"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"
ლუკაშენკას - სანქციები! პუტინს რა?
გასული კვირის განმავლობაში ალიაქსანდრ ლუკაშენკას რეჟიმს სანქციების მორიგმა, რიგით მეოთხე ტალღამ დაარტყა. თავდაპირველად ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ლუკაშენკას რეჟიმის 80-მდე წევრს, მათ შორის ლუკაშენკას შვილსა და მის მეუღლეს, ასევე რვა უწყებას დაუწესეს სანქციები, რომლებიც გულისხმობს ინდივიდებისთვის ევროკავშირში გადაადგილების აკრძალვას და მათი აქტივების გაყინვას. ანალოგიური სანქციები ევროკავშირის პარალელურად შემოიღეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ. ევროკავშირის პირველი დიპლომატები ამ სანქციების შემოღების თაობაზე გადაწვეტილების მიღებისას საუბრობდნენ, რომ განიხილება კიდევ უფრო მკაცრი, ეკონომიკური სანქციები, რომლებმაც რეალური დარტყმა უნდა მიაყენოს რეჟიმის შენარჩუნებისთვის აუცილებელ ფინანსურ წყაროებს. უნდა აღინიშნოს, რომ ლუკაშენკას რეჟიმისთვის სანქციების, განსაკუთრებით კი პერსონალური სანქციების დაწესებაზე ევროკავშირმა მისთვის არცთუ ხშირ შემთხვევაში დამახასიათებელი ერთსულოვნება და ოპერატიულობა გამოავლინა. თუმცა თავად ევროკავშირშიც ღიად აცხადებდნენ, რომ მხოლოდ პერსონალური სანქციები ნამდვილად არ იყო საკმარისი რეჟიმთან ბრძოლაში წარმატების მისაღწევად.
როგორც მოსალოდნელი იყო, უფრო ცხარე დისკუსიები გაიმართა ეკონომიკური სანქციების შემოღებაზე. ცხადია, ნავთობპროდუქტებისა და კალიუმის სასუქების ევროკავშირში და მისი გავლით სხვა ქვეყნებში ექსპორტზე, აგრეთვე საბანკო და ფინანსურ სფეროში საქმიანობაზე სანქციების შემოღება სერიოზულად დააზარალებს ბელარუსის ეკონომიკას, მაგრამ ამავე დროს გარკვეულ სირთულეებს შეუქმნის ევროკავშირის იმ ქვეყნებს, რომლებსაც ამ დრომდე ინტენსიური სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ჰქონდათ ბელარუსთან. ცნობისთვის, ევროკავშირში ბელარუსიდან ყოველწლიურად ნავთობპროდუქტების 20%, ხოლო კალიუმის სასუქების 10% იტვირთებოდა. თუმცა პრობლემა მხოლოდ სავაჭრო ტვირთბრუნვაში არ იყო. ევროკავშირში ათვითცნობიერებდნენ, რომ ამ სანქციების შემოღებით ლუკაშენკას რეჟიმის გარდა ზიანი მიადგებოდა უშუალოდ ბელარუსის მოქალაქეებს. ამიტომაც ევროკავშირი აქტიურად განიხილავდა და განიხილავს ბელარუსი ხალხისთვის კონკრეტული ფინანსური მხარდაჭერის პროგრამებს, რომლებიც დემოკრატიული ტრანზიციის პერიოდში მათთვის დახმარების აღმოჩენას ისახავს მიზნად. კიდევ ერთი ფაქტორი, რაზეც ასევე აქტიურად მიდიოდა მსჯელობა, იყო რუსეთი. უფრო კონკრეტულად კი ევროკავშირში შიშობდნენ, რომ ეკონომიკური სანქციების შემოღებით ლუკაშენკას რეჟიმს კიდევ უფრო მეტად უბიძგებდნენ რუსეთთან ინტეგრაციისკენ. მისასალმებელია, რომ ამ გარემოებამ ვერ იქონია საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებაზე ზეგავლენა, ვინაიდან სწორედ ასეთმა სიფრთხილემ განაპირობა წლების მანძილზე ლუკაშენკას რეჟიმისთვის ძალაუფლების შენარჩუნება. ლუკაშენკა ძალიან ოსტატურად მანევრირებდა დასავლეთსა და რუსეთს შორის და ქმნიდა ილუზიას, რომ იყო მისი დასავლეთთან უფრო ღრმა ინტეგრაციის და საბოლოო ჯამში ქვეყნის ევროპეიზაციის რეალური შანსი. სინამდვილეში, მისი სული უკვე დიდი ხანია, ვლადიმირ პუტინის ხელშია და კრიტიკულ მომენტში, როდესაც ლუკაშენკამ ბელარუსი ხალხის არჩევანი უგულებელყო და მასობრივი რეპრესიები დაიწყო მათ წინააღმდეგ, მას სხვა არაფერი დარჩენოდა გარდა იმისა, რომ ხლებოდა თავის ბატონს და ძალაუფლების შენარჩუნებაში დახმარება ეთხოვა. გასული წლის აგვისტოს შემდეგ ლუკაშენკა ოთხჯერ მაინც იყო პუტინთან აუდიენციაზე. ბოლო ვიზიტმა სოჭში ევროპის უკანასკნელ დიქტატორს 500 მილიონი დოლარის ტრანშიც მოუტანა მორიგი სესხის სახით, შინაურულ გარემოში მიღებაც და შავ ზღვაში იახტაზე ერთობლივად გასეირნებაც.
