ილია ჭავჭავაძის სახელობის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრი.

მოდის-არ მოდის: ყველაფერი სააკაშვილის ჩამოსვლა-არჩამოსვლის შესახებ

ზაზა ბიბ2

დაახლოებით წელიწად-ნახევარი, სანამ ნაციონალური მოძრაობის სახელით უცხოელებთან ვსაუბრობდი, ყველა ფორმატში ვაყენებდი სააკაშვილისა და სხვათა მიმართ პოლიტიკური დევნის შეწყვეტის საკითხს.

რა დასამალია, ეს თემა პოპულარობით არ სარგებლობდა არც უცხოელებში (ამ ეტაპზე მიზეზი მნიშვნელოვანი არ არის, ფაქტია, ასე იყო) და არც – პარტიის ძველ თუ ახალ „ელიტაში“. თუ რატომ, ამას, ვგონებ, ახსნა არ სჭირდება: ძველების ამბავი უკვე ყველამ უწყის, ახლებისას – თითქმის ყველა გრძნობს. მიუხედავად ამისა, პოლიტიკური დევნის დასრულების საკითხის დაყენების გარეშე, შეუძლებელი იქნებოდა საუბრის სხვა თემებზე გაგრძელება business as usual რეჟიმში. როგორ უნდა შეძლო ეს – ან რა დემოკრატიულ არჩევნებზეა საუბარი – როცა ყველაზე მძიმეწონოსანი ფიგურები ხელოვნურად არიან გაძევებული სათამაშო ველიდან?

ძნელია, მოაჩვენო თავი, რომ ფეხბურთს თამაშობ, როცა ერთი გუნდი მშიერია, მეორე – მსუყედ ნაკვები; ერთი გუნდი ღამენათევია, მეორე – კარგად დასვენებული; ერთ გუნდს ახალი ბუცები აცვია, მეორე – ფეხშიშველი და დახეული ფორმებით ასპარეზობს; ერთი გუნდი კაცნაკლულია, მეორეს კი მსაჯების ბრიგადაც ემატება; რაც მთავარია, როცა ერთი გუნდის პატრონი ტრიბუნაზე ზის და მოწინააღმდეგის მოთამაშეებს შერჩევითად აძევებს მოედნიდან, ზოგს კი, უბრალოდ, ყიდულობს და იმავე გუნდში ტოვებს.

ასეთ სისტემაში მინდორზე გასვლა ამ ფუნდამენტური მოცემულობის ეჭვქვეშ დაყენებისა და უსამართლო  თამაშის წესების წინასწარი „გასაჩივრების“ გარეშე, უკეთეს შემთხვევაში, თავის მოტყუება და, უარესში კი – არსებული სისტემის დე ფაქტო ლეგიტიმაციაა.

რაღა შორს წავიდეთ, ის ორი თვე, სანამ ენმ-ს თავმჯდომარე ციხეში იჯდა, პარტიის წევრთა ყველა ინტერვიუ თუ კომენტარი ამ თემით იწყებოდა და მთავრდებოდა. ამბობდნენ (მართებულად) – სანამ არ გამოვა, მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებას არ ვაპირებთო. განა სააკაშვილზე და სხვა პოლიტდევნილებზე თუ პოლიტპატიმრებზეც ასე არ უნდა იყოს (და უნდა ყოფილიყო პირველივე დღიდან)?

არაფერი გვასუსტებს ისე, როგორც შერჩევითი მიდგომა პოლიტპატიმრებისა და პოლიტდევნილების მიმართ.

ხოდა, იმას ვამბობდი, რომ იმ წელიწადნახევრის მანძილზე ყველა შეხვედრაზე ვაყენებდი პოლიტიკური დევნის შეწყვეტის აუცილებლობის საკითხს.

„კი მაგრამ, დარწმუნებული ხარ, სააკაშვილი რომ ჩამოვიდეს, არჩევნებს მოიგებთ?“ – მკითხა ერთმა გავლენიანმა ნეოკონმა, რომელსაც მიშა არასდროს ეპიტნავებოდა, თუმცა მალე მასთან თანამშრომლობას დაყაბულდა.

„მე თქვენ არჩევნებში გამარჯვებაში დახმარებას არ გთხოვთ, – მივუგე – არამედ იმას, რომ ქართულ პოლიტიკაში სათამაშო ველი ყველასათვის თანაბარი და სამართლიანი იყოს“.

ამაზე პასუხი არ ჰქონდა. ყოველ შემთხვევაში ისეთი, რაც ღიად ითქმოდა.

