ალექსი პეტრიაშვილი

"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

მოდი, ვნახოთ... ჩინეთი!

მოდი, ვნახოთ… ჩინეთი!

ცხადია, ჩინეთი ყოველთვის და ყველა ვითარებაში საინტერესოა და ყურადღების ცენტრშია. თუმცა მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრის, ბირთვული სახელმწიფოს, მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკის მქონე ჩინეთის პოზიცია, უფრო ზუსტად კი რუსეთის აგრესიისადმი, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი და განსაკუთრებით რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისადმი მისი დამოკიდებულება ღრმა და ყოვლისმომცველი ინტერესის საგანს წარმოადგენს.

როგორც მოსალოდნელი იყო, ჩინეთმა ათწლეულების წინ არჩეულ პოლიტიკურ კურსს არ უღალატა და ჯერჯერობით ყველა კითხვას გასცა პასუხი, მათ შორის რუსეთთან ვითომდა! არსებული სტრატეგიული მოკავშირეობის თაობაზე. იმედია, ყველა ვთანხმდებით, რომ ეს ეგრეთ წოდებული სტრატეგიული მოკავშირეობა განპირობებულია ჩინეთის შორს მიმავალი და ამბიციური გეგმებით და რუსეთის ხელისუფლებისთვის ძალაუფლების შენარჩუნების უზრუნველყოფის აუცილებლობით. დღეს შემხვდა ერთ-ერთ ტელეგრამ-არხზე მაო ძედუნის ციტატა რუსეთზე: „მოვა დრო და საბჭოთა კავშირი აღმოჩნდება ჩინეთის მაგიდაზე“. აქვე კიდევ ერთი ცნობილი გამოთქმაც ამოტივტივდა გონებაში: თუ შენ არ ზიხარ მაგიდასთან, მაშინ შენ მიგართმევენ კერძად მაგიდაზე. ეს გამოთქმა, როგორც ვიცი, თურქეთის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს ეკუთვნის. რამდენად სწრაფად აღმოჩნდება ან ჩინეთის მაგიდაზე, ან გლობალური მოთამაშეების ტრაპეზზე მთავარ კერძად რუსეთი, ამას დრო გვიჩვენებს. არ ვუყურებ მოვლენებს ვარდისფერი სათვალით და კარგად მესმის, ჯერ კიდევ რა რესურსი აქვს რუსეთს, პირველ რიგში ბირთვული და შემდეგ ბუნებრივი, თუმცა მოვლენები ისე ვითარდება, რომ ნამდვილად არ გამოვრიცხავ, ეს იმაზე სწრაფად მოხდეს, ვიდრე მე ან თვით ჰენრი კისინჯერს წარმოუდგენია 🙂 (ხომ ვარ თავმდაბალი?! 🙂).

ასეა თუ ისე, მიუხედავად იმისა, რომ ნატო-ს გაფართოების წინააღმდეგ რუსეთის პრეზიდენტის შფოთის შემდეგ (სად იყო დეკემბერ-იანვარში ეს გაფართოება, თორემ კი 🙂. მთავარი მოსახდენი ამის შემდეგ მოხდა და დღეს შვედეთი და ფინეთი ოფიციალურად ნატო-ს წევრობის კანდიდატები არიან, დე-ფაქტო კი – წევრებიც) ჩინეთმა ტრადიციულად მოუწოდა მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებებისკენ, ში ძინპინმა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ღია და უპირობო მხარდაჭერა დააფიქსირა; მედიაში გავრცელებული ინფორმაცია რუსეთის მიერ სამხედრო დახმარების გაწევასთან დაკავშირებით  თხოვნაზე უარყო და ასეთი დახმარება ფაქტობრივად გამორიცხა; ჩინელმა ნავთობით მოვაჭრეებმა ომის პირველ კვირებში უარი თქვეს რუსული ნავთობის შეძენაზე, შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია ჩინური გიგანტების „ლენოვოს“ და „შაომის“ რუსეთიდან უხმაუროდ გასვლის შესახებ, სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურმა პეკინმა ჩინეთის ცა ჩაუკეტა რუსულ ავიაკომპანიებს (მათ მიერ მიტაცებული, ირლანდიელებისგან თავის დროზე ლიზინგით აღებული ბოინგების უსაფრთხოება დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა სანქციების დაწესების და ამერიკული გიგანტის რუსული ბაზრიდან გასვლის შემდეგ). სანქციების გვერდის ავლაში ხელშეწყობასთან დაკავშირებითაც აშშ-ს ერთმნიშვნელოვანი  გზავნილები ჰქონდა ჩინეთის ხელისუფლებისთვის. ეს არ ნიშნავს, რომ ჩინეთის ხელისუფლება და ჩინური კომპანიები ზედმიწევნით ზუსტად შეასრულებენ დემოკრატიული თანამეგობრობის მოთხოვნებს, მაგრამ უფრო მეტი სიფრთხილით რომ მოეკიდნენ რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს, ეს უკვე დადასტურებული ფაქტია. რაც დრო გავა, უფრო სწორად კი, რაც უფრო დამძიმდება რუსეთის მდგომარეობა უკრაინისა და სანქციების ფრონტებზე, მით უფრო მეტ უპირატესობას მიიღებს ჩინეთი აქამდე ორ ქვეყანას შორის ისედაც არსებულ ბატონ-ვასალის  ტიპის ურთიერთობებში.