ამ ყველაფრიდან პუტინს რა? ჩემი პატივისცემის მიუხედავად, ვერ გავიზიარებ იმ ექსპერტების მოსაზრებას, რომ ბელარუსი პუტინისთვის უფრო მეტად ტვირთია და თავის ტკივილი, ვიდრე სარგებლის მომტანი და ახლავე შევეცდები ავხსნა, რატომ. შიდაპოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადასაფარად და საკუთარი პოპულარობის აღდგენის მიზნით პუტინს არაერთხელ მიუმართავს სამხედრო ოპერაციებისთვის, სხვისი ტერიტორიების მიტაცებისა და შემოერთებისთვის. მისი რეიტინგი წლიდან წლამდე ეცემა. ეს არ ნიშნავს, რომ პუტინის ძალაუფლებას ამწუთიერი საფრთხე ემუქრება, მაგრამ ზომები რომ მისაღები აქვთ, მისი რეჟიმიც მშვენივრად ხვდება. ასეთ შემთხვევაში, რა შეიძლება სჯობდეს ბელარუსის უმტკივნეულოდ და უსისხლოდ შეერთებას და მისი სანუკვარი ოცნების – საბჭოთა კავშირის რეინკარნაციისკენ პირველი დიდი ნაბიჯის გადადგმას? პროექტი მართლაც მიმზიდველად უნდა გამოიყურებოდეს დიქტატორი პუტინისთვის, რომ არა ერთი ძალიან სერიოზული ხელის შემშლელი გარემოება – ბელარუსმა ხალხმა პუტინსაც და მსოფლიოსაც დაანახვა, რომ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბოლომდე იბრძოლებს და ლუკაშენკას პუტინის ხახაში ცხვარივით არ გაჰყვება. ასეთ შემთხვევაში პუტინს ბელარუსის „პრიხვატიზაცია“ ძალიან ძვირი დაუჯდება.
სწორედ ამიტომ შეიძლება იყოს გეგმა „ბ“, რომელიც ასევე წლებია, პუტინის მიერ ძალიან წარმატებულად არის აპრობირებული. მოგეხსენებათ, რომ პუტინის რეჟიმი ჩნდება ყველგან მსოფლიოში, სადაც დაძაბულობა, დაპირისპირება და კონფლიქტური ვითარებაა. ჩნდება კი არა, თავად ქმნის, აღვივებს და მერე სასურველ დონეზე ინარჩუნებს ამ კონფლიქტისა თუ დესტაბილიზაციის კერებს იმისათვის, რომ უშუალო მატერიალურ სარგებელთან ერთად ჰქონდეს მყარი პოზიციები დასავლეთთან მოლაპარაკებებში გამოსაყენებლად. სირია, ავღანეთი, ლიბია, ვენესუელა, უკრაინა, საქართველო, კიბერთავდასხმები, მკვლელობები, საშინაო საქმეებში ჩარევა – ყველაფერი ეს და კიდევ ბევრი სხვა რამ საბოლოო ჯამში მოლაპარაკებების მაგიდაზე იდება და შედეგად პუტინის კონსტრუქციულობასაც ამ უკანასკნელისთვის სასურველი ფასი ედება. ასე შეიძლება მოხდეს ბელარუსთან მიმართებითაც. არა, მე არ ვგულისხმობ, რომ პუტინი დაუშვებს ბელარუსზე ზემოქმედების ბერკეტების შესუსტებას და მასზე კონტროლის ხელიდან გაშვებას. სამწუხაროდ, არც ევროპა და არც აშშ არ არის დღეს მზად იმისთვის, რომ ბელარუსისთვის რუსეთს „ეჭიდაოს“ და ებრძოლოს. ამიტომ, დასავლეთისთვის უფრო რეალისტური და მისაღები იქნებოდა, თუ ის პუტინთან დიალოგს გამართავდა და დიალოგის გზით ბელარუსის კრიზისის განმუხტვაზე ერთობლივად იზრუნებდნენ. ჩემი აზრით, ევროპაც და ამერიკაც ძალიან კმაყოფილი იქნება, თუ ლუკაშენკა პუტინისთვის მისაღები ალტერნატიული კანდიდატით ჩანაცვლდება, რეპრესიები შეწყდება და ურთიერთობები ნორმალურ დონეს დაუბრუნდება.
