრებით კომპანია Meta-ს მხრიდან, მაგრამ ამ ტექნოლოგიის მიმართ ინტერესმა 2023 წელს დაიწყო კლება, რადგან ის ხელოვნურმა ინტელექტმა გადაფარა. დიაგრამის მიხედვით ვხედავთ, რომ მეტავერსი ადრეული განვითარების ეტაპზეა, რომელსაც 10 წელზე მეტი დასჭირდება პროდუქტიულობის პლატოსთვის მისაღწევად.
რაც შეეხება ბლოკჩეინ-ტექნოლოგიასთან დაკავშირებულ რისკებს – სამომავლო პოტენციურ რისკად სახელდება კვანტური კომპიუტერის გამოყენებით კრიპტოვალუტის უნებართვო დაუფლება. ასეთი შემთხვევების პრევენციისთვის წინასწარ უნდა მოხდეს „პოსტკვანტური კრიპტოგრაფიის” დანერგვა, რაც უსაფრთხოს გახდის კრიპტოვალუტების გამოყენებას კვანტური კომპიუტერების ერაში.
წყაროები:
https://trends.google.com/trends/
https://www.gartner.com/doc/reprints?id=1-2IBDYG5V&ct=240808
პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი, მეწარმე
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა


„სუპერმენის“ $217-მილიონიანი დებიუტი უიკენდზე – შეძლებს ის DC-ის კინოფრენჩაიზის აღორძინებას?

ტრამპი რუსეთს 100%-იანი ტარიფებით დაემუქრა, უკრაინას კი Patriot-ებს დაჰპირდა

ხელოვნური ინტელექტი იურიდიულ სამსახურში – რა შესაძლებლობები აქვს და როგორ ცვლის Lawformer-ი „თეგეტა ჰოლდინგის“ სამუშაო პროცესს?

გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად – Iveria Beach-ზე Live კონცერტების სერია იწყება