თუმცა, მანამდე ცისქვეშეთის კანცელარია და მისი მმართველი, პრეზიდენტი სი ძინპინი სხვა ტიპის სირთულეებს უნდა გაუმკლავდეს. ცხადია, უკრაინაში მიმდინარე ომმა, აგრეთვე, რუსეთის მიერ უკრაინის სასოფლო-სამეურნეო თუ სამრეწველო რესურსების  დატყვევება/მიტაცებამ პოსტპანდემიური შოკიდან გამოსვლის საწყის ეტაპზე მყოფი მსოფლიო ახალი დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. ბუნებრივია, გამონაკლისი არც ჩინეთი იყო, მაგრამ ეკონომიკური ზრდის ტემპის თვალსაზრისით, უკრაინის ომი არ იყო მთავარი და ერთადერთი დაბრკოლება, რომელსაც ჩინეთი წააწყდა. როგორც ცნობილია, კარმაზე არცთუ ისე მაღალი წარმოდგენისაა მსოფლიო და საკმაოდ უხამსი შეფასებაც არსებობს მასთან დაკავშირებით. ჰოდა, როდესაც მთელი მსოფლიო გამოკეტილი იყო, როდესაც აშშ-ისა და ევროპის ეკონომიკები რეცესიას ებრძოდნენ, ჩინეთი კი პირველი „გაიხსნა“ და ეკონომიკური ზრდის სარეკორდო ტემპებზე ავიდა, ბევრი სახელმწიფო პირველი პირი, პოლიტოლოგი თუ კონსპიროლოგი ჩინეთს ადანაშაულებდა ვირუსის შეგნებულ გავრცელებაში. გავიდა ხანი, გაიხსნა ქვეყნები, მათი ეკონომიკები, ხალხმა დაიწყო პანდემიის დავიწყება და…  სწორედ ამ დროს მოუბრუნდა ბუმერანგივით პანდემია ჩინეთს და მოუწია მასთან გასამკლავებლად ავადსახსენებელი „ლოქდაუნის“ შემოღება (მართლაც, კარმა ოხერია 🙂). წარმოგიდგენიათ ალბათ ხომ, ჩინეთისა და მსოფლიოს ყველაზე დასახლებული ქალაქის, 25-მილიონიანი  შანხაის მოსახლეობის ორი თვით სახლში გამოკეტვა ჯერ როგორი აღსასრულებელია და მერე როგორი დამანგრეველი ეკონომიკური შედეგის მომტანი? თუ ჩინეთის რკინის ხელის მმართველობის პირობებში აღსრულება ადვილად განჭვრეტადი იყო, ეკონომიკური ცუნამის შედეგად მსოფლიოს მეორე ეკონომიკის კულტურული რევოლუციის შემდეგ ეკონომიკის ზრდის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი მძიმედ აღსაქმელი გამოდგა ყველასთვის. ცხადია, ეს არ იყო კოშმარი მხოლოდ ჩინელებისთვის. ფაქტობრივად, კოლაფსში ჩავარდა გერმანული მანქანათმშენებლობა, ჩინეთში გაიჭედა ბუნებრივი რესურსების ჩინეთისთვის მიწოდებისა და ჩინური პროდუქციის დანარჩენ სამყაროში მიღების ლოგისტიკური ჯაჭვი (რომელიც ისედაც დამძიმებული იყო პანდემიის გამო), ფასიანი ქაღალდების ბაზარი ქაოსმა მოიცვა და ასე შემდეგ. თუმცა ყველაზე მეტად ალბათ ეკონომიკაში არსებულ პრობლემებს ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი განიცდის. მართალია, შანხაიში „ლოქდაუნის“ პირობები, ორი თვის შემდეგ ოდნავ შერბილდა, მაგრამ რამდენად მოასწრებს შემოდგომამდე ჩინური ეკონომიკა შოკიდან გამოსვლას და ისევ წელში გამართვას, რთული სათქმელია. შემოდგომაზე კი ჩინეთის კომუნისტური პარტიის ყრილობა უნდა გაიმართოს. მართალია, 2018 წელს ჩინელმა კომუნისტებმა გადაწყვიტეს, რომ სი ძინპინი პრეზიდენტი იქნებოდა ცხოვრების ბოლომდე, მაგრამ ყრილობამ მაინც უნდა აირჩიოს და დაამტკიცოს იგი  მესამე ვადით ჩინეთის პრეზიდენტისა და პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობაზე. მაღალი ალბათობით, ასეც მოხდება და სი ძინპინს აირჩევენ ორივე პოზიციაზე, თუმცა ეს პროცესი ისეთი მარტივი და ფორმალური არ არის, როგორიც რუსეთშია. პარტიული ბოსების წონა იქ საკმაოდ სერიოზულია და მათ სიტყვას/კრიტიკას/პოზიციას რეალურად დიდი ფასი აქვს.