აშშ-ის პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენთან ჟენევის ტბის პირას შეხვედრის შემდეგ ვლადიმირ პუტინს ნამდვილად გაუჩნდებოდა განცდა, რომ ყინული დაიძრა, რეჟიმმა წნეხს გაუძლო და სულ მალე ის ისევ დაუბრუნდებოდა განვითარებული, დემოკრატიული და ყველაზე ძლიერი ეკონომიკების მქონე ქვეყნების ლიდერთა კლუბს. მით უმეტეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ სულ ცოტა ხანში ევროკავშირის სამიტზე კოლეგებს ინიციატივით მიმართეს გერმანიის წამავალმა კანცლერმა ანგელა მერკელმა და და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა. ყველაზე ძლიერი ევროპული ქვეყნების ლიდერებს „გაუჩნდათ“ მოსაზრება, რომ პრობლემების მოგვარებისთვის უმჯობესი იქნებოდა ევროკავშირ-რუსეთის უმაღლეს დონეზე დიალოგის აღდგენა და ვლადიმირ პუტინთან სამიტის ორგანიზება. გულწრფელად გეტყვით, დაახლოებით ორი წლის წინ, როდესაც ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უნდა შეიცვალოს ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღებისთვის არსებული კონსენსუსის მექანიზმი, გამიხარდა. თუმცა მას მერე, რაც გასულ კვირას ევროკავშირის სამიტზე მოხდა, მივხვდი, რომ ჩემი სიხარული მაშინ ნაადრევი, , ხანმოკლე და რაც მთავარია, მცდარი იყო. რომ არა ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი და პოლონეთი, დღევანდელ ბლოგში ალბათ უკვე გულისტკენით გიამბობდით, თუ რა შედეგები შეიძლება სამომავლოდ მოჰყვეს პუტინთან ურთიერთობების განახლებას და „ბიზნეს ეზ იუჟუალ“ რეჟიმზე დაბრუნებას. საბედნიეროდ, ჯერჯერობით ასე არ მოხდა. უნდა ითქვას, რომ გერმანიის კანცლერმა ღირსეულად მიიღო მარცხი. კერძოდ, მან განაცხადა, რომ შეთანხმება ვერ შედგა, მაგრამ „ოკ“, მუშაობა გრძელდება. მისგან განსხვავებით, საფრანგეთის პრეზიდენტი უფრო განაწყენებული და გაღიზიანებული ჩანდა. „სულ არ მჭირდება ევროკავშირის კონსენსუსი ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად და სალაპარაკოდ“ – ასეთი იყო მაკრონის კომენტარი. მესმის, მერკელი გერმანული ბიზნესის წინაშე ვალმოხდილი მიდის პოლიტიკიდან, მაკრონს კი რეგიონულ არჩევნებში კრახის შემდეგ საგარეო ფრონტზე მაინც ჰაერივით სჭირდება წარმატება.
ასე რომ, რუსეთისა და ბელარუსის მიმართულებით ახლო მომავალში მოვლენები კიდევ განვითარდება, მაგრამ ჯერჯერობით სტატუს-კვო ასეთია:
ლუკაშენკას – სანქციები!
პუტინს რაა? ბალტიიდან…. მოკითხვაა!
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ივნისი 5, 2023
- on მაისი 22, 2023
- on მაისი 9, 2023
- on აპრილი 18, 2023
- on აპრილი 3, 2023
- on მარტი 27, 2023
- on მარტი 20, 2023
- on მარტი 13, 2023