გადმოვინაცვლოთ 2021 წელში. მალე საქართველოში 9 წელიწადში მეშვიდე არჩევნები გაიმართება. 2013 წლის შემდეგ, როცა სააკაშვილი იძულებული გახდა საქართველოდან წასულიყო, თითქმის ყველა არჩევნების წინ აქტუალურია მისი ჩამოსვლა-არჩამოსვლის საკითხი და ამასთან მიზეზ-შედეგობრივად დაკავშირებული თემები. აქტუალურია ეს ახლაც, როცა მესამე პრეზიდენტმა, მისივე თქმით პირველად, კონკრეტულად დაასახელა, რომ ამ არჩევნებისთვის აუცილებლად ჩამოვიდოდა.

კარგი მეხსიერება მაქვს და გავბედავ აღვნიშნო, რომ მცდარია, თითქოს სააკაშვილს არასდროს დაუსახელებია მისი ჩამოსვლის ზუსტი თარიღი. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ მან თქვა, ეს ჩემი ბოლო ჩართვაა უცხოეთიდან, ამის შემდეგ უკვე საქართველოში შევხვდებითო. მაგრამ ქართველებს რომ მოკლე მეხსიერება გვაქვს, ცალკე თემაა. მთავარი სხვაა:

მთავარი ისაა, რომ ოლიგარქის პროპაგანდისტებმა თამაში მთლიანად საკუთარ ველზე გადაიტანეს. ოპოზიცია და საზოგადოება კი ამ თამაშის წესებს ნებით თუ უნებლიეთ მოერგო. მოერგო იმით, რომ აქცენტი კეთდება მესამე პრეზიდენტის ჩამოსვლაზე ან არჩამოსვლაზე და არა პოლიტიკური დევნის ფაქტზე და მისი დასრულების აუცილებლობაზე. მიდის გაუთავებელი მკითხაობა იმაზე, ჩამოვა თუ არა და რა მოხდება, თუ ჩამოვა. მაგრამ არავინ ამბობს ყველა ინტერვიუსა თუ კომენტარის წინ, რომ თავად ეს მოცემულობა, რომელშიც პოლიტიკურ ოპონენტებს აძევებენ ან იჭერენ ოლიგარქის მიერ მიტაცებული სახელმწიფო ინსტიტუტების გამოყენებით, საძირკველშივე ყარს.

მოდი, რაციონალურად შევხედოთ. რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამ ვითარებაში სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას? ვარიანტი მხოლოდ ორია:

პირველი – ჩამოსულ სააკაშვილს იჭერენ და სვამენ ციხეში. დასავლეთს საქართველოში უჩნდება მძიმეწონოსანი პოლიტიკური პატიმარი, რაზე თვალის დახუჭვაც უბრალოდ არ გამოვა. დასავლეთს ეს არ სურს. არ სურს არც ოლიგარქის რეჟიმს (სააკაშვილის პატიმრობა თბილისის ცენტში მისთვის არა მხოლოდ რეპუტაციული, არამედ ეგზისტენციური რისკია). პატიმრობაში მოხვედრა არც თავად სააკაშვილს უნდა (რატომ უნდა უნდოდეს? თუნდაც პოროშენკოს ციხეში გატარებული სამი დღის მაგალითზე).

მეორე – სააკაშვილი ჩამოდის, მას ვერ იჭერენ და ის აწყობს რევოლუციას. ამგვარ სცენარს მხარს არ უჭერს დასავლეთი (რომელსაც ფერადი რევოლუციების არაერთგვაროვანი გამოცდილება და ეიფორიულ ტალღაზე ისევ ერთპოლუსიანი ხელისუფლების აჩრდილი აშინებს). დასავლეთში ამ იდეას არათუ ინსტიტუციური, ერთეული მომხრეებიც არ ჰყავს მათგან, ვინც საქართველოზე მუშაობს.  რევოლუცია არ სურს არც მოქმედ პოლიტიკურ და მედია „ელიტას“ (განსხვავებით 2003 წლისგან).