უკვე ყველამ ზედმიწევნით ზუსტად იცის, თუ რას იზამდა მის ადგილას ვლადიმირ პუტინი. ტაივანის სტატუსისა და მით უმეტეს ჩინეთის სამხედრო შეიარაღების გათვალისწინებით, ვლადიმირ პუტინს დიდი ხნის წინ ექნებოდა დაწყებული „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“. საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, პუტინი არის რუსეთის მმართველი, სი ძინპინი კი – ჩინეთის პრეზიდენტი. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩინეთს და მის ლიდერს არა აქვს გეგმაში ტაივანის სამხედრო გზით შემოერთება. გასული წლის შემოდგომიდან მოყოლებული, ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის ავიაცია ინტენსიურად არღვევს ტაივანის საჰაერო სივრცის უსაფრთხოების ზონას. ამასთან, ჩინეთი რიცხობრივადაც  რამდენიმეჯერ ჭარბობს ტაივანის შეიარაღებულ ძალებს (დაახლოებით 300 ათასი კაცი ჰყავს ჯარში ტაივანს), არსებული შეიარაღებითაც, მაგრამ განსაკუთრებით შთამბეჭდავია სამხედრო ბიუჯეტებში განსხვავება (დაახლოებით 20-ჯერ დიდია). უკანასკნელ პერიოდში როგორც თავად ჩინეთის პრეზიდენტის, ისე სხვა მაღალი რანგის ოფიციალური პირების პოზიცია ტაივანის ჩინეთის შემადგენლობაში დაბრუნებასთან დაკავშირებით სულ უფრო მეტად ხისტი გახდა. განსაკუთრებით მძაფრია ხოლმე ოფიციალური პეკინის რეაქცია, როდესაც ტაივანის დაცვაზე და  ჩინეთის შემოტევის შემთხვევაში სამხედრო მხარდაჭერაზე საუბრობს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი. ეს უკანასკნელი კი ამას სულ უფრო ხშირად აკეთებს. მართალია, მერე ან თვითონ ან მისი ადმინისტრაცია გამონათქვამებს „აშალაშინებს“, მაგრამ სულ უფრო ძლიერდება ეჭვი, რომ ეს წამოცდენები სულაც არ არის წამოცდენები.

არ იქნება ძალიან გადაჭარბებული, თუ ვიტყვით, რომ ტაივანის ბედი პირდაპირ არის მიბმული უკრაინასთან. როგორც წარიმართება ომი უკრაინაში, რამდენად მტკიცე, პრინციპული, ერთიანი და, რაც მთავარია, წარმატებული იქნება დემოკრატიული თანამეგობრობის საპასუხო დარტყმა რუსეთის აგრესიაზე და პუტინის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე, მნიშვნელოვანწილად  განაპირობებს ჩინეთის შემდგომ ნაბიჯებს ტაივანთან მიმართებით.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიუხედავად გააქტიურებული საუბრების, მსჯელობების და ვარაუდების გამოთქმისა, ჯერჯერობით (წლის ბოლომდე, ყოველ შემთხვევაში) ჩინეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო კამპანია ტაივანის წინააღმდეგ, მე პირადად, არარეალურად მიმაჩნია.

ჩინეთი ყურადღებით დააკვირდება, როგორ განვითარდება წლის ბოლოსთვის საომარი მდგომარეობა უკრაინაში და ამის გათვალისწინებით გააკეთებს შესაბამის დასკვნებს. ჩინეთი არასდროს ჩქარობს. კიდევ ერთხელ, არც რუსეთი და ჩინეთი, მით უმეტეს არც პუტინი და სი ძინპინი უნდა აერიოს ვინმეს ერთმანეთში.

ასე რომ, მოდი, ვნახოთ… ჩინეთი!

გააზიარე