ცალკე თემაა, რომ რევოლუციის ალბათობა განუზომლად დაბალია დღეს, ვიდრე 2003 წელს: (1) შიდა ვითარება არსებითად განსხვავებულია; (2) პუტინი შეუდარებლად ძლიერია, ამერიკა – შეუდარებლად სუსტი; (3) რუსეთმა ფესვები გაიდგა საქართველოს ხელისუფლებაში, უშიშროების სისტემასა და მედიაში, ამერიკას კი ოლიგარქი თავისი ლაქიების პირით დასცინის; (4) ივანიშვილს აქვს ფული, შევარდნაძეს ფული არ ჰქონდა; (5) ივანიშვილს აქვს მწყობრი პროპაგანდა, შევარდნაძეს პროპაგანდა არ უმუშავებდა; (6) ივანიშვილს ჰყავს მაკონსოლიდირებელი მტრის ხატი, შევარდნაძეს ეს ფუფუნება არ გააჩნდა (მის უკან მდგომმა ძალებმა გამსახურდია 10 წლით ადრე მოკლეს); (7) ივანიშვილი დაუნანებლად „აჭმევს“ ერთგულ ძალოვანებს (მათ შორის, შუა და ქვედა რგოლს) და კლანებს. შევარდნაძის დროს ქვედა და შუა რგოლს შიოდათ, ზედა რგოლები კი თვითდაფინანსებაზე იყვნენ მიშვებული, შესაბამისად, ადვილად ჩამოიშალნენ.

რომ შევაჯამოთ, ჩამოსვლის შემთხვევაში, სააკაშვილის წინაშე მდგარი ორივე ვარიანტი (პატიმრობა ან რევოლუციის მცდელობა) წამგებიანია. აქედან გამომდინარე, რაციონალურად თუ შევხედავთ (და, დარწმუნებული ვარ, ისიც სწორედ ასე უყურებს) მიშას ჩამოსვლის ალბათობა უკიდურესად დაბალია, მიუხედავად იმისა, თუ რას ამბობს თავად. შესაბამისად, ჩემი ვარაუდით, ის არ ჩამოვა (ან ვერ შემოვა). არ ჩამოვა მათ შორის იმიტომ – და ეს უფრო ადრეც უნდა მეხსენებინა – რომ პოლიტიკურ „ელიტაში“ მას პრაქტიკულად არ ჰყავს მოკავშირეები, რომლებიც მას არ გაწირავენ (მათგან, ვინც ერთგულებას ეფიცება, თორემ ვინც ღიად აფიქსირებს პოზიციას, მათთან რა საქმე აქვს?). მიშამ ეს კარგად იცის, რადგან ამაში მისი უშუალო და აქტიური წვლილიცაა.

მაშ სადაა გამოსავალი?

იმისთვის, რომ საქართველოს გაუჩნდეს დემოკრატიული განვითარების შანსი, უნდა დასრულდეს პოლიტიკური დევნა და ყველა ფიგურა უნდა დაბრუნდეს სათამაშო დაფასთან. უნდა გაიხსნას და დემოკრატიული გახდეს პოლიტიკური პარტიები – რათა აქტიურმა მოქალაქეებმა შეძლონ პოლიტიკაში მონაწილეობა არა პარტიული თუ მედია კონიუნქტურისადმი მორგებით, არამედ ცივილიზებული პრაიმერის გზით; რათა გაიზარდოს პოლიტიკის მუშაკთა ამჟამად არარსებული ანგარიშვალდებულება ხალხის მიმართ; რათა ვიცოდეთ, ვინ რაში ხარჯავს ბიუჯეტიდან გამოყოფილ პარტიულ ფინანსებს; რათა წაგებული არჩევნების მერე ლიდერები მომხრეებს აბარებდნენ ანგარიშს და მიდიოდნენ ან იცვლებოდნენ.

კითხვა უნდა ისმოდეს ასე: „შეწყდება თუ არა საქართველოში პოლიტიკური დევნა?“ და არა „ჩამოვა თუ არა დევნილი ლიდერი ციხეში ჩასაჯდომად ან რევოლუციის მოსაწყობად?“.

თუ დევნა შეწყდა, სააკაშვილი დაბრუნდება მაშინ, როცა გადაწყვეტს და ჩაერთვება რუტინულ პოლიტიკურ პროცესში, როგორც დემითოლოგიზებული პოლიტიკოსი და არა მესია. მოიგებს თუ წააგებს, არაარსებითია. პოლიტიკა გაგრძელდება დემოკრატიული წესებით.  მაგრამ დევნა ვერ შეწყდება, თუ ოპოზიციამ ამ საკითხის აქტუალიზაცია არ მოახდინა და თემა საერთაშორისო დღის წესრიგში არ შეიტანა (როგორც ეს იყო ოქრუაშვილის, უგულავას, მელიას და რურუას შემთხვევაში). სამწუხაროდ, დღეს ამას არავინ აკეთებს. ამიტომ, ნება მიბოძეთ აქვე გიპასუხოთ, რომ არა, მე პესიმისტი არ ვარ. მე კარგად ინფორმირებული ოპტიმისტი გახლავართ. და მჯერა საქართველოს გამარჯვების.

გააზიარე